Facebook Twitter

საქმე № 330210015001144139

საქმე №ას-652-608-2017 16 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ლ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ღ.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ ძირითადი დავალიანების – 7700 აშშ დოლარისა და ზიანის – 4300 აშშ დოლარის ანაზღაურების, ასევე, თანხის ამოღების მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 23 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა 7700 აშშ დოლარი. სესხის სარგებელს წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინით სარგებლობის უფლების იპოთეკარისთვის დათმობა. სესხისა და შესაძლო ზიანის გადახდა უზრუნველყოფილ იქნა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. ხელშეკრულების თანახმად, საცხოვრებელი ბინით უსასყიდლოდ სარგებლობისთვის დადგინდა იგივე ვადა, რაც სესხის დაბრუნებისთვის იყო განსაზღვრული.

3. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე თავს არიდებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რის გამოც მოსარჩელე ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრობს სხვა ბინაში და ადგება მატერიალური ზიანი.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემებრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 3 თებერვალს აპელანტს განესაზღვრა საპროცესო ვადა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად და დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 480 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.

8. 2017 წლის 3 თებერვლის განჩინება 2017 წლის 5 აპრილს პირადად ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

9. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის შევსების ათდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 6 აპრილიდან და ჩათვალა, რომ ვადის დენა ამოიწურა 2017 წლის 18 აპრილს. აპელანტს მითითებულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლების, ასევე, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, დაუშვებლობის გამო.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

12. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 480 აშშ დოლარის გადახდა, თუმცა აღნიშნული თანხა მას არ გააჩნდა, რადგან წარმოადგენს პენსიონერ, ასაკოვან პირს. ამდენად, დასჭირდა თანხის მოძიება სასესხებლად. აღნიშნულ პერიოდში აპელანტი გახდა შეუძლოდ, რადგან დაავადებულია ჰიპერტენზიითა და სხვა სახის დაავადებებით. იგი ვერ დაუკავშირდა წარმომადგენელსაც. მოგვიანებით კი, როდესაც თანხის სესხება შეძლო, აღმოჩნდა, რომ ხარვეზის შევსების ვადა უკვე გასულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

15. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

16. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

17. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის 2017 წლის 3 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 480 აშშ დოლარის გადახდის ქვითრის დედნის წარდგენა. ამავდროულად, მხარეს განემარტა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მისი შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

18. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ აღნიშნული განჩინების ასლი ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს (ტომი 2, ს.ფ. 9). აღნიშნული ფაქტი მხარეს სადავოდ არ გაუხდია და დაადასტურა კიდეც კერძო საჩივარში.

19. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

20. შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 6 აპრილიდან და ამოიწურა 2017 წლის 18 აპრილს (16-17 აპრილი იყო არასამუშაო დღეები). არც აპელანტს და არც მის წარმომადგენელს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტს, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული საპროცესო ვადის განმავლობაში იმყოფებოდა ავად.

22. სსსკ-215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

23. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

24. მოცემულ შემთხვევაში აპელანტს ზემოთ მითითებული ნორმით გათვალისწინებული თავისი ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მის მიერ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ვერ ჩაითვლება.

25. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ ამჟამად მან მოიძია სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საჭირო თანხა, ვინაიდან სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად აპელანტს გონივრული ვადა მიეცა, ამ ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი დოკუმენტები კი ხარვეზის გამოსწორებად ვეღარ ჩაითვლება და აღარ მიიღება (სსსკ-ის 63-ე მუხლი).

26. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ლ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე