საქმე № 351210016001411182
საქმე №ას-725-678-2017 9 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს „ი.-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ.-ი (განმცხადებელი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
განმცხადებლის მოთხოვნა:
1. ნ. კ.–მა (შემდგომში – განმცხადებელი) განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს შპს „ი.-ას“ (შემდგომში – მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ და მოითხოვა მის სასარგებლოდ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 7 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფა. მითითებული გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1945 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 1995 ლარის ფარგლებში.
3. აღნიშნულ განჩინებაზე მოწინააღმდეგე მხარემ შეიტანა საჩივარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინებით საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა 2017 წლის 24 თებერვლის განჩინება ჩაიბარა 2017 წლის 24 მარტს. აღნიშნული დადასტურებულია წარმომადგენლის ხელმოწერით.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივრის შეტანის ვადის ათვალა დაიწყო 2017 წლის 25 მარტს და ამოიწურა 29 მარტს. მხარემ კი საჩივარი წარადგინა ამავე წლის 31 მარტს, კანონით დადგენილი 5-დღიანი ვადის დარღვევით.
7. სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო და საქმის მასალებთან ერთად გაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინებაზე შეტანილი საჩივრის დასაშვებობის საკითხი.
10. წარმოდგენილი საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ წინამდებარე საჩივარი შეტანილ იქნა კანონის მოთხოვნის დარღვევით, შესაბამისად, იგი უნდა დარჩეს განუხილველად.
11. სსსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მოპასუხისთვის გადაცემის მომენტიდან.
12. კანონის მითითებული დანაწესი განამტკიცების მხარის უფლებას, საჩივრის შეტანის გზით სადავოდ გახადოს სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოყენებული სარჩელის ან გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერება, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა განუსაზღვრელი არ არის და შემოფარგლულია საჩივრის წარდგენისათვის კანონმდებლის მიერ დადგენილი კონკრეტული ვადით. აღნიშნული ვადა აითვლება მხარის მიერ მის მიმართ მიღებული ზემოთ დასახელებული შინაარსის განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან და გრძელდება 5 დღის განმავლობაში. მითითებული ვადის დარღვევისას მხარე კარგავს საჩივრის წარდგენის უფლებას.
13. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ მოსარჩელის განცხადება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 1995 ლარის ფარგლებში.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი საჩივრის ავტორს გაეგზავნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და ადრესატს ჩაბარდა 2017 წლის 24 მარტს (ტ. 2, ს.ფ 48) იმ პირის მეშვეობით, რომელიც მოგვიანებით საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის საფუძველზე პროცესზე წარმოადგენდა საზოგადოებას. აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგოდ მხარეს სარწმუნო მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც რაიმე ობიექტურ გარემოებაზე არ მიუთითებია.
15. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
16. ამდენად, სააპელაციო პალატის განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 25 მარტს და ამოიწურა 29 მარტს. მხარემ კი საჩივარი წარადგინა ამავე წლის 31 მარტს (ტ. 2, ს.ფ 57), კანონით დადგენილი 5-დღიანი ვადის დარღვევით.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას წარმოდგენილი საჩივრის შეტანის ვადის ათვლის წესი არ დაურღვევია, საჩივარი მხარის მიერ წარდგენილ იქნა 5-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ი.-ას“ საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე