Facebook Twitter

საქმე № 330210016001465720

საქმე №ას-829-775-2017 26 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – მ. ა.–ი (შემდგომში – მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.-ი“ (შემდგომში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ თაღლითური ქმედებით მიყენებული ზიანის – 16 172,00 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის სექტემბერში ფიზიკურ პირს (შემდგომში – მოვალეს) სარეალიზაციოდ გადასცა 18360,00 ლარის ღირებულების გაყინული თევზის პროდუქცია, რომელმაც რეალიზაციით მიღებული თანხა მოსარჩელეს არ გადაუხადა. აღნიშნული პროდუქცია ეკუთვნოდა საზოგადოებას, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული.

3. მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოვალის მიმართ გამარტივებული საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით. აღსრულების ბიუროს 2014 წლის 26 თებერვლის ბრძანებით მოვალეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 18360,00 ლარის გადახდა. მოვალემ აღნიშნული თანხა დაფარა ეტაპობრივად და დარჩა დავალიანება 15 855,00 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი 317,00 ლარი.

4. მოსარჩელე განმარტა, რომ პროდუქციის მესაკუთრე საზოგადოების მიმართ მოვალის დავალიანება დაფარა პირადი სახსრებით. 2014 წლის 25 ოქტომბერს, დავალინების დაფარვის მიზნით, მოსარჩელემ აიღო სესხი ბანკიდან.

5. 2014 წლის 20 ნოემბერს მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს იძულებითი აღსრულების დასაწყებად. 2014 წლის 26 ნოემბერს ყადაღა დაედო მოპასუხის ავტომობილს.

6. 2014 წლის 10 დეკემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელს განცხადებით მიმართა მოპასუხემ და, როგორც პირველი რიგის მოგირავნემ, მოითხოვა ლუიზა კუსრაევას საკუთრებაში არსებულ ავტომობილზე რეგისტრირებული ყადაღის, შეზღუდვისა და ძებნა-დაკავების გაუქმება, რაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დააკმაყოფილა.

7. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხემ წარადგინა სესხისა და გირავნობის ყალბი საბუთი, რაც დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემიდან 2014 წლის 25 ნოემბრის ამონაწერით. მოპასუხის განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელმა მოვალის ავტომობილი გადაუმოწმებლად ყოველგვარი შეზღუდვისაგან გაათავისუფლა, რის გამოც მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რადგან მოვალემ აღნიშნული ავტომობილი გადაუფორმა თავის შვილს, რომელმაც გაყიდა ის.

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს მოვალესთან გააფორმა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება. მოპასუხე არის საფინანსო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობას წარმოადგენს სესხების გაცემა ავტომობილის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, ავტომანქანებზე რეგისტრირდება გირავნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ. მოვალის საქმეში ის წარმოადგენდა პირველი რიგის მოგირავნეს და, კანონის შესაბამისად, ჰქონდა ყოველგვარი უფლება, განცხადებით მიემართა თბილისის აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის, მოეთხოვა ყადაღის მოხსნა.

9. მოპასუხის განმარტებით, რომ მისი ქმედება არ შეიცავდა თაღლითობის ნიშნებს, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოპასუხე სარგებლობდა კანონით მინიჭებული უფლებებით თავისი ინტერესების დასაცავად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

განმცხადებლის მოთხოვნა:

11. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე სატრანსპორტო საშუალებებზე ყადაღის დადება.

12. განმცხადებელმა მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა მომავალში გაართულებს ან შეუძლებელს გახდის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, რადგან მოპასუხემ შესაძლოა, გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებების სარეზოლუციო ნაწილები:

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაზეც მოპასუხემ შეიტანა საჩივარი.

საჩივრის ავტორის მოთხოვნა და პოზიცია:

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

16. საჩივრის ავტორის მითითებით, მოპასუხემ და მოვალემ მის წინააღმდეგ ჩაიდინეს თაღლითური ქმედებები, უკანონოდ მოიხსნა ყადაღა სახელზე არსებულ მოძრავ ქონებაზე, რის შედეგადაც მოვალეს შესაძლებლობა მიეცა, მოეხდინა ავტომანქანის რეალიზაცია.

17. აღნიშნული საქმე უნდა გადაეცეს სამძებრო ორგანოებს, დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, გამოთხოვილ იქნას იუსტიციის სამინისტროდან დაკითხვის ოქმები, რომელებიც მისთვის მიუწვდომელია, დაიკითხონ მოწმის სახით აღმასრულებელი, მოვალე და მისი შვილი.

18. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გაუგებარია, რა საფუძვლით ეთქვა უარი სარჩელის უზრუნველყოფის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, 194-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლითაც დადგენილია სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე შეტანილი საჩივრის შინაარსი და ამომწურავადაა განმარტებული ის საკითხები, თუ რას უნდა შეიცავდეს მოწინააღმდეგე მხარის საჩივარი. დასახელებული ნორმის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჩივარში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომელთა გამოც უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული თავისთავად ნიშნავს არა მხოლოდ ზეპირ მითითებას, არამედ მხარის მიერ არგუმენტირებული პოზიციის ჩამოყალიბებას, რომლითაც უტყუარად და უალტერნატივოდ უნდა დასტურდებოდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მართებულობა.

21. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განჩინების გაუქმების საფუძველს. როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განჩინებაშია აღნიშნული, მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, ვინაიდან როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე, სააპელაციო პალატამ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

22. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძვლებზე და აღნიშნავს, რომ მოვალის ავტომობილზე არ არსებობდა უფლებრივი შეზღუდვა მოსარჩელის მიმართ ვალდებულების გამო. საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ, მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულების გამო, ავტომობილს დაედო ყადაღა ან დაიტვირთა გირავნობის უფლებით. მეტიც, საქმის მასალებიდან არ ირკვეოდა არც ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოვალისაგან ვალდებულების დადასტურების ან მისი შესრულების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს ან რომელიმე ორგანოს. შესაბამისად, მითითებული მტკიცებულებების გარეშე შეუძლებელი იყო იმის მტკიცება, რომ არსებობდა ავტომობილზე ყადაღის მოხსნის მომენტში მოვალის ავტომობილით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

23. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, მოხსნიდა თუ დატოვებდა მოპასუხე მოვალის ავტომანქანაზე რეგისტრირებულ შეზღუდვებს, შეუძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება სადავო ავტომობილით, რადგან ავტომობილზე არსებული უფლებრივი შეზღუდვა არ მომდინარეობდა მოსარჩელის მოთხოვნიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

24. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, რადგან სსსკ-ის 191-ე მუხლის დანაწესი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას უკავშირებს მოსამართლის ვარაუდს, რომ სარჩელი შესაძლოა დაკმაყოფილდეს. აღნიშნული მუხლის მიზანია, უზრუნველყოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება და შექმნას გარანტია, რათა მოპასუხის მიერ გადაწყვეტილების შესრულებისათვის თავის არიდების შემთხვევაში დაცულ იქნას მოსარჩელის უფლებები.

25. ამრიგად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სარჩელში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად სარჩელი არ დააკმაყოფილეს, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი, რათა სასამართლომ უზრუნველყოს სასარჩელო მოთხოვნის დაცვა აღუსრულებლობისგან. აქედან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიმდინარე დავაზე მიზანშეწონილი არაა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

26. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

27. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

28. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

29. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

30. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

31. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.

32. მოცემულ საქმეზე დადგენლია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

33. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განჩინებების დასაბუთებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრების არარსებობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა მის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. განმცხადებელმა ვერ მიუთითა ისეთ გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მხრიდან კუთვნილი მოძრავი ნივთების გასხვისების საშიშროებას.

34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლის მიზნით მოპასუხის ქონების გასხვისების მოლოდინი უსაფუძვლოა და, შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი კანონის დანაწესის ფარგლებში მოპასუხის საკუთრების უფლების შეზღუდვა გაუმართლებელია, რადგან განსახილველ დავაზე როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა და უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით განმცხადებელს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე დაუსაბუთებლობის გამო, შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისისა და 19 ივნისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე