Facebook Twitter

საქმე №ას-395-368-2017 2 ივნისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. ჯ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. რ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის სახით 180 ლარის დაკისრება, ხოლო, 120 ლარის დაკისრებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ე. რ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ჯ-ის (შემდგოში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან ალიმენტვალდებული პირი) მიმართ, 2016 წლის 20 თებერვალს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის _ მ. ჯ-ის (შემდგომში _ არასრულწლოვანი) სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან (2016 წლის 4 აპრილი) ყოველთვიურად 500 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეები დაქორწინდნენ 2014 წლის 9 სექტემბერს. თანაცხოვრების პერიოდში, 2016 წლის 20 თებერვალს, შეეძინათ შვილი. დღეისათვის მოსარჩელე და მოპასუხე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ცხოვრობს მოსარჩელესთან, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია, საჭიროებს მკურნალობას, ხოლო, ერთი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ _ ოპერაციულ ჩარევას. მოსარჩელე მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უფროსი გამომძიებლის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1 075 ლარს. მოპასუხე არ ზრუნავს თავის შვილზე და არ ეხმარება მოსარჩელეს მის აღზრდაში. მხოლოდ მოსარჩელის შემოსავალი კი არ არის საკმარისი არასრულწლოვნის აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მას არ აქვს მატერიალური სახსრები ბავშვის აღმზრდელის ასაყვანად და შვილის აღზრდაში ეხმარება დედა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. ალიმენტის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობა მეტ-ნაკლებად საკმარისია არასრულწლოვნის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, 180 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო, თუმცა, ეჭქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ არასრულწლოვანი არის მისი ბიოლოგიური შვილი. აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, განმარტა, რომ შვილზე ზრუნვას თავს არ აარიდებს და აიღებს ვალდებულებას, მიიღოს მონაწილეობა მის რჩენასა და აღზრდაში. მართალია, მოპასუხე დასაქმებულია და აქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ იგი ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფება სხვა პირთან, რომელთან თანაცხოვრების პერიოდშიც შეეძინა შვილი. მცირეწლოვანი დაახლოებით ექვსი თვისაა და საჭიროებს შესაბამის მოვლას, რაც დაკავშირებულია მატერიალურ ხარჯებთან. გარდა ამისა, მოპასუხეს ჰყავს ორი სრულწლოვანი შვილი, აქვს საბანკო დაწესებულების წინაშე საკრედიტო დავალიანება, რომლის დაფარვის მიზნითაც ყოველთვიურად იხდის გარკვეულ თანხას. ამასთან, მოპასუხე ცხოვრობს ქირით.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს არასრულწლოვნის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (04.04.2016წ.) ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ალიმენტვალდებულმა პირმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის 180 ლარით განსაზღვრა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის სახით 180 ლარის დაკისრება, ხოლო, 120 ლარის დაკისრებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. თანაცხოვრების პერიოდში, 2016 წლის 20 თებერვალს, მხარეებს შეეძინათ შვილი;

1.2.2. მოსარჩელე და მოპასუხე აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

1.2.3. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან ერთად და მამა მონაწილეობას არ იღებს მის აღზრდაში;

1.2.4. მოსარჩელე მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უფროსი გამომძიებლის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 1 075 ლარს;

1.2.5. მოპასუხე ასევე დასაქმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 1 242 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები თანხა - 993.60 ლარს;

1.2.6. აპელანტს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი სრულწლოვანი შვილი;

1.2.7. იგი ამჟამად ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია სხვა მეუღლესთან, ჰყავს მეორე მცირეწლოვანი შვილი და ცხოვრობს მათთან ერთად, მისივე განმარტებით, ამჟამინდელი მეუღლე დასაქმებულია.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მხრიდან არ მოხდა ფაქტობრივი გარემოებების (ალიმენტვალდებული პირის რეალური შემოსავლის, მისი ვალდებულებებისა და სარჩენ პირთა რაოდენობის) სრულყოფილი შეფასება, ისე იქნა მიღებული გადაწყვეტილება (იხ. საკასაციო საჩივარი).

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), სააპელაციო სასამართლოს შეფასებები საქმეში არსებული მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით კვლევას ემყარება. პალატა განმარტავს, რომ განსახილველი საკითხის გადაწყვეტისას კოლიდირებულ ინტერესებს წარმოადგენს „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით აღიარებული არასრულწლოვნის „საუკეთესო ინტერესები“ რომელიც თავის თავში, მათ შორის არასრუწლოვნისათვის მატერიალური თვალსაზრისით კეთილსაიმედო გარემოს შექმნას მოიცავს და ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური შესაძლებლობები. გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1212-ე მუხლი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, არჩინონ არასრულწლოვანი შვილები. სამოქალაქო ვალდებულება, თავისი შინაარსით, განსხვავდება სამოქალაქო უფლებისაგან, რომლის რეალიზაციაც უფლების მქონე პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ვალდებულება კი, უნდა შესრულდეს და ამისათვის ვალდებულმა პირმა მის ხელთ არსებული ყველა ღონე უნდა იხმაროს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხეს რჩენის ვალდებულება ორი არასრულწლოვანი შვილის მიმართ გააჩნია, შესაბამისად, მისი, ასევე, მოსარჩელის შემოსავლის გათვალისწინებით (სკ-ის 1197-ე მუხლი) სამოქალაქო კოდექსის 1212-ე-1214-ე მუხლებზე დაყრდნობით, მართებულად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა, რომლის წინააღმდეგაც, როგორც აღინიშნა, კასატორს დასაბუთებული შედავება არ შემოუთავაზებია საკასაციო სასამართლოსათვის.

1.6. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და საქმეში არსებული მტკიცებულებების სწორი ანალიზის შედეგად მართებულად დაადგინა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები, რის წინააღმდეგაც დასაბუთებული პრეტენზია არ არის წარმოდგენილი.

1.7. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მაგ: იხ. სუსგ №ას-204-191-2014, 20 ოქტომბერი, 2014 წელი), რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით, ხოლო საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოხმობილი საპროცესო წესებისა და კასატორის მოთხოვნის გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება 1 440 ლარია, ხოლო საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არანაკლებ 300 ლარისა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე დავა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადს წარმოადგენს, კანონი (სსსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილი) ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრებას.

2.2. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა საკუთარი ინიციატივით გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარი, რის გამოც, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიის გზით გამოყენების შედეგად (სსსკ-ის მე-7 მუხლი) კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟის ნახევარი _ 150 ლარი, ასევე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დარჩენილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 39-ე, 42-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ლ. ჯ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ. წ-ის მიერ 20.03.2017წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ასევე, დარჩენილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური