საქმე №ას-421-394-2017 2 ივნისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ზ. და კ. ც-ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ს-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევა და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
დავის საგანი – უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ზ. ს-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. და კ. ც-ების (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ და მოითხოვა ს/კ #... მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ ცნობა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეები სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ დაეთანხმნენ და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ბ-ოს ქ#10-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ #...) ნაწილის _ 13.03 კვ.მ ფართის ქვეშ განთავსებული მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ამავე ფართის თანამესაკუთრედ.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება, გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევა და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
6.2. კერძო საჩივრის თანახმად, პალატამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად სახელმწიფო ბაჟის დროულად გადაუხდელობა მიიჩნია მაშინ, როდესაც განჩინების გამოტანის დროისათვის აპელანტებს იგი გადახდილი და წარდგენილი ჰქონდათ სასამართლოში. თავად ბაჟის დროულად გადაუხდელობის მიზეზი აპელანტების მხრიდან შესაბამისი სახსრების არქონა და სამართლებრივი შედეგების გაუთვითცნობიერებულობა იყო, რამდენადაც ზ.ც-ი ხანდაზმულია, ხოლო, კ.ც-ი მეტადონის პროგრამაშია ჩართული. სწორედ ამ საფუძვლებიდან გამომდინარე, განჩინების თაობაზე მათ არც წარმომადგენელს აცნობეს, რომელმაც მოგვიანებით ხელზე ჩაიბარა იგი და იმავე დღეს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი. თავად გადაწყვეტილება არსებული სახით არ შეიძლება შევიდეს კანონიერ ძალაში, რადგანაც იგი შეეხება არარსებულ ფართზე საკუთრების უფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. და კ. ც-ების კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს საპროცესო ვადის დარღვევით ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით კერძო საჩივრის ავტორები პრეტენზიას გამოთქვამენ, როგორც საქალაქო სასამართლოს მიერ მათ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი სისწორის თაობაზე, ისე საპატიო მიზეზის არსებობის გამო, მოითხოვენ დარღვეული საპროცესო ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევას.
1.3. კერძო საჩივარში გადმოცემული პრეტენზიების საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ:
1.3.1. მოპასუხეების მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, აღნიშნულის სანაცვლოდ აპელანტები შუამდგომლობდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, თუმცა, შუამდგომლობაში არც გადავადების ფაქტობრივი საფუძველი მიუთითებიათ და არც რამე მტკიცებულება ყოფილა წარმოდგენილი;
1.3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა, როგორც დაუსაბუთებელი, არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და აპელანტებს, 7-დღიანი საპროცესო ვადის დაცვით დააკისრა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე (1) მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრა და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარდგენა. განჩინება შეიცავს ამომწურავ განმარტებას ხარვეზის გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე;
1.3.3. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ აპელანტებს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, პირადად ჩაბარდათ 2017 წლის 1 მარტს;
1.3.4. 2017 წლის 13 მარტს სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა და პირადად ჩაიბარა ზემოხსენებული განჩინება;
1.3.5. იმავე დღეს წარმომადგენელმა კვლავ მიმართა სასამართლოს და განცხადებას დაურთო სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.
1.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა პოზიციას და განმარტავს შემდეგს:
1.4.1. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით გარანტირებულია რა სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება, იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვებს, ამგვარ შეზღუდვათა სპექტრი კი, განსხვავებულია, თუმცა, შედეგად სასამართლოს მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმის უფლებას იწვევს, თავის მხრივ, ეს ქმედება გამართლებულია მაშინ, თუკი მას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი გააჩნია (იხ. სსსკ-ის 2.2. მუხლი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლი (1-4 ნაწილები) ადგენს იმ ფორმალურ წინაპირობათა ჩამონათვალს, რომელთაც სააპელაციო საჩივარი უნდა უპასუხებდეს, რათა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაადგინოს აპელანტის პრეტენზიის საფუძვლიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმის აღწერილობითი ნაწილი შეიცავს, როგორც სასამართლოს ვალდებულებაზე მითითებას, აპელანტს მისცეს შესაძლებლობა გამოასწოროს სააპელაციო საჩივრის ხარვეზი, ისე აპელანტის მხრიდან ამ მოქმედების შეუსრულებლობის შედეგს _ მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნორმის დათქმა იმპერატიულია და რაიმე გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას არ იცნობს.
1.4.2. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებას საპროცესო ვადების თაობაზე და თავადაც აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 (2) მუხლის შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა 2017 წლის 2 მარტს დაიწყო და ვინაიდან უკანასკნელი დღე, 8 მარტი იყო დასვენება, ამავე კოდექსის 61 (2) მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 2017 წლის 9 მარტს, საპროცესო მოქმედება კი, შესრულებულია 13 მარტს. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ აპელანტების საპროცესო უფლება, ვადის დარღვევის გამო, გაქარწყლდა და მათ მიერ წარდგენილი საბუთები განხილვას აღარ ექვემდებარებოდა (იხ. სსსკ-ის 63-ე მუხლი).
1.5. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნას გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე, პალატა არ იზიარებს მას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მხრიდან ამგვარი გამონაკლისის დაშვების პირობებში უნდა არსებობდეს 215-ე (3) მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი. მოხმობილი ნორმის თანახმად კი, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები საპატიოდ მიიჩნევენ ერთ-ერთი აპელანტის ასაკსა და მეორე აპელანტის ე.წ მეტადონის პროგრამაში მონაწილეობას, თუმცა, კანონის ზემოხსენებულ დანაწესსა და ამ მიზეზებს შორის შესაძლო კავშირის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე არ მიუთითებენ (ბუნებრივია, არც წარმოუდგენიათ), რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებას გამორიცხავს. შუამდგომლობასთან მიმართებაში სასამართლოს შინაგანი რწმენა ემყარება ასევე ვადის დარღვევით განხორციელებული საპროცესო მოქმედების უსრულობას: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41 (1) მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტებს უნდა განესაზღვრათ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება და 39-ე მუხლის შესაბამისად, გადაეხადათ ამ ღირებულების 4%. საქმეში წარმოდგენილი ქვითრის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხა შეადგენს 150 ლარს, რაც ხარვეზის არასრულად გამოსწორებას წარმოადგენს.
1.6. პალატა აქვე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414 (1) მუხლის კონტექსტში, კერძო საჩივრის ფარგლებში ვერ იმსჯელებს იმ პრეტენზიაზე, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას შეეხება და დამატებით აღნიშნავს, რომ ეს პრეტენზია რაიმე გავლენას ვერ იქონიებს გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე.
1.7. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივარი არ შეიცავს ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. და კ. ც-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური