საქმე №ას-443-415-2017 2 ივნისი, 2017 წელი
№ას-443-415-2017 ქ-ე ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ქ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ბ-ი, ნ. მ-ი, შპს „გ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, ასევე, 2017 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარით განსაზღვრა და ამ თანხის გადახდის გადავადება დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე
დავის საგანი – უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მ. ქ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ბ-ის, ნ. მ-ისა და შპს „გ-ის“ (შემდგოში _ მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვა 2015 წლის 22 აპრილს გ. ბ-ისა და ნ. მ-ს შორის #... უძრავ ქონებაზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების, ასევე, ამავე უძრავი ქონების ნაწილზე (ს/კ #...) ნ. მ-სა და შპს „გ-ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელსეკრულების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეები სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ დაეთანხმნენ და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა მოითხოვა მისი, ასევე, 2017 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარით განსაზღვრა და ამ თანხის გადახდის გადავადება დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
6.2. კერძო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა არა 150, არამედ, ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული თანხით _ 1 200 აშშ დოლარით განსაზღვრა. აპელანტმა შესაბამისი შუამდგომლობით მიმართა პალატას და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, შუამდგომლობას კი, დაურთო უტყუარი მტკიცებულება _ შემოსავლების სამსახურის ცნობა, რომლის თანახმადაც აპელანტს 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 15 თებერვლამდე შემოსავალი არ მიუღია. სააპელაციო პალატამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და 7-დღიანი ვადის დაცით აპელანტს დაავალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მისი მხრიდან ვერ შესრულდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო პალატის დასკვნები არასწორია, რადგანაც, დავის საგანს სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობა არ წარმოადგენდა, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟიც 150 ლარით უნდა განსაზღვრულიყო, ეს მიდგომა გაზიარებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 100 ლარი. ვინაიდან ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ საჩივრდებოდა, აპელანტმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, ითხოვა დაკისრებული ბაჟის გადახდის გადავადება. შუამდგომლობა დასაბუთებული იყო შესაბამისი მტკიცებულებით, რომლის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს (მსგავს მტკიცებულებებს იზიარებს თავად სააპელაციო პალატაც), ამასთანავე, სასამართლოს არ მიუთითებია იმგვარ მტკიცებულებებზე, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებას გამოიწვევდა. გარდა ამისა, სასამართლოს არ გაუთვალისწინებია მის მიერ დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟი ხომ არ აღემატებოდა ფიზიკური პირისათვის დადგენილი ოდენობის მაქსიმუმს. ამ ქმედებების გამო აპელანტს შეეზღუდა სააპელაციო სასამართლოში საკუთარი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ მ. ქ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო 2017 წლის 14 მარტის განჩინებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. კერძო საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების დასაბუთება:
1.1. განსახილველი კერძო საჩივრის საგანს წარმოადგენს, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინების კანონიერება. თავად მოხმობილი განჩინებით კი, სააპელაციო სასამართლომ აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, როგორც დაუსაბუთებელი, არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება, მოთხოვნის იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, მისი საბაზრო ღირებულებიდან გამოითვალა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს დაეკისრა 7-დღიანი ვადის დაცვით სახელმწიფო ბაჟის _ 1 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა.
1.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილი და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თავის მხრივ, უდავოა, რომ, როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების, ისე _ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის მარეგულირებელი ნორმა (სსსკ-ის 48-ე და 368-ე მუხლები) ამ საკითხების თაობაზე მიღებული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, არამედ, მათი კანონიერება საკასაციო სასამართლომ შეიძლება მხოლოდ 404-ე (2) მუხლის ფარგლებში, საქმის არსებითი განხილვის ეტაზე შეამოწმოს. უდავოა, რომ ხსენებული ნორმით გათვალისწინებული შემთხვევა სახეზე არაა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამავე კოდექსის 187-ე (2) მუხლის შესაბამისად, როგორც არასწორად მიღებული, განუხილველად უნდა დარჩეს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
2.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
2.2.1. სარჩელის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა;
2.2.2. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, სადავო უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 30 000 აშშ დოლარს;
2.2.3. არ დაკმაყოფილდა რა სარჩელი, სააპელაციო საჩივრით მოსარჩელე მოითხოვდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას;
2.2.4. სააპელაციო საჩივრით დავის საგნის ღირებულებას აპელანტი განსაზღვრავს 4 000, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ოდენობას _ 160 ლარით, ამასთანავე, ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულების წარუდგენლად შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე;
2.2.5. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რა აპელანტის შუამდგომლობა, ასევე, მის მიერ განსაზღვრული დავის საგნის ღირებულება, იგი ქონების საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე თავად განსაზღვრა საქმეში წარმოდგენილ სადავო ხელშეკრულებაზე დაყრდნობით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტს დაავალა სახელმწფო ბაჟის _ 1 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა;
2.2.6. განჩინების პასუხად აპელანტმა წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის ასლი, რომლის თანახმადაც, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ა.“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის შესაბამისად, 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 15 თებერვლამდე აპელანტის შემოსავალი შეადგენდა ნულს, ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მხარემ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან საპროცესო ვადის გაგრძელება;
2.2.7. 2017 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, ხოლო საპროცესო ვადა მხარეს გაუგრძელა 7 დღით და მსგავსად ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებისა, ამჯერადაც ამომწურავად განემარტა აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები. ეს უკანასკნელი განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 28 თებერვალს სატელეფონო შეტყობინებით ჩაბარდა მხარეს;
2.2.8. დადგენილ ვადაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც საფუძვლად დაედო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.
2.2.9. განსახილველი კერძო საჩივრით მხარე ადასტურებს, რომ მას მიკუთვნებითი/ნეგატორული ან სხვა ტიპის სარჩელი, რაც დაკმაყოფილების შემთხვევაში ქონებრივ უფლებებს წარმოუშობდა, არ აღუძრავს. სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარე მიაჩნია მას, რომ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა 150 ლარით უნდა განესაზღვრა სასამართლოს.
2.3. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივარს და უპირველესად განმარტავს, რომ წარმოდგენილი სარჩელის დასაშვებობის საკითხიც კი არ არის სრულყოფილად გადაწყვეტილი. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო შეამოწმებდეს სარჩელის საფუძვლიანობას, მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, რაც საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. თუკი ამგვარი წინაპირობები არ არსებობს, მაშინ სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი უნდა უკავშირდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენას, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარებას ან დოკუმენტების სიყალბის დადგენას. ისეთ ვითარებაში, როდესაც სავალდებულოა მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა, უფლების დაცვის თვალსაზრისით მხოლოდ აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება განხილულ იქნას სასამართლოს მიერ, თუმცა კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზე, საკასაციო პალატა, ბუნებრივია, სარჩელის დასაშვებობაზე ვერ იმსჯელებს (სსსკ-ის 414.1 მუხლი).
2.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიუხედავად ზემოხსენებულისა, განსახილველი დავის საგნის ღირებულების გამოანგარიშებისათვის გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით. პალატა დამატებით მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, „ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე (იხ. სუსგ №ას-1155-1032-2010, 6 იანვარი, 2011 წელი).
2.5. მოხმობილი განმარტებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ დავის საგნის ღირებულება ქონების საბაზრო ფასით სწორად განსაზღვრა. ამ თვალსაზრისით ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ შესაძლოა დაკისრებული ბაჟი აღემატებოდეს ფიზიკური პირისათვის კანონით განსაზღვრული ოდენობის მაქსიმუმს. პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი აშშ დოლარის ლარში კონვერტაციის შედეგად აღმოჩნდებოდა, რომ იგი მართლაც აღემატებოდა ზღვრულ ოდენობას, აპელანტი დაცული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ.ა.“ ქვეპუნქტით (რომლის თანახმადაც მაქსიმალური ოდენობა 5 000 და არა 3 000 ლარია, როგორც კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს) და სააპელაციო პალატა მას ამ ნორმის საფუძველზე კანონსაწინააღმდეგო ვალდებულებებს ვერ დაუწესებდა, თუმცა, მხარეს საერთოდ აღარ მიუმართავს სასამართლოსათვის.
2.6. რაც შეეხება სახელმწფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მათი გადახდა (სსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა არ შეიძლება ინდვიდუალურად აღებული მიჩნეულ იქნას ქონებრივი მდგომარეობის უტყარად ამსახველ დოკუმენტად, რადგანაც, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, იგი ემყარება საგადასახდო აგენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციას, რომელიც გადახდის წყაროსთან დასაბეგრ გადასახადს შეეხება (ფიზიკური პირის შემთხვევაში, ამ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებას კანონი თავად ამ პირს ავალდებულებს) და არ შეიცავს პირის ყველა შესაძლო შემოსავლის შესახებ ინფორმაციას, გარდა ამისა, აპელატს არ წარმოუდგენია ცნობები იმის თაობაზე, ერიცხება თუ არა უძრავი ქონება საკუთრებაში ან სხვა მატერიალური აქტივები, რომლებიც შემოსავლის მიღებას განაპირობებს. მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
2.7. განვითარებული მსჯელობის პარალელურად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უმთავრესად იმ ფაქტორს ემყარება, რომ 2017 წლის 22 თებერვლის განჩინების პასუხად აპელანტს საერთოდ აღარ მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც სავსებით სწორად დაედო საფუძვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას და ამ ნორმაზე დაყრდნობით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.
2.8.. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 372-ე, 399-ე, 414-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ქ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად, ხოლო 2017 წლის 14 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური