Facebook Twitter

საქმე №ას-104-97-2017 17 მარტი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონის გამგეობა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ის“ უფლებამონაცვლე სს „ა-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი ან ბენეფიციარი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ის“ უფლებამონაცვლე სს „ა-ის“ (უფლებამონაცვლეობის თაობაზე იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.05.2016წ. საოქმო განჩინება, შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან გარანტი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 01.04.2014წ. #FRI/14-044014 საბანკო გარანტიის საფუძველზე პრინციპალის მიერ შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 5%-ის _ 49 570,65 ლარისა და 08.04.2014წ. სახელმწიფო შესყიდვების საავანსო ანგარიშსწორების #FRI/14-044421 საფუძველზე _ 194 602,87 ლარის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელესა და შპს „ნ-ის“ (შემდგომში _ პრინციპალი) შორის 2014 წლის 7 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #1.1.9/30/022 ხელშეკრულება ნაძალადევის რაიონში გზების შეკეთების თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 1 აპრილს გარანტმა გასცა #FRI/14-044014 საბანკო გარანტია, რომლითაც პრინციპალის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მოპასუხემ იკისრა ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 1 065 000.0 ლარის 5%-ის, 53 250 ლარის გადახდის ვალდებულება. გარანტმა ამავე ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 8 აპრილს გასცა სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების #FRI/14-044421 საბანკო გარანტია, რომლის თანახმადაც, პრინციპალის მიერ ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, გარანტი მას დაუბრუნებდა პრინციპალისათვის საავანსო ანგარიშსწორების წესით გადახდილ თანხას ხელშეკრულების საერთო ღირებულების _ 1 065 000.0 ლარის 20%-ის, 213 000 ლარის ფარგლებში. პრინციპალმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოები მხოლოდ 73 587.05 ლარის ფარგლებში შეასრულა, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით. ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ბენეფიციარმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება პრინციპალთან, რაც 2014 წლის 6 ოქტომბერს #07-46/142791044 წერილით შეატყობინა გარანტს, რათა ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ 2014 წლის 1 აპრილს გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხიდან გადაეხადა შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების _ 991 412,95 ლარის 5% - 49 570,65 ლარი. მას ასევე ეთხოვა, გადაეხადა 2014 წლის 8 აპრილის საავანსო ანგარიშსწორების საბაკო გარანტიის საფუძველზე გაცემული ავანსიდან დარჩენილი თანხა _ 194 602,87 ლარი. მოპასუხეს საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.

2. მოპასუხის პოზიცია:

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ _ 114 231,76 ლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო (იხ. საქალაქო სასამართლოს 19.06.2015წ. სხდომის ოქმი, 12:18 სთ), ხოლო შესაგებელში მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის პირობების თანახმად, გარანტი ვალდებული იყო, პრინციპალის მიერ შეუსრულებული სამუშაოს შესაბამისად გადაეხადა გარანტიით გათვალისწინებული თანხა, რადგანაც, საბანკო გარანტიის შესაბამისად, გარანტიის თანხა მცირდება პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად. შესაბამისად, ბენეფიციარს მოპასუხისათვის უნდა წარედგინა მოთხოვნა პრინციპალის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების გამოკლებით, რის საპირისპიროდაც, წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდებოდა მხოლოდ ის, რომ პრინციპალის მიერ მიღებული იქნა საბანკო გარანტიის უზრუნველყოფის ავანსის თანხა 213 000 ლარი. აღნიშნული თანხის მიღების შემდგომაც შესრულდა 73 587,05 ლარის ღირებულების სამუშაოები. ამასთან, პრინციპალს ფაქტობრივად შესრულებული აქვს სხვა სამუშაოებიც, რომლებიც არ არის გათვალისწინებული მოთხოვნილ თანხაში. შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მიადგა ბენეფიციარს პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად. მოსარჩელეს არ წარუდგენია მიყენებული ზიანის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესრულების გარანტიის ოდენობის კორექტირება მომავალში შესაძლებელი იქნება მხარეთა მიერ წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაციის შედეგად. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შესრულება ვერ განხორციელდა შეუსაბამო მეტეოლოგიური პირობების გამო. მოსარჩელის მოთხოვნა საავანსო ანგარიშსწორების გარანტიიდან 194 602,87 ლარის გადახდის შესახებ ეწინააღმდეგება საბანკო გარანტიის პირობებს, ვინაიდან ბენეფიციარის მხრიდან შეტყობინება თანხის გადახდის შესახებ უნდა მომხდარიყო პრინციპალის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების გამოკლებით. შესრულებული სამუშაოს ღირებულება აღემატება მოსარჩელის მიერ ნაჩვენებ 73 587,05 ლარს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გარანტს ბენეფიციარის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 1 აპრილის #FRI/14-044014 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხიდან შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 5%-ის _ 49 570,65 ლარის, ხოლო 2014 წლის 8 აპრილის #FRI/14-044421 სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის საფუძველზე გაცემული ავანსიდან გამომდინარე _ 139 412,95 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, აპელანტის განმარტებით, საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მას უნდა დაკისრებოდა 114 231,76 ლარის, ხოლო შესრულების საბანკო გარანტიიდან გამომდინარე _ 48 311,59 ლარის გადახდა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აპელანტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 1 აპრილის #FRI/14-044014 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხიდან შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 5%-ის _ 48 311.58 ლარის, ხოლო 2014 წლის 8 აპრილის #FRI/14-044421 სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის საფუძველზე გაცემული ავანსიდან გამომდინარე 114 231.75 ლარის გადახდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2014 წლის 7 აპრილს მოსარჩელესა და პრინციპალს შორის გაფორმდა #1.1.9/30/022 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის ღირებულება განისაზღვრა 1 065 000 ლარით. ხელშეკრულების/შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში გზების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები. ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის (პრინციპალი) მიერ შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის/ეტაპის დასრულების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ შემსყიდველის (ბენეფიციარი) მიერ დაქირავებული საექსპერტო ჯგუფი (შპს „ლ-ია“) განახორციელებს შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის/ეტაპის რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრების შემოწმებას და შემოწმების შედეგებს აცნობებს შემსყიდველს, რის შემდეგაც შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი (შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების მე-6 მუხლში მითითებული პირები);

1.2.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 1 აპრილს აპელანტმა გასცა #FRI/14-044014 საბანკო გარანტია, რომლის თანახმად, გარანტმა მხარემ იკისრა ვალდებულება, პრინციპალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში თანხის გადახდაზე - 53 250 ლარის ფარგლებში. გარანტიის მოქმედება განისაზღვრა 2014 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით;

1.2.3. ამავე სახელმწიფო შესყიდვის #1.1.9/30/022 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 8 აპრილს გაცემულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია #FRI/14-044421, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, დაებრუნებინა საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისათვის გადახდილი თანხა, მაგრამ არაუმეტეს გარანტიის თანხისა, პრინციპალის მიერ პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში. გარანტიის თანხა განისაზღვრა 213 000 ლარით და ხელშეკრულების თანახმად, ეს თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარისთვის საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად;

1.2.4. ბენეფიციარმა პრინციპალთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულების 13.6. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცალმხრივად შეწყვიტა;

1.2.5. 2014 წლის 6 ოქტომბრის #07-46/142791044 წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა მის მიერ 01.04.2014წ. გაცემული #FRI/14-044014 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხიდან, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების _ 991 412,95 ლარის 5%-ის - 49 570,65 ლარის, ასევე, 08.04.2014წ. #FRI/14-044421 სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის საფუძველზე გაცემული ავანსიდან დარჩენილი თანხის _ 194 602,87 ლარის გადახდა;

1.2.6. 2014 წლის 29 ივლისის მიღება-ჩაბარების #337 აქტის თანახმად, 2014 წლის 7 აპრილს გაფორმებული #1.1.9/30/022 ხელშეკრულების თანახმად, პრინციპალის მიერ შესრულებულ იქნა ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ჭ-ის ქ#20-ის ეზოსა და მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები - ღირებულებით 59 676,51 ლარი;

1.2.7. 2014 წლის 2 სექტემბრის მიღება-ჩაბარების #393 აქტის მიხედვით, 2014 წლის 7 მაისის #1.1.9/30/022 ხელშეკრულების საფუძველზე პრინციპალის მიერ შესრულებული იქნა ნაძალადევის რაიონში ნ-ის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები საერთო ღირებულებით 13910,54 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

1.2.8. პრინციპალის მიერ ფაქტობრივად შესრულებულია დამატებით 25 181,19 ლარის სამუშაოები, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 მაისის საოქმო განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო საექსპერტო დასკვნა, რომელიც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით არ არის შეფასებული. ექსპერტის დასკვნით დასტურდება, რომ პრინციპალის მიერ ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში დ.გ-ის, დ-ისა და ნ-ის ქუჩების ასფალტობეტონით მოწყობა-რეაბილიტაციის შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 25 181,19 ლარს დანარიცხების ჩათვლით. მითითებული ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელეს სასამართლოში რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და შემოიფარგლა მხოლოდ განმარტებით, რომ ხელშეკრულების თანახმად, შპს „ლ-იის“ მიერ გაცემული დასკვნაა სათანადო მტკიცებულება შესრულებული სამუშაოების თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება დამატებით 4 864,41 ლარის, 5 703,87 ლარისა და 14 621,91 ლარის (სულ 25 181,19 ლარის) სამუშაოების შესრულების თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ მიღება-ჩაბარების აქტები არ არის შედგენილი და ხელმოწერილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმით და იგი ცალმხრივად არის დადასტურებული პრინციპალის მიერ, სარწმუნოდ არ დასტურდება შესაბამისი სამუშაოები როდის შესრულდა, აგრეთვე, შედის თუ არა მასში მითითებული სამუშაოები #337 და #393 აქტებში მითითებულ სამუშაოებში, რითაც სასამართლომ არ მიიჩნია დადასტურებულად არც მათი ფაქტობრივი შესრულება. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მართალია, მიღება-ჩაბარების აქტები არ არის ხელმოწერილი გამგეობის მიერ, მაგრამ აღნიშნული აქტები საექსპერტო დასკვნასთან ერთად ერთობლიობაში იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ პრინციპალმა დამატებით შეასრულა 25 181,19 ლარის სამუშაო. ამასთანავე, ის რომ საექსპერტო დასკვნით შეფასებული სამუშაოები არ არის ასახული #337 და #393 აქტებში ცალსახად დგინდება, ვინაიდან ამ აქტებით დადასტურებულია შემდეგი სამუშაოების შესრულება: ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ჭ-ის ქ#20-ის ეზოსა და მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ნაძალადევის რაიონში ნ-ის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები; ხოლო საექსპერტო დასკვნით შეფასდა ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში დ.გ-ის, დ-ის, ნ-ის ქუჩების ასფალტობეტონით მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. გარდა ამისა, შპს „ლ-იას“ მიერ 2014 წლის 26 სექტემბერს ბენეფიციარის სახელზე გაგზავნილ წერილში მითითებულია გ-ის, ნ-ისა და დ-ის ქუჩებზე იმ დღისათვის არსებული მდგომარეობა და შეფასებულია მიმდინარე სამუშაოები. აღნიშნული წერილი არ ასახავს საბოლოო შედეგს და წარმოადგენს ინფორმაციული შინაარსის მიმართვას შემდგომი რეაგირებისთვის. ამასთან, მასში მართალია, მითითებულია გარკვეული სამუშაოების უხარისხოდ შესრულების ფაქტი, მაგრამ ასევე დადასტურებულია ნაწილი სამუშაოების შესრულება გარკვეული პროცენტული მაჩვენებლებით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2014 წლის 30 სექტემბრის #267 საგადახდო მოთხოვნის საფუძველზე ბენეფიციარმა პრინციპალს გადაურიცხა 213 000 ლარი, შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები ეწინააღმდეგება მოსარჩელის ახსნა–განმარტებას. ის ფაქტი, რომ შპს „ლ-იამ“ 2014 წლის 26 სექტემბერს რეაგირებისთვის ბენეფიციარს გაუგზავნა ზემოაღნიშნული წერილი, რომლის შემდგომაც (4 დღეში) ბენეფიციარმა პრინციპალს გადაურიცხა თანხა, იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ პრინციპალმა აღმოფხვრა შპს „ლ-იას“ მიერ 2014 წლის 26 სექტემბრის წერილში ასახული ნაკლოვანებები და შესრულდა საექსპერტო დასკვნაში მითითებული ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში დ.გ-ის, დ-ის, ნ-ის ქუჩების ასფალტობეტონით მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. საწინააღმდეგოს დასადასტურებლად მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. შესაბამისად, პრინციპალის მიერ ფაქტობრივად შესრულებული 25 181,19 ლარის სამუშაოები უნდა გაიქვითოს ავანსად მიცემული თანხიდან და საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიიდან გამომდინარე გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე უნდა შემოიფარგლოს - 114 231,76 ლარით, ასევე, აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მოხდეს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიიდან გამომდინარე გადასახდელი თანხის დაკორექტირება შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 5%-ის ოდენობით და გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვროს 48 311,58 ლარით.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად შეამცირა შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება. საკასაციო საჩივრით კასატორი ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ გარანტიით გათვალისწინებული თანხა უნდა შემცირებულიყო შესრულებული სამუშაოს ღირებულების პროპორციულად, თუმცა ბენეფიციარი მიიჩნევს, რომ კონკრეტული სამუშაოები არ შესრულებულა. სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა პრინციპალის მიერ ცალმხრივად შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტებში ასახული სამუშაოების შესრულებას დ.გ-ის, დ-ისა და ნ-ის ქუჩებზე. ამ გარემოებას არ ადასტურებს პრინციპალის მიერ ცალმხრივად შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც არ მიიღო ბენეფიციარმა, შესაბამისად, იგი შესრულებულად არ მიიჩნევა და ეწინააღმდეგება ნარდობის ზოგად პრინციპს, გარდა ამისა, ახსნა-განმარტების ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარემ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული ქუჩების რეაბილიტაცია სხვა კომპანიის მიერ განხორციელდა, რის შესაბამისი მტკიცებულებებიც ერთვის საკასაციო საჩივარს.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების ფარგლებში, მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც საკუთარ პოზიციას ამ გარემოებაზე ამყარებს და მის ახსნა-განმარტებას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, თავის მხრივ, შეჯიბრებითობის პრინციპი მოიაზრებს მოწინააღმდეგე მხარის პროცესუალურ შესაძლებლობასაც, გააქარწყლოს მისთვის არახელსაყრელი გარემოება, რომელიც ამა თუ იმ მტკიცებულებაზე დაყრდნობით დაამტკიცა მისმა მიმთითებელმა მხარემ. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ სწორად დაასკვნა, რომ პრინციპალის მიერ სამუშაოების სადავო ნაწილის შესრულება გარანტმა დაამტკიცა, რამდენადაც მან წარადგინა, როგორც პრინციპალის მიერ ცალმხრივად შესრულებული მიღება-ჩაბარების აქტები, ისე _ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს ამ აქტებში მითითებული სამუშაოების შესრულების ფაქტსა და მათ ღირებულებას. ამ სამუშაოთა შესრულების თაობაზე მითითებული იყო ასევე შპს „ლ-იას“ წერილში. დასაბუთებული პრეტენზიის არარსებობის პირობებში, გასაზიარებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა იმის თაობაზე, რომ სწორედ ვალდებულების შესრულების შემდეგ განხორციელდა პრინციპალთან ბენეფიციარის მხრიდან საავანსო ანგარიშსწორება და ამ გარემოებათა ერთობლიობა (სსსკ-ის 105-ე მუხლი) დასაბუთებულს ხდის მოპასუხის შედავებას პრინციპალის მიერ სადავო ღირებულების სამუშაოს ფაქტობრივად შესრულების თაობაზე. ამ მტკიცების საპირწონედ მოსარჩელეს შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენია. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს მოპასუხის მიერ გარკვეული გარემოებების აღიარების შესახებ (ვალდებულების სხვა კომპანიის მიერ შესრულება), მას პალატა ვერ გაიზიარებს, რადგანაც მხარე გარკვევით არ უთითებს თუ როდის განხორციელდა ეს აღიარება. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმის შესწავლით კი, ეს ფაქტი არ დგინდება (იხ. სხდომის ოქმის ჩანაწერი: 12:43:13სთ-13:01:28სთ, მოპასუხის ახსნა-განმარტება).

1.6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, სწორადვე მოიძია და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 880-ე (1) მუხლები და მოპასუხის მხრიდან პრინციპალის ვალდებულების ფაქტობრივად შესრულების დადასტურების პირობებში, ამავე კოდექსის 887-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი ნაწილობრივ.

1.7. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცველად დატოვების თაობაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

2.1. საკასაციო საჩივარს ერთვის 2014 წლის 18 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, სადაც მენარდეს წარმოადგენს შპს „ს-ი“, ასევე, მოპასუხის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის ასლი.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულებათა გაზიარებისა და მათი საქმისათვის დართვის წინაპირობები, შესაბამისად, ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

3. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონის გამგეობას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული 18.11.2014წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #1.1.9/10/101 ხელშეკრულების, მისი დანართისა და 18.11.2014წ. #FRI/14-057361 ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის ასლი (ტ. II, ს.ფ. 115-129).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური