Facebook Twitter

საქმე №ას-691-645-2017 7 ივლისი, 2017 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ ს-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – ზ. ხ-ასა და ლ. ა-ის სარჩელის გამო, ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ ს-ას მიმართ, კომპენსაციის თანხის დაკისრების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებაში უნდა გასწორდეს უსწორობა, ხოლო ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ ს-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია 2017 წლის 12 აპრილის განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ ს-ას საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟისა და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების შესავალ ნაწილში არასწორად არის მითითებული განჩინების გამოტანის თარიღი, ნაცვლად 2017 წლის 12 ივნისისა, მითითებულია 2017 წლის 12 აპრილი. საქმის მასალებით კი დგინდება, რომ აღნიშნული საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა 2017 წლის 31 მაისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო 10 (ათი) დღის ვადაში ამოწმებს საკასაციო საჩივარი შემოტანილია თუ არა ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნათა დაცვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს რომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინების შესავალ ნაწილში მითითებული „2017 წლის 12 აპრილი“ უნდა გასწორდეს შემდეგნაირად: „2017 წლის 12 ივნისი“.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის (ივნისის) განჩინებით ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ ს-ას საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – ზ. ხ-ას მიმართ მოთხოვნის ნაწილში - 562.5 ლარის, ლ. ა-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში - 750 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებეული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

2017 წლის 27 ივნისს სასამართლოს მომართა ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ ს-ას გენერალურმა დირექტორმა გ. მ-ემ და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 1312.50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი, რაც შეეხება დასაბუთებულ საკასაციო საჩივარს, მხარეს ის არ წარმოუდგენია და არც საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია მის წარმოსადგენად.

საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია შემდეგი: სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ, ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ ს-ამ სრულყოფილად არ გამოასწორა დადგენილი ხარვეზი, ამასთან, არც საპროცესო ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

განსახილველ შემთხვევაში, ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ ს-ას უნდა დაუბრუნდეს 2017 წლის 26 ივნისის #... საგადახდო დავალებით თერჯოლის გამგეობის მიერ გადახდილი 1312.50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 374-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის №ას-691-645-2017 განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობა: „2017 წლის 12 აპრილი“ შეიცვალოს „2017 წლის 12 ივნისით“.

2. ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ ს-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

3. კასატორ ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ ს-ას (ს/#....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თერჯოლის გამგეობის მიერ 2017 წლის 26 ივნისის #... საგადახდო დავალებით გადახდილი 1312.50 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე