საქმე №ას-992-921-2017 28 ივლისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ. ჯ-ის, მ. ვ-ისა და თ. დ-ას კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ-ის“ სარჩელის გამო, ლ. ჯ-ის, მ. ვ-ისა და თ. დ-ას მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ჯ-ის, მ. ვ-ისა და თ. დ-ას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი კერძო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობები, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაცო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტების: მ. ვ-ისა და თ. დ-ას, ასევე მათი წარმომადგენლის _ მ. გ-ის (იხ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი _ ორდერი) გამოუცხადებლობის გამო, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება გაეგზავნა აპელანტთა წარმომადგენელ მ.გ-ს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირადად ჩაბარდა 2017 წლის 17 იანვარს (ს.ფ.222). სწორედ ამ საპროცესო წესიდან გამომდინარე ევალებოდა წარმომადგენელს შეტყობინების ჩაბარების თაობაზე მხარეთა ინფორმირება.
საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს წარმომადგენლობის საკითხზეც. მართალია, საქმეში არ არის წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად გაფორმებული მინდობილობა, არამედ, წარმოდგენილია ადვოკატის ორდერი, თუმცა, ეს გარემოება სასამართლო შეტყობინების მხარეთათვის ჩაბარების ფაქტს არ გამორიცხავს, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამარლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ორდერი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტია, რომელსაც საფუძვლად დავალების ხელშეკრულება უდევს მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის და ორდერის მქონე წარმომადგენელი ითვლება სრულუფლებიან წარმომადგენლად, რომელსაც არ გააჩნია მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იმ საპროცესო მოქმედებების განხორციელების უფლება, რომელსაც პირდაპირ უნდა შეიცავდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი _ მინდობილობა (იხ. სუსგ #ას-1269-1289-2011, 24 ოქტომბერი, 2011 წელი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხოლო, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 18 იანვარს და ამოიწურა 2017 წლის 29 იანვარს, მაგრამ ვინაიდან 2017 წლის 29 იანვარი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2017 წლის 30 იანვარს. საქმეში წარმოდგენილი, კერძო საჩივრით კი დასტურდება რომ, იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანცელარიას ჩაბარდა 2017 წლის 24 ივლისს, რაც უტყუარად ადასტურებს კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დარღვევას. აღნიშნული კი, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია, რამდენადაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
რაც შეეხება კერძო საჩივარს ლ. ჯ-ის მოთხოვნის ნაწილში, პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში ასევე არ არსებობს კერძო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობები, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს კერძო საჩივრის შეტანის სუბიექტთა წრეს და განსაზღვრავს, რომ ამ საპროცესო მოქმედების განხორციელება შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ. ჯ-ესა და თ. დ-ას სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხა - 13337.08 აშშ დოლარი, სესხის პროცენტი - 2590.85 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 214.53 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 13337.08 აშშ დოლარის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 17.12.2014 წლიდან არაუმეტეს 1 წლისა; დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხე მ. ვ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე ლ.ჯ-ეს ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 11 აპრილის განჩინებისა და უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, იგი სასამართლოში თვალსაჩინო ადგილას განთავსდა, ასევე, ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 12 აპრილს. სამოქალაქო საპროცეს კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა მე-7 დღეს _ 2016 წლის 19 აპრილს.
საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ კანონით დადგენილ ვადაში (სსსკ-ის 369.1) ლ.ჯ-ემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, გასაჩვრების 14-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლ.ჯ-ის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ამდენად, იგი ვერც სააპელაციო განხილვის და მით უფრო ვერც კერძო საჩივრის წარდგენის სუბიექტად იქნება მიჩნეული საკასაციო სასამართლოს მიერ, ამასთანავე უდავოა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ლ.ჯ-ეს სათანადო წესით არ მოუთხოვია (სსსკ-ის 265-ე მუხლი).
ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობები.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნას სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობები შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული. სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ასეთი საპროცესო მოქმედების შესრულება. გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება შეუძლია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს.
დასახელებული ნორმა გამოიყენება იმ გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ვარაუდი იმისა, რომ კერძო საჩივარი პერსპექტიულია და არსებობს მისი დაკმაყოფილების ფორმალური წინაპირობები, ამასთანავე, საპროცესო მოქმედების შეჩერების გარეშე კერძო საჩივრის განხილვა პერსპექტივას უნდა კარგავდეს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა აღარ შეუდგება სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძვლიანობის შინაარსობრივ კვლევას, რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმის მასალებით კერძო საჩივრის არა თუ დაკმაყოფილების, არამედ, მისი წარმოებაში მიღების წინაპირობებიც არ არსებობს, რაც თავის მხრივ, აბსოლუტური საფუძველია იმისა, რომ საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილოს შუამდგომლობა.
სამოქალაქო საპროცესოკ ოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორებს უნდა დაუბრუნდეთ თ.დ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 374-ე, 396-ე, 399-ე, 414-ე, 416-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ჯ-ის, მ. ვ-ისა და თ. დ-ას შუამდგომლობა სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. ლ. ჯ-ის, მ. ვ-ისა და თ. დ-ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
3. ლ. ჯ-ეს (პ/#...), მ. ვ-ესა (პ/#...) და თ. დ-ას (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაუბრუნდეთ თ. დ-ას მიერ 24.07.2017წ. #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე