Facebook Twitter

საქმე №ას-977-909-2017 31 ივლისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე რ. გ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე, პ. ბ-ის სარჩელის გამო, რ. გ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. გ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება რ.გ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, გაეგზავნა წარმომადგენელ ნ. ქ-ს (იხ.რწმუნებულება ს.ფ.39-40) მის მიერ მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 2017 წლის 20 ივნისს (ს.ფ.107).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხოლო, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 21 ივნისს და ამოიწურა 2017 წლის 2 ივლისს, მაგრამ ვინაიდან 2 ივლისი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2017 წლის 3 ივლისს. საქმეში წარმოდგენილი, კერძო საჩივრით კი დასტურდება რომ, იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანცელარიას ჩაბარდა 2017 წლის 4 ივლისს - კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დარღვევით. აღნიშნული კი, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. გ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე