Facebook Twitter

საქმე №ას-768-717-2017 31 ივლისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ. ა-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე – ხ. პ-ის სარჩელის გამო, ლ. ა-ის, დ. ზ-ის, ე. ზ-ისა და ი. მ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით ლ. ა-ის წარმომადგენელ ნ. დ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. ხოლო ამავე პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით კასატორის წარმომადგენლის ნ. დ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების ვადა 5 (ხუთი) დღით.

საპროცესო ვადის გაგრძელბის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ ნ.დ-ეს (იხ.რწმუნებულება ს.ფ.73) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2017 წლის 18 ივლისს ჩაბარდა პირადად (იხ.ხელწერილი).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2017 წლის 19 ივლისს და ამოიწურა 2017 წლის 23 ივლისს მაგრამ ვინაიდან 23 ივლისი დაემთხვა დასვენების დრეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2017 წლის 24 ივლისს.

2017 წლის 31 ივლისს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი და იშუამდგომლა დარჩენილი 250 ლარის გადახდის გადავადების თაობაზე. განცხადებაზე დართული კონვერტით დასტურდება, რომ მხარემ განცხადება საფოსტო განყოფილებას ჩააბარა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით - 2017 წლის 27 ივლისს. ამასთან, წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარიც 2017 წლის 27 ივლისითაა დათარიღებული, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას. აღნიშნული კი მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

განსახილველ შემთხვევაში, ლ. ა-ს უნდა დაუბრუნდეს 2017 წლის 27 ივლისის #0 საგადახდო დავალებით ნ. დ-ის მიერ გადახდილი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 374-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ ლ. ა-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ. დ-ის მიერ 2017 წლის 27 ივლისის #0 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე