№ ას-514-491-2016 7 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ი-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ. ი-მა (შემდგომში “მოსარჩელე“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა და პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთის შემცირება.
2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 15 მაისს მასსა და მოპასუხეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხისაგან ისესხა 10 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 4% სარგებლის დარიცხვის პირობით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,3%-ის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
3. მოსარჩელის მითითებით, 2014 წლის 22 სექტემბერს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 10 000 აშშ დოლარით და პირგასამტეხლოთი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით 2013 წლის 15 ნოემბრიდან აღსრულებამდე. ხელშეკრულების ვადა მხარეებს შორის არ გაგრძელებულა.
4. მოსარჩელის განმარტებით, მას მოპასუხისთვის გადახდილი აქვს სამი თვის საპროცენტო სარგებელი - 1200 აშშ დოლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების სამთვიანი ვადის გასვლის შემდგომ, ვინაიდან ვერ იქნა გადახდილი სესხის ძირითადი თანხა, მოპასუხისთვის ეტაპობრივად გადახდილი აქვს 2012 წლის 15 ნოემბერს - 1200 აშშ დოლარი, 2012 წლის 31 დეკემბერს - 1200 აშშ დოლარი, 2013 წლის 23 აპრილს - 1500 აშშ დოლარი, ხოლო 2013 წლის აპრილის შემდგომ 2013 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით ეტაპობრივად უხდიდა ყოველთვიურად ხან 500 აშშ დოლარს, ხან - 300 აშშ დოლარს, ჯამში მოპასუხეს მიღებული აქვს 5 900 აშშ დოლარი. თუმცა, მოპასუხემ ნოტარიუსი არ ჩააყენა საქმის კურსში ზემოაღნიშნული გადახდების შესახებ და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარით, მოსარჩელის მიერ ეტაპობრივად გადახდილი თანხის - 5900 აშშ დოლარის გათვალისწინების გარეშე.
5. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან მხარეებს შორის არ გაფორმებულა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ ახალი ხელშეკრულება, მოპასუხეს არასწორად აქვს ჩათვლილი მიღებული თანხები საპროცენტო სარგებელში.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 22 სექტემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა იმდაგვარად, რომ სესხის ძირითადი თანხა - 10000 აშშ დოლარი შემცირდეს 5900 აშშ დოლარით და განისაზღვროს 4100 აშშ დოლარით; ასევე, 2013 წლის 15 ნოემბრიდან აღსრულებამდე პერიოდზე დაკისრებული პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთის 0,1%-ის შემცირება 0,05%-მდე.
7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო პირგასამტეხლოს 0,01%-მდე შემცირებისა და ძირითადი თანხის - 1200 აშშ დოლარით შემცირების ნაწილში, თუმცა, შემდეგ, მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა შესაგებელი და სარჩელი ცნო პირგასამტეხლოს 0,05%-მდე შემცირების ნაწილში, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე - ძირითადი თანხის მხოლოდ 700 აშშ დოლარით შემცირების ნაწილში.
8. მოპასუხის განმარტებით, მან სამი თვის პროცენტი - 1200 აშშ დოლარი მიიღო მოსარჩელისგან, ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ 2014 წლის 22 სექტემბერს გაცემული #141034202 სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტში შევიდა ცვლილება იმგვარად, რომ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხა -10000 აშშ დოლარი შემცირდა 1200 აშშ დოლარით და განისაზღვრა 8800 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო განისაზღვრა ძირითადი ვალის 0,05%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 15 ნოემბრიდან აღსრულებამდე; დანარჩენ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელი; მოსარჩელეს უარი ეთქვა სესხის ძირითადი თანხის დამატებით 4700 აშშ დოლარით შემცირების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 15 მაისს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, აპელანტმა მოპასუხისგან ისესხა 10 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 4% სარგებლის დარიცხვის პირობით. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,3%-ის ოდენობით. მოთხოვნის უზრუნველყოფა განხორციელდა უძრავ ქონებაზე იპოთეკის გამოყენებით. ხელშეკრულების ვადა მხარეებს შორის არ გაგრძელებულა.
13. 2014 წლის 22 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით 10 000 აშშ დოლარით და 2013 წლის 15 ნოემბრიდან აღსრულებამდე პირგასამტეხლოთი 0,1 %-ის ოდენობით.
14. 2012 წლის 15 მაისის ხელშეკრულებით მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გადაცემული სესხიდან ამ უკანასკნელმა დააბრუნა სულ 1 200 აშშ დოლარი. აღნიშნული ფაქტი სასამართლომ მხარეთა განმარტებების შესაბამისად უდავოდ დადგენილ გარემოებად მიიჩნია.
15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ 1200 აშშ დოლარის გარდა, დამატებით 4 700 აშშ დოლარის - სულ 5 900 აშშ დოლარის მოპასუხისთვის გადახდის ფაქტი, რის გამოც აღნიშნულზე მისი პრეტენზია არ გაიზიარა.
16. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ამდენად, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება.
17. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან აპელანტის მოთხოვნაზე სესხის თანხის გადახდილად მიჩნევასთან დაკავშირებით მისი პრეტენზია ეფუძნებოდა ვალდებულების 5900 აშშ დოლარის ოდენობით შესრულების ფაქტს, დასახელებული გარემოების დადასტურება სწორედ აპელანტს ეკისრებოდა. მისი მტკიცება კი შემოიფარგლა 1200 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი ხელწერილის დედნის, 31 დეკემბრის თარიღით 700 აშშ დოლარის და 500 აშშ დოლარის გასწვრივ შოთა სარალიძის ხელმოწერის ასლის და ხელნაწერის ასლის, სადაც შოთა სარალიძე უთითებდა 1500 აშშ დოლარის მიღებას, წარდგენით.
18. ზემოაღნიშნული დოკუმენტიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოვალის მიერ გადახდილი იყო 1 200 აშშ დოლარი.
19. რაც შეეხება ხელნაწერის ასლებს, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული დოკუმენტებით არ ირკვევა მოვალის მიერ კრედიტორის სასარგებლოდ 4700 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. ხელნაწერი სალარიძის ხელმოწერით საქმის მასალებში წარმოდგენილია ასლის სახით და სხვადასხვა ფორმით. იგი ზოგიერთ შემთხვევაში წამოდგენილია მხოლოდ ერთ ჩანაწერთან ერთად (ტ. 1, ს.ფ. 19), სხვა შემთხვევაში კი ორ ჩანაწერთან ერთად (ტ. 1, ს.ფ.113). აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ ვერ გააკეთა მსგავსი მოქმედებების არგუმენტირებული დასაბუთება, რაც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გამორიცხავდა მითითებული მტკიცებულებების გაზიარების შესაძლებლობას.
20. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზირა მოსარჩელის პოზიცია, რომ სასამართლომ არასწორად იმსჯელა თანხების გადახდილად მიჩნევაზე, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს არ უარყვია თანხების მიღება. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოება - მოპასუხის მიერ მოსარჩელისგან 4 700 აშშ დოლარის მიღების ფაქტი.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მან კრედიტორის სასარგებლოდ 2012 წლის 15 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება 5 900 აშშ დოლარის გადახდით ნაწილობრივ შეასრულა.
22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
23. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მიერ საქმეზე წარდგენილ იქნა გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, როგორც დედნის, ასევე ქსეროასლების სახით, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ დედნის სახით წარდგენილი მტკიცებულება 1200 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში. დანარჩენი მტკიცებულებები არ გაიზიარა, რადგან ქსეროასლების სახით იყო წარდგენილი. კასატორის მტკიცებით, აღნიშნული ასლები გადაღებულია დედნიდან.
24. სასამართლოებმა ყურადღება არ მიაქციეს იმ ფაქტს, რომ მოპასუხის მიერ სადავო სააღსრულებო ფურცლის მე-7 მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს მოთხოვნა განხორციელებული აქვს 2013 წლის 15 ნოემბრიდან, რითაც უტყუარად დასტურდება ამ პერიოდამდე გადახდების არსებობა. კერძოდ, მოპასუხეს ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ 2013 წლის 15 ნოემბრამდე მიღებული აქვს 3600 აშშ დოლარი, რომელსაც გაურკვეველი მიზეზით მოპასუხე ითვლიდა საპროცენტო სარგებელში.
25. კასატორის განმარტებით, მან დედნის სახით ვერ წარადგინა ზოგიერთი მტკიცებულება, ვინაიდან მათი მოძიება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ კასატორის საცხოვრებელ სახლს სრულად დაეუფლა მისი ძმისშვილი და შესაბამისად, კასატორის კუთვნილი ნივთები საბუთებთან ერთად იმყოფებოდა მასთან, ხოლო კასატორს მათზე წვდომა არ ჰქონდა. აღნიშნულს ადასტურებს მხარეებს შორის არსებული დავა, რომელიც მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
26. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, დღეის მდგომარეობით მოხერხდა ნაწილი დოკუმენტაციის მიღება, რომელშიც აღმოჩნდა ხელწერილების დედანი, რითაც უტყუარად დასტურდება თანხების გადახდისა და მიღების ფაქტი.
27. კასატორის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც მხარე არ უარყოფს თანხების მიღებას, გაურკვეველია, რა მიზეზით არ მიიჩნია სასამართლომ მხარის აღიარება გადახდის დამადასტურებელ გარემოებად.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის განჩინებით გ. ი-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
29. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
32. საკასაციო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ არ მიიჩნიეს მტკიცებულებებად მის მიერ წარდგენილი მოპასუხის მიმართ შესრულებული ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
33. სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ზოგიერთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი მოცემულია მატერიალური სამართლის ნორმებში. ეს ის ნორმებია, რომლებიც შინაარსობრივად მხარეთა შორის მტკიცების ტვირთს ანაწილებენ. ვალდებულებითი სამართალი მტკიცების ტვირთს ანაწილებს ისე, რომ მოვალეს ეკისრება მხოლოდ ვალდებულების შესრულების ფაქტის ან იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება, რომელიც გამორიცხავს შესრულებას; ხოლო გამსესხებელს ეკისრება სესხის ხელშეკრულების დადებისა და შესაბამისი თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.
34. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით სადავო 4700 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაბრუნების (ვალდებულების შესრულების)მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს.
35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, მათი შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. სსსკ–ის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 134–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.
36. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების შეფასებებს და თვლის, რომ კასატორის (მოსარჩელის) მითითება საქმეში არსებული ხელწერილების ასლებზე, რომელთა მიხედვით, მისი აზრით, დასტურდება კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულების ფაქტი, დასაბუთებულ შედავებად (პრეტენზიად) ვერ იქნება განხილული. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მითითებული დოკუმენტებით არ შეიძლება არგუმენტირებულად ჩაითვალოს კასატორის (მოსარჩელის) ზემოაღნიშნული მტკიცება, რადგან მათში ასახული ჩანაწერებით ნათლად არ ირკვევა მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის თანხის გადახდის ფაქტი ან გადახდის შემთხვევაში გადახდილი თანხის ოდენობა, რაც მითითებული მტკიცებულებების სასამართლოს მიერ გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს.
37. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლზე, რომელიც ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომრეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.
38. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში.
39. გამომდინარე იქიდან, რომ სესხად გაცემული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მსესხებელს, შესაბამისი მტკიცებულება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო სამართალში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, ასევე სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი (ვალდებულების შესრულების მიღება). გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-570-541-2015, 11 ნოემბერი, 2015 წელი; №ას-441-420-2015 29 იანვარი, 2016 წელი). შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
41. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ი-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 522.64 ლარის 70% – 365.848 ლარი. რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები (2012 წლის 7 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დედანი), მთლიანობაში „06“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 89-94).ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. ი-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს გ. ი-ს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 23 ივნისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 522.64 ლარის 70% – 365.848 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. კასატორ გ. ი-ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (2012 წლის 7 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დედანი), მთლიანობაში „06“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 89-94);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე