Facebook Twitter

№ ას-412-395-2016 13 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – დ. ზ-ი (მოსარჩელე, მოპასუხე ვ. კ-ის სარჩელზე), მ. კ-ი, ლ. ს-ი (მოპასუხეები ვ. კ-ის სარჩელზე)

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ტ-ო“ (მოპასუხე დ. ზ-ის სარჩელზე), ვ. კ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დ. ზ-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პარტნიორთა კრების ოქმების ბათილად ცნობა, პარტნიორთა კრების ოქმის შედეგების აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. დ. ზ-მა (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“, „მეორე სარჩელით მოპასუხე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ტ-ოს’’ („მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) მიმართ და მოითხოვა პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

2. პირველი მოსარჩელე წარმოადგენს მოპასუხე კომპანიის 22%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს. 2013 წლის 17 ოქტომბერს პირველმა მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიის დირექტორისაგან მიიღო წერილი 2013 წლის 25 ოქტომბერს პარტნიორთა კრებაზე მიწვევის შესახებ. დღის წესრიგით განსახილველ საკითხს წარმოადგენდა მოპასუხე კომპანიის საწესდებო კაპიტალის გაზრდა. წერილის ჩაბარებისთანავე პირველმა მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და განუმარტა, რომ არ ეთანხმებოდა კაპიტალის გაზრდას. ამასთან, მისი, როგორც 22%-იანი წილის მფლობელის თანხმობის გარეშე, პარტნიორებს არ ჰქონდათ მითითებული ქმედების განხორციელების უფლება.

3. 2013 წლის 25 ოქტომბერს გამართულ მოპასუხე კომპანიის პარტნიორთა რიგგარეშე კრებაზე, რომელსაც ესწრებოდა მხოლოდ 65% წილის მფლობელი ვ. კ-ე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის გაზრდის შესახებ და პირველ მოსარჩელეს დაეკისრა 480 386,43 ლარის შეტანა მოპასუხე კომპანიის საწესდებო კაპიტალში.

4. პირველი მოსარჩელის განცხადებით, საწესდებო კაპიტალის გაზრდა და მისთვის შენატანის დაკისრება პირდაპირ ახდენს გავლენას რეგისტრირებულ უფლებაზე, შესაბამისად, ამგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლება კრებას არ ჰქონდა მისი თანხმობის გარეშე.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2013 წლის 25 ოქტომბრის საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არ დარღვეულა პარტნიორთა უფლებები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საწესდებო კაპიტალში შენატანის განხორციელება საზოგადოების პარტნიორის ვალდებულებაა, ამასთან პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობის ხელუხლებლად დატოვების შემთხვევაში, ამ შენატანის პროპორციული დარჩება პარტნიორის უფლებაც, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება იცვლებოდეს საერთო კაპიტალის მოცულობასთან ერთად, ხოლო ის ფაქტი, რომ პარტნიორის შენატანის ოდენობა ხან იზრდება და ხან მცირდება, არ ასოცირდება დარღვევასთან.

6. 2013 წლის 18 დეკემბერს ვ. კ-ემ (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) სარჩელით მიმართა სასამართლოს პირველი მოსარჩელის, მ. კ-ისა და ლ. ს-ის მიმართ (შემდგომში - „მეორე სარჩელით მოპასუხეები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) და მოითხოვა მოპასუხე კომპანიის 2013 წლის 2 დეკემბრის პარტნიორთა საერთო კრების ოქმის შედეგების აღიარება შემდეგი დასაბუთებით:

7. მეორე მოსარჩელე წარმოადგენს მოპასუხე კომპანიის პარტნიორს და სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისათვის ფლობს საწესდებო კაპიტალში 65%-იან წილს. რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, საწარმოს ჰყავს ოთხი პარტნიორი: მეორე მოსარჩელე - 65%-იანი წილის მფლობელი, პირველი მოსარჩელე - 22%-იანი წილის მფლობელი, მეორე სარჩელით მოპასუხე მ. კ-ი - 10%-იანი წილის მფლობელი და მეორე სარჩელით მოპასუხე ლ. ს-ი - 3%-იანი წილის მფლობელი.

8. 2013 წლის 25 ოქტომბერს პარტნიორთა საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდის თაობაზე. ამასთან, პარტნიორთა კრებამ განსაზღვრა, თუ რა მოცულობის დამატებითი შენატანები უნდა განეხორციელებინათ საზოგადოების პარტნიორებს საწესდებო კაპიტალში. ვინაიდან კრების მიერ განსაზღვრულ ვადაში საზოგადოების პარტნიორებმა - მეორე სარჩელით მოპასუხეებმა არ განახორციელეს დამატებითი შენატანები, 2013 წლის 2 დეკემბრის პარტნიორთა რიგგარეშე საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც პარტნიორების მიერ ფაქტობრივად განხორციელებული შენატანების მოცულობის პროპორციულად განისაზღვრა მათი წილის პროცენტული მაჩვენებელი საწარმოს საწესდებო კაპიტალში. კერძოდ, მეორე მოსარჩელის წილი განისაზღვრა - 97,3%-ით - 1 495 276,00 ლარი; პირველი მოსარჩელის (მეორე სარჩელით მოპასუხის) - 1.7%-ით - 25 707.00 ლარი; მეორე სარჩელით მოპასუხე მ. კ-ის - 0.8%-ით - 11 685.00 ლარი; მეორე სარჩელით მოპასუხე ლ. ს-ის - 0.2%-ით - 3 506.00 ლარი. მეორე მოსარჩელემ მოითხოვა მოცემული შედეგების აღიარება, ვინაიდან, მისი განცხადებით, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია „მეწარმეთა შესახებ“ კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

9. მეორე სარჩელით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ 2013 წლის 25 ოქტომბრისა და 2013 წლის 2 დეკემბრის პარტნიორთა კრებები ჩატარდა კანონდარღვევით, მასზე არ უმსჯელიათ, თუ რამ გამოიწვია საწესდებო კაპიტალის გაზრდის აუცილებლობა. პირველმა მოსარჩელემ/მეორე სარჩელით მოპასუხემ რამდენჯერმე, წერილობით მოითხოვა ახსნა-განმარტება, თუმცა პასუხი არ მიუღია. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ცალსახად არის განსაზღვრული, რომ გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს რეგისტრირებულ უფლებაზე, დაუშვებელია მიღებულ იქნას პარტნიორთა თანხმობის გარეშე.

10. 2013 წლის 12 დეკემბერს პირველმა მოსარჩელემ კვლავ მიმართა სარჩელით სასამართლოს და მოითხოვა 2013 წლის 2 დეკემბრის პარტნიორთა რიგგარეშე საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ პარტნიორთა წილების ცვლილება მოხდა მისი ნების საწინააღმდეგოდ, მიუხედავად იმისა, რომ სამეწარმეო კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად სავალდებულოა ყველა პარტნიორის თანხმობა.

11. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პირველი მოსარჩელის პოზიციის გაზიარება არ იყო კრებისთვის სავალდებულო. ამასთან, პირველ მოსარჩელეს არ შეზღუდვია უფლება, გამოეხატა საკუთარი პოზიცია, ვინაიდან კრებას ესწრებოდა მისი წარმომადგენელი.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 იანვრისა და ამავე სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის განჩინებებით სამოქალაქო საქმეები №… (პირველი მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე), №… (პირველი მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე), №… (მეორე მოსარჩელის სარჩელი მეორე სარჩელით მოპასუხეების მიმართ კრების ოქმის შედეგების აღიარებისა და საწარმოში პარტნიორთა წილების პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის თაობაზე) გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა ერთი სარეგისტრაციო ნომერი - №…..

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით პირველი მოსარჩელის სარჩელი მოპასუხე კომპანიის კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 25 ოქტომბრის მოპასუხე კომპანიის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმი, საწესდებო კაპიტალის 2 300 424.69 ლარით გაზრდისა და 22%-იანი წილის მფლობელი პარტნიორისათვის - პირველი მოსარჩელისათვის შენატანის, 480 386,43 ლარის დაკისრების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე კომპანიის 2013 წლის 2 დეკემბრის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმი და მასზე მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოების წესდების გაუქმების, ახალი წესდების დამტკიცების, საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 1 536 174 ლარის ოდენობით გაზრდისა და პარტნიორთა წილების განსაზღვრის თაობაზე; მეორე მოსარჩელის სარჩელი მეორე სარჩელით მოპასუხეების მიმართ მოპასუხე კომპანიის 2013 წლის 2 დეკემბრის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმის შედეგების იმგვარად აღიარების შესახებ, რომ მეორე მოსარჩელის წილი საწესდებო კაპიტალში განისაზღვროს 97,3%-ით, პირველი მოსარჩელის/მეორე სარჩელით მოპასუხის 1.7%-ით, მეორე სარჩელით მოპასუხის მ. კ-ის 0,8%-ით, ხოლო მეორე სარჩელით მოპასუხის ლ. ს-ის 0,2%-ით - არ დაკმაყოფილდა.

14. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხემ და მეორე მოსარჩელემ.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით მოპასუხისა და მეორე მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; პირველი მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე კომპანიის 2013 წლის 25 ოქტომბრის რიგგარეშე კრების ოქმის ბათილობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; პირველი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე კომპანიის 2013 წლის 2 დეკემბრის პარტნიორთა რიგგარეშე კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების (კრების ოქმის ბათილობა) ბათილობის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი ახალი წესდების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება პარტნიორის გარიცხვის წესის დადგენის ნაწილში (წესდების მე–7 მუხლი); დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მეორე მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიარებული იქნა მოპასუხე კომპანიის 2013 წლის 2 დეკემბრის პარტნიორთა რიგგარეშე საერთო კრების ოქმის შედეგები და პარტნიორთა კუთვნილი წილების პროცენტული მაჩვენებელი საზოგადოების საწესდებო კაპიტალში განისაზღვრა შემდეგნაირად: მეორე მოსარჩელე – 97.3%, პირველი მოსარჩელე/მეორე სარჩელით მოპასუხე – 1.7%, მეორე სარჩელით მოპასუხე მ. კ-ი – 0.8%, მეორე სარჩელით მოპასუხე ლ. ს-ი – 0.2%.

16. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

17. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, მოპასუხე კომპანია 1997 წლის 18 აგვისტოდან რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში. საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები არიან: პირველი მოსარჩელე - 22%, მეორე სარჩელით მოპასუხე მ. კ-ი - 10%, მეორე სარჩელით მოპასუხე ლ. ს-ი - 3 % და მეორე მოსარჩელე - 65%.

18. 2013 წლის 25 ოქტომბერს პარტნიორთა კრებამ, რომელსაც ესწრებოდა 65% წილის მფლობელი - მეორე მოსარჩელის წარმომადგენელი, ხმების უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხე კომპანიის საწესდებო კაპიტალის 2 183 574.69 ლარის ოდენობით გაზრდისა და საბოლოოდ 2 300 424.69 ლარით განსაზღვრის თაობაზე. პარტნიორებს დაევალათ 2013 წლის 25 ნოემბრამდე თავიანთი წილის პროპორციულად შენატანების განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი წილი განისაზღვრებოდა შენატანის შესაბამისად. მეორე მოსარჩელის შენატანი განისაზღვრა 65%-ით - 1419 323.55 ლარით, პირველი მოსარჩელის 22%-ით - 480 386.43 ლარით, მეორე სარჩელით მოპასუხე მ. კ-ის 10%-ით - 218 357.47 ლარით და მეორე სარჩელით მოპასუხე ლ. ს-ის 3%-ით - 65 507.24 ლარით.

19. 2013 წლის 25 ოქტომბერს ჩატარებული პარტნიორთა კრების დღის წესრიგში მიეთითა, რომ საწესდებო კაპიტალის გაზრდა გამოწვეულია კომპანიის შეუფერხებელი საქმიანობისათვის აუცილებელი საფინანსო სახსრების მოზიდვის მიზნით, როგორიც არის კრედიტორთა წინაშე არსებული დავალიანების ზრდის შეჩერება, გადასახადების, მოსაკრებლის დაფარვა და მათი კაპიტალიზაცია. პირველი მოსარჩელის 2013 წლის 17 ოქტომბრის განცხადებით დადასტურდა, რომ იგი საწესდებო კაპიტალის გაზრდის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და წერილობით ითხოვდა მტკიცებულებებს დავალიანების თაობაზე.

20. მოპასუხე კომპანიის პარტნიორთა 2013 წლის 2 დეკემბრის კრებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მეორე მოსარჩელისა და პირველი მოსარჩელის წარმომადგენლები, ხმათა უმრავლესობით მიღებული იქნა გადაწყვეტილება საზოგადოების წესდების გაუქმების, ახალი წესდების დამტკიცების, საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 1536 174 ლარის ოდენობით გაზრდისა და პარტნიორთა წილების განსაზღვრის თაობაზე. კერძოდ, მეორე მოსარჩელის წილი განისაზღვრა 97.3%-ით, პირველი მოსარჩელის 1.7%-ით, მეორე სარჩელით მოპასუხე მ. კ-ის 0.8%-ით და მეორე სარჩელით მოპასუხე ლ. ს-ის 0.2%-ით.

21. კრების ოქმის თანახმად, მეორე მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე კომპანიის მიმართ დათმობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შეადგენდა 1 419 324 ლარს და, ვინაიდან მან უარი განაცხადა კომპანიის მიმართ მოთხოვნაზე, დავალიანების თანხების ასახვა ხმათა უმრავლესობით ჩაითვალა მის მიერ განხორცილებულ შენატანად.

22. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №… გადაწყვეტილებით მოპასუხეს უარი ეთქვა 2013 წლის 2 დეკემბრის პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაციის თაობაზე იმ მოტივით, რომ განცხადებას არ ახლდა პარტნიორების მიერ სათანადო წესით დამოწმებული გადაწყვეტილება წილების ხელახალი განაწილებისა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელების თაობაზე.

23. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავის სწორად გადაწყვეტისათვის საკვანძო საკითხს წარმოადგენდა იმის შეფასება, პარტნიორთა კრებებზე მიღებული სადავო გადაწყვეტილებების ნამდვილობისათვის აუცილებელი იყო თუ არა ამ გადაწყვეტილებების მიღება საზოგადოების ყველა პარტნიორის თანხმობით. მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც პირველი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა კრების ოქმების ბათილობის შესახებ სწორედ ამ საფუძველს ემყარებოდა.

24. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შპს–ს პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს მრავალმხრივი გარიგების ნაირსახეობას, რომლის თავისებურებასაც განაპირობებს (როგორც წესი) ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილებათა მიღების წესი. პარტნიორთა კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების თავისებურება მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ უმრავლესი ხმების მქონე პარტნიორი ან/და პარტნიორთა ჯგუფი უფლებამოსილია, მიუხედავად უმცირესი ხმების მქონე პარტნიორების წინააღმდეგობისა, მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე. ხმათა უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილების მიღების ამ ზოგადი წესიდან კანონი „მეწარმეთა შესახებ“ უმცირესობაში მყოფი პატნიორების კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის 51 და 52 პუნქტების, ასევე 91 მუხლის მე–9 პუნქტი), რომლის დროსაც გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ერთხმად, ესე იგი ყველა პარტნიორის სრული კონსენსუსით.

25. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში 2013 წლის 2 დეკემბრის პარტნიორთა კრებაზე მიღებული სადავო გადაწყვეტილებები (ძველი წესდების გაუქმება, ახალი წესდების მიღება, საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდილი ოდენობით დაფიქსირება და გაზრდილ საწესდებო კაპიტალში პარტნიორთა წილების პროცენტულობის განსაზღვრა განხორციელებული შენატანების კვალობაზე) მეტწილად წარმოადგენდა 2013 წლის 25 ოქტომბრის პარტნიორთა კრებაზე საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თანმდევ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, 2013 წლის 2 დეკემბრის პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხი ძირითადად დამოკიდებული იყო სწორედ საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

26. სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 51 და 52 პუნქტებზე და მე-91 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტსა და მე-9 პუნქტზე და განმარტა, რომ დამატებითი შენატანების გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდის შესახებ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება, თუმცა კანონის შესაბამისი ნორმები არ ადგენენ კონკრეტულად საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შესახებ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების რაიმე სავალდებულო წესს (ხმათა ოდენობას). შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში კაპიტალის გაზრდის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ხმათა ოდენობის განსაზღვრა კანონმა მიანდო თავად საზოგადოების პარტნიორებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან დაფუძნების მომენტშივე დაადგინონ, თუ რომელი გადაწყვეტილების მიღება რა ოდენობის ხმებით უნდა იქნას განხორციელებული.

27. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე კომპანიის წესდებიდან არ გამომდინარეობდა საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შესახებ საკითხის პარტნიორთა მიერ ერთხმად გადაწყვეტის სავალდებულო წესი. უფრო მეტიც, ვინაიდან პარტნიორები დაფუძნების მომენტიდანვე შეთანხმდნენ, რომ წესდების შეცვლის შესახებ საკითხზე, ასევე იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, რომელთა მნიშვნელობაც სცილდებოდა საზოგადოების სამეწარმეო (ჩვეულებრივ) საქმიანობას, საჭიროებდა მხოლოდ კრებაში მონაწილე პარტნიორთა უბრალო უმრავლესობის ხმების მხარდაჭერას, აქედან გამომდინარეობდა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველი, რომ თავად საზოგადოების წესდებით დადგენილი წესი ხმათა ოდენობასთან დაკავშირებით 2013 წლის 25 ოქტომბრის კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, არ იყო დარღვეული. თუმცა პირველი მოსარჩელის სარჩელისა და მეორე მოსარჩელის სარჩელზე მეორე სარჩელით მოპასუხეების მიერ წარდგენილი შესაგებლების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხევაში 2013 წლის 25 ოქტომბრის პარტნიორთა კრების სადავო გადაწყვეტილების კანონიერების გამორკვევისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ საკითხის გამოკვლევა, მოხდა თუ არა უმრავლესი ხმების მქონე პარტნიორის (მეორე მოსარჩელე 65% კაპიტალის მფლობელის) მიერ დამატებითი შენატანების გზით საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით, მეორე სარჩელით მოპასუხეების, როგორც უმცირესობაში მყოფი პარტნიორების, ინტერესების არსებითი შელახვა.

28. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ 2013 წლის 25 ოქტომბრის პარტნიორთა კრების სადავო გადაწყვეტილებით დამატებითი შენატანის განხორციელების თანაბარი შესაძლებლობა მიეცა (მათი წილების კვალობაზე) ყველა პარტნიორს, ამასთან, მნიშვნელოვანი იყო, რომ დამატებითი შენატანის განუხორციელებლობა მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, არ წარმოშობდა პარტნიორის რეგისტრირებული უფლების გაუქმებას (მაგ: საზოგადოებაში წილის დაკარგვა, პარტნიორობიდან უპირობოდ გარიცხვა და სხვა).

29. სააპელაციო სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებამდე და უკვე გაზრდილ საწესდებო კაპიტალში განხორციელებული შენატანების კვალობაზე, პარტნიორთა წილების პროცენტულობის განსაზღვრამდეც, მეორე სარჩელით მოპასუხეები წამოადგენდნენ უმცირესობაში მყოფ პარტნიორებს, რომლებსაც არც ცალ–ცალკე და არც ერთობლიობაში, ხმების გაერთიანების შემთხვევაში (პირველი მოსარჩელე – 22% + მეორე სარჩელით მოპასუხე მ. კ-ი – 10% + მეორე სარჩელით მოპასუხე ლ. ს-ი – 3% = 35%, გადაწყვეტილებების მიღებისთვის კი საზოგადოების წესდების 6.7. მუხლის თანხმად, საკმარისია ხმების უბრალო უმრავლესობა) არ გააჩნდათ უმრავლესი ხმების მქონე პარტნიორის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. ამდენად, საზოგადოების კაპიტალის გაზრდასა და ამ პარტნიორთა წილობრივი პროცენტული მაჩვენებლების შეცვლას (შემცირებას) არ მოჰყოლია გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით უმცირესობაში მყოფი პარტნიორების მდგომარეობის შეცვლა.

30. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ 2013 წლის 25 ოქტომბრისა და 2013 წლის 2 დეკემბრის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებები (გაზრდილ კაპიტალში პარტნიორთა წილების პროცენტულობის განსაზღვრის შესახებ) უშუალოდ არ შეხებია უმცირესობაში მყოფი პარტნიორების მიერ განხორციელებულ თავდაპირველ შენატანებს. ამ გადაწყვეტილებებით არ მომხდარა მანამდე განხორციელებული შენატანების შემცირება. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის ის არგუმენტი, რომ საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შესახებ სადავო გადაწყვეტილებით მოხდა მათი ხმის უფლების შემცირება (რაც უკვე გაფორმდა 2013 წლის 2 დეკემბრის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით) პალატამ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ წილის პროცენტულობის შეცვლა (ამ შემთხვევაში შემცირება) არ წარმოადენს სადავო (საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შესახებ) გადაწყვეტილების უშუალო, პირდაპირ და გარდაუვალ შედეგს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უმცირესობაში მყოფი პარტნიორების მიერ, მათი წილის კვალობაზე გაზრდილ კაპიტალში შესაბამისი შენატანების განხორციელების შემთხვევაში, მათი წილის პროცენტულობა არ შემცირდებოდა და დარჩებოდა იგივე. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემდგომ პირველი მოსარჩელის წილი განისაზღვრა მისი შენატანის კვალობაზე და მისი ხმების მოცულობაც მისი შენატანის შესატყვისია.

31. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2013 წლის 25 ოქტომბრის სადავო გადაწყვეტილება შენატანების გზით საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შესახებ არ იყო მიღებული იმ შინაარსით, რაც გამოიწვევდა უმცირესობაში მყოფი პარტნიორების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას, მათი რეგისტრირებული უფლების გაუქმებას ან/და მათი არსებითი ინტერესების დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

32. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებას უმრავლესი ხმების მქონე პარტნიორის, მეორე მოსარჩელის მიერ დამატებითი შენატანის განხორციელების შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შენატანის განხორციელების გარემოება მეორე მოსარჩელემ დაადასტურა მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებებითა და აღნიშნულით მოპასუხე კომპანიის მიმართ შეძენილ მოთხოვნაზე უარის თქმით (ვალის პატიებით). ფაქტობრივად, კრედიტორთა მოთხოვნების შეძენის და მასზე უარის თქმით პარტნიორმა მოახდინა საზოგადოების გათავისუფლება მნიშვნელოვანი დავალიანებისაგან, რაც კაპიტალში შენატანის სახით აისახა 2013 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეორე სარჩელით მოპასუხეებს შესაგებლით სადავოდ არ გაუხდიათ მითითებული მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებების ნამდვილობა. მათი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული თანხა ჯამურად შეადგენდა ზუსტად იმ თანხას თეთრების სიზუსტით, რომელიც 2013 წლის 25 ოქტომბრის კრების ოქმის მიხედვით დაეკისრა პარტნიორს - მეორე მოსარჩელეს დამატებითი შენატანის სახით. აღნიშნული პოზიცია კი სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ არის საკმარისი მეორე მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცების გასაბათილებლად. სააპელაციო სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ მითითებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებების გარდა, მხარეს სადავოდ არ გაუხდია ასევე იმ ხელშეკრულებათა ნამდვილობა, რომლებზე დაყრდნობითაც მეორე მოსარჩელე ადასტურებდა საზოგადოების დავალიანების და მისი ზრდის შეჩერების აუცილებლობიდან გამომდინარე საზოგადოების კაპიტალის გაზრდის მიზანშეწონილობას.

33. ამდენად, საააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მეორე მოსარჩელის მიერ 2013 წლის 25 ოქტომბრის პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში საზოგადოების კაპიტალში დამატებითი შენატანის განხორციელებისა და საზოგადოების კაპიტალის 1 419 324 ლარის ღირებულებით გაზრდის შესახებ.

34. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, 2013 წლის 2 დეკემბრის პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები (ძველი წესდების გაუქმება, ახალი წესდების მიღება, საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდილი ოდენობით დაფიქსირება და გაზრდილ საწესდებო კაპიტალში პარტნიორთა წილების პროცენტულობის განსაზღვრა განხორციელებული შენატანების კვალობაზე), უმეტესად, წარმოადგენდა საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შესახებ 2013 წლის 25 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების თანმდევ შედეგს. ამიტომ, ვინაიდან 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება წარმოადგენდა კანონიერ გადაწყვეტილებას, ამავე წლის 2 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებებიც წარმოადგენდნენ კანონიერ გადაწყვეტილებებს, გარდა ახალი წესდების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებისა, რომელიც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ნაწილობრივ, კერძოდ, პარტნიორის გარიცხვის წესის დადგენის ნაწილში, ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას.

35. სააპელაციო სასამართლომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-52 მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ ვინაიდან პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვა წარმოადგენს იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც იწვევს პარტნიორის რეგისტრირებული უფლების გაუქმებას, პარტნიორის გარიცხვის საფუძვლების და გარიცხვის წესის დადგენის შესახებ საზოგადოების წესდებაში ცვლილების განხორციელებისათვის საჭიროა ერთხმად გადაწყვეტილების მიღება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, არსებობდა საზოგადოების ახალი წესდების დამტკიცების ნაწილში პირველი მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

36. სააპელაციო პალატამ აქვე აღნიშნა, რომ პარტნიორთა 2013 წლის 2 დეკემბრის კრებასთან დაკავშირებით პირველი მოსარჩელის პრეტენზია, რომ კრების ოქმის გაფორმება ნოტარიუსთან მოხდა მისი წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე, არ დადასტურებულა შესაბამისი მტკიცებულებებით. ამასთან, თავად 2013 წლის 2 დეკემბრის კრების ოქმი სრულად შეიცავს მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას კრების მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, რაც აზრს უკარგავს პროცედურული დარღვევის (მისი გაზიარების შემთხვევაშიც კი) შესახებ პრეტენზიას.

37. რაც შეეხება პარტნიორთა კრების ოქმების შედეგების აღიარების შესახებ მეორე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი მოსარჩელის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება არ გამორიცხავდა მეორე მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას. ამასთან, მეორე მოსარჩელეს მოცემული სარჩელის დაკმაყოფილებისადმი გააჩნდა ნამდვილი იურიდიული ინტერესი, ვინაიდან, როგორც დადგინდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე კომპანიას უარი ეთქვა 2013 წლის 2 დეკემბრის პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაციის თაობაზე.

38. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მეორე სარჩელით მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

39. კასატორების მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ 2013 წლის 2 დეკემბრის პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი ძირითადად დამოკიდებულია 2013 წლის 25 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ოქმით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ოქმები ერთმანეთთან კავშირშია, თითოეულის კანონიერება უნდა შეფასდეს დამოუკიდებლად.

40. საკასაციო საჩივრის ავტორების აზრით, არასამართლიანია ასევე სასამართლოს მსჯელობა, თითქოს არ არსებობდა 2013 წლის 25 ოქტომბრის კრებაზე გადაწყვეტილებების ერთხმად მიღების წინაპირობა. სინამდვილეში კი აღნიშნული გადაწყვეტილებები პირდაპირ ასახავს იმ ცვლილებებს, რომელთა მიღება, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაუშვებელია ყველა პარტნიორის თანხმობის გარეშე.

41. კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ დამატებითი შენატანის განუხორციელებლობა არ წარმოშობდა პარტნიორის რეგისტრირებული უფლების გაუქმებას, თუმცა ფაქტია, რომ 2013 წლის 25 ოქტომბრის კრების გადაწყვეტილებით პარტნიორებს დაეკისრათ ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც უშუალო გავლენას ახდენდა მათ რეგისტრირებულ უფლებაზე, რაც ასევე ეწინააღმდეგება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. გარდა ამისა, წილის ცვლილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ცალსახად საზიანოა პარტნიორისთვის და ხელყოფს მის ისეთ არსებით უფლებას, როგორიცაა ხმის უფლება, რომელიც ქმნის არათანაბარ მდგომარეობას პარტნიორისთვის მისი თვითნებური შემცირებისას.

42. ამასთან, კასატორების განმარტებით, პარტნიორთა კრებებზე არ მომხდარა იმის დასაბუთება, რამ გამოიწვია საწესდებო კაპიტალის გაზრდის აუცილებლობა. ამ ინფორმაციის პარტნიორისთვის წარუდგენლობა კი წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის უხეშ დარღვევას.

43. საკასაციო საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილშიც და აღნიშნავენ, რომ გაურკვეველია, სასამართლომ საიდან განსაზღვრა საჩივრის დაკმაყოფილების პროცენტულობა და რატომ გადაწყვიტა საერთოდ, კრების ოქმების ბათილად ცნობასა და კრების ოქმების შედეგების აღიარებასთან დაკავშირებულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილება პროცენტებში აესახა.

44. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისის განჩინებით მეორე სარჩელით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

45. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ზ-ის, მ. კ-ისა და ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

46. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

47. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

48. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

49. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-1101-1037-2015, 27 სექტემბერი, 2016 წ.).

50. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი არ ადგენს კაპიტალის გაზრდის გადაწყვეტილების ერთხმად მიღების იმპერატიულ წესს და, ამასთან, პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილება კაპიტალის გაზრდის თაობაზე არ წარმოადგენს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ იწვევს პარტნიორის ხმის უფლების ან წილის შემცირებას.

51. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონის ისეთი ინტერპრეტაცია, რომლითაც დადგინდება პარტნიორთა/აქციონერთა მიერ სააქციო საზოგადოების კაპიტალის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილების ერთხმად მიღების იმპერატიული წესი, შეიძლება გახდეს კაპიტალური საზოგადოების განვითარების დამაბრკოლებელი ფაქტორი, ვინაიდან პარტნიორი/აქციონერი, რომელსაც არ შესწევს უნარი განახორციელოს დამატებითი შენატანი ან შეავსოს განუთავსებელი აქციები მისი წილის პროპორციულად, უმრავლეს შემთხვევაში, ხმას მისცემს მსგავსი გადაწყვეტილების წინააღმდეგ თავისი პროცენტული წილის შესანარჩუნებლად, რაც, საბოლოო ჯამში, დააზიანებს კაპიტალური საზოგადოებების განვითარების პროცესს. ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, უმთავრესია, რომ პარტნიორები/აქციონერები არ იქნენ ჩაყენებულნი არათანაბარ მდგომარეობაში და თანაბრად მიეცეთ თავიანთი ქონებრივი უფლებების განხორციელების შესაძლებლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-1101-1037-2015, 27 სექტემბერი, 2016 წ.).

52. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში 2013 წლის 25 ოქტომბრის პარტნიორთა კრების სადავო გადაწყვეტილებით პარტნიორებს თანაბრად მიეცათ შესაძლებლობა განეხორციელებინათ დამატებითი შენატანები თავიანთი წილების კვალობაზე. შესაბამისად, კასატორების მიერ დამატებითი შენატანების განუხორციელებლობა ვერ გახდება კაპიტალის გაზრდის გზით საზოგადოების განვითარების შემაფერხებელი გარემოება.

53. საკასაციო სასამართლო კასატორების ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მათ ვერ შეძლეს გაებათილებინათ მეორე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც იგი ადასტურებდა საზოგადოების დავალიანების და მისი ზრდის შეჩერების აუცილებლობიდან გამომდინარე, საზოგადოების კაპიტალის გაზრდის მიზანშეწონილობას.

54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია კასატორების პრეტენზია სადავო კრების ოქმების ბათილობის თაობაზე.

55. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. ზ-ის, მ. კ-ისა და ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

57. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ. ზ-ის, მ. კ-ისა და ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორებს, დ. ზ-ს (პ/ნ: …), მ. კ-ისა (პ/ნ: …) და ლ. ს-ს (პ/ნ: …) დაუბრუნდეთ ი. პ-ის (პ/ნ: …) მიერ 2016 წლის 4 მარტს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე