Facebook Twitter

№ ას-1101-1037-2015 27 სექტემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „გ-ი“ (მოპასუხე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი - ო. ს-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – აქციონერთა კრების გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, საწარმოს დოკუმენტაციის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ო. ს-ემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მეორე კასატორი“ ან „მეორე საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „გ-ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „პირველი კასატორი“ ან „პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა: ა) მოპასუხე კომპანიის 2013 წლის 19 ნოემბერს გამართული აქციონერთა კრების დღის წესრიგის პირველ და მე-2 საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების (საზოგადოების კაპიტალის 30 000 000 ლარამდე გაზრდის, საზოგადოების გაუნაღდებელი (განუთავსებელი) აქციების მათი გადანაწილების პროპორციის მიხედვით 2013 წლის 4 დეკემბრამდე შევსების შესაძლებლობისა და შემდგომში შეუვსებელი (გაუნაღდებელი) აქციების ამ პროპორციის დაუცველად შევსების უფლების ნებისმიერი აქციონერისათვის მინიჭების, საზოგადოების წესდებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ) და ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე და განხორციელების შედეგად სათანადო (ფასიანი ქაღალდების/აქციათა) რეესტრში 2013 წლის 20 ნოემბერს და შემდგომში (სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის) შეტანილი შესაბამისი ჩანაწერების ბათილად ცნობა; ბ) მოპასუხე კომპანიას დაევალოს: 2007-2013 წლების განმავლობაში ბილინგის, საბუღალტრო მონაცემებისა და მაუწყებლობის კომისიაში მიწოდებული აბონენტთა რაოდენობის შესახებ (თვეების მიხედვით) მონაცემების შედარების მიზნით სპეციალური შემოწმების ჩატარება და ამ შემოწმების მასალების ასლების მოსარჩელისთვის გადაცემა; მოსარჩელისთვის „ახალი ცენტრის“ და მასთან დაკავშირებული ბილინგის და სხვა ელემენტების შეძენა-მომსახურებასთან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტაციისა და 2008-2012 წლების წლიური ბალანსების ასლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2006-2013 წლებში მოპასუხის მიერ აბონენტთა შესახებ მიწოდებული მონაცემების ამსახველი დოკუმენტების ასლების ან შესაბამისი ყოველთვიური მონაცემების ამსახველი ცნობის, 2011 წლის 1 იანვრიდან მოპასუხის მიერ დადებული საკრედიტო ხელშეკრულებების ან საკრედიტო ვალდებულებების ამსახველი სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და ამავე პერიოდში შეძენილი სატელიტური (თანამგზავრული და არა მისი ფიჭური სადგურების) მეშვეობით სატელევიზიო სიგნალის მიმღები რესივერების შეძენის შესახებ ხელშეკრულებების და საბანკო გადარიცხვების ამსახველი დოკუმენტების ასლების, მომხმარებლებთან დამონტაჟებული შესაბამისი მოწყობილობების რაოდენობის და შესაბამისი აბონენტებისაგან ამოღებული ჯამური საფასურის და სააბონენტო გადასახადის შესახებ ცნობების გადაცემა; ფიჭური გადამცემების მეშვეობით სატელევიზიო სიგნალის მიმღები აქტიური (მათ შორის ტექნიკური) რესივერების რაოდენობის 2008-2013 წლების მონაცემების, 2014 წლის 1 იანვრისა და 2011 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, მოსარჩელისთვის გადაცემა; მოპასუხე კომპანიის მიერ სატელევიზიო სიგნალის მიმღები თანამგზავრული მოწყობილობების მოსახლეობისათვის მიწოდების პროექტთან დაკავშირებით 2011 წელს საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული შემოწმების გამო შედგენილი გაანგარიშების და ცნობების, აგრეთვე, შესაბამისი ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაციის და/ან ასლების მოსარჩელისთვის მიწოდება.

2. სარჩელის თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს მოპასუხე კომპანიის აქციათა 10%-ის მფლობელს.

3. მოპასუხე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის 2013 წლის 29 ოქტომბრის წერილით საზოგადოების აქციონერებს ეცნობათ, რომ 2013 წლის 19 ნოემბერს ტარდებოდა კრება შემდეგი დღის წესრიგით: 1. საზოგადოების კაპიტალის დადგენა და შევსების წესის განსაზღვრა; 2. საზოგადოების მოქმედ წესდებაში ცვლილებების შეტანა და შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში რეგისტრაცია; 3. მოპასუხე კომპანიაში სხვა მიმდინარე საკითხების განხილვა.

4. 2013 წლის 18 ნოემბერს, ანუ კრების ჩატარებამდე ერთი დღით ადრე, აქციონერებს ელექტრონული ფოსტით გაეგზავნათ წესდების პროექტი, რომლიდანაც გაირკვა, რომ განზრახული იყო საზოგადოების კაპიტალის 4000 ლარიდან 30 000 000 ლარამდე გაზრდა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა წესდებაში.

5. მოსარჩელის განცხადებით, 2013 წლის 29 ოქტომბრის წერილი აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ არ შეიცავდა რაიმე არსებით ინფორმაციას საზოგადოების კაპიტალის გაზრდის და შევსების წესის შესახებ, ამასთან, კრების დღის წესრიგის შესახებ შეტყობინებას თან არ ახლდა დირექტორების და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები, რის შესახებაც ელექტრონული ფოსტის მეშვეობით იმავე დღეს ეცნობა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და მიეცა წინადადება კრების სათანადოდ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად მოწვევის შესახებ.

6. მიუხედავად ამისა, 2013 წლის 19 ნოემბერს ჩატარდა აქციონერთა კრება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილებები საზოგადოების კაპიტალის 30 000 000 ლარამდე გაზრდის, საზოგადოების გაუნაღდებელი (განუთავსებელი) აქციების მათი გადანაწილების პროპორციის მიხედვით 2013 წლის 4 დეკემბრამდე შევსების შესაძლებლობისა და შემდგომში შეუვსებელი (გაუნაღდებელი) აქციების ამ პროპორციის დაუცველად შევსების უფლების ნებისმიერი აქციონერისათვის მინიჭების, საზოგადოების წესდებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ. ამ გადაწყვეტილებების განხორციელების შედეგად შესაბამის რეესტრში 2013 წლის 20 ნოემბერს შეტანილ იქნა შესაბამისი ჩანაწერები.

7. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე კომპანიამ უგულებელყო მოსარჩელის 2013 წლის 25 ოქტომბრის წერილში ჩამოყალიბებული მოთხოვნა 2007-2013 წლების განმავლობაში ბილინგის, საბუღალტრო მონაცემების და მაუწყებლობის კომისიაში მიწოდებული აბონენტთა რაოდენობის შესახებ მონაცემების შედარების მიზნით სპეციალური შემოწმების ჩატარების შესახებ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ამ შემოწმების მასალები საჭირო იყო სათანადო დარღვევების, მათ შორის, მაუწყებლობის კომისიაში არასწორი მონაცემების მიწოდების გადამოწმების მიზნით. მიუხედავად, ელექტრონული ფოსტით წარმოებული მიმოწერისა და 2014 წლის 14 იანვარს გაგზავნილი შეხსენებისა, აღნიშნული მოთხოვნა დღემდე შეუსრულებელია.

8. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე კომპანიამ უგულებელყო მოსარჩელის 2014 წლის 14 იანვრის, 12 და 27 თებერვლის, აგრეთვე, 7 მარტის მოთხოვნები წლიური ბალანსების და სამეურნეო საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტაციის გაცნობის, ასლების მიწოდების შესახებ.

9. მოსარჩელემ დამატებით მიუთითა, რომ მან 2013 წლის 4 თებერვალს საზოგადოებას მოსთხოვა მისი აქციების გამოსყიდვა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 531 მუხლის შესაბამისად, თუმცა მოპასუხე კომპანიის დომინანტ პარტნიორთან და ამავე დროს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ვერ შეთანხმდა აქციების ფასთან დაკავშირებით.

10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საწესდებო კაპიტალის გაზრდის შესახებ 2012 წლიდან მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები აქციონერებთან უშუალოდ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების და დირექტორის მონაწილეობით და მიღებულ იქნა არაერთი გადაწყვეტილება ამ საკითხზე. სწორედ აქედან გამომდინარე გაეგზავნა მოსარჩელეს მოპასუხე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის 2013 წლის 18 ნოემბრის წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ რეკომენდაციები და გეგმები უკვე წარდგენილი იყო 2012 წლის 21-24 დეკემბრის აქციონერთა კრებაზე, ასევე 2013 წლის მარტი-ოქტომბრის აქციონერთა კრებებზე, რომლებსაც მოსარჩელე დაესწრო, მიიღო მონაწილეობა და მხარი დაუჭირა განსახილველ საკითხებს. კაპიტალის გაზრდაზე კომპანიის ინტერესის და მზაობის არსებობა არაერთი დოკუმენტით დასტურდება და ამის თაობაზე მოსარჩელეს 2013 წლის 29 ოქტომბერს არ შეუტყვია. მოსარჩელე, მართალია, 2012 წლის 21-24 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, მაგრამ გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერით დაადასტურა თავისი ინფორმირებულობა საზოგადოებაში კაპიტალის შევსებასთან დაკავშირებით და გამოხატა თანხმობა ამ შევსებაზე. შესაბამისად, მოსარჩელე არაერთ აქციონერთა კრების ოქმზე ხელმოწერით დაეთანხმა საზოგადოებაში საწესდებო კაპიტალის შევსების გარდაუვალ აუცილებლობას, რაც კომპანიის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე პოზიციის შენარჩუნების, ფინანსური სიძნელეების დაძლევისა და პოტენციურ ინვესტორებთან მიმართებაში კომპანიის ნდობის ამაღლების ერთადერთი საშუალება იყო.

11. ამასთანავე, მოპასუხემ აღნიშნა, რომ კანონმდებელი რეკომენდაციების წერილობით არარსებობას არ მიიჩნევს აქციონერთა გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლად.

12. მოპასუხემ განმარტა, რომ მოპასუხე კომპანიის ერთ-ერთ აქციონერს და, ამავე დროს, ერთ-ერთ ძირითად კრედიტორსაც წარმოადგენს შპს „ა.“ 16 154 684 ლარის ნაწილში, რომელმაც დაიწყო მზადება არაპროპორციული წესით საზოგადოების კაპიტალის შევსებისთვის. თუმცა, გასაჩივრებული ოქმის ბათილობა აქციონერს წაართმევს ამ შესაძლებლობას და კომპანიას უახლოეს მომავალში დააყენებს გადახდისუუნარობის წინაშე. ბათილობა გამოიწვევს რა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, პრაქტიკულად იურიდიულ ძალას დააკარგვინებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანხმობას, რომელიც გაიცა შპს „ა.“-ის სასარგებლოდ. გასაჩივრებული აქტის ბათილობა ჩააყენებს მოპასუხე კომპანიას მძიმე მდგომარეობაში და გარკვეული ალბათობით მოპასუხე კომპანიის აქციების ლიკვიდურობა დაეცემა, რაც არა მხოლოდ მოსარჩელის, არამედ - დანარჩენი აქციონერების ინტერესებსაც შელახავს. ამდენად, შპს „ა.“-ის მზაობის გამოყენება მოპასუხე კომპანიისთვის არის პრობლემებიდან თავის დაღწევის რეალური შესაძლებლობა, ვინაიდან დიდი ალბათობით მოპასუხე კომპანიისადმი შპს „ა.“-ის მოთხოვნა გაიქვითება. ეს, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მოპასუხე კომპანიის ვადამოსული ვალდებულებების ნაწილს და გაზრდის კომპანიის ლიკვიდურობას. წარმოდგენილი სარჩელი კი მიმართულია იქითკენ, რომ ხელი შეეშალოს საზოგადოების განვითარებას. მოსარჩელის მხრიდან ვლინდება უფლების ბოროტად გამოყენების მცდელობა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ვერ დასტურდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს მე-3 მუხლის 51 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა. მოპასუხის განმარტებით, 2013 წლის 19 ნოემბერს მიღებული წესდების რედაქცია არ ეხება აქციონერის ხმის უფლებას, მოგებაში/ზარალში მისი წილის გაზრდას ან შემცირებას. გადაწყვეტილება ეხება საწესდებო კაპიტალის გაზრდას აქციონერთა წილების პროპორციულად გარკვეულ ვადაში, ხოლო გაზრდის შეუძლებლობის შემთხვევაში აქციონერთა წრიდან ნებისმიერისთვის არაპროპორციულად წილის გაზრდის უფლების მინიჭებას. მართალია, არაპროპორციულ გაზრდას, შესაძლოა, მოჰყვეს სხვა აქციონერთა წილების შემცირება, მაგრამ ეს ამ გადაწყვეტილების მეორადი პირობაა და სწორედ ეს პირობა ქმნის კომპანიის არსებული ფინანსური სირთულიდან გამოყვანის შესაძლებლობას.

13. მოსარჩელის მიერ აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებით, მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელემ გამოსყიდვაზე მოთხოვნა დააფიქსირდა 2013 წლის 4 თებერვალს, რომლის საფუძველს წარმოადგენდა 2012 წლის 21-24 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც მხარს არ უჭერდა მოსარჩელე. მოსარჩელის წერილზე 2013 წლის 4 მარტს ერთ-ერთმა აქციონერმა გამოხატა ინტერესი და მოსარჩელეს შესთავაზა გამოსყიდვა, რასაც მოსარჩელე 2013 წლის 6 მარტის წერილით არ დაეთანხმა. 2013 წლის 6 მარტს ჩატარდა აქციონერთა კრება, რომელსაც ესწრებოდა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი და მან მხარი დაუჭირა 2012 წლის 21-24 კრების ოქმით საწესდებო კაპიტალის გაზრდისათვის განსაზღვრული ვადის გაგრძელებას, ასევე კომპანიის შეფასების მიზნით აუდიტორული კომპანიის შერჩევაზე ტენდერის გამოცხადებას. სწორედ ამ შემოწმების შედეგებით სურდა მოსარჩელეს დაედგინა კომპანიის აქტივების მდგომარეობა, რაც დაეხმარებოდა მისაყიდი აქციების ღირებულებაზე შეთანხმებაში. მოსარჩელის წარმომადგენელმა ოთხჯერ დაუჭირა მხარი საწესდებო კაპიტალის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების საკითხს. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელეს არ შეიძლება არ სცოდნოდა საწესდებო კაპიტალის გაზრდის მიზანი და შესაბამისი რეკომენდაციები, გამომდინარე აქედან, მას კრებაზე შეეძლო მიეღო ყოველმხრივ ინფორმირებული გადაწყვეტილება დასმულ საკითხებთან მიმართებაში.

14. მოპასუხემ აღნიშნა, რომ იგი არ არის ვალდებული გაწიოს აქციონერის მიერ მოთხოვნილი შემოწმების ხარჯები, რადგან ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კომპანიას ხარჯების გადახდის ვალდებულება ეკისრება, არის ის შემთხვევა, როდესაც შემოწმების შედეგად დადგინდება ანგარიშში არსებითი შეცდომა. შემოწმების ხარჯებს იღებს შემოწმების მომთხოვნი პირი და, შემდეგ, თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ხარჯებს გასწევს საზოგადოება.

15. მოპასუხის აზრით, მოსარჩელეს არ აქვს უფლება მოითხოვოს საზოგადოების შიდა დოკუმენტების და ცნობების გაცემა, მას აქვს მხოლოდ წლიური ბალანსის, ანგარიშის სისწორის შემოწმების უფლება.

16. მოპასუხემ დამატებით მიუთითა, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს ოქმის გასაჩივრების 2-თვიანი ხანდაზმულობის ვადა.

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაევალა 2007-2013 წლების განმავლობაში ბილინგის, საბუღალტრო მონაცემებისა და მაუწყებლობის კომისიაში მიწოდებული აბონენტთა რაოდენობის შესახებ (თვეების მიხედვით) მონაცემების შედარების მიზნით სპეციალური შემოწმების ჩატარება და ამ შემოწმების მასალების ასლების მოსარჩელისთვის გადაცემა; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისთვის „ახალი ცენტრის“ და მასთან დაკავშირებული ბილინგის და სხვა ელემენტების შეძენა-მომსახურებასთან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტაციისა და 2008-2012 წლების წლიური ბალანსის ასლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2006-2013 წლებში მოპასუხის მიერ აბონენტთა შესახებ მიწოდებული მონაცემების ამსახველი დოკუმენტების ასლების ან შესაბამისი ყოველთვიური მონაცემების ამსახველი ცნობის, ასევე, 2011 წლის 1 იანვრიდან მოპასუხის მიერ დადებული საკრედიტო ხელშეკრულებების ან საკრედიტო ვალდებულებების ამსახველი სხვა შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და ამავე პერიოდში შეძენილი სატელიტური მეშვეობით სატელევიზიო სიგნალის მიმღები რესივერების შეძენის შესახებ ხელშეკრულებების და საბანკო გადარიცხვების ამსახველი დოკუმენტების ასლების, აგრეთვე, მომხმარებელთან დამონტაჟებული შესაბამისი მოწყობილობების რაოდენობის და აბონენტებისაგან ამოღებული ჯამური საფასურის და სააბონენტო გადასახადის შესახებ ცნობების გადაცემა; მოპასუხეს ასევე დაევალა ფიჭური გადაცემების მეშვეობით სატელევიზიო სიგნალის მიმღები აქტიური (მათ შორის ტექნიკური) რესივერების რაოდენობის მონაცემების, 2008-2013 წლების, 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მონაცემების, მოპასუხე კომპანიის სატელევიზიო სიგნალის მიმღები თანამგზავრული მოწყობილობების მოსახლეობისათვის მიწოდების პროექტთან დაკავშირებით 2011 წელს საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული შემოწმების გამო შედგენილი გაანგარიშების და ცნობების, აგრეთვე შესაბამისი ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაციის ასლების მოსარჩელისთვის მიწოდება; მოსარჩელის სარჩელი მოპასუხე კომპანიის აქციონერთა 2013 წლის 19 ნოემბრის კრების დღის წესრიგის პირველ და მეორე საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

18. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შემდეგი ნაწილი: „დაევალოს სს „გ-ს“ 2007-2013 წლების განმავლობაში ბილინგის, საბუღალტრო მონაცემების და მაუწყებლობის კომისიაში მიწოდებული აბონენტთა რაოდენობის შესახებ (თვეების მიხედვით) მონაცემების შედარების მიზნით სპეციალური შემოწმების ჩატარება და ამ შემოწმების მასალების ასლების ო. ს-ისათვის გადაცემა“ შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „ნება დაერთოს ო. ს-ეს სს „გ-ში“ 2007-2013 წლების განმავლობაში ბილინგის, საბუღალტრო მონაცემების და მაუწყებლობის კომისიაში მიწოდებული აბონენტთა რაოდენობის შესახებ (თვების მიხედვით) მონაცემების შედარების მიზნით, თავისი ხარჯით ჩაატაროს სპეციალური შემოწმება“; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის დანარჩენი ნაწილი დარჩა უცვლელი; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება მოპასუხე კომპანიის აქციონერთა 2013 წლის 19 ნოემბრის კრების დღის წესრიგის პირველ და მეორე საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტები).

20. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

21. აქციათა რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელე არის მოპასუხე კომპანიის აქციათა 10%-ის მფლობელი;

22. მოპასუხე კომპანია სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2004 წლის 25 ოქტომბერს, მისი საიდენტიფიკაციო კოდია - …;

23. მოპასუხის 2013 წლის 29 ოქტომბრის წერილით, მოსარჩელეს, როგორც საზოგადოების აქციონერს, ეცნობა, რომ 2013 წლის 19 ნოემბერს 15 საათზე მოწვეული იყო მოპასუხე კომპანიის აქციონერთა საერთო კრება. დღის წესრიგში მითითებული იყო საზოგადოების კაპიტალის დადგენა და შევსების წესის განსაზღვრა, საზოგადოების მოქმედ წესდებაში ცვლილებების შეტანა და შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში რეგისტრაცია, მოპასუხე კომპანიაში სხვა მიმდინარე საკითხების განხილვა;

24. 2013 წლის 18 ნოემბერს, მოსარჩელის წარმომადგენელმა წერილობით მიმართა საზოგადოების დირექტორს და მიუთითა, რომ კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას თან არ ახლდა დირექტორების და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები, რაც ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენდა გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა კანონით დადგენილი წესით ახალი კრების მოწვევა;

25. 2013 წლის 18 ნოემბერს, მოსარჩელის წარმომადგენელმა კვლავ წერილობით მიმართა საზოგადოების დირექტორს და მიუთითა, რომ, იმ შემთხვევაში გაიზიარებდა მათ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ბევრჯერ იქნა განხილული და მათში ახალი არაფერი იყო, თუ საუბარი იქნებოდა იმავე ფორმატზე, მათ შორის კაპიტალის გაზრდის მოცულობასა და მისი შევსების სამართლებრივ პირობებზე;

26. მოპასუხე კომპანიის აქციონერთა 2013 წლის 19 ნოემბრის კრების ოქმის მიხედვით, 2013 წლის 19 ნოემბრის კრებას ესწრებოდნენ ა. ი-ი (აქციათა 62,8%-ის მფლობელი), დ. კ-ე (აქციათა 3%-ის მფლობელი), დ. შ-ძე (აქციათა 3%-ის მფლობელი), ა. რ-ის (აქციათა 17,20%-ის მფლობელი) წარმომადგენელი ა. ი-ი, შპს „ა.“-ის (აქციათა 4%-ის მფლობელი) წარმომადგენელი გ. პ-ძე.

27. ოქმის თანახმად, კრებაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე (აქციათა 10%-ის მფლობელი), რომელსაც წერილობითი შეტყობინება ჩაბარდა პირადად, კრების მოწვევამდე 20 დღით ადრე, 2013 წლის 29 ოქტომბერს.

28. კრების ოქმში მითითებულია, რომ კრებას ესწრებოდნენ საზოგადობის აქციათა 90%-ის მფლობელი აქციონერები, შესაბამისად, კრება იყო გადაწყვეტილებაუნარიანი.

29. კრების დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით აქციონერთა მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად და საზოგადოების კაპიტალი 2013 წლის 3 სექტემბრის აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში, აქციონერთა მიერ შენატანის განუხორციელებლობის გამო, კაპიტალის შემცირების და გაუნაღდებელი აქციების გაუქმების შემდეგ, გაიზარდა და განისაზღვრა 30 000 000 ლარით. საზოგადოების გაუნაღდებელი აქციების შევსება აქციონერებს შეეძლოთ 2013 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის დროით 18:00 საათამდე. აღნიშნულ ვადაში საზოგადოების შეუვსებელი კაპიტალის შევსების და, შესაბამისად, შესატყვისი აქციების მიღების უფლება მიეცათ აქციონერებს ისე, რომ მათ შორის აქციათა გადანაწილების პროპორცია დარჩა უცვლელი. 2013 წლის 4 დეკემბრის შემდეგ საზოგადოების შეუვსებელი კაპიტალის სრულად ან ნაწილობრივ შევსების უფლება მიეცა ნებისმიერ აქციონერს მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროპორციის დაუცველად. დღის წესრიგის მეორე საკითხს აქციონერებმა მხარი დაუჭირეს ერთხმად, ცვლილებები შევიდა საზოგადოების წესდებაში და დამტკიცდა წესდების ახალი რედაქცია.

30. მოპასუხე კომპანიის 2012 წლის 21-24 დეკემბრის, 2013 წლის 6 მარტის, 2013 წლის 26 აპრილის, 2013 წლის 8 ივლისის და 2013 წლის 3 სექტემბრის კრების ოქმების მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ საზოგადოების აქციონერებს შორის მიმდინარეობდა კონსულტაციები საწესდებო კაპიტალის გაზრდის და საწესდებო კაპიტალის შევსების ვადის საკითხებზე.

31. 2014 წლის 14 იანვრის და 2014 წლის 12 თებერვლის წერილებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტაციის ასლების გადაცემის შესახებ, თუმცა მოსარჩელეს აღნიშნული დოკუმენტები არ მიუღია.

32. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, მოპასუხე კომპანიის წესდების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის თანახმად, კრებაზე ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე ხმის მქონე აქციონერთა ხმების 50%-ზე მეტის თანხმობით და საქმეში წარმოდგენილი მოპასუხე კომპანიის 2013 წლის 29 ოქტომბრის წერილით, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ეცნობა და, შესაბამისად, ინფორმირებული იყო საზოგადოების დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, მისთვის ცნობილი იყო აქციონერთა 2013 წლის 19 ნოემბრის კრების მოწვევის შესახებ, თუმცა იგი კრებაზე არ გამოცხადდა.

33. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია, რომ მისთვის საწესდებო კაპიტალის 30 000 000 ლარამდე გაზრდის თაობაზე 2013 წლის 19 ნოემბრის კრებაზე საკითხის გატანის შესახებ კანონით დადგენილი წესით არავის უცნობებია და მან ამის შესახებ გაიგო 2013 წლის 18 ნოემბერს, კრების ჩატარებამდე ერთი დღით ადრე, მიღებული წესდების პროექტიდან; და, რომ დღის წესრიგის შესახებ შეტყობინებას თან არ ახლდა დირექტორების და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები.

34. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე კომპანიის 2012 წლის 21-24 დეკემბრის, 2013 წლის 6 მარტის, 2013 წლის 26 აპრილის, 2013 წლის 8 ივლისის და 2013 წლის 3 სექტემბრის კრების ოქმებით დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ საზოგადოების აქციონერებს შორის მიმდინარეობდა კონსულტაციები საწესდებო კაპიტალის გაზრდისა და საწესდებო კაპიტალის შევსების ვადის საკითხებზე, რომელსაც ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ კრების მოწვევის შეტყობინებაზე დირექტორების და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციების დაურთველობა არ წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

35. სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად მიიჩნია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად აღძრული აღიარებითი სარჩელის მიმართ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობის თაობაზე და განმარტა, რომ სადავო კრების გადაწყვეტილებით გაიზარდა საზოგადოების კაპიტალი და ცვლილება შევიდა წესდებაში, რასაც მხარი დაუჭირეს აქციათა 90%-ის მფლობელმა აქციონერებმა. შესაბამისად, აქციონერთა 2013 წლის 19 ნოემბრის კრების გადაწყვეტილების სასამართლო წესით ბათილობის პირობებშიც შესაძლებელი იყო დომინანტი პარტნიორების მხრიდან იგივე გადაწყვეტილების ხელახლა მიღება, რაც მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს, ფორმალური საფუძვლით კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, არანამდვილს ხდიდა.

36. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 32 პუნქტზე, მე-3 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებზე და ასევე, მოპასუხე კომპანიის წესდების მე-7 მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებზე, რომლის მიხედვით, აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ მოითხოვონ სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს დარღვევებს; ხმების 5%-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ შესაბამისი მმართველობის ორგანოსაგან მოითხოვონ საზოგადოების სახელით დადებული გარიგებების ასლები ან/და ინფორმაცია დასადები გარიგებების შესახებ. ზემოაღნიშნული ნორმებისა და მოპასუხე კომპანიის წესდების საფუძველზე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე წარმოადგენს მოპასუხე კომპანიის აქციათა 10%-ის მესაკუთრეს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა საზოგადოებისგან მოეთხოვა სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება და მმართველობის ორგანოსაგან საზოგადოების სახელით დადებული გარიგებების ასლები ან/და დასადები გარიგებების შესახებ ინფორმაცია.

37. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად დაავალა მოპასუხე კომპანიას მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემა.

38. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხე კომპანიისათვის 2007-2013 წლების განმავლობაში ბილინგის, საბუღალტრო მონაცემების და მაუწყებლობის კომისიაში მიწოდებული აბონენტთა რაოდენობის შესახებ (თვეების მიხედვით) მონაცემების შედარების მიზნით სპეციალური შემოწმების ჩატარებისა და ამ შემოწმების მასალების ასლების მოსარჩელისათვის გადაცემის დავალების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა მოკლებული იყო დასაბუთებას იმ თვალსაზრისით, რომ არ არსებობდა საზოგადოებისათვის მითითებული შემოწმების საკუთარი ხარჯებით ჩატარების დავალების საფუძველი.

39. სააპელაციო პალატამ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტსა და ამავე კანონის 53-ე მუხლის 32, 35 პუნქტებზე დაყრდნობით განმარტა, რომ, მართალია, მოპასუხე კომპანია ვალდებული იყო გადაეცა მოსარჩელისთვის მის მიერ სარჩელით მოთხოვნილი დოკუმენტების ასლები, თუმცა, მას არც კანონი და არც საზოგადოების წესდება არ ავალდებულებდა მონაცემების შედარების მიზნით სპეციალური შემოწმების საკუთარი ხარჯით ჩატარებას; შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული შემოწმების ჩატარება მოსარჩელეს უნდა უზრუნველეყო საკუთარი ხარჯებით.

40. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ორივე მხარემ.

41. მოპასუხემ/პირველმა კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მოსარჩელემ/მეორე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

42. მოპასუხის/პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

43. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 32 პუნქტი იმპერატიულად და ამომწურავად ადგენს, რომ აქციონერებს უფლება აქვთ, მოითხოვონ სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს დარღვევებს. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ უნდა არსებობდეს წლიური ბალანსი ან რაიმე სამეურნეო მოქმედება, რომლის შემოწმებასაც მოსარჩელე ითხოვს. მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა არც ერთი წლიური ბალანსის შედგენა და დამტკიცება, არც მოსარჩელეს წარმოუდგენია ასეთი ბალანსი, რომ შესაძლებელი იყოს მისი შემოწმება. შესაბამისად, თუ შემოწმების საგანი არ არსებობს, გაუგებარია, რა უნდა შემოწმდეს.

44. პირველი საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს მიერ დადგინდა ისეთი ინფორმაციის/დოკუმენტების გაცემა, რომელიც კანონით არ არის აქციონერისთვის გადასაცემ მონაცემთა რიცხვში, კერძოდ, ესეთია 2006-2013 წლებში აბონენტების შესახებ კომუნიკაციის ეროვნულ კომისიაში წარდგენილი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები ან შესაბამისი ყოველთვიური მონაცემების ამსახველი ცნობა. აღნიშნული დოკუმენტები არ წარმოადგენენ გარიგებას და, პირველი კასატორისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გადაეცეს აქციონერს. ასევე არასწორია გადაწყვეტილებით დადგენილი საბანკო გადარიცხვების ამსახველი დოკუმენტის ასლების გაცემა, დამონტაჟებული მოწყობილობის რაოდენობისა და აბონენტებისაგან ამოღებული ჯამური საფასურის და სააბონენტო გადასახადის შესახებ ცნობების, რესივერების რაოდენობის მონაცემების, კონტროლის პალატის მიერ შედგენილი გაანგარიშების და ცნობების ამსახველი დოკუმენტაციის ასლების მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაცემის დადგენა. აქციონერის მიერ ყველა ამ საბუთის გაცემის მოთხოვნა სცილდება კანონით დადგენილ აქციონერის უფლებათა ფარგლებს.

45. მოსარჩელის/მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

46. დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კრების მოწვევის შეტყობინებაზე დირექტორების და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციების დაურთველობა არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან ამ საკითხზე მიმდინარეობდა კონსულტაციები, რის თაობაზეც ინფორმირებული იყო მოსარჩელე.

47. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებასთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს დღის წესრიგი და დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ყველა შემთხვევაში დაცული უნდა იყოს და, რასაც ადგილი არ ჰქონია. ეს იმპერატიული ნორმა მიზნად ისახავს აქციონერთა საკუთრების (აქციების და მათთან დაკავშირებული ინტერესების) უფლების დაცვას, კერძოდ, საზოგადოების მართვაში მონაწილეობისას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უფლებას და შესაძლებლობას. მეორე კასატორმა მიუთითა, რომ მის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს საზოგადოების საქმიანობაში არსებითი მონაწილეობა.

48. მეორე საკასაციო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 4000 ლარიდან 30 000 000 ლარამდე საზოგადოების კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით კონსულტაციები საერთოდ არ მიმდინარეობდა. მისი განმარტებით, მოპასუხე კომპანიის 2012 წლის 21-24 დეკემბრის, 2013 წლის 6 მარტის, 26 აპრილის, 8 ივლისისა და 3 სექტემბრის ოქმების თანახმად, გადაწყდა საწესდებო კაპიტალის მხოლოდ 16 000 000 ლარამდე გაზრდა, ხოლო, მოცემულ შემთხვევაში, საწესდებო კაპიტალის ესოდენ დიდი ოდენობით, 30 000 000 ლარამდე, გაზრდაზე, მოსარჩელეს არანაირი დასაბუთება არ მიუღია.

49. მეორე კასატორის აზრით, გაუგებარია, რის საფუძველზე მივიდა სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ წინასწარი კონსულტაციების გამართვა ათავისუფლებს საზოგადოების დირექტორებს კანონით იმპერატიულად გათვალისწინებული ვალდებულებისაგან, კრების დღის წესრიგს დაურთონ დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მისაღებად.

50. მეორე კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, საერთოდ არ იმსჯელა მოსარჩელის იმ არგუმენტზე, რომ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 51 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის გაზრდის თაობაზე ყველა შემთხვევაში მიღებული უნდა ყოფილიყო ერთხმად, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება პარტნიორის (აქციონერის) ხმის უფლებას ანუ, თუ პარტნიორი ვერ შეძლებს ან მიზანშეწონილად არ ჩათვლის განთავსებული აქციების შეძენას, მისი აქციების წილი სხვა აქციონერების წილებთან მიმართებაში მკვეთრად შემცირდება. შესაბამისად, შემცირდება მისი ხმის უფლებაც, რის შედეგად, პარტნიორმა შეიძლება დაკარგოს ის განსაკუთრებული უფლებებიც, რომელიც მას მინიჭებული აქვს კანონით, თუ ის ფლობს საზოგადოებაში 5 და მეტ პროცენტს.

51. მოსარჩელემ/მეორე კასატორმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ 2013 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით მოქმედი 2012 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე მიღებულ საზოგადოების წესდებას მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა და, შესაბამისად, გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის გაზრდის თაობაზე ყველა შემთხვევაში მიღებული უნდა ყოფილიყო ერთხმად, რასაც ადგილი არ ჰქონია.

52. მეორე საკასაციო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ აქციონერთა კრების კანონით დადგენილი წესების დარღვევით მოწვევით და დღის წესრიგის განსაზღვრით, დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციების მიუწოდებლობით მოსარჩელეს მოესპო შესაძლებლობა, მიეღო დასაბუთებული, ინფორმირებული გადაწყვეტილება საზოგადოების საქმიანობაში მისი შემდგომი მონაწილეობის მოცულობის, აქციების შეძენის მიზანშეწონილობის თაობაზე. ზუსტად ამ მიზანს, ანუ ყველა, მათ შორის მინორიტარი, აქციონერების უფლებების დაცვას და დომინანტი აქციონერების თვითნებობის შეზღუდვას ემსახურება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი იმპერატიული წესები. ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კი ამკვიდრებენ დომინანტი პარტნიორების სრულ უკონტროლობას და თვითნებობას, რაც უგულებელყოფს ყველა მითითებულ ნორმას.

53. მეორე კასატორის განცხადებით, ასეთ ვითარებაში ადგილი აქვს მინორიტარი აქციონერის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევას. მეორე საკასაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საქმეზე Chadzitaskos And Franta v. The Czech Republic, რომელშიც აღნიშნულია მინორიტარი აქციონერების პოზიციის, უფლებების და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცედურებიდან, მათ შორის, კანონმდებლობის არასწორი გამოყენების/ინტერპრეტაციის შედეგად, გათიშვის დაუშვებლობა.

54. რაც შეეხება იურიდიული ინტერესის არსებობა-არარსებობის საკითხს, მეორე კასატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში იურიდიული ინტერესი ნამდვილად არსებობს, რადგან კანონით დადგენილი პროცედურის დარღვევით მიღებული სადავო გადაწყვეტილების შედეგად მნიშვნელოვნად შეილახა მოსარჩელის ქონებრივი ინტერესები და, კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, აღდგება მისი დარღვეული ქონებრივი უფლებები.

55. რაც შეეხება სასამართლოს ვარაუდს, რომ იმავე საკითხზე კრების განმეორებით ჩატარების შემთხვევაში, აქციონერთა 90% მაინც დაუჭერდა მხარს მიღებულ გადაწყვეტილებას, მეორე კასატორის განმარტებით, ინფორმირებულობის შემთხვევაში იგი მოიშველიებდა არგუმენტებს საკუთარი პოზიციის დასაცავად და შესაძლოა, კრებას არ მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება, ამასთან, მას მიეცემოდა საშუალება მოეზიდა სახსრები შესაბამისი დივიდენდების მისაღებად ან მიემართა მინორიტარი აქციონერების ინტერესების დაცვის კანონით განსაზღვრული სხვა საშუალებებისათვის.

56. მეორე საკასაციო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელია ასევე სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ არ არსებობს საზოგადოებისათვის სპეციალური შემოწმების საკუთარი ხარჯით ჩატარების საფუძველი, რადგან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 32 პუნქტით გარკვევით და არაორაზროვნად არის დადგენილი, რომ აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ, მოითხოვონ სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს დარღვევებს.

57. მეორე კასატორის მითითებით, უდავოა, რომ სიტყვები „აქციონერებს უფლება აქვთ მოითხოვონ სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება“ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ეს მოთხოვნა მიმართულია საზოგადოებისადმი, რომელიც ვალდებულია ჩაატაროს შემოწმება. ამდენად, სრულიად დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა, რომ კანონის ეს ნორმა გულისხმობს აქციონერის უფლებას თვითონ ჩაატაროს შემოწმება, რის შედეგად სასამართლომ „ნება დართო“ მოსარჩელეს, მოეთხოვა საზოგადოებიდან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე თავისი ხარჯებით ჩაეტარებინა აღნიშნული შემოწმება, თითქოს ამას სასამართლოს ნებართვის გარეშე აქციონერი ვერ შეძლებდა ან ამის უფლება არ ჰქონდა. მოსარჩელისთვის გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს შერჩევითი მიდგომა, როდესაც მან არ გაითვალისწინა კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შემოწმების ხარჯების განაწილების წესს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და მიაკუთვნა მოსარჩელეს ის, რაც მას არ მოუთხოვია, რაც წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის უხეშ დარღვევას. კანონის ზემოაღნიშნული ნორმა ნათლად და არაორაზროვნად ადგენს, რომ აქციონერს უფლება აქვს მოითხოვოს სპეციალური შემოწმება. შესაბამისად, საზოგადოება ვალდებულია განახორციელოს იგი. რაც შეეხება ხარჯებს, ვინაიდან კანონით ეს საკითხი არ არის დარეგულირებული, ხარჯი უნდა გასწიოს იმან, ვისაც კანონით ევალება შემოწმების ჩატარება, ანუ საზოგადოებამ.

58. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის/მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

59. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის/პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

60. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივნისის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

61. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „გ-ისა“ და ო. ს-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

62. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში კასატორები სადავოდ არ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა არ ეთანხმებიან ამ გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.

63. პირველი კასატორის პრეტენზიის თანახმად, კანონმდებელი აქციონერებს მხოლოდ სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა არც ერთი წლიური ბალანსის შედგენა და დამტკიცება, არც მოსარჩელეს წარმოუდგენია ასეთი ბალანსი, რომ შესაძლებელი იყოს მისი შემოწმება. შესაბამისად, თუ შემოწმების საგანი არ არსებობს, გაუგებარია, რა უნდა შემოწმდეს.

64. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უფლება მიენიჭება მოპასუხე კომპანიაში ჩაატაროს სპეციალური შემოწმება 2007-2013 წლების განმავლობაში ბილინგის, საბუღალტრო მონაცემების და მაუწყებლობის კომისიაში მიწოდებული აბონენტთა რაოდენობის შესახებ (თვეების მიხედვით) მონაცემების შედარების მიზნით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მოპასუხე კომპანიის წესდების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზოგადოების საქმიანობის საგანია სატელეკომუნიკაციო მომსახურება (ტ. I, ს.ფ. 42). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სპეციალური შემოწმების ჩატარება ითვალისწინებს ისეთი მონაცემების შედარებას, რომლებიც განეკუთვნება საწარმოს ძირითადი საქმიანობის საბუღალტრო და საფინანსო-სამეურნეო მოქმედებების სფეროს და, შესაბამისად, მიაჩნია, რომ პირველი კასატორის პრეტენზია ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.

65. ამასთან, პირველი კასატორის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს მიერ დადგინდა ისეთი ინფორმაციის/დოკუმენტების გაცემა, რომელიც კანონით არ არის აქციონერისთვის გადასაცემ მონაცემთა რიცხვში და არ წარმოადგენს გარიგებას. შესაბამისად, აქციონერის მიერ ყველა ამ საბუთის გაცემის მოთხოვნა სცილდება კანონით დადგენილ აქციონერის უფლებათა ფარგლებს.

66. საკასაციო სასამართლო პირველი კასატორის ყურადღებას მიაქცევს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, სპს-ის, კს-ის, შპს-ის, სს-ის და კოოპერატივის პარტნიორებს თანაბარ პირობებში თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, თუ ამ კანონით და წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაბამისად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი თანაბრად ვრცელდება სააქციო საზოგადოების აქციონერზეც და უფლებას ანიჭებს მას, მიიღოს საზოგადოების ყველა პუბლიკაცია.

67. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება მეორე კასატორს, რომ აქციონერს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ საზოგადოების სახელით დასადები ან დადებული გარიგების ასლები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 35 მუხლის თანახმად, ნებისმიერი კლასის აქციათა 5%-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ, სააქციო საზოგადოების შესაბამისი მმართველობის ორგანოსგან მოითხოვონ ამ საზოგადოების სახელით დადებული გარიგებების ასლები ან/და დასადები გარიგებების შესახებ ინფორმაცია ან/და გარიგებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ასლები. მოცემული ნორმა წარმოადგენს სპეციალურ ნორმას და სააქციო საზოგადოების აქციონერისთვის აწესებს გარკვეულ შეზღუდვას, კერძოდ, აღნიშნული ნორმა მხოლოდ აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს ანიჭებს საზოგადოების სახელით დადებული ან დასადები გარიგებების ასლების მიღების უფლებას, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის ზოგადი ნორმის გავრცელებას სააქციო საზოგადოების აქციონერზე, გარიგების გარდა, სხვა სახის ინფორმაციის მოთხოვნის ნაწილში.

68. ამასთან, საკასაციო სასამართლო უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე არის მოპასუხე კომპანიის აქციათა 10%-ის მფლობელი, შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს როგორც საზოგადოების მიერ დადებული თუ დასადები გარიგებების, ასევე ყველა პუბლიკაციის, მათ შორის, 2006-2013 წლებში აბონენტების შესახებ კომუნიკაციის ეროვნულ კომისიაში წარდგენილი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების ან შესაბამისი ყოველთვიური მონაცემების ამსახველი ცნობის, საბანკო გადარიცხვების ამსახველი დოკუმენტის ასლების, დამონტაჟებული მოწყობილობის რაოდენობისა და აბონენტებისაგან ამოღებული ჯამური საფასურის და სააბონენტო გადასახადის შესახებ ცნობების, რესივერების რაოდენობის მონაცემების, კონტროლის პალატის მიერ შედგენილი გაანგარიშების და ცნობების ამსახველი დოკუმენტაციის ასლების მიღება.

69. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს პირველი კასატორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

70. მოსარჩელის/მეორე კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის გაზრდის თაობაზე მიღებული უნდა ყოფილიყო ერთხმად, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება პარტნიორის (აქციონერის) ხმის უფლებას ანუ, თუ პარტნიორი ვერ შეძლებს ან მიზანშეწონილად არ ჩათვლის განთავსებული აქციების შეძენას, მისი აქციების წილი სხვა აქციონერების წილებთან მიმართებაში მკვეთრად შემცირდება. შესაბამისად, შემცირდება მისი ხმის უფლებაც, რის შედეგად, პარტნიორმა შეიძლება დაკარგოს ის განსაკუთრებული უფლებებიც, რომელიც მას მინიჭებული აქვს კანონით, თუ ის ფლობს საზოგადოებაში 5 და მეტ პროცენტს.

71. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააქციო საზოგადოების კაპიტალის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილება წარმოადგენს თუ არა ისეთ გადაწყვეტილებას, რომლის მისაღებადაც აუცილებელია ყველა აქციონერის თანხმობა.

72. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს აღნიშნული საკითხი სათანადოდ არ აქვთ განმარტებული.

73. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მრავალმხრივი გარიგება, რომლის თავისებურებას წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღება, ძირითადად, ხმათა უმრავლესობით, თუმცა აღნიშნული წესიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 51 პუნქტითა და 91 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულია გამონაკლისები და, აქციონერთა ქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით, დადგენილია გადაწყვეტილების ერთხმად მიღების იმპერატიული მოთხოვნა, ხოლო მე-3 მუხლის 52 პუნქტით კი აკრძალულია პარტნიორის/აქციონერის თანხმობის გარეშე ამავე პუნქტით განსაზღვრული ცვლილების შეტანა.

74. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 51 პუნქტის თანახმად, „თუ წესდების ცვლილება ეხება პარტნიორის ხმის უფლებას, მოგებაში/ზარალში წილს ან ლიკვიდაციისას მის უფლებებს, აღნიშნული ცვლილება მიღებული უნდა იქნეს ერთხმად, თუ წესდების შესაბამისი ნაწილით, რომელიც პარტნიორების მიერ ერთხმად იყო მიღებული, სხვა რამ არ არის დადგენილი“.

75. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 52 პუნქტის თანახმად, „თუ წესდების/პარტნიორთა შეთანხმების ცვლილება აუქმებს პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებას, ან მას ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე, პარტნიორის თანხმობის გარეშე ამგვარი ცვლილების შეტანა დაუშვებელია“.

76. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს“.

77. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო დანაწესებთან კაპიტალის გაზრდის თაობაზე 2013 წლის 19 ნოემბრის აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების შესაბამისობა.

78. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2013 წლის 19 ნოემბრის აქციონერთა საერთო კრებაზე წესდებაში ცვლილების შეტანის გზით, საზოგადოების კაპიტალი გაიზარდა 30 000 000 ლარამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააქციო საზოგადოების აქციათა 90%-ის მფლობელ აქციონერთა მიერ ერთხმად იქნა მიღებული.

79. საკასაციო სასამართლო მეორე კასატორის ყურადღებას, უპირველეს ყოვლისა, მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (მე-3 მუხლის 51 და 52 პუნქტები, 91 მუხლის მე-6 პუნქტი, 54-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები) არ არსებობს პირდაპირი ჩანაწერი, რომელიც დაავალდებულებდა სააქციო საზოგადოებას კაპიტალის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას ყველა აქციონერის თანხმობით. კანონმდებელმა აღნიშნული საკითხის განსაზღვრის თავისუფლება მიანიჭა თავად აქციონერებს, რომელთა მიერ დადგენილი წესები ასახულია წესდებაში.

80. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე კომპანიის წესდების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კრებაზე ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე ხმის მქონე აქციონერთა ხმების 50%-ზე მეტის თანხმობით.

81. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონში პირდაპირი ჩანაწერის არარსებობის მიუხედავად, მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელია, წესდების ცვლილების გზით საზოგადოების კაპიტალის გაზრდა რამდენად არის შემხებლობაში აქციონერის ხმის უფლებასთან, მოგებაში/ზარალში მის წილთან ან ლიკვიდაციისას მის უფლებებთან („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 51 პუნქტი); ხომ არ აუქმებს აქციონერის რეგისტრირებულ უფლებას, ან მას ისეთ ვალდებულებას ხომ აკისრებს, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 52 პუნქტი); ამ გადაწყვეტილების შინაარსი ხომ არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე აქციონერისათვის ანდა ხომ არ ხელყოფს აქციონერის არსებით ინტერესებს („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-9 პუნქტი).

82. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 2013 წლის 19 ნოემბრის აქციონერთა საერთო კრების სადავო გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, საზოგადოების 30 000 000 ლარით განსაზღვრის შემდეგ, საზოგადოების გაუნაღდებელი (განუთავსებელი) აქციების შევსების შესაძლებლობა მიეცა ყველა აქციონერს 15 დღის ვადაში, 2013 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ვადაში საზოგადოების შეუვსებელი კაპიტალის შევსების და, შესაბამისად, შესატყვისი აქციების მიღების უფლება მიენიჭათ საზოგადოების აქციონერებს ისე, რომ მათ შორის აქციათა გადანაწილების პროპორცია დარჩა უცვლელი.

83. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2013 წლის 19 ნოემბრის აქციონერთა საერთო კრების სადავო გადაწყვეტილებით აქციონერის გაუნაღდებელი აქციების შეუვსებლობა არ იწვევდა აქციონერის რეგისტრირებული უფლების გაუქმებას (მაგ: აქციათა შემცირებას, აქციონერის გარიცხვას და სხვა).

84. ამასთან, საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ 2013 წლის 19 ნოემბრის აქციონერთა საერთო კრების სადავო გადაწყვეტილება კაპიტალის გაზრდის თაობაზე უშუალოდ არ შეხებია მოსარჩელის მიერ განხორციელებულ შენატანებს და აქციათა რაოდენობას. მას საკუთრებაში კაპიტალის გაზრდამდე ჰქონდა 400 ცალი აქცია (ტ. I. ს.ფ. 189) და კაპიტალის გაზრდის შემდეგაც, თუ არ შეავსებდა კაპიტალს თავისი წილის პროპორციულად დარჩებოდა იმავე რაოდენობის აქციები (იხ. ტ. I, ს. ფ. 230). ამ გადაწყვეტილებით მისი აქციების რაოდენობა არ შემცირდებოდა.

85. მეორე კასატორის არგუმენტი, რომ, თუ აქციონერი საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში ვერ შეძლებს ან მიზანშეწონილად არ ჩათვლის განთავსებული აქციების შეძენას, მისი აქციების წილი სხვა აქციონერების წილებთან მიმართებაში მკვეთრად შემცირდება და, შესაბამისად, შემცირდება მისი ხმის უფლებაც, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, არ წარმოადგენს კაპიტალის გაზრდის უშუალო, პირდაპირ და გარდაუვალ შედეგს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კაპიტალის გაზრდის შემდეგ, მოსარჩელის მიერ აქციათა გადანაწილების პროპორციულად აქციების შევსების შედეგად, მისი წილის პროცენტულობა არ შემცირდებოდა და დარჩებოდა იგივე, შესაბამისად, მისი ხმების მოცულობაც იქნებოდა მისი შენატანის შესატყვისი.

86. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2013 წლის 19 ნოემბრის აქციონერთა საერთო კრების სადავო გადაწყვეტილება კაპიტალის გაზრდის თაობაზე არ წარმოადგენს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ იწვევს აქციონერის ხმის უფლების ან წილის შემცირებას.

87. რაც შეეხება კაპიტალის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 2013 წლის 19 ნოემბრის აქციონერთა საერთო კრების სადავო გადაწყვეტილებით ყველა აქციონერს მიეცა გაუნაღდებელი აქციების შევსების შესაძლებლობა აქციათა განაწილების პროპორციულად, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით რომელიმე აქციონერისთვის არ შექმნილა არათანაბარი მდგომარეობა და არ შელახულა მათი არსებითი ინტერესები.

88. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კანონით დადგენილი არ არის საზოგადოების მიერ კაპიტალის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილების ერთხმად მიღების იმპერატიული მოთხოვნა და, ამასთან, სახეზე არ არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 51 და 52 პუნქტებით, აგრეთვე, 91 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.

89. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ კანონის ისეთი ინტერპრეტაცია, რომლითაც დადგინდება აქციონერთა მიერ სააქციო საზოგადოების კაპიტალის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილების ერთხმად მიღების იმპერატიული წესი, შეიძლება გახდეს კაპიტალური საზოგადოების განვითარების დამაბრკოლებელი ფაქტორი, ვინაიდან აქციონერი, რომელსაც არ შესწევს უნარი განახორციელოს დამატებითი შენატანი ან შეავსოს განუთავსებელი აქციები მისი წილის პროპორციულად, უმრავლეს შემთხვევაში, ხმას მისცემს მსგავსი გადაწყვეტილების წინააღმდეგ თავისი პროცენტული წილის შესანარჩუნებლად, რაც, საბოლოო ჯამში, დააზიანებს კაპიტალური საზოგადოებების განვითარების პროცესს. ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, უმთავრესია, რომ აქციონერები არ იქნენ ჩაყენებულნი არათანაბარ მდგომარეობაში და თანაბრად მიეცეთ თავიანთი ქონებრივი უფლებების განხორციელების შესაძლებლობა.

90. მეორე კასატორის საკასაციო პრეტენზია მდგომარეობს ასევე იმაში, 2013 წლის 19 ნოემბრის კრების მოწვევის შეტყობინებას არ ერთვოდა დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები, რაც სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია კრების ოქმის ბათილობის საფუძვლად, გამომდინარე იქედან, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობდა წინასწარი კონსულტაციები.

91. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს 2013 წლის 19 ნოემბრის კრების ოქმის ბათილობის საკითხი სწორედ კანონით დადგენილი ზემოაღნიშნული წესის დარღვევის კუთხით.

92. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებასთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მისაღებად.

93. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები ემსახურება აქციონერის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებას, იმის განსაზღვრას, თუ რა შედეგს მოუტანს საზოგადოებასა და აქციონერის ქონებრივ ინტერესებს კონკრეტული გადაწყვეტილება.

94. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხის 2013 წლის 29 ოქტომბრის წერილით, მოსარჩელეს, როგორც საზოგადოების აქციონერს, ეცნობა, რომ 2013 წლის 19 ნოემბერს 15 საათზე მოწვეული იყო მოპასუხე კომპანიის აქციონერთა საერთო კრება. დღის წესრიგში მითითებული იყო საზოგადოების კაპიტალის დადგენა და შევსების წესის განსაზღვრა, საზოგადოების მოქმედ წესდებაში ცვლილებების შეტანა და შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში რეგისტრაცია, მოპასუხე კომპანიაში სხვა მიმდინარე საკითხების განხილვა; 2013 წლის 18 ნოემბერს, მოსარჩელის წარმომადგენელმა წერილობით მიმართა საზოგადოების დირექტორს და მიუთითა, რომ კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას თან არ ახლდა დირექტორების და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები, რაც ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენდა გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა კანონით დადგენილი წესით ახალი კრების მოწვევა.

95. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის, აქციონერთა გადაწყვეტილება ორმხრივი/მრავალმხრივი გარიგებაა, რომელიც სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გარიგების ნამდვილობის ყველა ელემენტს უნდა აკმაყოფილებდეს (იხ. სუსგ №ას-863-813-2015, 2015 წლის 17 დეკემბერი). შესაბამისად, აქციონერთა კრების ოქმზეც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის საფუძვლები. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს.

96. მოცემულ შემთხვევაში, აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას თან არ ახლდა დირექტორების და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები, რაც წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას, რაც, თავის მხრივ, ქმნის მრავალმხრივი გარიგების ბათილობის საფუძველს, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.

97. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გარიგების ბათილად ცნობის საკითხის გადაწყვეტისას ბათილობის საფუძვლის არსებობასთან ერთად უნდა არსებობდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული მოსარჩელის მოთხოვნის ნამდვილი იურიდიული ინტერესი.

98. საკასაციო სასამართლო უპირველესად ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციაზე, რომლის თანახმად, ვინაიდან საზოგადოების კაპიტალის გაზრდას მხარი დაუჭირეს აქციათა 90%-ის მფლობელმა აქციონერებმა, შესაბამისად, აქციონერთა 2013 წლის 19 ნოემბრის კრების გადაწყვეტილების სასამართლო წესით ბათილობის პირობებშიც, შესაძლებელია, დომინანტი პარტნიორების მხრიდან იგივე გადაწყვეტილების ხელახლა მიღება, რაც მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს, ფორმალური საფუძვლით კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, არანამდვილს ხდის. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსგავსი მიდგომა არ გამომდინარეობს სამართალში დამკვიდრებული ქცევის კეთილსინდისიერების პრინციპიდან, რომლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი (სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი). სააპელაციო სასამართლოს მიერ ნორმის მსგავსი განმარტება, შესაძლოა, მომავალში აღმოჩნდეს დომინანტი აქციონერის ან აქციონერთა ჯგუფის არაკეთილსინდისიერი ქცევის წამახალისებელი.

99. აქციონერთა კრების გადაწყვეტილების, როგორც მრავალმხრივი გარიგების, ბათილად აღიარების მოთხოვნის განხილვისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ რამდენად ნამდვილი იურიდიული ინტერესი გააჩნია ამ მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს.

100. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო შეამოწმებდეს სარჩელის საფუძვლიანობას, მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას?...სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა“ (იხ. სუსგ №ას-838-802-2014, 2015 წლის 19 მარტი).

101. საკასაციო სასამართლომ მოცემულ დავაში უნდა შეაფასოს, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების გაზიარების შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღწევა თუ არა იურიდიული ინტერესი - დარღვეული უფლების ეფექტური დაცვა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს აქციონერთა კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობით საზოგადოების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება, რაც ფორმალური თვალსაზრისით შეიძლება მიუთითებდეს ასევე მოსარჩელის ნამდვილ იურიდიულ ინტერესზე.

102. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნამდვილი იურიდიული ინტერესის შეფასებისას უნდა დადგინდეს აქციონერის მიერ უფლების განხორციელების მართლზომიერის საკითხი, რამდენადაც დავა ეხება საზოგადოების დომინანტ და მინორიტარ აქციონერებს და მათ მიერ უფლება-მოვალეობათა რეალიზაციის კანონიერებას, ანუ, სხვაგვარად რომ ითქვას, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, აქციონერის იურიდიული ინტერესი რამდენად არის მიმართული მისი მართლზომიერი უფლების დაცვისა და განხორციელებისკენ.

103. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კაპიტალურ საზოგადოებაში, რომელსაც განეკუთვნება სააქციო საზოგადოება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმცირესობაში მყოფი აქციონერის უფლებების დაცვა, რათა უმრავლესობაში მყოფმა აქციონერმა, დომინანტური მდგომარეობის გამოყენებით, ზიანი არ მიაყენოს მას, თუმცა, ასევე არანაკლებ აუცილებელია უმცირესობაში მყოფმა აქციონერმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბოროტად არ ისარგებლოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით და თავისი ქმედებებით არ შეაფერხოს საზოგადოების განვითარება.

104. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლოს უპირველეს ამოცანას წარმოადგენს სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფა. ნებისმიერი დავის განხილვისას სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ამოწმებს თავად კრების გადაწყვეტილებას შინაარსობრივი თვალსაზრისით, რათა დადგინდეს სამეწარმეო ურთიერთობის სფეროს მიკუთვნებული სუბიექტების ქმედების მართლზომიერება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახეზეა თუ არა მინორიტართა ინტერესების დარღვევის ფაქტი და მიღებული გადაწყვეტილება სამეწარმეო ურთიერთობის სუბიექტთა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწონის თუ არა უმცირესობაში მყოფ აქციონერთა ინტერესებს. ამასთან, მნიშვნელოვანია გაირკვეს აქციონერთა უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხომ არ იყო მიმართული უმცირესობაში მყოფი აქციონერის უფლებების შელახვისკენ და ხომ არ ემსახურებოდა მის მიზანმიმართულ განდევნას საზოგადოების საქმიანობიდან.

105. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე აქციონერთა კრების ოქმის ბათილობას ითხოვს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას თან არ ახლდა დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები, თუმცა იგი არ უთითებს, რომ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ლეგიტიმური სამეწარმეო მიზანი და იგი მიღებული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზიანი მიეყენებინა უმცირესობაში მყოფი აქციონერისათვის. ამავე დროს, მოპასუხე კომპანია თავის შესაგებელში უთითებს, რომ საზოგადოება დგას ფინანსური სიძნელეების წინაშე. მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი ცნობის მიხედვით (ტ. I, ს.ფ. 147), 2012 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით მისი სასესხო ვალდებულება შეადგენდა ჯამში 4 476 457,26 ლარს და 17 598 807,95 აშშ დოლარს, 2013 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით კი - 6 649 290,09 ლარს და 26 372 255,20 აშშ დოლარს, ხოლო 2014 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით, 16 230 234,78 ლარს და 24 480 785,20 აშშ დოლარს. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, მოპასუხე კომპანიის ერთ-ერთ აქციონერს და, ამავე დროს, ერთ-ერთ ძირითად კრედიტორსაც წარმოადგენს შპს „ა.“ 16 154 684 ლარის ნაწილში, რომელმაც დაიწყო მზადება არაპროპორციული წესით საზოგადოების კაპიტალის შევსებისთვის. საქმეში მოიპოვება „სს „გ-ის“ 99,9867% აქციების შპს „ა.“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება №… (იხ. ტ. I, ს. ფ. 182), რომლიდანაც ირკვევა, რომ მოპასუხე კომპანიის 4%-ის მფლობელს შპს „ა.“-ს განზრახული აქვს შეავსოს მოპასუხე კომპანიის კაპიტალის გაზრდილი ნაწილი, შეიტანოს საზოგადოებაში არაუმეტეს 29 996 000 ლარი და დამატებით გახდეს 99,9867%-მდე აქციების მესაკუთრე. მოპასუხის განმარტებით, შპს „ა.“-ის მზაობის გამოყენება მოპასუხე კომპანიისთვის არის პრობლემებიდან თავის დაღწევის რეალური შესაძლებლობა, ვინაიდან დიდი ალბათობით მოპასუხე კომპანიისადმი შპს „ა.“-ის მოთხოვნა გაიქვითება. გასაჩივრებული ოქმის ბათილობა კომპანიას უახლოეს მომავალში დააყენებს გადახდისუუნარობის წინაშე. ბათილობა გამოიწვევს რა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, პრაქტიკულად იურიდიულ ძალას დააკარგვინებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანხმობას, რომელიც გაიცა შპს „ა.“-ის სასარგებლოდ. გასაჩივრებული აქტის ბათილობა ჩააყენებს მოპასუხე კომპანიას მძიმე მდგომარეობაში და გარკვეული ალბათობით მოპასუხე კომპანიის აქციების ლიკვიდურობა დაეცემა, რაც არა მხოლოდ მოსარჩელის, არამედ - დანარჩენი აქციონერების ინტერესებსაც შელახავს.

106. საკასაციო სასამართლო უთითებს აგრეთვე მოპასუხე კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოპასუხე კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ გაცემულ 2014 წლის 20 მაისის ცნობაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოპასუხე კომპანიას 2014 წლის 20 მაისის მდგომარეობით ერიცხება საკრედიტო დავალიანება სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ არანაკლებ 66 (სამოცდაექვსი) მილიონი ლარის ოდენობით. ამასთანავე, მოპასუხე კომპანიის მთლიანი აქტივების ღირებულება შეადგენს მაქსიმუმ 40 (ორმოცი) მილიონ ლარს. წერილის მიხედვით, კომპანიაში შიდა აუდიტის მიერ მიმდინარეობს კომპანიის აქტივების და ვალდებულებების ზუსტი აღწერა, რომლის დასრულებისთანავე დაზუსტდება ინფორმაცია კომპანიის ვალდებულებებისა და აქტივების რაოდენობის შესახებ. ამასთან, წერილში მითითებულია, რომ აუდიტორების მიერ დადგენილი თანხები არ გაცდება წინამდებარე ცნობაში მითითებულ მაქსიმალური და მინიმალური თანხების ოდენობას. წერილში დამატებით მითითებულია, რომ უკანასკნელი სამი საგადასახადო წლის განმავლობაში (2011, 2012 და 2013 წლები) კომპანიას წმინდა მოგება არ ჰქონია და შესაბამისად არ მომხდარა საზოგადოების აქციონერებზე დივიდენდების გაცემა.

107. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, 2013 წლის 19 ნოემბრის აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების მიღების მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ფინანსური სიძნელეებიდან გამოყვანა და, კაპიტალის გაზრდის გზით, მისი განვითარება.

108. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ შეძლო სასამართლოსთვის წარმოედგინა მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მისი გადაწყვეტილება არ იყო მიმართული მოსარჩელის, როგორც მინორიტარი აქციონერის საზოგადოებიდან განდევნისკენ და მას ამოძრავებდა საზოგადოების გადარჩენისა და განვითარების ლეგიტიმური სამეწარმეო მიზანი, ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საქმის მასალებიდანაც ირკვევა, რომ მოპასუხე კომპანიის 2012 წლის 21-24 დეკემბრის, 2013 წლის 6 მარტის, 2013 წლის 26 აპრილის, 2013 წლის 8 ივლისის და 2013 წლის 3 სექტემბრის კრების ოქმების თანახმად, საზოგადოების აქციონერებს შორის მიმდინარეობდა კონსულტაციები, საწესდებო კაპიტალის გაზრდისა და საწესდებო კაპიტალის შევსების ვადის საკითხებზე, რომელსაც ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებასთან მიმდინარეობდა წილის გამოსყიდვის თაობაზე კონსულტაციები, ყოველივე ჩამოთვლილი ფაქტობრივი გარემოებები მეტყველებს იმაზე, რომ მოსარჩელისთვის არ ყოფილა მოულოდნელი კაპიტალის გაზრდის თაობაზე კრების გადაწყვეტილება და მას, კრებაზე დასწრების შემთხვევაში, შეეძლო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციების გარეშეც.

109. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარემ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების სამეწარმეო მიზნის მართლზომიერებაში. საპირისპირი მტკიცებულებები კი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

110. საკასაციო პალატა აღნიშნავს, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი სარწმუნო და დამაჯერებელი არგუმენტაცია, თუ რა კონკრეტული მიზნის მიღწევას ემსახურება საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აქციონერთა კრების გადაწყვეტილების ბათილობა არ არის მიმართული აქციონერის მართლზომიერი უფლების განხორციელებისკენ, კრების მოწვევის შეტყობინებაზე რეკომენდაციების დაურთველობის მოტივით კრების ოქმის ბათილად ცნობამ შეიძლება არსებითად დააზიანოს საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესები, რასაც ვერ გადაწონის მოსარჩელი იურიდიული ინტერესი.

111. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 2013 წლის 19 ნოემბრის კრებაზე საზოგადოების აქციათა 90%-ის მფლობელი აქციონერების მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

112. რაც შეეხება მეორე კასატორის პრეტენზიას, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 32 პუნქტის თანახმად, არ არსებობს საზოგადოებისათვის სპეციალური შემოწმების საკუთარი ხარჯით ჩატარების საფუძველი, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც მან ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტსა და ამავე კანონის 53-ე მუხლის 32, 35 პუნქტებზე დაყრდნობით შემოწმების ხარჯები დააკისრა მოსარჩელეს იმ დასაბუთებით, რომ მას არც კანონი და არც საზოგადოების წესდება არ ავალდებულებდა მონაცემების შედარების მიზნით სპეციალური შემოწმების საკუთარი ხარჯით ჩატარებას.

113. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საქმეზე Chadzitaskos And Franta v. The Czech Republic მეორე კასატორის მითითებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მეორე საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ მოხმობილ საქმეში დავა ეხებოდა აქციების სანაცვლოდ მისაღები კომპენსაციის ოდენობის გასაჩივრებისათვის საარბიტრაჟო მექანიზმის დაწესების შესაბამისობას ევროკონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ უფლებასთან სამართლიან სასამართლოზე და, აქედან გამომდინარე, ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პროცედურული მხარის დარღვევას. შესაბამისად, მეორე კასატორის მიერ მითითებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს წინამდებარე დავის საგანთან.

114. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მეორე კასატორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

115. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: (ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; (ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; (გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

116. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ო. ს-ისა და სს „გ-ის“ საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე