Facebook Twitter

№ ას-252-240-2017 28 აპრილი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჩ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ. ჩ-ემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-ის (შემდგომში „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ნ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება; ამავე სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა გურჯაანის რ-ნის სოფ. ჩ-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: ...) და დადგინდა აღნიშნული ქონებიდან მოპასუხის გამოსახლება.

5. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით აპელანტს განესაზღვრა 7 დღის ვადა და დაევალა მიეთითებინა რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და/ან სამართლებრივი უსწორობა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შედეგების თაობაზეც.

8. ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება აპელანტს პირადად ჩაბარდა 2017 წლის 9 იანვარს, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მისთვის განჩინებით დადგენილი 7 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღეს, 10 იანვარს და ამოიწურა 2017 წლის 16 იანვარს. ვინაიდან დადგენილ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული და აპელანტს არც ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. გ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

10. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით წაერთვა სასამართლოსთვის ხელმისაწვდომობის უფლება. ხარვეზის განჩინების ჩაბარების შემდგომ მან მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო აღრიცხულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი თხოვნა, რითაც უგულებელყო მხარის კონსტიტუციური უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი თხოვნა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ, რის გამოც დაარღვია მხარის უფლება სასამართლო ხელმისაწვდომობაზე.

14. საკასაციო სასამართლო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სასამართლოში სამოქალაქო საქმისწარმოებისას საპროცესო მოქმედებების შესრულების წესი განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

17. საქმის მასალებით დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტს გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე 2017 წლის 9 იანვარს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 4-5). სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამოიწურა 2017 წლის 16 იანვარს. აპელანტმა კი საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით განცხადება სასამართლოში წარადგინა 2017 წლის 23 იანვარს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 9-10), ანუ განჩინებით განსაზღვრული ვადის დარღვევით.

18. ზემოაღნიშნულ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, იმ პირობებში, როდესაც აპელანტს სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინება ხარვეზის დაწესების შესახებ კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, ხოლო ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მას ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, სააპელაციო პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივით გაეგრძელებინა ვადა აპელანტისთვის, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სადავო განჩინებით დადგენილი გარემოებების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე