Facebook Twitter

№ ას-323-306-2017 28 აპრილი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ნ. ტ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ტ-ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ც.“-ის მიმართ და მოითხოვა ქ. გორში, ...-ში მდებარე ავტოფარეხი N3-ის ნ. ტ-ისათვის გადაცემის შესახებ ბმა „ც.“-ის 2012 წლის 24 დეკემბრის კრების ოქმის ბათილად ცნობა.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. 2015 წლის 29 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რაც საჩივრით გაასაჩივრა ნ. ტ-ემ.

4. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

5. რაიონული სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ტ-ემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარემ რ. ბ-მა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ არსებობდა ნ. ტ-ის მიერ სადავო ავტოფარეხის გასხვისების საფუძვლიანი ეჭვი, შესაბამისად, მოითხოვა ქ. გორში, ...-ში მდებარე, ნ. ტ-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ავტოფარეხზე (საკადასტრო კოდი: ...) ყადაღის დადება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით რ. ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ნ. ტ-ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ავტოფარეხის) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

8. სასამართლომ განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების პროპორციულობისა და ადეკვატურობიდან გამომდინარე, სახეზე არ იყო ყადაღის გამოყენებით მოპასუხისათვის (აპელანტისათვის) ყველა გარიგების დადების აკრძალვის აუცილებლობა და მოპასუხისათვის კუთვნილი ქონების მხოლოდ გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა სრულად უზრუნველყოფდა გადაწყვეტილების დაცვას აღუსრულებლობისაგან.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ნ. ტ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელს სადავო ავტოფარეხზე არანაირი უფლება არ გააჩნია, მას აღნიშნულ მისამართზე არასოდეს უცხოვრია. საჩივრის ავტორი ასევე უარყოფს განმცხადებლის მოსაზრებას მის მიერ სადავო ფართის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ავტოფარეხი ესაჭიროება ოჯახის აუცილებლობისათვის და მის გასხვისებას არასდროს აპირებს.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

11. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესების ორმხრივი შეფასების შედეგად დაასკვნა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნება მიზანშეწონილია, რადგან მისი გამოყენება ნაკლები საფრთხის შემცველია მოპასუხისთვის, ვიდრე მისი გამოუყენებლობა მოსარჩელისთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ტ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერსების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

16. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რომ გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ც.“-ის 2012 წლია 24 დეკემბრის N3 კრების ოქმი, რომლის საფუძველზე ნ. ტ-ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. გორში ც.-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი - ავტოფარეხი N3 - ბათილად იქნა ცნობილი. აღნიშნული გადაწყვეტილება უცველი დარჩა რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით.

17. აღნიშნულის საფუძველზე რ. ბ-ი მოითხოვს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას - ნ. ტ-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ სადავო ავტოფარეხზე ყადაღის დადებას. მხარე თავის მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ნ. ტ-ის მიერ სადავო ფართის გასხვისების შესახებ, რაც განმცხადებლის აზრით, შეუძლებელს გახდის მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას.

18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება - სადავო ფართის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა - გაუმართლებელია. საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა მოსარჩელის მიერ მითითებული ვარაუდების გამაქარწყლებელი არგუმენტები. ნ. ტ-ის მოსაზრება, რომ განმცხადებელს სადავო ავტოფარეხზე არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია, ვერ გახდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვის ეტაპზე არ ხდება სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმება, რაც გამორიცხავს სასამართლოს მიერ საჩივრის ავტორის იმ მოსაზრებაზე მსჯელობას, რომელიც ეხება სადავო ავტოფარეხზე საკუთრების მოპოვების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის შესწავლას. აღნიშნული არსებითად სცდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დაუშვებლობის საფუძველს არ წარმოადგენს ასევე საჩივრის ავტორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ იგი არ აპირებს სადავო ფართის გასხვისებას.

19. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობაა საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან აღსრულება მნიშვნელოვანწილად გაძნელდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა რ. ბ-ის სარჩელი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განჩინებით დარჩა ძალაში, რაც კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდის განმცხადებლის მოთხოვნას.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ნ. ტ-ის საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. ტ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე