Facebook Twitter

№ ას-809-776-2016 4 აპრილი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „სადაზღვევო კომპანია ჯ-ი" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. შ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს სადაზღვევო კომპანია „ჯ-მა“ (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. შ-ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 30 753 ლარის გადახდის დაკისრება.

2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 23 ივნისს თბილისში, … მდებარე შპს „ა-ას“ კუთვნილ მაღაზიაში ჭერიდან ჩამოსულმა წყალმა დატბორა მაღაზიის ფართის ნაწილი და საწყობი. წყალი ჩამოვიდა მაღაზიის თავზე მდებარე ბინიდან, რომლის მისამართია ... მოპასუხე არის აღნიშნული ბინის მესაკუთრე. წყალმა დააზიანა ტექნიკის ნაწილი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 107 339,50 ლარს, ხოლო ნარჩენი ღირებულება - 79 890 ლარს, შესაბამისად, მიყენებული ზიანის ოდენობა არის 27 449 ლარი. შპს „ა-ას“ ქონება დაზღვეული იყო მოსარჩელის მიერ, ასანაზღაურებელმა თანხამ, ფრანშიზის - 1003 ლარის გამოკლებით, შეადგინა 26 446 ლარი. მოსარჩელემ აანაზღაურა ზიანი. მოსარჩელესა და შპს „ქართულ საშემფასებლო კომპანიას“ შორის 2013 წლის 25 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება შპს „ა-ას“ დაზიანებული ელექტროტექნიკის ნარჩენი ღირებულების შეფასების შესახებ. აღნიშნულმა მომსახურებამ შეადგინა 4307 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნამ მოპასუხის მიმართ საბოლოოდ შეადგინა 30 753 ლარი.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ მან ზიანი მიაყენა შპს „ა-ას“. ის ფაქტი, რომ იგი არის თბილისში, …№… ბინის მესაკუთრე, არ ნიშნავს იმას, რომ ზიანი სწორედ მისმა ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია.

4. მოპასუხემ განმარტა, რომ წყლის ჩასვლის თაობაზე შეიტყო ერთი თვის შემდეგ შპს „ა-ას“ წერილით, რომელიც ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძახებული საპატრულო პოლიციის მიერ არ მომხდარა დათვალიერების ოქმის შედგენა, არ ჩატარებულა ექსპერტიზა წყლის ჩასვლის მიზეზის გამოსაკვლევად, არ მომხდარა დაზიანებული ტექნიკის აღწერა, უცნობია, კონკრეტულად რა საქონელი იყო იმ მომენტში საწყობში და რას ჩაუტარდა მოსარჩელის მიერ ექსპერტიზა. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შეფასების დასკვნაში, 37-ე გვერდზე, მითითებულია იმ ქონების ჩამონათვალი, რომელიც დასველებულია და მათი ჯამური ღირებულება შეადგენს 837 ლარს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, აგრეთვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ას-663-624-2011 განჩინებაზე და სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით განმარტა, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან.

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, აგრეთვე, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების კუმულატიური პირობები: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესს: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს მისთვის ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამის შემდეგ, ზიანის მიმყენებელმა, თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. ზიანი გულისხმობს პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესებას. ქონებრივი ზიანი განისაზღვრება დაზარალებულის ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით, ზიანის გამომწვევი ქმედების ჩადენამდე და მის შემდეგ. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ იმისათვის, რათა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის მოთხოვნა და მოპასუხე მხარეს დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურება, დადგენილი უნდა ყოფილიყო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი, სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვეული პირისათვის სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

10. ქ. თბილისში, ….-ში მდებარეობს ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. კორპუსის ქვეშ მდებარეობს შპს „ა-ას“ კუთვნილი ტექნიკის მაღაზია. მაღაზიის ნაწილი განთავსებულია მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის ქვეშ.

11. 2013 წლის ივნისის თვეში, მაღაზიაში ჭერიდან ჩავიდა წყალი, დატბორა მაღაზიის ფართის ნაწილი და საწყობი. საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საბურთალოს მიმართულების პირველი ოცეულის პატრულ-ინსპექტორების მიერ შედგენილი იქნა ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ „2013 წლის 16 ივნისს გამოცხადდნენ ქ. თბილისში, … მდებარე შპს „ა-ას“ მაღაზიაში, სადაც დახვდათ დაზიანებული ტექნიკა. ტექნიკა დაზიანებულია მეორე სართულზე მცხოვრები მოქალაქის ბინიდან ჩამოსული წყლით. შპს „ა-ას“ დირექტორს განემარტა მიემართა სასამართლოსათვის“.

12. შპს „ა-ას“ ქონება დაზღვეული იყო მოსარჩელის მიერ და მზღვეველის მიერ დაზღვეულისათვის გადახდილი იქნა 26 446 ლარი.

13. 2013 წლის 22 ივნისს შპს „ა-ას“ და მოქალაქე ნ. ა-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულებით ნ. ა-მა იკისრა შპს „ა-ას“ … მაღაზიაში ჭერის შეკეთების სამუშაოები. მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 60 ლარით.

14. 2013 წლის 17 სექტემბერს შპს „ა-ას“ აღმასრულებელ დირექტორს ბატონ კ. ჭ-ეს სადაზღვევო კომპანიიდან გაეგზავნა წერილი. წერილში აღნიშნულია, რომ შპს „ქართული საშემფასებლო კომპანიის“ წინასწარი დასკვნით, ზარალის ოდენობა მარაგების ნაწილში შეადგენს მიახლოებით 17 484,49 ლარს.

15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოდ იყო გამხდარი მოპასუხის ბრალეულობა მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით, მიყენებული ზიანი და მისი ოდენობა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან ბრალეული ქმედების არსებობის ფაქტი.

16. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მოპასუხის არაბრალეულობის თაობაზე და აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ გამოთქმული ვარაუდი (მოსაზრება) მისი ბინის გავლით წყლის ჩასვლის თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, ვერ იქნებოდა მიჩნეული მოპასუხის მიერ ფაქტის დადასტურებად, რადგანაც მოპასუხე სარჩელს არ ცნობდა. ამასთან, დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ის გარემოება, რომ წყალი სწორედ მოპასუხის ბინიდან და მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ჩავიდა და დააზიანა ტექნიკა, უნდა დაედასტურებინა მოსარჩელეს. მითითებულ საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ქ.თბილისში, … მდებარე შპს „ა-ას“ კუთვნილი ტექნიკის მაღაზიის მხოლოდ ნაწილი იყო განთავსებული მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის ქვეშ. საქმეში, თავის მხრივ, არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა, დადგენილი ყოფილიყო მაღაზიის რა ნაწილში მოხდა წყლის ჩადინება, ე.ი. მოპასუხის კუთვნილი ბინის ქვეშ თუ შენობის სხვა ნაწილიდან. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამხვილა, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას არც სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის მხრიდან და არც საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მცდელობას დაეთვალიერებინათ მოპასუხის ბინა, შესაბამისი კერის დადგენის მიზნით, რაც იძლეოდა იმის საფუძვლიან ვარაუდს, რომ მოცემულ პირებს არ ჰქონიათ ეჭვის გაჩენის საფუძველი მოპასუხის ბრალეულ ქმედებასთან მიმართებაში.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა იმ ფაქტების არსებობა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა სარჩელის, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

19. საკასაციო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე არაერთგზის აღნიშნავდა, რომ წყალი შპს „ა-ას“ კუთვნილ ფართში ჩავიდა მისი ფართის გავლით, შესაბამისად, უდავოა გარემოება, რომ წყალი ჩავიდა შპს „ა-ას“ მაღაზიაში მოპასუხის ბინიდან, უფრო მეტიც, კასატორის განმარტებით, მოპასუხე პირდაპირ უთითებს კონკრეტულ ადგილს (დიდი მისაღები ოთახის კედელი). კასატორის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ მოპასუხემ მიუთითა მისი ბინის გავლით წყლის ჩასვლის თაობაზე, ერთი მხრივ, ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ ზემოაღნიშნულ გარემოებას და, მეორე მხრივ, მოპასუხეს აკისრებს მტკიცების ტვირთს, რომ გამორიცხოს თავისი ბრალეულობა მომხდარ ფაქტში.

20. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, რის შედეგადაც დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, ამასთან, მისი განმარტებით, მტკიცების ტვირთის განაწილების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან და მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაზე საქმეზე №ას-366-685-09.

21. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხეს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ მიუთითებია შპს „ა-ას“ მაღაზიის თავზე, მისი ბინის გარდა, სხვა ბინის არსებობის თაობაზე და არც შესაბამისი მტკიცებულება ყოფილა წარმოდგენილი.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებით სს „სადაზღვევო კომპანია ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „სადაზღვევო კომპანია ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

26. მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება სუბროგაციის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას. კასატორი სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილებაზე მიუთითებს და სადავოდ ხდის მის მიერ დაზღვეული კომპანიისათვის მიყენებულ ზიანში მოპასუხის ბრალეულობის ფაქტს. მისი აზრით, სწორედ მოპასუხის ბინიდან და მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ჩავიდა წყალი შპს ა-ას“ კუთვნილ ფართში, რაც მოპასუხეს აკისრებს მტკიცების ტვირთს, გამორიცხოს თავისი ბრალეულობა მომხდარ ფაქტში.

27. პირველ რიგში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები.

28. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. ნორმის აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან.

29. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, … მდებარე ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ მდებარეობს შპს „ა-ას“ კუთვნილი ტექნიკის მაღაზია, რომლის ნაწილი განთავსებულია მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის ქვეშ. 2013 წლის ივნისის თვეში, მაღაზიაში ჭერიდან ჩავიდა წყალი, დატბორა მაღაზიის ფართის ნაწილი და საწყობი, რომელში განთავსებული ქონებაც დაზღვეული იყო მოსარჩელის მიერ. დადგენილია, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურდა სადაზღვევო კომპანიის მიერ.

30. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია მოპასუხის ბინის გავლით შპს „ა-ას“ კუთვნილ ფართში წყლის ჩასვლა, აღნიშნული გარემოება მოპასუხის ბრალსა და შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ მის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

31. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი დამქირავებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

32. კონკრეტულ შემთხვევაში სამართლებრივი სიკეთე (შპს „ა-ას“ ქონება) ხელყოფილი უნდა ყოფილიყო ბინის მესაკუთრის ქმედებით, რაც წინამდებარე საქმის მასალებით არ დგინდება.

33. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორის მითითება, რომ მოპასუხის ბინის გავლით შპს „ა-ას“ კუთვნილ ფართში წყლის ჩასვლით დასტურდება მოპასუხის ბრალი დამდგარ ზიანში, არ წარმოადგენს იმგვარ მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასა და მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ფაქტს.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

35. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ №ას-581-549-2011, 5 სექტემბერი, 2012 წელი, სადაც განმარტებულია სუბროგაციის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების საფუძვლები), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სს „სადაზღვევო კომპანია ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 538 ლარის 70% – 1076.6 ლარი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „სადაზღვევო კომპანია ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს სს „სადაზღვევო კომპანია ჯ-ს“ (ს/კ:…) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 2 აგვისტოს სს „თი ბი სი ბანკის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 538 ლარის 70% – 1076.6 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე