Facebook Twitter

№ ას-723-691-2016 4 აპრილი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ი-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ს-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. ი-მა (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ წ-ისა და მისი დირექტორის გ. გ-ის მიმართ და მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 აპრილის #81 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ“ დებულების შესაბამისად სახელფასაო დავალიანების ანაზღაურება.

2. სარჩელის თანახმად, 2008-2009-2010 წლებში მოსარჩელე მუშაობდა სსიპ წ-ში მთავარ ბუღალტრად და იღებდა შესაბამის გასამრჯელოს. ამავე დროს, იგი სახელფასო ანაზღაურებას იღებდა საგრანტო ხელშეკრულებების საფუძველზე გრანტის ზედნადები ხარჯებიდან. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხეს მის მიმართ აქვს დავალიანება, რაც შეადგენს: 2008-2010 წლების #205 გრანტიდან 8000 ლარს, 2009-2010 წლების #433 გრანტიდან - 2500 ლარს და 2009-2011 წლების ევროგრანტიდან - 500 ევროს. აღნიშნული თანხები არასწორად განკარგა სსიპ წ-ის დირექტორმა, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს კუთვნილი სახელფასო დავალიანების მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა.

3. სარჩელზე მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი წარადგინა სსიპ ს-მა (შემდგომში „მოპასუხე“), რომელმაც განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის #210 დადგენილების შესაბამისად, სსიპ წ-ი შეუერთდა სსიპ ს-ს. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მიუთითებს მის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობაზე, თუმცა არ განმარტავს, კონკრეტულად რა სამუშაოს შესრულებისთვის ან რომელი ხელშეკრულების შესაბამისად უნდა მიეღო მას გრანტიდან ხელფასი. ყველა გრანტს გააჩნია საკუთარი ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც ხდება გრანტისთვის გამოყოფილი ფინანსების ხარჯვა. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის მიერ მოხდება ფინანსების ხარჯვა ხარჯთაღრიცხვის გვერდის ავლით, ანუ არამიზნობრივად, გრანტის გამცემი უფლებამოსილია გამოიყენოს არაერთი მექანიზმი გრანტის დაფინანების შეწყვეტის ან თანხის უკან დაბრუნების სახით, რასაც მოცემულ შემთხვევებში ადგილი არ ჰქონია - სამივე გრანტი დასრულებული და დახურულია. ამდენად, მოპასუხის აზრით, უსაფუძვლოა მოსარჩელის განცხადება, რომ ინსტიტუტის მიერ არასწორად ხდებოდა თანხების განკარგვა.

4. ამასთან, მოპასუხის განცხადებით, მოსარჩელე სადავოდ ხდის 2008, 2009, 2010 წლების სახელფასო დავალიანებას, რომლის მოთხოვნისთვისაც დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 იანვრის განჩნებით გ. ი-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 27 ივლისის №210 დადგენილებით მოხდა სსიპ წ-ის რეორგანიზაცია და იგი შეუერთდა ს-ს.

9. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელე 2008 წლიდან მუშაობდა სსიპ წ-ში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე; სსიპ წ-ის დირექტორის 2010 წლის 23 აპრილის № სამ-22 ბრძანებით საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტების ხელშეკრულებების და ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის ი. ი-ის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მოსარჩელეს გრანტის ზედნადები ხარჯებიდან მიეცა ანაზღაურება 180 ლარის ოდენობით (6 გრანტიX30 ლარი=180); ამავე დროს ევრო გრანტის ფარგლებში მოსარჩელეს მიღებული აქვს შემდეგი თანხები: 2009 წლის 5 ოქტომბერს 473 ლარი, 2009 წლის 29 დეკემბერს - 473 ლარი, 2010 წლის 22 მარტს - 236,54 ლარი, 2010 წლის 30 ივნისს - 148,75 ლარი, 2011 წლის 9 მარტს - 240 ლარი, 2011 წლის 31 მაისს 2000 ლარი, 2011 წლის 24 ივნისს 280 ლარი, 2011 წლის 13 ოქტომბერს - 500 ლარი; №433 გრანტის ფარგლებში 2010 წლის 11 ოქტომბერს - 196 ლარი, 2010 წლის 13 დეკემბერს - 224 ლარი, 2010 წლის 27 დეკემბერს - 310 ლარი, 2011 წლის 3 იანვარს - 213 ლარი, 2011 წლის 8 აპრილს - 480 ლარი, 2011 წლის 26 ოქტომბერს - 120 ლარი; №205 გრანტის ფარგლებში 2010 წლის 18 ნოემბერს - 295,68 ლარი, 2010 წლის 27 დეკემბერს - 365,63 ლარი.

10. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სხვადასხვა გრანტების ზედნადები თანხებიდან მოსარჩელეს სხვადასხვა დროს მიეცა შესაბამისი ანაზღაურება. კერძოდ, 2010 წლის 4 ივნისს გრანტების ზედნადები თანხებიდან (მათ შორის გრანტი №433) მიეცა 150 ლარი; 2010 წლის 6 ოქტომბერს - 390 ლარი; 2010 წლის 15 ნოემბერს - 300 ლარი (გრანტი №205) 2010 წლის 10 დეკემბერს 425 ლარი (მათ შორის გრანტი №433) და 150 ლარი (გრანტი№205) სსიპ წ-ის 2010 წლის 27 დეკემბრის ბრძანების შესაბამისად,

11. 2010 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გამარჯვებული გრანტების ფარგლებში (მათ შორის გრანტი №205 და გრანტი №433) გრანტების ზედნადები თანხებიდან მოსარჩელეს მიეცა 1876 ლარის ანაზღაურება.

12. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოსარჩელის 2011 წლის 16 აგვისტოს ახსნა-განმარტებით ბარათს, სადაც იგი განმარტავს, რომ საგრანტო პროექტების ზედნადები ხარჯებიდან იღებდა კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ანაზღაურებას და ამ თვალსაზრისით ინსტიტუტის ხელმძღვანელობის მიმართ მას რაიმე პრეტენზია არ გააჩნია. ამასთან, ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოსარჩელემ ინსტიტუტის ხელმძღვანელობას მიმართა თხოვნით მისთვის გაეწიათ ეკონომიკური დახმარება, რაც დაკმაყოფილდა და 2011 წლის 12 მაისის აქტის საფუძველზე სსიპ წ-მა მოსარჩელეს გადასცა 1000 ლარი.

13. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის საფუძვლების კვლევისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 აპრილის №81 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ“ დებულება, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის მისაღებად პროექტების კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების შესრულების კონტროლის წესს. სასამართლომ მიუთითა აღნიშნული დებულების მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციები უფლებამოსილნი არიან საკუთარ ბაზაზე საგრანტო პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯების უზრუნველსაყოფად ერთობლივად გამოიყენონ საგრანტო დაფინანსების არა უმეტეს 10%, რომლითაც დაფინანსდება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის სხვა მუხლებით გაუთვალისწინებელი ხარჯები (ზედნადები ხარჯები). სასამართლომ ასევე მიუთითა ამავე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ზედნადები ხარჯები მოიცავს კავშირგაბმულობის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყალმომარაგების, მუნიციპალური დასუფთავების, საბანკო მომსახურების, ტექნიკურ და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, აგრეთვე გრანტით შეძენილი ძირითადი საშუალებების ტრანსპორტირებისა და მონტაჟის, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ადმინისტრაციული მომსახურებისათვის გაწეულ შრომით დანახარჯებს.

14. სასამართლომ განმარტა, რომ გრანტის მიმღები სუბიექტის შიდა სტრუქტურა და სუბორდინაცია თანამშრომლებს შორის ძირითადად განისაზღვრება გრანტის გამცემთან დადებული ხელშეკრულებით, ასევე თანამშრომლებსა და გრანტის განმკარგავს შორის არსებული ხელშეკრულებებით. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან დადებული იყო შრომითი ხელშეკრულება, რომელშიც ხელფასის ოდენობა დგინდებოდა პროექტის ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, პერიოდული გადახდით, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.

15. სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ არც საგრანტო ხელშეკრულებით და არც საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 აპრილის №81 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ“ დებულებით არ არის განსაზღვრული ბუღალტრისათვის გადასახდელი ხელფასის კონკრეტული ოდენობა. აღნიშნული საკითხი უნდა დარეგულირებულიყო დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ხელშეკრულებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ასევე არ წარუდგენია მის მიერ შესრულებული სამუშაოს დეტალური აღწერა, კერძოდ, რა სამუშაოები შეასრულა მან თითოეული გრანტის ფარგლებში და რატომ მიიჩნევს ამ სამუშაოს ანაზღაურებას უსამართლოდ. ასევე არ არის წარმოდგენილი საშუალო მაჩვენებელი, თუ შრომის რა ანაზღაურება გაიცემა გრანტის ბუღალტრული მომსახურების დროს და რა მთავარი კომპონენტებისაგან შედგება ანაზღაურების შკალა.

16. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაჩერა ყურადღება მოსარჩელის 2011 წლის 16 მაისის ახსნა-განმარტებით ბარათზე, სადაც მოსარჩელე მიუთითებს საგრანტო პროექტებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანების არარსებობაზე. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ამით დასტურდებოდა მოსარჩელის მიმართ კომპანიის მხრიდან ვალდებულების არარსებობა, ხოლო მხარის აპელირება მის მიერ გამოხატული ნების ნაკლზე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაუსაბუთებლობის გამო.

17. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებშიც, კი თუ დადასტურებულად მიიჩნეოდა მოსარჩელის მიმართ მოპასუხის დავალიანების არსებობა, ვინაიდან თავისი ახსნა-განმარტებით მოსარჩელემ უარი თქვა საკუთარ მოთხოვნაზე, აღნიშნული გარემოება ვალის პატიებას წარმოადგენს, რაც, სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის საფუძველზე, იწვევს ვალდებულების შეწყვეტას.

18. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 2008-2009 წლების, ასევე 2010 წლის პირველი ნახევრის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რომლის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე მოსარჩლემ სასამართლოს მიმართა 2013 წლის 27 დეკემბერს, ანუ სახელშეკრულებო მოთხოვნისათვის დადგენილი სამწლიანი ვადის დარღვევით, რის გამოც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელე შეძლებდა მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურებას, ვერ შეძლებდა მის განხორციელებას ხანდაზმულობის გამო.

19. სასამართლომ დაასკვნა, რომ გ. გ-ის მიმართ გრანტების ზედნადები თანხიდან სახელფასო დავალიანების მოთხოვნით წარდგენილი სარჩელით (სამოქალაქო საქმე N2/9234-13) არ შეწყვეტილა ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა სსიპ წ-თან, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ ს-თან, შესაბამისად, გ. გ-ი (2006-2010 წლებში სსიპ წ-ის დირექტორი) არ წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების მხარეს და არ არის პასუხისმგებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი წარდგენილი იქნა არაუფლებამოსილი პირის მიმართ, რაც არ წარმოადგენდა მოთხოვნის ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველს.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

22. კასატორის განცხადებით, სასამართლოს მიერ უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა იმან, რომ მოპასუხემ სასამართლოს დავალების მიუხედავად არ წარმოადგინა გრანტების ფინანსური ანგარიში და ხარჯთაღრიცხვა, ასევე ზედნადები თანხების ხარჯვის მიზანშეწონილობა. შესაბამისად, სასამართლომ ვერ შეძლო ზუსტად განესაზღვრა მოპასუხე მხარის დავალიანების ოდენობა, ასევე მისი ხარჯვის სამართლიანობა.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინებით გ. ი-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

27. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეხება იმას, რომ მოპასუხემ სასამართლოს არ წარუდგინა გრანტების ფინანსური ანგარიში და ხარჯთაღრიცხვა, ასევე ზედნადები თანხების ხარჯვის მიზანშეწონილობა, რის გამოც სასამართლომ ვერ შეძლო ზუსტად განესაზღვრა მოპასუხე მხარის დავალიანების ოდენობა, ასევე მისი ხარჯვის სამართლიანობა.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე და დადგენილია, რომ მხარე, რომელიც მისი სადავო უფლების სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს, ვალდებულია, სარწმუნოდ დაადასტუროს და თავადვე წარადგინოს მისი მოთხოვნის მართებულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით ამომწურავადაა რეგლამენტირებული მხარის საპროცესო უფლებები და აღნიშნულია მის მიერ მტკიცებულებათა წარდგენის აუცილებლობის თაობაზე. უფრო მეტიც, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით განსაზღვრულია მტკიცების სტანდარტი და დადგენილია მხარეთა შორის მოთხოვნის საფუძვლიანობის მტკიცების განაწილების წესი. კანონის დასახელებული ნორმების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

30. კანონმდებლის აღნიშნული მითითებები ემყარება მხარეთა თანასწორობის პრინციპს, რადგანაც შეჯიბრებითი სამოქალაქო საპროცესო სამართლის ფარგლებში სასამართლო მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში ადგენს ფაქტებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას.

31. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით: მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით და, ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას, ამასთან, სასამართლო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით.

32. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

33. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელესთან დადებული იყო შრომითი ხელშეკრულება, რომელშიც ხელფასის ოდენობა დგინდებოდა პროექტის ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, პერიოდული გადახდით, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. ასევე დადგენილია, რომ არც საგრანტო ხელშეკრულებით და არც საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 აპრილის №81 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ“ დებულებით არ არის განსაზღვრული ბუღალტრისათვის გადასახდელი ხელფასის კონკრეტული ოდენობა. აღნიშნული საკითხი უნდა დარეგულირებულიყო დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ხელშეკრულებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელეს ასევე არ წარუდგენია მის მიერ შესრულებული სამუშაოს დეტალური აღწერა, კერძოდ, რა სამუშაოები შეასრულა მან თითოეული გრანტის ფარგლებში და რატომ მიიჩნევს ამ სამუშაოს ანაზღაურებას უსამართლოდ. ასევე არ არის წარმოდგენილი საშუალო მაჩვენებელი, თუ შრომის რა ანაზღაურება გაიცემა გრანტის ბუღალტრული მომსახურების დროს და რა მთავარი კომპონენტებისაგან შედგება ანაზღაურების შკალა. ამრიგად, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების შეფასებებს და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორის მითითება მოპასუხის მიერ სათანადო მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო დავალიანების ოდენობის სასამართლოს მიერ განსაზღვრის შეუძლებლობის თაობაზე არ წარმოადგენს იმგვარ საკასაციო შედავებას (პრეტენზიას), რომელიც დაადასტურებს მოსარჩელის მიმართ მოპასუხის დავალიანების არსებობას.

34. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და თვლის, რომ იმ პირობებშიც კი, თუ დადასტურდებოდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი მისი ხანდაზმულობის გამო. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართებით კასატორს საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

36. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას გ. ი-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.

39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები (საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის დადგენილება; დ-ის წერილი; გ. გ-ის მოხსენებითი ბარათი; სსიპ ს-ის 2011 წლის 6 დეკემბრის #128 ბრძანება; გ. ი-ის დახასიათება-რეკომენდაცია; 1981 წლის 27 მარტის #71 ბრძანება; ამონაწერი შრომის წიგნაკიდან; პროფესიონალი ბუღალტრის სერთიფიკატი; სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 1 ოქტომბრის #500460414 მომართვა; ამონაწერები საქართველოს ბანკის პირადი ანგარიშიდან; ს-ის წ-ის 2012 წლის 27 ნოემბრის #01-15/235 წერილი; ევროკომისიის სახელმძღვანელო მითითებები FP7 არაპირდაპირ ქმედებებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხებისთვის; ევროგაერთიანების სამეცნიერო გრანტის ხელმძღვანელის მიერ გაცემული ინფორმაცია; ს-ის წ-ის მთავარი სპეციალისტის მიერ 2013 წლის 16 სექტემბერს გაცემული ინფორმაცია; მთავარი ბუღალტრის თანამდებობრივი ინსტრუქცია; სსიპ წ-ის დირექტორის 2011 წლის 17 მაისის წერილი; 2009 წლის 23 მარტის საგრანტო შრომითი ხელშეკრულება; ინფორმაცია „ევროგაერთიანების“ მიერ სსიპ „წ-ისთვის“ გაცემული გრანტის თაობაზე; ხარჯთაღრიცხვა; ინფორმაცია გ. ი-ზე 2008-2011 წლებში გაცემული ხელფასის შესახებ; ს-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 27 თებერვლის წერილი; გ. ი-ის მოხსენებითი ბარათი; ინფორმაცია გ. ი-ზე 2009-2011 წლებში გაცემული ხელფასის შესახებ) მთლიანობაში „51“ ფურცლად (ტომი 5, ს.ფ. 176-187; 200-232; 247; 250-257; 260; 263-267; 270; 274-275).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. ი-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. კასატორ გ. ი-ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის დადგენილება; დ-ის წერილი; გ. გ-ის მოხსენებითი ბარათი; სსიპ ს-ის 2011 წლის 6 დეკემბრის #128 ბრძანება; გ. ი-ის დახასიათება-რეკომენდაცია; 1981 წლის 27 მარტის #71 ბრძანება; ამონაწერი შრომის წიგნაკიდან; პროფესიონალი ბუღალტრის სერთიფიკატი; სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 1 ოქტომბრის #500460414 მომართვა; ამონაწერები საქართველოს ბანკის პირადი ანგარიშიდან; ს-ის წ-ის 2012 წლის 27 ნოემბრის #01-15/235 წერილი; ევროკომისიის სახელმძღვანელო მითითებები FP7 არაპირდაპირ ქმედებებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხებისთვის; ევროგაერთიანების სამეცნიერო გრანტის ხელმძღვანელის მიერ გაცემული ინფორმაცია; ს-ის წ-ის მთავარი სპეციალისტის მიერ 2013 წლის 16 სექტემბერს გაცემული ინფორმაცია; მთავარი ბუღალტრის თანამდებობრივი ინსტრუქცია; სსიპ წ-ის დირექტორის 2011 წლის 17 მაისის წერილი; 2009 წლის 23 მარტის საგრანტო შრომითი ხელშეკრულება; ინფორმაცია „ევროგაერთიანების“ მიერ სსიპ „წ-ისთვის“ გაცემული გრანტის თაობაზე; ხარჯთაღრიცხვა; ინფორმაცია გ. ი-ზე 2008-2011 წლებში გაცემული ხელფასის შესახებ; ს-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 27 თებერვლის წერილი; გ. ი-ის მოხსენებითი ბარათი; ინფორმაცია გ. ი-ზე 2009-2011 წლებში გაცემული ხელფასის შესახებ) მთლიანობაში „51“ ფურცლად (ტომი 5, ს.ფ. 176-187; 200-232; 247; 250-257; 260; 263-267; 270; 274-275);

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე