№ ას-206-195-2017 16 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ვ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. მ-ემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ვ-ის (შემდგომში „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ალიმენტის დაკისრებისა და დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2008 წლის 2 ოქტომბერს დაბადებული გ. ვ-ის რჩენა-აღზრდისთვის ყოველთვიური ალიმენტი 200 ლარი 2015 წლის 23 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; მოსარჩელის მოთხოვნა დამატებითი ხარჯების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის საოქმო განჩინებით გ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 1 ნოემბერს 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო პროცესის მონაწილე ორივე მხარე, თუმცა არცერთი მათგანი სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხის წარმომადგენელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
8. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სინამდვილეს არ შეეფერება გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული გარემოება, თითქოს აპელანტს სასამართლოსთვის არ უცნობებია პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე. მისი აზრით, სასამართლომ აღნიშნული გარემოება სათანადოდ არ გამოიკვლია, პროცესზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. კერძოდ, გართულებული ვირუსული ინფექციის გამო იგი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, რის შესახებაც პროცესის დღეს განცხადება გააგზავნა სასამართლოში და ტელეფონითაც დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ვ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
13. გასაჩივრებული განჩინებით გ. ვ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის სხდომაზე მხარეთა, მათ შორის, აპელანტის (კერძო საჩივრის ავტორის - გ. ვ-ის) გამოუცხადებლობა.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
16. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
17. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი, გ. ვ-ის წარმომადგენელი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ადგილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბერს სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ მოახერხა პროცესზე დასწრება, რის თაობაზეც, განცხადების მეშვეობით, იმავე დღეს აცნობა სასამართლოს. თუმცა სასამართლომ არ შეაფასა მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა.
18. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაში არ იმსჯელა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე მხარის მიერ წარდგენილ განცხადებაზე. თუმცა, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
19. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლოო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
20. ამდენად, საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებელი ავადმყოფობის ცნობის წარდგენას მხოლოდ მაშინ მიიჩნევს საქმის განხილვის გადადების საფუძვლად, როდესაც ავადმყოფობა დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
21. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 1 ნოემბერს 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის გადადების მოთხოვნით, იმავე დღეს, 11:44 საათზე აპელანტ გ. ვ-ის წარმომადგენელმა მ. პ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება და მოითხოვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის, რის დასტურადაც განცხადებას დაურთო შპს „თბილისის მე-14 შ. პოლიკლინიკის“ მიერ 2016 წლის 31 ოქტომბერს გაცემული საავადმყოფო ფურცლის ასლი (ტ. 2, ს.ფ. 88). თუმცა აღნიშნული დოკუმენტის შინაარსის შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ პროცესზე მხარის წარმომადგენლის გამოცხადება ობიექტურად შეუძლებელი იყო. კერძოდ, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტი არ არის სრულყოფილად შევსებული - მასში გარკვევით არ არის მითითებული პაციენტის დიაგნოზის შესახებ; იგი არ არის ხელმოწერილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ან ექიმის მიერ; დოკუმენტის მარჯვენა ზედა კუთხეში დასმულია ბეჭედი, თუმცა შეუძლებელია მასზე ასახული ორგანიზაციის იდენტიფიცირება; ამავე დროს, მოცემულ დოკუმენტში არ არის მითითება სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე. ამრიგად, სამედიცინო დოკუმენტი არ ადასტურებს საქმის განხილვის დღეს აპელანტის წარმომადგენლის ისეთი ავადმყოფობის ფაქტს, რაც მხარეს თავისი საპროცესო მოვალეობის შესრულებაში ხელს შეუშლიდა.
22. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზეც, რომლის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარის ავადმყოფობის გამო გამოუცხადებლობის შემთხვევაში ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნას სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე (იხ. სუსგ №ას-594-560-2012, 7 ივნისი, 2012 წ.; №ას-519-754-08, 16 ივლისი, 2008 წ.; სუსგ №ას-460-701-08, 2 ივლისი, 2008 წ.; სუსგ №ას-480-720-08, 6 ნოემბერი, 2008წ; სუსგ №ას-667-997-07, 30 იანვარი, 2008 წ.).
23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად დატოვა გ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო. ამიტომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის საოქმო განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე