№ ას-239-227-2017 18 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ს-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. დ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ. დ-ამ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ს-ის (შემდგომში „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარის გადახდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განჩინებით ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე ნ. ს-ე, რომელმაც დასაბუთებული გადაწყვეტილება პირადად ჩაიბარა 2016 წლის 28 დეკემბერს, შესაბამისად, მისთვის გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღეს, 29 დეკემბერს და ამოიწურა 2017 წლის 11 იანვარს. ვინაიდან მხარემ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2017 წლის 12 იანვარს, ანუ გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. ს-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებზე მითითებით:
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, თუმცა 2016 წლის 28 დეკემბერს, როდესაც მოპასუხე გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, მას ჩააბარეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გ. დ-ას სარჩელი არ იყო დაკმაყოფილებული. მეორე დღეს მოპასუხეს ტელეფონით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და შეატყობინა, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, რის გამოც სთხოვა ჩაბარებული გადაწყვეტილების უკან დაბრუნება. მოპასუხემ დააბრუნა გადაწყვეტილება და 2016 წლის 29 დეკემბერს სასამართლომ გაასწორა მასში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, რის შემდგომაც იმავე დღეს ჩააბარა იგი მხარეს, თუმცა საქმეში დარჩა ძველი ხელწერილი, რომლის შესაბამისად, გადაწყვეტილება მხარეს ჩაბარდა 2016 წლის 28 დეკემბერს. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაეწყო არა 28 დეკემბრიდან, არამედ 2016 წლის 29 დეკემბრიდან. შესაბამისად, მას გაშვებული აქ ჰქონდა გასაჩივრების 14 დღიანი ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
13. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
14. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
16. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე ნ. ს-ე. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო გამოცხადებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი. დადგენილია ასევე, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 28-ე დღეს ნ. ს-ემ მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით და იმავე დღეს ჩაიბარა იგი (იხ. ს.ფ. 100). საქმის მასალებში არ მოიპოვება ჩაბარების დამადასტურებელი სხვა რაიმე დოკუმენტი, რომელიც მხარის მიერ გადაწყვეტილების სხვა რიცხვში ჩაბარებას დაადასტურებდა. შესაბამისად, სასამართლომ გასაჩივრების 14 დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო ჩაბარების მომდევნო დღეს, 2016 წლის 29 დეკემბერს და სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო დღედ მიიჩნია 2017 წლის 11 იანვარი.
18. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა გასაჩივრების ვადა და 2016 წლის 30 დეკემბრის ნაცვლად, 14 დღიანი საპროცესო ვადის ათვლის პირველ დღედ მიიჩნია 29 დეკემბერი. აღნიშნული პრეტენზიის საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს კერძო საჩივარზე დართულ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლზე, რომლის ბოლო გვერდზე დასმულ ბეჭედზე „ასლი დედანთან სწორია“ - მითითებულია თარიღი 28 დეკემბერი, 2016 წელი. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოცემული გადაწყვეტილება მან ჩაიბარა სწორედ 28 დეკემბრს, თუმცა მისივე განმარტებით, ვინაიდან გადაწყვეტილებაში დაშვებული იყო ტექნიკური ხასიათის შეცდომები, მოსამართლის თანაშემწის თხოვნით მეორე დღეს, 2016 წლის 29 დეკემბერს, მან აღნიშნული გადაწყვეტილება დაუბრუნა სასამართლოს, რომელმაც იმავე დღეს გამოასწორა შეცდომა და შესწორებული სახით ჩააბარა მხარეს გადაწყვეტილება 2016 წლის 29 დეკემბერს. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სწორედ ამ დღეს (29 დეკემბერს) ჩაბარებული გადაწყვეტილება უნდა მიეჩნია სასამართლოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის დაცვით ჩაბარებულად და ვადის ათვლა დაეწყო მომდევნო დღიდან.
19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ როგორც საქმის მასალებით უდავოდ არის დადგენილი, მოპასუხე ნ. ს-ე ესწრებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის 30 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომას და, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო სხდომაზე გამოცხადებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი, რომლის მიხედვით, გ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ნ. ს-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარის გადახდა. დადგენილია ასევე, რომ სააპელაციო საჩივრით სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგი გაასაჩივრა მოპასუხემ და არც მანამ და არც სააპელაციო საჩივარში არსად მიუთითებია, რომ საქმეზე არსებობდა განსხვავებული შედეგის სხვა გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლომ დაუშვა ტექნიკური ხასიათის შეცდომა (იხ. ს.ფ. 1-1-112).
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობების გასწორება შესაძლებელია როგორც სასამართლოს, ასევე მხარის ინიციატივით, რის შესახებაც სასამართლოს გამოაქვს განჩინება უსწორობის გასწორების თაობაზე (სსსკ მუხლი 260). ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შედეგი და მან, როგორც თვითონ მიუთითებს, დასაბუთებული გადაწყვეტილება მასში დაშვებული ტექნიკური შეცდომით ჩაიბარა 2016 წლის 28 დეკემბერს, აღნიშნული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დაშვებული უსწორობის გასწორების საფუძველს ქმნიდა, რისი მოთხოვნითაც მას შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის და აღნიშნული უფლება არ განუხორციელებია.
21. თუმცა იმ პირობებშიც, კი თუ დადასტურებულად მიიჩნევა, რომ სასამართლომ დაუშვა ტექნიკური ხასიათის შეცდომა და მხარისათვის გადაცემული დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შეცდომით ასახა საქმისწარმოების შედეგი, ხოლო მომდევნო დღეს იგივე გადაწყვეტილება მხარეს ჩააბარა შესწორებული სახით, აღნიშნული გარემოება არ შეიძლება გახდეს სასამართლო გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაუბარებლობად მიჩნევისა და სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ვადის სხვაგვარად ათვლის საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ზღუდავს პროცესის მონაწილე მხარეს მოითხოვოს გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის შეცდომების გასწორება მათი აღმოჩენისთანავე. შესაბამისად, არ შეიძლება გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომის გასწორებამ და შესწორებული სახით აღნიშნული გადაწყვეტილების მხარისთვის გადაცემამ გავლენა მოახდინოს იმავე გადაწყვეტილების მხარის მიერ ჩაბარების კანონით დადგენილ წესზე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ჩაბარების წესის აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განმარტების შემთხვევაში საფუძველი ეცლება სამოქალაო საპროცესო კოდექსის იმ ნორმას, რომლითაც განსაზღვრულია გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება (სსსკ 2591-ე მუხლი).
22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას გადაწყვეტილების შესწორებული ვერსიის ჩაბარებიდან გასაჩივრების ვადის ათვლის შესახებ და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად გასაჩივრების ვადის გასვლის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე