Facebook Twitter

№ ას-337-315-2017 22 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. თ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ. გ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. თ-ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა 2016 წლის 2 თებერვალს ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ გაცემული №… სააღსრულებო ფურცლის მე-7 მუხლში ცვლილების შეტანა და პირგასამტეხლოს ნაწილში აღსასრულებელი ვალდებულების, ნაცვლად 0,3%-ისა, 0,01%-ით განსაზღვრა, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დადგენა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,45 აშშ დოლარის ოდენობით 2014 წლის 4 თებერვლიდან აღსრულებამდე - 2016 წლის 4 თებერვლამდე, ჯამში 324 აშშ დოლარის ოდენობით.

2. სარჩელის თანახმად, 2013 წლის 4 სექტემბერს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ნოტარიუს მ. ლ-ის სანოტარო ბიუროში გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება №…, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელეს სესხის სახით გადასცა 5000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, სარგებლის - ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 5%-ის დარიცხვით.

3. 2013 წლის 4 სექტემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: აბაშის რაიონი, ს… მ-ი, … კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა … კვ.მ., ს/კ №….

4. 2016 წლის 2 თებერვალს, მოპასუხის მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსმა მ. ლ-მა გასცა №… სააღსრულებო ფურცელი, რომლის მე-7 მუხლის საფუძველზე აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირითადი თანხა - 4 500 აშშ დოლარი, ასევე პირგასამტეხლო - სესხის ძირითადი თანხის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2014 წლის 4 თებერვლიდან აღსრულებამდე. გამომდინარე აქედან, მოთხოვნა 2014 წლის 4 თებერვლიდან 2016 წლის 5 თებერვლამდე (აღსრულებამდე) შეადგენს 9 720 აშშ დოლარს, რაც მოსარჩელეს მიაჩნია უკანონოდ.

5. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მოსარჩელემ იპოთეკარს გადაუხადა 500 აშშ დოლარი, რომელიც მათი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე უნდა გამოკლებოდა სესხის ძირითად თანხას. შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელში სესხის ძირითად თანხად მითითებულია 4500 აშშ დოლარი.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ცვლილება შევიდა 2016 წლის 2 თებერვალს ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ გაცემულ №… სააღსრულებო ფურცელში, პირგასამტეხლოს ნაწილში, კერძოდ: პირგასამტეხლოს მოცულობა 0,3 პროცენტი შემცირდა ხუთჯერ და განისაზღვრა 0,06 პროცენტით. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს 0,01 პროცენტამდე შემცირების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

11. 2013 წლის 4 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება №…, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელეს სესხის სახით გადასცა 5 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, სარგებლის 5%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების 1.9 პუნქტის თანახმად, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,3 %-ის ოდენობით;

12. 2013 წლის 4 სექტემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: აბაშის რაიონი, ს… მ-ი, … კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა … კვ.მ., ს/კ №…;

13. 2016 წლის 2 თებერვალს ნოტარიუსმა მ. ლ-მა გასცა №… სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც ვალდებულების შესრულების დროდ მიეთითა 2013 წლის 4 დეკემბერი, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა: სესხის ძირითადი თანხა - 4 500 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2014 წლის 4 თებერვლიდან აღსრულებამდე, აგრეთვე აღსრულების ხარჯები - 124,36 ლარის ოდენობით. სააღსრულებო ფურცლით ასევე დადგინდა, რომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

14. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე.

15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, მართალია, ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობისას კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვინაიდან, პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, უნდა განხორციელდეს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნას მხარეთა ეკონომიკური მდგომარეობა, მათი მოლოდინი ხელშეკრულების შესრულების მიმართ, შესრულების ვადის გადაცილების პერიოდი და ა.შ.

16. სააპელაციო პალატამ მიუთითა 2013 წლის 4 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებულ №… სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე, კერძოდ, ხელშეკრულების 1.9 პუნქტზე, რომლის თანახმად, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,3%-ის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2016 წლის 2 თებერვალს, ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ გაცემული №… სააღსრულებო ფურცლით, ვალდებულების შესრულების დროდ მიეთითა 2013 წლის 4 დეკემბერი, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 4500 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2014 წლის 4 თებერვლიდან აღსრულებამდე. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა იმდაგვარად, რომ შევიდა ცვლილება 2016 წლის 2 თებერვალს ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ გაცემულ №… სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ნაწილში და მისი მოცულობა 0,3%-ის ნაცვლად, განისაზღვრა 0,06%-ით.

17. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც განსაზღვრული იყო ძირითადი თანხის 0,3%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2014 წლის 4 თებერვლიდან აღსრულებამდე, მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და, შესაბამისად, შეამცირა 0,06%-მდე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღარ არსებობდა საქალაქო სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების (0,01%-მდე) ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 4 სექტემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით კრედიტორი სარგებელს იღებდა მხოლოდ სამი თვის განმავლობაში, ანალოგიურად სადავო სააღსრულებო ფურცელში სარგებლის სახით გადასახდელი თანხა დასახელებული არ იყო.

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

19. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი პრაქტიკა პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით და მოსარჩელეს არ შეუმცირა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამიტომაც, კასატორი ითხოვს პირგასამტეხლოს შემცირებას 0,01%-მდე.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

24. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას 0,3%-დან 0,06%-მდე, ნაცვლად 0,01%-სა.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

26. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

27. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

28. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

30. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ-ები №ას-536-512-2016, 4 ოქტომბერი, 2016 წელი; №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; №ას-48-43-2015, 19 მარტი, 2015 წელი; №ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).

31. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ნ. გ-ს (პ/ნ: …) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 10 აპრილს #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე