№ ას-778-745-2016 8 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს-ო" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ჩ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა. ჩ-ემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ოს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2 841 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება და მოპასუხის საკუთრებაში არსებული და აღნიშნული დავალიანების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (მდებარე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჩ-ის ქ. №…, ოფისი №… (მშენებარე), სართული …, ფართი … კვ.მ., საკადასტრო კოდი:…) რეალიზაცია, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
2. მოსარჩელემ, ორ ფიზიკურ პირთან - დ. მ-ესა და მ. ჩ-ასთან ერთად, მოპასუხეს მთლიანობაში სესხად გადასცა 9 994 დოლარი, რომლიდანაც მოსარჩელის ხვედრითი წილი შეადგენდა 2 841 აშშ დოლარს. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მოპასუხეს დავალიანება უნდა დაეფარა 2011 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული ვალდებულება მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტს და განმარტა, რომ სესხად აღებული თანხა მოხმარდა მოსარჩელის კუთვნილ ქონებას, რომელიც მოპასუხის ვალის გამო იპოთეკით იყო დატვირთული. მისივე განმარტებით, იპოთეკით უზრუნველყოფილ ქონებას ჰყავს სხვა პირველი რიგის იპოთეკარები.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 841 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით დადგინდა იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების რეალიზაცია: საკადასტრო კოდი №…, მისამართი: ქ. თბილისი, ჩ-ის ქუჩა №…, ოფისი №…, მესაკუთრე: შპს „ს-ო“.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. 2011 წლის 18 თებერვალს, ერთის მხრივ, მოპასუხესა და, მეორეს მხრივ, დ. მ-ძეს, მ. ჩ-ასა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც დ. მ-ემ მოპასუხეს სესხის სახით გადასცა - 3300 აშშ დოლარი, მ. ჩ-ამ - 3853 აშშ დოლარი, ხოლო მოსარჩელემ - 2841 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2011 წლის 31 დეკემბერი (ტ. I, ს.ფ. 17-20).
9. გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ჩ-ის ქუჩა №…-ში, ოფისი №… (მშენებარე) სართული …, ფართი - … კვ.მ. იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (ტ.I, ს.ფ. 17-22).
10. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 3.7. პუნქტის თანახმად, თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და „მესაკუთრე“ არ ასრულებს ვალდებულებას, „იპოთეკარი“ უფლებამოსილია მოითხოვოს „იპოთეკის საგნის“ გადაცემა მის საკუთრებაში ან „იპოთეკის საგნის“ რეალიზაცია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო არ არის სასესხო ვალდებულების მსესხებლის მიერ შეუსრულებლობა. მოპასუხე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა იმ დასაბუთებით, რომ სადავო თანხა მოხმარდა მოსარჩელის ბინის იპოთეკისგან განთავისუფლებას. ამასთან, მოპასუხე თავადვე ადასტურებდა, რომ უძრავი ქონება დატვირთული იყო მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად და თანხის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეს გააჩნდა (ტ. II, ს.ფ.12-21). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც სადავო არ იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი და თავად მოპასუხე ადასტურებდა ნასესხები თანხით მოპასუხის ვალდებულებების შესრულების ფაქტს, ასევე ფაქტს, რომ სესხი მოსარჩელეს არ დაბრუნებია, მას ჰქონდა ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება და არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება არ გამორიცხავდა სესხის დაბრუნებას. სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება იმის დასადგენად, რომ მას გააჩნდა გასაქვითი მოთხოვნა მოსარჩელესთან, ან მოსარჩელეს აღარ გააჩნდა მოთხოვნის უფლება სადავო ხელშეკრულებიდან.
12. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ თანხის დაბრუნების სხვა წესზე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ იყო და ასეთის არსებობაზე ვერც თავად მოპასუხე (აპელანტი) მიუთითებდა. ასეთზე მითითებას არ შეიცავდა არც მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი წერილობითი შესაგებელი.
13. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 317-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 623-ე მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველი იყო 2011 წლის 18 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეს 2011 წლის 31 დეკემბრამდე ასესხა 2 841 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ამასთან, აღნიშნული თანხა მოპასუხის მიერ დაბრუნებული არ არის. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2 841 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
14. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 301-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად დაადგინა გაცემული სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
16. კასატორის მტკიცებით, მოწინააღმდეგე მხარეც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების საფუძველზე მოპასუხისთვის მიცემული თანხა რეალურად მას არ მიუღია და იგი ჩაერიცხა სს „საქართველოს ბანკს“ მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში არსებული ქონების ვალდებულებისაგან განთავისუფლებისთვის.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ზოგიერთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი მოცემულია მატერიალური სამართლის ნორმებში. ეს ის ნორმებია, რომლებიც შინაარსობრივად მხარეთა შორის მტკიცების ტვირთს ანაწილებენ. ვალდებულებითი სამართალი მტკიცების ტვირთს ანაწილებს ისე, რომ მოვალეს ეკისრება მხოლოდ ვალდებულების შესრულების ფაქტის ან იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება, რომელიც გამორიცხავს შესრულებას; ხოლო გამსესხებელს ეკისრება სესხის ხელშეკრულების დადებისა და შესაბამისი თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით სადავო 2841 აშშ დოლარის მოპასუხისათვის სესხად გადაცემისა და შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების არსებობის შესახებ მტკიცებულების წარმოდგენის მოვალეობა ეკისრებოდა მოსარჩელეს. ხოლო აღნიშნული თანხის დაბრუნების (ვალდებულების შესრულების) ან სესხის ხელშეკრულების არარსებობის შესახებ მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, მათი შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. სსსკ–ის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 134–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.
23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატის მოსაზრებით, მხარის დასაბუთებულ შედავებად ვერ იქნება განხილული კასატორის მითითება, რომ თავად მოწინააღმდეგე მხარე ადასტურებს იპოთეკით დატვირთული ქონების საფუძველზე მოპასუხისთვის მიცემული თანხის სს „საქართველოს ბანკში“ ჩარიცხვის ფაქტს მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში არსებული ქონების ვალდებულებისაგან განთავისუფლების მიზნით. კასატორის აღნიშნული მითითება არ წარმოადგენს იმგვარ მტკიცებულებას, რომელიც კრედიტორის, ა. ჩ-ის მიმართ მოვალის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტს დაადასტურებს. მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის დასადგენად, რომ მას გააჩნია გასაქვითი მოთხოვნა მოსარჩელესთან ან მოსარჩელეს აღარ გააჩნია მოთხოვნის უფლება სადავო ხელშეკრულებიდან.
24. როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, მხარეთა შორის გაფორმებული სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული იყო მოპასუხის (კასატორის) საკუთრებაში არსებული ქონება. ასევე უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხეს სასესხო ვალდებულება არ შეუსრულებია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე მუხლების შესაბამისად, არსებობდა მოპასუხისათვის თანხის დაკისრებისა და დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
25. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს-ოს“ საკასაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ს-ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს შპს „ს-ოს“ (ს/კ: …) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 142.05 აშშ დოლარის 30% – 42.615 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე