Facebook Twitter

№ ას-1144-1100-2016 15 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. ზ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ი-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ. ი-ამ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ზ-ის (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქობულეთში, ..., გამოთხოვა და მოსარჩელისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება.

3. მოპასუხე არის ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მფლობელი.

4. მოსარჩელემ მოპასუხეს და მის ოჯახის წევრებს სთხოვა ბინის დაცლა და მათ მოთხოვნა ნებაყოფლობით არ შეასრულეს.

5. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ სარჩელი აღძრა მოსარჩელის წინააღმდეგ მისთვის 7000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, მოპასუხე აგრეთვე ითხოვდა აღნიშნული თანხის გადახდამდე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინით სარგებლობის უფლების მინიჭებას, თუმცა მოპასუხეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას აქვს სადავო ბინით სარგებლობის უფლება. კერძოდ, იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. ქობულეთში, ...ბ. №...-ში. მის მეზობლად ამავე მისამართზე მდებარე ბინა №...-ში ცხოვრობდა მოქალაქე ც. ლ-ე, რომელმაც თავისი ბინა საკუთრებაში გადასცა თავის შვილიშვილს - ი. უ-ას. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მისი მშობლები მოსარჩელესთან, რომელიც ც. ლ-ის შვილია, შეთანხმდნენ 25000 აშშ დოლარად ბინის ნასყიდობის შესახებ და თანხის ეტაპობრივად გადახდაზე ერთი წლის განმავლობაში. თანხის ნაწილი - 8000 აშშ დოლარი მოსარჩელის წინადადებით გადაურიცხეს ი. უ-ას, რომელმაც მათ განუცხადა, რომ მოსარჩელე (მისი დეიდა) იყო მისი წარმომადგენელი ბინის ყიდვა-გაყიდვის საქმეზე. შეთანხმების შემდეგ, მოპასუხის ოჯახმა ბინა გაარემონტა და, მიშენების შედეგად, გააფართოვა, თუმცა, ბინის ღირებულების სრულად გადახდა მოპასუხემ და მისმა ოჯახმა ვერ შეძლეს და მოსარჩელესთან შეთანხმდნენ, რომ ბინას გაასხვისებდნენ 36000 აშშ დოლარად, რადგან კაპიტალური რემონტისა და მიშენების შედეგად ბინის ღირებულება გაზრდილი/გაორმაგებული იყო, მოსარჩელეს გადაურიცხავდნენ დარჩენილ 17000 აშშ დოლარს (8000 აშშ დოლარი უკვე გადახდილი იყო) და დანარჩენ თანხას მოპასუხე დაიტოვებდა, 8000 აშშ დოლარის, რემონტისა და მიშენების ღირებულების სანაცვლოდ. თუმცა, მოსარჩელემ ბინა გადაიფორმა თავის სახელზე და 8000 აშშ დოლარი, რემონტისა და მიშენების ღირებულება არ გადაიხადა, რის გამოც მოპასუხე მხარემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული თანხების მოსარჩელისა და ი. უ-ასთვის სოლიდარულად დაკისრება, რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, 8000 აშშ დოლარის, რემონტისა და მიშენების ხარჯების ანაზღაურება, ჯამში 15000 აშშ დოლარის ოდენობით, დაეკისრა ი. უ-ას. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე მოჩვენებითად დაესაკუთრა სადავო ბინას თავისი დისშვილისგან - ი. უ-ასგან, აღნიშნული ქმედებით იგი დაეხმარა მესაკუთრეს, რათა მას თავიდან აერიდებინა მოპასუხისა და მისი ოჯახისთვის თანხის გადახდა, რომელსაც მოპასუხე ამოიღებდა სადავო ბინის აუქციონზე რეალიზაციის გზით.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. დადგინდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, ... (საკადასტრო კოდი: №...) მდებარე უძრავი ქონების გამოთხოვა და აღნიშნული ფართის მოსარჩელისთვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით 2013 წლის 25 ნოემბრიდან სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქობულეთში, ... (საკადასტრო კოდი: №...) ირიცხება მოსარჩელის საკუთრებაში. აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს მოპასუხე, რომელიც ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს ბინას.

11. სააპელაციო სასამართლომ დამატებით დაადგინა:

12. საქმეზე წარმოდგენილი, კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხის მამკვიდრებლის, ზ. ზ-ის სარჩელთან დაკავშირებით დადგინდა, რომ ქ. ქობულეთში, ... ბინა №...-ში, ზ. ზ-ის მიერ ჩატარებული რემონტის ხარჯებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ი. უ-ას ქონების ღირებულება, კერძოდ, გაუმჯობესებამდე მისი ღირებულება შეადგენდა 25000 აშშ დოლარს, ხოლო გაუმჯობესების შემდეგ- 35000 აშშ დოლარს.

13. მოსარჩელემ ი. უ-ასაგან სადავო უძრავი ქონება შეიძინა 35000 აშშ დოლარად, მისი საბაზრო ღირებულების შესაბამის ფასად მას შემდეგ, რაც ბინის რეკონსტრუქცია და რემონტი უკვე ჩატარებული იყო, რაც ადასტურებდა, რომ ზ. ზ-ეს მოსარჩელის ქონებაზე ხარჯი არ გაუწევია და ამ ხარჯით მოსარჩელე არ გამდიდრებულა. შესაბამისად, ამჟამინდელი მესაკუთრე (მოსარჩელე) არ იყო ვალდებული ზ. ზ-ისთვის თანხა გადაეხადა, ხოლო ზ. ზ-ე ქონების კეთილსინდისიერ მფლობელად ვერ მიიჩნეოდა და ამ ქონების დაკავების უფლებას ვერ გამოიყენებდა.

14. მხარეთა მიერ სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოპასუხე არის ზ. ზ-ის მემკვიდრე (შვილი).

15. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 170-ე და 172-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ვინდიკაციური იყო, ხოლო ვინდიკაციური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს სადავო ნივთის მფლობელი და გ) მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, ხოლო მოპასუხე – მფლობელს. მფლობელს არ აქვს სადავო უძრავი ქონების ფლობის უფლება. ვინაიდან, მოცემული იყო ვინდიკაციური სარჩელის სამივე წინაპირობა, მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

16. მოპასუხის (აპელანტის) მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა სანივთო უფლებიდან, კერძოდ, უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 164-ე, 168-ე, 170-ე და 172-ე მუხლებში.

17. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო იყო უძრავ ნივთზე მოპასუხის მფლობელობის უფლება.

18. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველ ნაწილსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ” ქვეპუნქტზე.

19. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე იმავდროულად წარმოადგენდა ზ. ზ-ის მემკვიდრეს და მოსარჩელესთან სამართალურთიერთობაში მის უფლებამონაცვლეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად, დადასტურებულად ითვლებოდა კანონიერ ძალაში შესული, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტი იმის შესახებ, რომ ქ. ქობულეთში, ... ბინა №...-ის მესაკუთრე (მოსარჩელე) არ იყო ვალდებული მოპასუხისთვის (ზ. ზ-ის მემკვიდრე, უფლებამონაცვლე) გადაეხადა ბინის რეკონსტრუქცია-რემონტის ხარჯები, ამასთან, მოპასუხე ქონების კეთილსინდისიერ მფლობელს არ წარმოადგენდა და ამ ქონების დაკავების უფლება არ გააჩნდა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანი იყო, ხოლო ამავე კოდექსის 164-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხე ვალდებული იყო შეეწყვიტა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მფლობელობა.

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

22. კასატორის განმარტებით, მას და მის ოჯახს აქვთ სადავო ბინით სარგებლობის უფლება, რადგან ბინის შესყიდვის მიზნით გადახდილი აქვთ 8000 აშშ დოლარი, ბინაზე ჩაატარეს რემონტი და განახორციელეს მიშენება/რეკონსტრუქცია. მოსარჩელის დისშვილს - ი. უ-ას, რომლისგანაც მოსარჩელემ მოჩვენებითად შეიძინა სადავო ბინა, კასატორის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 15000 აშშ დოლარის გადახდა.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ თ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

28. კასატორი გადაწყვეტილების გაუქმებას ძირითადად იმ საფუძვლით ითხოვს, რომ მას და მის ოჯახს აქვთ სადავო ბინით სარგებლობის უფლება, რადგან ბინის შესყიდვის მიზნით გადახდილი აქვთ 8000 აშშ დოლარი, ბინაზე ჩაატარეს რემონტი და განახორციელეს მიშენება/რეკონსტრუქცია, ამასთან, მოსარჩელის დისშვილს - ი. უ-ას, რომლისგანაც მოსარჩელემ მოჩვენებითად შეიძინა სადავო ბინა, კასატორის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 15000 აშშ დოლარის გადახდა.

29. საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით მხარეთა შორის მიმდინარეობდა დამოუკიდებელი სამოქალაქო სამართალწარმოება და არსებობს აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინება.

30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის, როგორც ზ. ზ-ის უფლებამონაცვლის, საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო, რის გამოც კანონიერ ძალაში შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით ი. უ-ასა და მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება ი. უ-ასათვის ზ. ზ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელი; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს ზ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 აშშ დოლარის გადახდა და, რომლითაც ი. უ-ასა და მოსარჩელისთვის დაკისრებული თანხის ანაზღაურებამდე ზ. ზ-ეს დაერთო ქ. ქობულეთში, ... ბინა №...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინით სარგებლობის უფლება. ზ. ზ-ის სარჩელი მოსარჩელისთვის თანხის დაკისრებისა და ბინით სარგებლობის უფლების მინიჭების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

31. ზემოაღნიშნულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა განსახილველი დავისთვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

32. ზ. ზ-ემ ი. უ-ას კუთვნილ ქონებაზე ხარჯი გასწია, რომლის შედეგად ქონების ღირებულება 10000 აშშ დოლარით გაიზარდა.

33. მოსარჩელემ სადავო ქონება 35000 აშშ დოლარად, ე.ი. მისი საბაზრო ღირებულების შესაბამის ფასად შეიძინა მას შემდეგ, რაც ბინის რეკონსტრუქცია და რემონტი ჩატარებული იყო;

34. ზ. ზ-ეს მოსარჩელის ქონებაზე არ გაუწევია ხარჯი და ამ ხარჯით მოსარჩელე არ გამდიდრებულა, რის გამოც მოსარჩელისთვის ზ. ზ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების საფუძვლები არ არსებობს.

35. სადავო ქონება მოსარჩელეს ეკუთვნის, მოსარჩელე კი არ არის ვალდებული ზ. ზ-ეს თანხა გადაუხადოს. ამიტომ, მოსარჩელის მიმართ ზ. ზ-ე ე.წ. დაკავების უფლებას ვერ გამოიყენებს.

36. ზ. ზ-ე სადავო ქონების კეთილსინდისიერი მფლობელი არ არის და, ამის შესაბამისად, იგი ნივთის დაკავების უფლებასაც ვერ გამოიყენებს.

37. საკასაციო სასამართლო შენიშნავს, რომ განსახილველ დავაში მოპასუხე მხარე მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების იმავე საფუძვლებზე, რომლებიც დაყენებული ჰქონდა ზემოაღნიშნული სამოქალაქო დავის განხილვისას.

38. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლზე, რომლითაც განმარტებულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შედეგები, კერძოდ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. ამავე კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. კერძოდ, ასეთია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს“ (იხ. სუსგ №ას-58-56-2016).

40. საკასაციო სასამართლო მიუთითებს კასატორის მიერ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხე არის ზ. ზ-ის მემკვიდრე (შვილი). შესაბამისად, იგი წარმოადგენს მოსარჩელესთან სამართალურთიერთობაში მის უფლებამონაცვლეს. გამომდინარე აქედან, საკასაციო სასამართლო პრეიუდიციული ძალის მქონედ მიიჩნევს ზემოთ განხილული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მოსარჩელე არ არის ვალდებული მოპასუხეს (ზ. ზ-ის მემკვიდრეს, უფლებამონაცვლეს) თანხა გადაუხადოს, ხოლო მოპასუხე ქონების კეთილსინდისიერ მფლობელად ვერ მიიჩნევა და ამ ქონების დაკავების უფლებას ვერ გამოიყენებს.

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხესა და ი. უ-ას შორის არსებული სამართალურთიერთობა, რომლის შედეგად ამ უკანასკნელს დაეკისრა მოპასუხის სასარგებლოდ 15000 აშშ დოლარის გადახდა, ვერ იქონიებს გავლენას მოსარჩელის მოთხოვნაზე მოპასუხის მიმართ და, ამასთან, მოპასუხე ვერ გამოიყენებს უძრავი ქონების დაკავების უფლებას.

42. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს, რომ მოსარჩელესა და ი. უ-ას შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითია, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავის საგანს გარიგების ბათილად ცნობა არ წარმოადგენს და არსებული დავის ფარგლებში მოპასუხეს სასამართლოსთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, მითითებული საკითხი სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება.

43. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს საკასაციო საჩივარში თავისი მოთხოვნის გასამყარებლად სხვა საფუძველი არ მიუთითებია.

44. საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე აღძრულია ვინდიკაციური სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქობულეთი, ... ბინა №...-ის (საკადასტრო კოდი: ...) გამოთხოვასა და მოსარჩელისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას.

45. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით 2013 წლის 25 ნოემბრიდან სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქობულეთში, .... (საკადასტრო კოდი: №...) ირიცხება მოსარჩელის საკუთრებაში. აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს მოპასუხე, რომელიც ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს ბინას.

46. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია კანონიერ ძალაში შესული, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტი იმის შესახებ, რომ ქ. ქობულეთში, ... ბინა №...-ის მესაკუთრე (მოსარჩელე) არ იყო ვალდებული მოპასუხისთვის (ზ. ზ-ის მემკვიდრე, უფლებამონაცვლე) გადაეხადა ბინის რეკონსტრუქცია-რემონტის ხარჯები, ამასთან, მოპასუხე ქონების კეთილსინდისიერ მფლობელს არ წარმოადგენდა და ამ ქონების დაკავების უფლება არ გააჩნდა.

47. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია.

48. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

49. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

50. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მოპასუხემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

51. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

53. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 30 დეკემბერს №1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ. ზ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს თ. ზ-ეს (პ/ნ: …) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 30 დეკემბერს #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე