Facebook Twitter

№ ას-1166-1121-2016 22 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – ც. ლ-ე (მოსარჩელე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მარჩენალის დაღუპვით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ც. ლ-ემ (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს-ის“ (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა 2012 წლის სექტემბრიდან ბოლო სამი წლის პერიოდის მიუღებელი სარჩოს ერთობლივი თანხის 9 726,84 ლარის, ასევე 2015 წლის ოქტომბრიდან ყოველთვიურად 340 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.

2. სარჩელის თანახმად, მოსარჩელის მეუღლე, გ. ზ-ას ძე ლ-ე, მუშაობდა მოპასუხე სს „ს-ის’’ ხაშურის სამოქალაქო ნაგებობათა №3 დისტანციაში მე-5 თანრიგის მღებავად. 1995 წლის 27 ივლისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო საწარმო ტრავმა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 1995 წლის 31 ივლისს.

3. საწარმოო ტრავმის შედეგად მეუღლის დაღუპვის გამო მოსარჩელე მოპასუხისგან დღემდე ღებულობდა მარჩენალის დაკარგვის გამო სარჩოს, ბოლო სამი წლის მანძილზე სარჩოს ოდენობა შეადგენდა 2 513.16 ლარს (69.81 x 36 = 2 513.16).

4. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მისი მეუღლის სამუშაო ადგილის შესაბამის სამსახურში მომუშავე მუშაკის ხელფასი რამდენჯერმე გაიზარდა (და ამჟამად ანალოგიური სამუშაოს შემსრულებელი მუშაკის ხელფასი შეადგენს 680 ლარს), მოპასუხემ მას სარჩოს ოდენობა არ გაუზარდა, რაც მოსარჩელის მხრიდან სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი“ არეგულირებს მხოლოდ დამსაქმებლის ბრალის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების წესს და არა დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებას. ამასთან, სს „ს-აში“ შტატი მე-5 თანრიგის მღებავი საერთოდ აღარ არსებობს, შესაბამისად, საფუძველსმოკლებულია მოსარჩელის მოთხოვნა არსებული შტატის გათვალისწინებით სარჩოს გადაანგარიშებაზე.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის მთავარ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა მოპასუხისათვის 2012 წლის დეკემბრიდან 2015 წლის დეკემბრამდე მიუღებელი სხვაობის 7 912 ლარის დაკისრება, ხოლო 2015 წლის დეკემბრიდან ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სს „ს-ას’’ მოსარჩელე ც. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის დეკემბრიდან 2015 წლის დეკემბრამდე გადაანგარიშებული სარჩოს სხვაობის სახით 7 912 ლარის გადახდა (საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის ჩათვლით) და 2015 წლის დეკემბრიდან ყოველთვიურად სარჩოს - 300 ლარის გადახდა არაუგვიანეს 2019 წლის 20 მარტისა (საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის ჩათვლით).

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ლ-ემ სს „ს-ის“ ხაშურის სამოქალაქო ნაგებობათა №3 დისტანციაში მე-5 თანრიგის მღებავად მუშაობის დროს, 1995 წლის 27 ივლისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმო ტრავმა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 1995 წლის 31 ივლისს.

11. საწარმოს ტრავმის შედეგად მეუღლის დაღუპვის გამო სს „ს-ისაგან“ მეუღლის დაღუპვის დღიდან დღემდე ც. ლ-ე იღებდა მარჩენალის დაკარგვის სარჩოს; ბოლო სამი წლის მანძილზე სარჩოს ოდენობა შეადგენდა ყოველთვიურად 69.81 ლარს.

12. სასამართლომ დაადგინა, რომ ამჟამად სს „ს-აში“ თანრიგების მინიჭება არ ხდება, თუმცა ადრე მინიჭებული თანრიგებიდან გამომდინარე მე-5 თანრიგის მღებავის თვიური სარგო საშტატო განრიგის მიხედვით 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის მაისამდე შეადგენდა 450 ლარს, ხოლო ამის შემდგომ 600 ლარს.

13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე (ზიანის მიყენებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოვალეობა), 411-ე (ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისთვის) მუხლებზე, ასევე ამავე კოდექსის 1006-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმების შინაარსი აძლევს მოსარჩელეს სამართლებრივ საფუძველს, მოითხოვოს სარჩოს გადახდევინება გარდაცვლილი მარჩენალის გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, რამდენადაც ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების – საწარმოო ტრავმის არარსებობის, რასაც შედეგად მოჰყვა გ. ლ-ის გარდაცვალება, და შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, გ. ლ-ე (მარჩენალი) მიიღებდა გაზრდილ ხელფასს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის არის თავად ის გარემოება, რომ მუშაკმა მიიღო სხეულის დაზიანება საწარმოო ტრავმის შედეგად, რასაც მოჰყვა გარდაცვალება. პალატამ ასევე მიუთითა, რომ სარჩოს ანაზღაურების მავლადებულებელი გარემოების დადგომა პირს და მის რჩენაზე მყოფ პირებს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას. ამასთან, სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის გამო მარჩენალის დაკარგვით. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ საწარმოო ტრავმის მიღების გამო მარჩენალის გარდაცვალებით მოსარჩელემ დაკარგა შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოო ტრავმის მიუღებლობის შემთხვევაში, მუშაკი (მარჩენალი) განაგრძობდა მუშაობას და იგი მიიღებდა გაზრდილ ხელფასს.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩოს გადაანგარიშების საკითხზე მსჯელობისას სწორად იხელმძღვანელა მოხმობილი ნორმებით, ასევე, საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლით და მართებულად შეაფასა, რომ მოპასუხე სს „ს-ა“ არამართლზომიერად არ ახდენდა მოსარჩელის სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას მე-5 თანრიგის მღებავის გაზრდილი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით, შესაბამისად, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მისაცემი სარჩოს ოდენობაში მე-5 თანრიგის მღებავის ხელფასის გაზრდილი ოდენობის გაუთვალისწინებლობით მოსარჩელე არასრულად იღებდა სარჩოს, რითაც მას ადგებოდა ზიანი.

15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის მაისამდე 5 თვის მანძილზე 450 ლარის ხელფასის პირობებში მოპასუხეს მოსარჩელისთვის მარჩენალის დაკარგვის გამო სარჩოს სახით უნდა გადაეხადა 1 125 ლარი. ყოველთვიური 69.81 ლარის გადახდის პირობებში კი გადახდილი აქვს 349 ლარი, შესაბამისად, გაცემულ სარჩოსა და გასაცემს შორის სხვაობა არის 776 ლარი. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ 2013 წლის მაისიდან 2015 წლის დეკემბრამდე, 31 თვის მანძილზე 600 ლარის ხელფასის პირობებში მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა 9 300 ლარი, ყოველთვიური 69.81 ლარის გადახდის პირობებში კი გადახდილი აქვს 2 164 ლარი, ამდენად, გაცემულ სარჩოსა და გასაცემ სარჩოს შორის სხვაობა შეადგენს 7 136 ლარს. საბოლო ჯამში კი საერთო თანხის სხვაობა შეადგენს 7 912 ლარს.

16. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის დეკემბრიდან ყოველთვიურად სარჩოს - 300 ლარის გადახდა არაუგვიანეს 2019 წლის 20 მარტისა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლი განმარტებული უნდა იქნას იმგვარად, რომ პირის ვალდებულება არჩინოს მის კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი თუ პირები, მოქმედებს სწორედ ამ უკანასკნელის საპენსიო ასაკამდე. ამდენად, გადაანგარიშებული სარჩო მომავლის პერიოდისათვის უნდა შემოიფარგლოს გარკვეული ჩარჩოთი - კონკრეტული ვადით, როდესაც მოპასუხის ვალდებულება - ეხადა სარჩო, უნდა შეწყვეტილიყო. ასეთ თარიღად, სასამართლოს მოსაზრებით, მართებულად იქნა მიჩნეული 2019 წლის 20 მარტი, ანუ დღე, როდესაც გარდაცვლილი მარჩენალი გახდებოდა საპენსიო ასაკის - 65 წლის.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

18. კასატორ ც. ლ-ის განცხადებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა სარჩოს გადახდის ვადა 2019 წლის 20 მარტამდე. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩოს გადახდის ვალდებულება დაზარალებულის სიცოცხლის განმავლობაში ეკისრება საწარმოს, ამასთან, ვინაიდან საოჯახო კანონმდებლობით განსაზღვრულია მეუღლეთა ურთიერთრჩენის ვალდებულება სიცოცხლის ბოლომდე, კასატორის მოსაზრებით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს მარჩენალის დაკარგვის სარჩო უხადოს სიცოცხლის მანძილზე.

19. კასატორ სს „ს-ის“ მითითებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 178-ე, 408-ე და 992-ე მუხლები, რომლებიც აწესრიგებენ მხოლოდ დამსაქმებლის ბრალის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების და არა დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების წესს.

20. სასამართლოს მიერ მითითებული სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ვრცელდება სახელშეკრულებო ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც არ შეიძლება გავრცელდეს ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურებაზე.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ც. ლ-ის საკასაციო საჩივარი, ხოლო ამავე პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

25. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის (გარდაცვლილი მარჩენალის მეუღლის) სასარგებლოდ მოპასუხისათვის გაზრდილი (გადაანგარიშებული) სარჩოს დაკისრების მართლზომიერება.

26. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ საკითხზე არსებობს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა. სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლით დადგენილია, რომ დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო. დასახელებულ ნორმაზე მითითებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ რა დრომდეა ძალაში რჩენის ვალდებულება, რა დრომდე იქნებოდა ვალდებული მარჩენალი, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფი პირები, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

27. განსახილველ დავაში დადგენილია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება დადგა 1995 წელს, როდესაც, საწარმოს ბრალით, მიღებული ტრავმის შედეგად, გარდაიცვალა მარჩენალი (მოსარჩელის მეუღლე). ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ იგი იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმხანად მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით, მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა (იხ. სუსგ №ას-789-746-2015, 22 იანვარი, 2016 წელი).

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩენისათვის (მარჩენალდაკარგული მოსარჩელისათვის) ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება, მოცემულ შემთხვევაში, მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება საწარმოს, თუმცა, გარდაცვლილის საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მოპასუხისთვის მოსარჩელის (სარჩენის) სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს დაკისრება ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ სუსგ-ები №ას-637-608-2016, 23 სექტემბერი, 2016 წელი; №ას-1216-1141-2015, 3 ივნისი, 2016 წელი; №ას-789-746-2015, 22 იანვარი, 2016 წელი; №ას-1220-1145-2015, 3 ივნისი, 2016 წელი, სადაც განმარტებულია სარჩენისათვის გაზრდილი (გადაანგარიშებული) კომპენსაციის დაკისრების წესი და სამართლებრივი წინაპირობები), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ც. ლ-ისა და სს „ს-ის“ საკასაციო საჩივრები.

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ხოლო კასატორი ც. ლ-ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კასატორ სს „ს-ას“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 533.71 ლარის 70% – 373.597 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ც. ლ-ისა და სს „ს-ის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი ც. ლ-ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. კასატორს სს ს-ას (ს/ნ:...) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 14 დეკემბერს #16290 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 533.71 ლარის 70% – 373.597 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე