№ ას-1198-1158-2016 18 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ხ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. მ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა აღსასრულებელი ვალდებულებიდან ძირითადი თანხის ნაწილში
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. ხ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა ს. მ-ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა აღსასრულებელი ვალდებულებიდან ძირითადი თანხის ნაწილში სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა.
2. მოსარჩელის განცხადებით, მას დასჭირდა თანხა, რის გამოც ახლობლების რჩევით დაუკავშირდა ლ. ბ-ს, რომელმაც დაიბარა სანოტარო ბიუროში და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმებინა მოპასუხე ს. მ-თან. ხელშეკრულება გაფორმდა 2014 წლის 23 ივლისს 6 თვის ვადით ყოველთვიური 2.5% სარგებლის დარიცხვით და ვალდებულების შესრულების ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 23 იანვარი. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მოსარჩელის განცხადებით, შეთანხმებისამებრ, მას თანხა უნდა გადაერიცხა ლ. ბ-ისთვის, რასაც ასრულებდა კიდეც - 2014 წლის 2 სექტემბერს მეზობლის, ნ. გ-ის მეშვეობით გადაურიცხა 2000 აშშ დოლარი (რომელიც იყო ძირითადი თანხის ნაწილი), ოქტომბერ-ნოემბერში ჯამში 1000 აშშ დოლარი, 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის აპრილამდე კი 2800 აშშ დოლარი. ამავე დროს, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მან წინასწარ გადაიხადა 675 აშშ დოლარი. მოსარჩელის განცხადებით, საერთო ჯამში მოპასუხეს გადაუხადა 10 000 აშშ დოლარიდან ძირი თანხა - 4 275 აშშ დოლარი, აგრეთვე 11 თვის სარგებელი - 2 200 აშშ დოლარი.
3. 2015 წლის 9 ივლისის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ მოთხოვნა 10 000 აშშ დოლარის ნაწილში დაუთმო გ. მ-ს, ხოლო იმავე წლის 20 ივლისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის შესაბამისად, დადგინდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია. თანხა არასწორია და სასამართლომ მას უნდა დააკისროს არა სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხა (ძირი თანხა - 10 000 აშშ დოლარი, ერთი თვის სარგებელი - 250 აშშ დოლარი), არამედ სესხის დარჩენილი ძირი თანხა 5725 აშშ დოლარის ოდენობით.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების გარემოება. მან დაადასტურა მოსარჩელისგან 4 თვის სარგებლის, 2000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით, ამასთან, განმარტა, რომ პირველი თვის სარგებელი 500 აშშ დოლარი მოსარჩელემ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე გადაიხადა, ამდენად გადასახდელი დარჩა ერთი თვის პროცენტი, რაც დაეკისრა სააღსრულებო ფურცლით. სხვა დავალიანება კი მას არ გადაუხდია, შესაბამისად, მოპასუხის აზრით, სააღსრულებო ფურცელში სწორადაა მითითებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი დავალიანების თანხა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
6. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 2016 წლის 10 ივნისს აპელანტმა წარადგინა განცხადება, რომლითაც შეამცირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოწინააღმდეგე მხარის (კრედიტორის) ს. მ-ის მიმართ სადავოდ გახადა ძირი თანხის სახით 1 975 აშშ დოლარის ნაწილში ვალდებულების შესრულების გარემოება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, მიუთითა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
9. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლზე, რომელიც ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს და განსაზღვრავს, რომ კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
10. მითითებული ნორმის ანალიზის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. სასამართლომ აქვე მიუთითა, რომ კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შესაბამისი მტკიცებულება შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
11. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი სადავოდ ხდის სააღსრულებო ფურცლით მის მიმართ დარჩენილი დავალიანების მოცულობას ძირითადი დავალიანების ნაწილში. მოსარჩელემ მოწინააღმდეგე მხარის (კრედიტორის) ს. მ-ის წინაშე ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების გარემოების დასადასტურებლად წარადგინა ბანკის მიერ გაცემული შემოსავლის ორდერები, რომლის თანახმად, ფიზიკური პირების - ნ. გ-ის, რ. კ-ის, გ. ხ-ის, თ. თ-ისა და ნ. თ-ის მიერ ხდებოდა ლ. ბ-სათვის თანხის ჩარიცხვა. შესაბამისად, წარდგენილი შემოსავლის ორდერების თანახმად, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია თანხის მიღება მესამე პირის, ლ. ბ-ის მიერ, რომელიც არ არის კრედიტორი.
12. სასამართლომ დაადგინა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე (კრედიტორი) მესამე პირისათვის ჩარიცხული თანხის სრულად მიღებას უარყოფს, აპელანტის (მოვლის) მიერ წარდგენილი შემოსავლის ორდერებით, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის დანაწესის თანახმად, ვერ დადასტურდება უშუალოდ კრედიტორის მიერ თანხის მიღების ფაქტი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალე მ. ხ-ს გადაუხდელი აქვს სესხის ძირი თანხა 10 000 აშშ დოლარი და ერთი თვის პროცენტი 250 აშშ დოლარი.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ხ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
14. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი. საქმეში წარდგენილი საბანკო გადარიცხვები უდავოდ ადასტურებს მის მიერ მოპასუხის მიმართ 1975 აშშ დოლარის ნაწილში ვალდებულების შესრულების ფაქტს და აღნიშნული მოწინააღმდეგე მხარესაც არ გაუხდია სადავოდ. მხარეთა შორის თავიდანვე არსებობდა შეთანხმება, რომ ლ. ბ-ი არის შუამავალი და ყველა თანხა მის ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
19. მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის სესხის ძირითადი თანხის ნაწილში ფულადი ვალდებულების შესრულებას და თავის საკასაციო პრეტენზიას ძირითადად იმ გარემოებაზე აფუძნებს, რომ მოვალე უფლებამოსილი იყო კრედიტორის მიმართ შესრულება განეხორციელებინა შუამავლის მეშვეობით.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში. აღნიშნული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი, რომელიც ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომრეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.
22. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში.
23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ სესხად გაცემული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მსესხებელს, შესაბამისი მტკიცებულება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება. მოსარჩელე ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ მან შუამავლის (ლ. ბ-ის) მეშვეობით შეასრულა ვალდებულება კრედიტორის/იპოთეკარის წინაშე და აღნიშნული შესრულების თაობაზე მხარეთა შორის არსებობდა წინასწარი შეთანხმება, თუმცა საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის ამ პრეტენზიას, რადგან 2014 წლის 23 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში არ არსებობს რაიმე სახის ჩანაწერი, რომელიც ლ. ბ-ს უფლებამოსილებას მიანიჭებდა მიეღო შესრულება იპოთეკარის სანაცვლოდ.
24. სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი.
25. განსახილველი ნორმა ითვალისწინებს უფლებამოსილი პირის მიმართ ვალდებულების შესრულებას, თუმცა, ნორმის სწორი განმარტების მიზნებისათვის, პირველ რიგში, იგი, განხილული უნდა იქნას მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმებთან ერთობლიობაში. ამგვარი მიდგომა განპირობებულია სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტის თავისებურებით, რომლის ამოსავალი დებულება იმაში მდგომარეობს, რომ მტკიცებულებათა დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვების თუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების დასადასტურებლად, რაც საბოლოოდ წარმოადგენს სამართლის ნორმით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ კომპონენტს, აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ყველა მნიშვნელოვან გარემოებებზე. ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება რაიმე მითითებას წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით გარიგების გაფორმებასა და ვალდებულების ამავე წესით შესრულებაზე არ შეიცავს, ვალდებულების შესრულების ნამდვილობის დასადასტურებლად არ არის საკმარისი ლ. ბ-ის მიერ თანხის მიღება, ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი.
26. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულების შესრულების წესი სადავო ურთიერთობის მიხედვით ეხება სასესხო ვალდებულების შესრულებას, მისი ნამდვილობა უნდა დადგინდეს სასესხო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი წესების დაცვით, შესაბამისად, თუ მივიჩნევთ, რომ 2014 წლის 23 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა შუამავლის მეშვეობით, ამ შემთხვევაშიც მოსარჩელეს (მ. ხ-ს) ნაკისრი ვალდებულება მაინც მოპასუხის (ს. მ-ის) წინაშე უნდა შეესრულებინა, რადგან რაიმე მითითებას შუამავლისათვის ძირითადი თანხის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება არ შეიცავს.
27. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც ჰქონდა კრედიტორს, სახელდობრ, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი). კანონის აღნიშნული დანაწესი საერთოა როგორც ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილისათვის ისე, სახელშეკრულებო სამართლისათვის და ეხება სესხის ხელშეკრულების ყველა კომპონენტს, ყველა იმ უფლება-ვალდებულებას, რომელიც წარმოიშობა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით დადგენილი დანაწესი სახელშეკრულებო ურთიერთობისას ვალდებულების შესრულების მიღების წესის შესახებ და აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, რასაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც მსგავს სამართლებრივ საკითხებზე უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებაში ასახული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ მყარ სასამართლო პრაქტიკას, სადაც განმარტებულია სამოქალაქო საპროცესო სამართალში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, ასევე სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის (ვალდებულების შესრულების მიღება) გამოყენების სამართლებრივი წინაპირობები (იხ. სუსგ №ას-570-541-2015, 11 ნოემბერი, 2015 წელი; №ას-441-420-2015 29 იანვარი, 2016 წელი).
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე