№ ას-641-612-2016 7 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ტ. ე-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ფ-ა (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (ძირითად სარჩელში), გარიგების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბ. ფ-ამ (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „შეგებებული სარჩელის მოპასუხე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ტ. ე-ის (შემდგომში „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელის ავტორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა გაცემული სესხის ძირითადი თანხის დაბრუნება, მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 12 აპრილს ნოტარიულად დამოწმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მან გასცა 200 000 აშშ დოლარი მოპასუხეზე, რომელმაც ეს თანხა სრულად მიიღო. ხელშეკრულების თანახმად, გასესხებული თანხის სრულად დაფარვა უნდა მომხდარიყო 2014 წლის 12 აპრილს. მოპასუხეს ასევე უნდა გადაეხადა ძირითადი თანხის საპროცენტო სარგებელი, წლიური 14%, რაც მთლიანობაში შეადგენდა 228 000 აშშ დოლარს.
3. მოპასუხემ სესხი არ დააბრუნა 8 თვის მანძილზე, რის გამოც მოსარჩელემ განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, 18 992 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც მას უნდა მიეღო საბანკო საანაბრე ანგარიშზე თანხის განთავსების შემთხვევაში.
4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება მოტყუებით იქნა დადებული, მოსარჩელეს მისთვის ფაქტობრივად გადარიცხული აქვს 169 983 აშშ დოლარი, რომელიც რეალურად არ წარმოადგენდა სესხს.
5. ამასთან, მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა მასსა და მოსარჩელეს (შეგებებული სარჩელის მოპასუხეს) შორის 2013 წლის 12 აპრილს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების, ბათილად ცნობა.
6. მოპასუხის (შეგებებული სარჩელის მოსარჩელის) მტკიცებით, მოსარჩელის (შეგებებული სარჩელის მოპასუხის) მიერ მისთვის გადარიცხული 170 000 აშშ დოლარი იყო არა სესხი, არამედ - შპს „თ 1“-ის შესყიდვის ღირებულების ნაწილი.
7. მოპასუხის (შეგებებული სარჩელის მოსარჩელის) განმარტებით, იგი წარმოადგენდა შპს „თ 1“-ის 100%-იანი წილის მფლობელს და მასთან ამ საზოგადოების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა ს. ყ-ი, რომელიც მოსარჩელის (შეგებებული სარჩელის მოპასუხის) ახლო ნათესავია. ს. ყ-მა, რომელსაც იჯარით ჰქონდა აღებული შპს „თ 1“-ის უძრავი ქონება, სურდა რა შპს-ს შესყიდვა, თავისი ძმის, ნ. ყ-ის სახელით, ჯერ გადაურიცხა 150 000 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ, მოტყუებით, იმ მოტივით, თითქოსდა სხვა სახით თანხას ვერ გადაურიცხავდა საგადასახადო პრობლემების გამო, ამ სახის ხელშეკრულება გააფორმებინა მოპასუხეს (შეგებებული სარჩელის მოსარჩელეს) თავის ნათესავ მოსარჩელესთან (შეგებებული სარჩელის მოპასუხესთან) და ისე გადაურიცხა ამ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ძირითადი თანხა, რაც წარმოადგენდა შპს-ს შესყიდვის ღირებულების ნაწილს. მოპასუხე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე), რომელიც ენდობოდა ს. ყ-ს და ეგონა, რომ მართლაც სურდა ამ უკანასკნელს შპს-ს შესყიდვა, დათანხმდა ასეთი ხელშეკრულების გაფორმებაზე, რადგან მისთვის სულერთი იყო, რა სახით მიიღებდა ნასყიდობის თანხას.
8. მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) არ დაეთანხმა შეგებებულ სარჩელს და განმარტა, რომ წარმოდგენილ შეგებებულ სარჩელზე გასული იყო მოთხოვნის ხანდაზმულობის საპროცესო ვადა, რადგან 2013 წლის 12 აპრილის ხელშეკრულების ბათილობა მოტყუების გამო მხარეს შეეძლო სადავოდ გაეხადა 2014 წლის 12 აპრილამდე.
9. მოსარჩელემ (შეგებებული სარჩელის მოპასუხემ) ასევე მიუთითა, რომ მოპასუხის (შეგებებული სარჩელის მოსარჩელის) მიერ აღწერილ საიჯარო ურთიერთობას მათ შორის არსებულ სესხის ხელშეკრულებასთან კავშირი არ ჰქონდა.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 114 000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. მოპასუხეს (შეგებებული სარჩელის მოსარჩელეს) უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
11. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 12 აპრილს მოსარჩელის მინდობილ პირს ნ. ს-სა და მოპასუხეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის 2.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელს ხელშეკრულების ხელმოწერამდე მიღებული აქვს 100 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 100 000 აშშ დოლარი მსესხებელს ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 5 დღის ვადაში უნდა მიეღო.
12. საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 29 მარტს მოსარჩელემ მოპასუხეს 29 983 აშშ დოლარი სს „თი ბი სი ბანკის“ საშუალებით ჩაურიცხა, ამასთანავე, 2013 წლის 4 აპრილს ნ. ყ-მა მოპასუხეს 70 000 აშშ დოლარი ჩაურიცხა, ხოლო 2013 წლის 15 აპრილს კი - ასევე 70 000 აშშ დოლარი.
13. საქალაქო სასამართლოს მსჯელობის საგანს ძირითად სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგენდა - დააბრუნა თუ არა მოპასუხემ სესხად აღებული 100 000 აშშ დოლარი და გადასცა თუ არა მოსარჩელემ თანხის დარჩენილი ნაწილი - 100 000 აშშ დოლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებში არ არის პირდაპირი მითითება გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა იგი განმარტებულ უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის კონტექსტში. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ იგი მოვალისათვის დისპოზიციურ, ხოლო კრედიტორისათვის იმპერატიულ ხასიათს ატარებს, კერძოდ: დისპოზიციურობა გამოიხატება იმ ფაქტში, რომ მოვალე სამოქალაქო-სამართლებრივ ბრუნვაში უნდა მონაწილეობდეს, როგორც გონივრულად და წინდახედულად მოაზროვნე სუბიექტი, რომელსაც, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები გადახდის წესზე არ შეთანხმებულან და ფულადი ვალდებულების შესრულების ფორმად ნაღდ ანგარიშსწორებას აირჩევს, შეუძლია კრედიტორს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვს, რა დროსაც კრედიტორი ვალდებულია გასცეს დასახელებული დოკუმენტი. ამასთან, მოვალეს შეუძლია ფულადი ვალდებულება, სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორების გზით შეასრულოს და გადასახდელი თანხა კრედიტორის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხოს. განსახილველ შემთხვევაში, არც პირველ და არც მეორე შემთხვევას კრედიტორისა და მოვალის (მოსარჩელისა და მოპასუხის) მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
14. ზემოაღნიშნული დასაბუთების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის (შეგებებული სარჩელის მოპასუხის) მითითება იმის თაობაზე, რომ მან მოპასუხეს 2013 წლის 12 აპრილის სესხის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის საფუძველზე 100 000 აშშ დოლარი გადასცა. სასამართლომ აღნიშნა, რომ დასახელებული თანხის გადაცემის დამადასტურებელ მტკიცებულებად საქმეში წარდგენილი 2013 წლის 29 მარტის, 4 აპრილისა და 15 აპრილის საგადასახადო დავალებები ვერ გამოდგებოდა. სასამართლოს მითითებით, სესხის ხელშეკრულების თანახმად, დარჩენილი 100 000 აშშ დოლარის გადახდა 2013 წლის 12 აპრილიდან 17 აპრილამდე უნდა განხორციელებულიყო, მაშინ როდესაც მითითებული სამი საბანკო ქვითრიდან ორი ხელშეკრულების დადებამდე არსებული თარიღით იყო დათარიღებული (2013 წლის 29 მარტი და 4 აპრილი). რაც შეეხება, 2013 წლის 15 აპრილის საგადასახადო დავალებას, სასამართლომ დაასკვნა, რომ წარდგენილი ქვითრით არ დგინდებოდა მასში მითითებული თანხის 70 000 აშშ დოლარის 2013 წლის 12 აპრილის სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდის ფაქტი. თანხის გადამხდელი იყო ნ. ყ-ი, რომელიც არ წარმოადგენდა ხელშეკრულების მხარეს და არც მხარის უფლებამოსილებით იყო აღჭურვილი, რის გამოც, სასამართლომ მიიჩნია, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით წარმოდგენილი ქვითრებით გადახდილი თანხა სხვა ვალდებულების ფარგლებში იყო განხორცილებული და მას რაიმე კავშირი მხარეთა შორის არსებულ სადავო სესხის ხელშეკრულებასთან არ ჰქონდა.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დასტურდებოდა სესხის სახით მოპასუხისთვის მხოლოდ 100 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, ხოლო ხელშეკრულება დადებული იყო ერთი წლის ვადით წლიური 14%-ის დარიცხვით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარგებლის სახით 14 000 აშშ დოლარი უნდა დაკისრებოდა.
16. შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის (შეგებებული სარჩელის მოსარჩელის) მტკიცება რომ 2013 წლის 12 აპრილის გარიგება მოტყუებით დაიდო. საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოტყუებით დადებული გარიგებისას გადამწყვეტია ის, რომ მხარის ნების ფორმირება ხორციელდება განზრახი მოტყუების საფუძველზე. მოტყუება წინ უნდა უსწრებდეს გარიგების დადებას და აშკარა უნდა იყოს, რომ გარიგება მოტყუების გარეშე არ დაიდებოდა. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ ახორციელებს მოტყუებას: თავად კონტრაჰენტი თუ მესამე პირი. მთავარია, მხარემ იცოდეს მოტყუების შესახებ, სარგებლობდეს ამით და მოტყუება იყოს არსებითი. შეგებებული სარჩელის ავტორმა ვერ დაადასტურა მოპასუხის (ძირითადი სარჩელის მოსარჩელის) მხრიდან მოტყუების ფაქტი, ამასთან, ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მან იცოდა მოტყუების შესახებ, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულია გარიგების ბათილად ცნობა მოტყუების და არა ნდობით განპირობებული უხეში გაუფრთხილებლობის გამო.
17. საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის (ძირითადი სარჩელის მოსარჩელის) პოზიცია შეგებებული სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და, სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლზე, 128-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 130-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ, ვინაიდან შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ მოპასუხისთვის (შეგებებული სარჩელის მოსარჩელისთვის) ცნობილი იყო გარიგების დადების მომენტში, ანუ 2013 წლის 12 აპრილისათვის, ხოლო შეგებებული სარჩელი წარდგენილ იქნა 2014 წლის 2 დეკემბერს, ერთი წლის გასვლის შემდეგ, არსებობდა მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველი.
18. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.
20. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო სესხის ხელშეკრულების დადებისას აპელანტის მოტყუების ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ამ უკანასკნელისთვის იმთავითვე ცნობილი იყო რა სახის ხელშეკრულებას აფორმებდა მოწინააღმდეგე მხარესთან. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აპელანტის შეგებებულ სარჩელზე, სადაც ის განმარტავს, რომ „დათანხმდა ასეთი ხელშეკრულების გაფორმებაზე, რადგან მისთვის სულერთი იყო რა სახით მიიღებდა ნასყიდობის თანხას“. აპელანტის მოცემული განმარტებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მან შეგნებულად გააფორმა სადავო სესხის ხელშეკრულება მოწინააღმდეგე მხარესთან, რაც გამორიცხავდა მოტყუების ფაქტს.
21. სააპელაციო პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების მოტყუებით დადების ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი აპელანტის მხარეზეა იყო, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო სადავო გარემოების დადასტურება.
22. სასამართლომ ასევე იმსჯელა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან აპელანტმა ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ მან უფლების დარღვევის (მოტყუების) შესახებ სარჩელის აღძვრის შემდგომ შეიტყო, არ არსებობდა არც სააპელაციო საჩივრის პრეტენზიის აღნიშნული ნაწილის გაზიარების საფუძველი.
23. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ) და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
24. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია რის საფუძველზე მივიდა პირველი ინსტანციის სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ მხარეებს შორის სხვა ვალდებულება არსებობდა და ამ ვალდებულების ფარგლებში იქნა გადახდილი 29 მარტსა და 4 აპრილს 100 000 აშშ დოლარი. მისივე განმარტებით, ეს სწორედ ის თანხაა, რომელიც მითითებულია გადაცემულად 2013 წლის 12 აპრილის სესხის ხელშეკრულებით. სააპელაციო სასამართლო არ ასაბუთებს, თუ რა მიზეზით არ გაიზიარა მან ის გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა რეალურად წარმოადგენდა ნასყიდობის თანხას.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით ტ. ე-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
29. საკასაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სათანადოდ არ შეაფასეს კასატორის (მოპასუხის) მიერ მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ფაქტი და გადახდილი 100 000 აშშ დოლარი არ ჩათვალეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხად.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ზოგიერთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი მოცემულია მატერიალური სამართლის ნორმებში. ეს ის ნორმებია, რომლებიც შინაარსობრივად მხარეთა შორის მტკიცების ტვირთს ანაწილებენ. ვალდებულებითი სამართალი მტკიცების ტვირთს ანაწილებს ისე, რომ მოვალეს ეკისრება მხოლოდ ვალდებულების შესრულების ფაქტის ან იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება, რომელიც გამორიცხავს შესრულებას; ხოლო გამსესხებელს ეკისრება სესხის ხელშეკრულების დადებისა და შესაბამისი თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.
31. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით სადავო 100 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის სესხად გადაცემის მტკიცებულების წარმოდგენის მოვალეობა ეკისრებოდა მოსარჩელეს. ხოლო აღნიშნული თანხის დაბრუნების (ვალდებულების შესრულების) ან სესხის ხელშეკრულების არარსებობის შესახებ მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს.
32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, მათი შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. სსსკ–ის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 134–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.
33. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების შეფასებებს და თვლის, რომ კასატორის (მოსარჩელის) მითითება საქმეში არსებულ საბანკო ქვითრებზე, რომლის მიხედვით, მისი აზრით, დასტურდება კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულების ფაქტი, დასაბუთებულ შედავებად (პრეტენზიად) ვერ იქნება განხილული. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული საბანკო ქვითრებიდან ორი სადავო ხელშეკრულების დადებამდე არსებული თარიღით არის დათარიღებული (2013 წლის 29 მარტი და 4 აპრილი). რაც შეეხება, 2013 წლის 15 აპრილის საგადასახადო დავალებას, წარდგენილი ქვითრით არ დგინდება მასში მითითებული თანხის, 70 000 აშშ დოლარის, 2013 წლის 12 აპრილის სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდის ფაქტი. თანხის გადამხდელია ნ. ყ-ი, რომელიც არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს და არც მხარის უფლებამოსილებითაა აღჭურვილი, რის გამოც, საკასაციო პალატის აზრით, ქვედა ინსტანციის სასამართლომ საფუძვლიანად დაასკვნა, რომ წარმოდგენილი ქვითრებით გადახდილი თანხა სხვა ვალდებულების ფარგლებში იყო განხორცილებული და მას რაიმე კავშირი მხარეთა შორის არსებულ სადავო სესხის ხელშეკრულებასთან არ ჰქონდა.
34. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლზე, რომელიც ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომრეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.
35. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში.
36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ სესხად გაცემული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მსესხებელს, შესაბამისი მტკიცებულება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო სამართალში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, ასევე სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი (ვალდებულების შესრულების მიღება). გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-570-541-2015, 11 ნოემბერი, 2015 წელი; №ას-441-420-2015 29 იანვარი, 2016 წელი). შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
38. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ტ. ე-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
40. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.
41. რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
42. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულება (თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ #2/13346-15 საქმეზე 2015 წლის 1 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ასლი), „01“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 103).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ტ. ე-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ტ. ე-ს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 19 ივლისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. კასატორ ტ. ე-ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ #2/13346-15 საქმეზე 2015 წლის 1 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ასლი), „01“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 103);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე