Facebook Twitter

№ ას-663-634-2016 7 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. გ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ფ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი. გ-ამ (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ფ-ას (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის - 22 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე სესხის თანხის 3%-ის - თვეში 660 აშშ დოლარის ოდენობით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 12 ნოემბერს მასსა და მოპასუხეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება სანოტარო ფორმით, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 22 000 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით. აღნიშნული თანხა მოპასუხემ არ დააბრუნა. ამასთან, სესხის ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე სესხის თანხის 3%.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2010 წლის 8 ივნისს მან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტისგან“ სესხის სახით მიიღო 16000 აშშ დოლარი, ხოლო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინა 3 წლის ვადით. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, მოპასუხემ ვეღარ შეძლო შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მოსარჩელესა და მოპასუხეს შესთავაზა სესხის ვადის გახანგრძლივება, რაც შეამცირებდა ყოველთვიურ გადასახდელ თანხას. ვინაიდან ვადის გაგრძელებაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მოითხოვა დარჩენილი სესხის სრულად დაფარვა. სესხის ძირითადი თანხა იმ დროისთვის შეადგენდა დაახლოებით 12 500 აშშ დოლარს. აღნიშნულის გამო, სხვა კრედიტორთან გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ძირითადი თანხა განისაზღვრა 16 000 აშშ დოლარით. 2012 წლის ნოემბრის თვეში ახალმა კრედიტორმა მოითხოვა სესხის დაბრუნება. შედეგად, მის მიერ გაიცა ახალი სესხი და იპოთეკით დაიტვირთა იგივე უძრავი ქონება. სესხის თანხა გაიზარდა 23 500 აშშ დოლარამდე. სესხი გაიცა ერთი თვის ვადით, მისივე წარმომადგენლების, გ. ს-სა და მ. ც-ის მიერ. ამასთან, მოსარჩელემ, მისი ინტერესების დაცვის მიზნით, მოითხოვა სესხის ხელშეკრულების გაფორმება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უარს აცხადებდა გარიგების დადებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2012 წლის 12 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 22 000 აშშ დოლარზე, ერთი თვის ვადით, ხოლო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გ. ს-სა და მ. ც-ან დაიდო 2012 წლის 19 ნოემბერს.

4. მოპასუხის განმარტებით, 2012 წლის 20 დეკემბერს, 2012 წლის ნოემბრის თვეში დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დაფარვის მიზნით, სხვა კრედიტორებთან დაიდო ახალი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, თანხის ოდენობა გაიზარდა 26 500 აშშ დოლარამდე. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის ინტერესის უზრუნველსაყოფად კი, 2012 წლის 17 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 24 500 აშშ დოლარზე და 2012 წლის 27 დეკემბერს - 2 960 აშშ დოლარზე ისე, რომ 2012 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება არ გაუქმებულა. 2012 წლის 27 დეკემბრისა და 17 დეკემბრის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება. მოსარჩელის განმარტებით, 2 960 აშშ დოლარიანი სესხი დაფარულია, ხოლო დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში მოპასუხე დღემდე იხდის თანხას.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს ერთმანეთთან აქვთ ახლო ნათესაური კავშირი. 2010 წლის 8 ივნისს მოპასუხემ ერთ-ერთ საკრედიტო დაწესებულებასთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება 16 000 აშშ დოლარზე, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა. ერთი წლის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ვეღარ შეძლო სასესხო ვალდებულების შესრულება, მითითებული ბინა ხელახლა დაიტვირთა იპოთეკით ახალი კრედიტორის სასარგებლოდ და მიღებული თანხით მოპასუხემ გაისტუმრა პირველი იპოთეკარი.

8. მოპასუხე იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა 2012 წლის ნოემბერში, რა დროსაც საჭირო გახდა მოსარჩელის ბინის იპოთეკით კიდევ ერთხელ დატვირთვა უკვე გაზრდილი სასესხო თანხის 23 500 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად. თავის მხრივ, მოსარჩელემ, როგორც იპოთეკით დასატვირთი ბინის მესაკუთრემ, სამომავლო რისკის დასაზღვევად, გარანტიის სახით, მოითხოვა სესხის ხელშეკრულების გაფორმება მოპასუხესთან, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედდებოდა, თუ მოპასუხის სასესხო ვალდებულების აღსასრულებლად იპოთეკით დატვირთული მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება გაიყიდებოდა. აღნიშნულზე მხარეები შეთანხმდნენ და 2012 წლის 12 ნოემბერს, ერთის მხრივ, მოსარჩელეს, როგორც „გამსესხებელსა” და მეორეს მხრივ, მოპასუხეს, როგორც „მსესხებელს” შორის წერილობით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის შინაარსის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს სესხის სახით საკუთრებაში გადასცა 22 000 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით. სესხი დაბრუნებული უნდა ყოფილიყო 2012 წლის 12 დეკემბრამდე. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე სესხის თანხის 3%-ის ოდენობით.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ მიიღო „გარანტია“ ზემოთ მითითებული ხელშეკრულების სახით, 2012 წლის 19 ნოემბერს, ერთის მხრივ, გ. ს-სა და მ. ც-ს, როგორც „გამსესხებლებსა“ და, მეორეს მხრივ, მოპასუხეს, როგორც „მსესხებელს“ და მოსარჩელეს, როგორც „იპოთეკის საგნის მესაკუთრეს“ შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №121244787), რომლის მიხედვითაც, გ. ს-მ მოპასუხეს სესხის სახით საკუთრებაში გადასცა 3 100 აშშ დოლარი, ხოლო მ. ც-მა - 20 400 აშშ დოლარი. სესხისათვის გათვალისწინებული იქნა ყოველთვიური 3.5 პროცენტი. სესხი გაიცა ერთი თვის ვადით 2012 წლის 19 დეკემბრამდე. მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის 0.2%-ის ოდენობით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით კვლავ დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ.თბილისი, ა-ის ქ. №..., კორპ. ..., ბინა №..., (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...). ამ ხელშეკრულებაში მითითებული ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მოპასუხეს კვლავ წარმოეშვა მოსარჩელის ბინის იპოთეკით დატვირთვის ხარჯზე კიდევ უფრო გაზრდილი სესხის (26 500 აშშ დოლარი) აღების საჭიროება. მოსარჩელემ, როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრემ, „გარანტიის“ სახით, კვლავ მოითხოვა სესხის ხელშეკრულების გაფორმება გაზრდილ თანხაზე.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული მიზნით 2012 წლის 17 დეკემბერს, ერთის მხრივ, მოსარჩელეს, როგორც „გამსესხებელსა” და მეორეს მხრივ, მოპასუხესა და ნ. ლ-ას (მოპასუხის დედა), როგორც „მსესხებლებს” შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №121333264), რომლის მიხედვით, გამსესხებელმა მსესხებლებს სესხის სახით საკუთრებაში გადასცა 24 500 აშშ დოლარი, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის გარეშე. სესხის დაფარვის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 25 თებერვლამდე. ამასთან, 2012 წლის 27 დეკემბერს, ერთის მხრივ, მოსარჩელეს, როგორც "გამსესხებელსა” და მეორეს მხრივ, მოპასუხეს, როგორც „მსესხებელს” შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც გამსესხებელმა მსესხებელს სესხის სახით საკუთრებაში გადასცა 2 960 აშშ დოლარი, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის გარეშე. სესხის დაფარვის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 10 იანვრამდე.

11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 20 დეკემბერს, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის იპოთეკით დატვირთვის ხარჯზე, მოპასუხემ სესხის სახით აიღო 26 500 აშშ დოლარი. მხარეები არ დავობენ, რომ მითითებული ფულადი ვალდებულება მოპასუხემ ვერ შეასრულა და მისმა კრედიტორებმა მოთხოვნა დაიკმაყოფილეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის რეალიზაციის ხარჯზე. ამდენად, 2012 წლის 17 დეკემბერსა და 2012 წლის 27 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებთან მიმართებით, განსხვავებით 2012 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებისა, დადგა ის პირობა, რომელსაც მხარეებმა დაუკავშირეს ფულადი ვალდებულების წარმოშობა – მოპასუხის ფულადი ვალდებულება კრედიტორების მიმართ შესრულდა მოსარჩელის ბინის რეალიზაციის ხარჯზე.

12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულ ვითარებაში, მოსარჩელეს წარმოეშვა 2012 წლის 17 დეკემბერსა და 2012 წლის 27 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ, რითაც მან ისარგებლა და ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლები წარადგინა სააღსრულებო ბიუროში იძულებით აღსრულებაზე. კერძოდ, 2013 წლის 18 იანვარს მოპასუხეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაეგზავნა წინადადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლითაც ეცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ნოტარიუს ნ. მ-ის მიერ 2013 წლის 14 იანვარს გაცემული №130023013 სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, მოვალეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანება 2960 აშშ დოლარის ოდენობით. 2013 წლის 4 აპრილს კი მოპასუხეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაეგზავნა წინადადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლითაც ეცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ნოტარიუსის მიერ 2013 წლის 7 მარტს გაცემული №130218471 სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, მოვალეებს (მოპასუხეს და ნ. ლ-ას) მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხებათ დავალიანება 24 500 აშშ დოლარის ოდენობით.

13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები არ დავობენ პირველი სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხის სრულად დაფარვის ფაქტზე, ხოლო მეორე სააღსრულებო ფურცელზე აღსრულება გრძელდება და თანხის ამოღება ხდება მოპასუხის სახელფასო ანგარიშიდან ყოველთვიურად ჩარიცხული თანხის 50 %-ის ჩამოჭრით.

14. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოწმე ნ.ა-ის ჩვენებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ 2010 წლის შემდეგ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დატვირთული იყო მოპასუხის მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად. მას შემდეგ, რაც მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება მოპასუხის სესხის უზრუნველსაყოფად ფიზიკური პირების სასარგებლოდ გარკვეული პერიოდის ინტერვალით რამდენჯერმე დაიტვირთა იპოთეკით, მოსარჩელემ გადაწყვიტა რისკებისგან თავის დაზღვევა და გარკვეული გარანტიის შექმნა. აღნიშნულის გათვალისწინებით, იპოთეკით ქონების დატვირთვამდე მოპასუხესთან აფორმებდა სესხის ხელშეკრულებას.

15. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავოა სასესხო ურთიერთობის წარმოშობა, მტკიცების ტვირთი სესხის ხელშეკრულების არსებობისა ამ ურთიერთობის წარმოშობაზე მიმთითებელ მხარეს ეკისრება. ამ უკანასკნელმა კი წარმოადგინა სანოტარო ფორმით გაფორმებული სესხის ხელშეკრულება. ამ პირობებში საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხეზე, რომელმაც თავისი დეტალური და დამაჯერებელი ახსნა-განმარტებით, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებითა და მოწმის ჩვენებით სასამართლოს შეუქმნა მყარი შინაგანი რწმენა იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის, მიუხედავად 2012 წლის 12 ნოემბერს სესხის ხელშეკრულების შესახებ სანოტარო წესით დადასტურებული დოკუმენტის გაფორმებისა, რეალურად, სასესხო ურთიერთობა არ დამყარებულა, რადგან მოსარჩელეს მოპასუხისათვის 22 000 აშშ დოლარი არ გადაუცია და მოსაჩვენებლად დადებული ამ ხელშეკრულებით მხარეებმა სხვა გარიგება დაფარეს (თვალთმაქცური გარიგება).

16. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა, მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა.

17. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეებმა წერილობით რამდენჯერმე გამოავლინეს ნება იმ გარიგების დადებისა, რომელიც სინამდვილეში მათ შორის არ დადებულა, ე.ი. მხარეებმა წერილობითი გამოვლენილი ნებით დაფარეს სხვა გარიგება. კერძოდ, 2012 წლის 12 ნოემბერს დადებული გარიგებით მხარეებმა გაითვალისწინეს მოპასუხის ფულადი ვალდებულების წარმოშობა მოსარჩელის მიმართ 22 000 აშშ დოლარის ოდენობით იმ შემთხვევისთვის, თუკი 2012 წლის 19 ნოემბერს, ერთის მხრივ, გ. ს-სა და მ. ც-ს, როგორც „გამსესხებლებსა” და მეორეს მხრივ, მოპასუხეს, როგორც „მსესხებელს” და მოსარჩელეს (როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრეს) შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულად ვალდებულებას კრედიტორების მიმართ მოპასუხე ვერ შეასრულებდა და ამ ვალდებულების შესრულება მოხდებოდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის რეალიზაციით. მხარეთა ეს შინაგანი (ნამდვილი) ნება დაიფარა იგივე თანხაზე სესხის ხელშეკრულების გაფორმებით.

18. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა მიერ დაფარული ეს გარიგება დამოკიდებული იყო პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლი); კერძოდ, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის ფულადი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ წარმოიშობოდა იმ შემთხვევაში, თუკი 2012 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულად ვალდებულებას კრედიტორების მიმართ მოპასუხე ვერ შეასრულებდა და ამ ვალდებულების შესრულება მოხდებოდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის რეალიზაციით.

19. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის გათვალისწინებით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას სწორედ მხარეთა მიერ დაფარული პირობითი გარიგების წესები და იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლის 12 ნოემბერს დადებული გარიგებით მხარეებმა მოპასუხის ფულადი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ დაუკავშირეს ისეთ მოვლენას, რაც არ დამდგარა (როგორც აღინიშნა, 2012 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება მოპასუხემ შეასრულა ახალი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან მიღებული თანხით), ეს ვალდებულებაც არ წარმოშობილა.

20. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა 2012 წლის 12 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის თანხის დაკისრების საფუძველი.

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

22. საკასაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების იმ ნაწილზე, რომელშიც სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ, როგორც იპოთეკით დასატვირთი ბინის მესაკუთრემ, სამომავლო რისკის დასაზღვევად, გარანტიის სახით, მოითხოვა სესხის ხელშეკრულების გაფორმება მოპასუხესთან, რაც იმ შემთხვევაში ამოქმედდებოდა, თუ მოპასუხის სასესხო ვალდებულების აღსასრულებლად იპოთეკით დატვირთული მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება გაიყიდებოდა, იქვე მითითებულია, რომ „აღნიშნულზე მხარეები შეთანხმდნენ“ და 2012 წლის 12 ნოემბერს მათ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. კასატორმა აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა არა „მხარეთა“, როგორც ის უთითებს, არამედ - ერთი მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე ყოველგვარი (წერილობითი) მტკიცებულების გარეშე.

23. კასატორისთვის გაურკვეველია, თუ კონკრეტულად რომელი მტკიცებულებების შეფასების შედეგად ჩამოუყალიბდა სასამართლოს შინაგანი რწმენა, რომ მხარეებს შორის რეალურად სესხის ხელშეკრულება არ დადებულა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მოპასუხის სასარგებლოდ რამდენჯერმე იპოთეკით დატვირთა თავისი უძრავი ქონება, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას იმის უტყუარ დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ სესხის ხელშეკრულება, რომელიც სანოტარო წესითაა დამოწმებული, რეალურად არ დადებულა და მხარეებს ამ ხელშეკრულებით მოსარჩელისთვის „გარანტიის“ უზრუნველყოფა უნდოდათ. ამიტომ, კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა სასამართლოს ერთგვარი შემაჯამებელი დასკვნა, რომლის თანახმადაც მოპასუხემ „დეტალური და დამაჯერებელი ახსნა-განმარტებით, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებითა და მოწმის ჩვენებით სასამართლოს შეუქმნა მყარი შინაგანი რწმენა იმის შესახებ“, რომ მხარეთა შორის „რეალურად სასესხო ურთიერთობა არ დამყარებულა“. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულების უგულებელყოფით, შინაგან რწმენაზე აპელირებით დაასკვნა, რომ მხარეებს შორის „სასესხო ურთიერთობა არ დამყარებულა“ და მოსარჩელეს მოპასუხისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ გადაუცია. კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ სადავო ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად მიჩნევა.

24. კასატორმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ ლოგიკას მოკლებულია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეებს შორის 2012 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული სადავო სესხის ხელშეკრულება გათვალისწინებული იყო 2012 წლის 19 ნოემბერს, უფრო გვიან დადებული ხელშეკრულების გარანტიად. ამასთან, კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ, თუ მას სურდა გარანტია, ამისთვის შეეძლო გაეფორმებინა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია გარანტია და, ასევე, ყოველგვარი გარანტიის გარეშეც შეეძლო, მისი ბინის რეალიზების შემთხვევაში, მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

25. საკასაციო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 624-ე მუხლებზე, რომლებიც სესხის ხელშეკრულების დადების წესს განსაზღვრავს. მხარის განმარტებით, სანოტარო წესით დამოწმებულ სესხის ხელშეკრულებაში თვალნათლივ წერია, რომ გამსესხებელმა (მოსარჩელემ) მსესხებელს (მოპასუხეს) გადასცა, ხოლო ამ უკანასკნელმა მიიღო სესხის სახით 22000 აშშ დოლარი. საქმეში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება პირდაპირ მიუთითებს მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულების არსებობას და ამ გარემოების გაქარწყლება და ხელშეკრულების თვალთმაქცურ და პირობით გარიგებად მიჩნევა მხოლოდ და მხოლოდ მხარის და მისი მოწმის ზეპირი განცხადების საფუძველზე უკანონოა.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივლისის განჩინებით ი. გ-ას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

30. მოცემულ შემთხვევაში სადავოა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, რომლის დასადასტურებლად კასატორი მიუთითებს სესხის სანოტარო ფორმით დადასტურებულ წერილობით დოკუმენტზე, რომლის გასაქარწლებლად კასატორის მოწინააღმდეგე მხარე იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ მიუხედავად ხელშეკრულების წერილობითი ფორმით არსებობისა, მხარეთა შორის ხელშეკრულება რეალურად არ დადებულა და სესხი - 22 000 აშშ დოლარი კასატორს, როგორც მსესხებელს მისთვის არ გადაუცია. ხოლო საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით არსებობას იმით ხსნის, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულებით დაიფარა მხარეთა შორის არსებული სხვა შეთანხმება.

31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავოა სასესხო ურთიერთობის წარმოშობა, სესხის ხელშეკრულების არსებობის მტკიცების ტვირთი ამ ურთიერთობის წარმოშობაზე მიმთითებელ მხარეს ეკისრება. ამ უკანასკნელმა კი, წარმოადგინა სანოტარო ფორმით გაფორმებული სესხის ხელშეკრულება.

32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

33. მოცემულ შემთხვევაში, საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმის მასალების ერთობლივად, შინაგანი რწმენის საფუძველზე შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არ წარმოშობილა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და ფაქტობრივად, ხელშეკრულების წერილობითი სახით გაფორმება მიზნად ისახავდა და ემსახურებოდა მხარეთა შორის არსებული სხვა შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფას.

34. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასკვნას და მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შესაბამისად დასტურდება, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეებმა წერილობით რამდენჯერმე გამოავლინეს ნება იმ გარიგების დადებისა, რომელიც სინამდვილეში მათ შორის არ დადებულა, ე.ი. მხარეებმა წერილობითი გამოვლენილი ნებით დაფარეს სხვა გარიგება. კერძოდ, 2012 წლის 12 ნოემბერს დადებული გარიგებით მხარეებმა გაითვალისწინეს მოპასუხის ფულადი ვალდებულების წარმოშობა მოსარჩელის მიმართ 22 000 აშშ დოლარის ოდენობით იმ შემთხვევისთვის, თუკი 2012 წლის 19 ნოემბერს, ერთის მხრივ, გიორგი სალუქვაძესა და მაკა ცალუღელაშვილს, როგორც „გამსესხებლებსა” და მეორეს მხრივ, მოპასუხეს, როგორც „მსესხებელს” და მოსარჩელეს, როგორც „იპოთეკის საგნის მესაკუთრეს“ შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულად ვალდებულებას კრედიტორების მიმართ მოპასუხე ვერ შეასრულებდა და ამ ვალდებულების შესრულება მოხდებოდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის რეალიზაციით. ამრიგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მხარეთა ეს შინაგანი (ნამდვილი) ნება დაიფარა იგივე თანხაზე სესხის ხელშეკრულების გაფორმებით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა მიერ დაფარული ეს გარიგება დამოკიდებული იყო პირობაზე. კერძოდ, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის ფულადი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ წარმოიშობოდა იმ შემთხვევაში, თუკი 2012 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულად ვალდებულებას კრედიტორების მიმართ მოპასუხე ვერ შეასრულებდა და ამ ვალდებულების შესრულება მოხდებოდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის რეალიზაციით.

35. ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი, აგრეთვე, სამოქალაქო საპროცესო სამართლით დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი სასესხო ურთიერთობებში, გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1278-1199-2015, 10, თებერვალი, 2016 წელი). შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

36. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. გ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. გ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე