№ ას-693-664-2016 13 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ჭ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. ჭ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“, „საკასაციო საჩივრის ავტორი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მისი ა(ა)იპ „ხარაგაულ კეთილმოწყობის“ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 30 ნოემბრის №49 1516 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
2. სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 2014 წლის 12 სექტემბრიდან მოპასუხის №842 ბრძანებით დაინიშნა ა(ა)იპ „ხარაგაულ კეთილმოწყობის“ დირექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური სარგო შეადგენდა 1000 ლარს. მოპასუხის 2015 წლის 30 ნოემბრის №49 1516 ბრძანებით იგი უკანონოდ გაათავისუფლეს თანამდებობიდან. მოსარჩელის განმარტებით, განთავისუფლების მიზეზად ბრძანებაში მითითებულ ფაქტს - „ქმედებაში ეთიკის ნორმების, ქცევის სტანდარტების დარღვევა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, რითაც არსებითი ზიანი მიადგა საჯარო ინტერესებს“ - ადგილი არ ჰქონია.
3. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან არ ირკვევა და აღნიშნულ წარმოებაში მონაწილე პირმა - ვ. ჭ-მაც ვერ დაადასტურა, რომ მან ჩაიდინა ისეთი ქმედება, რომელიც შელახავდა ეთიკის ნორმებს და იქნებოდა ქცევის სტანდარტთან შეუსაბამო. ამასთან, მოპასუხე მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაეყრდნო მხოლოდ ვ. ჭ-ის ახსნა-განმარტებას. არასწორია იმის მტკიცებაც, რომ თითქოს მან სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალა ვ. ჭ-ს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელესა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატ ვ. ჭ-ს შორის, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეა, მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება ამ უკანასკნელის სამუშაო ოთახში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. დაპირისპირება შეეხებოდა ვ. ჭ-ის, როგორც დეპუტატის, გამონათქვამებს მოსარჩელის მიმართ ა(ა)იპ „ხარაგაულ კეთილმოწყობის“ დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში არსებული ხარვეზების შესახებ. ვ. ჭ-მა საკითხის განსახილველად მიმართა პოლიციასა და მოპასუხეს. მისი განცხადების საფუძველზე მოპასუხემ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, გამოიკითხნენ მხარეები და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
5. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება გამოწვეული იყო მხოლოდ და მხოლოდ მისი არაკორექტული ქცევით, ამასთან, გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ მოსარჩელე დანიშნული იყო თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორად და მას ევალებოდა მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირებთან ურთიერთობაში ქცევის წესების დაცვა.
6. მოპასუხის განმარტებით, მას მიმართა საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობამ, რათა შეესწავლა მოსარჩელესა და ვ. ჭ-ს შორის არსებული დაპირისპირების ფაქტები და გაეტარებინა შესაბამისი ზომები. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნულმა დაპირისპირებამ შეაფერხა ბიუჯეტის მიღება და მუნიციპალიტეტისათვის სხვა აქტუალური საკითხების გადაწყვეტა. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელეს მიმდინარე წლის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული ჰქონდა 2 გაფრთხილება (ერთი - სიტყვიერი და ერთიც - წერილობითი), ხოლო ვ. ჭ-თან დაკავშირებით კი მინიმუმ სამჯერ მაინც იქნა სიტყვიერად გაფრთხილებული, რათა არ ჩარეულიყო დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელებაში.
7. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2015 წლის 30 ნოემბრის №49 1516 ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის გადახდა 2015 წლის 30 ნოემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სარჩელი თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
8. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 იანვრის №5 განკარგულებით დაფუძნდა ა(ა)იპ ,,ხარაგაულ კეთილმოწყობა“, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესდების საფუძველზე.
11. 2014 წლის 12 სექტემბრიდან, მოპასუხის №842 ბრძანებით, ა(ა)იპ „ხარაგაულ კეთილმოწყობის“ დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა მოსარჩელე და მის ყოველთვიური სახელფასო სარგოდ განისაზღვრა 1000 ლარი.
12. საწარმოს წესდების თანახმად, ა(ა)იპ „ხარაგაულ კეთილმოწყობის“ საქმიანობაზე ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესით. საწარმოს დირექტორის მოვალეობებს შეადგენდა: ორგანიზაციის საქმიანობის წარმართვა და ორგანიზება, ორგანიზაციის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე პასუხისმგებლობა, გარიგებების დადება, წარმომადგენლობა ნებისმიერ ინსტანციაში, პასუხისმგებლობა ფულადი პოლიტიკის გატარებასა და სწორად ხარჯვაზე, თანამშრომელთა დანიშვნა, წახალისება, დისციპლინული პასუხისმგებლობის დაკისრება, წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის პროექტების წარდგენა, წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად კანონით მინიჭებული სხვა მოქმედებების განხორციელება.
13. მოპასუხის 2015 წლის 30 ნოემბრის №49 1516 ბრძანებით მოსარჩელე 2015 წლის 30 ნოემბრიდან განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან მის ქმედებაში ეთიკის ნორმების, ქცევის სტანდარტების დარღვევისა და დაკავებულ თანამდებობასთან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის მოტივით. მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ვ. ჭ-ის განცხადება 2015 წლის 20 ოქტომბერს მოსარჩელის მხრიდან ვ. ჭ-ის მიმართ შეურაცხყოფის თაობაზე და ამ ფაქტთან დაკავშირებით მოპასუხის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად შედგენილი დასკვნა.
14. მოპასუხის მიერ ვ. ჭ-ის განცხადებასთან დაკავშირებით მოკვლევა განხორციელდა 2015 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე, რა დროსაც მოისმინეს ვ. ჭ-ისა და მოსარჩელის მოსაზრებები 2015 წლის 20 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტის შესახებ. დასკვნაში დაფიქსირდა, რომ მოსარჩელის მიერ ადგილი ჰქონდა ეთიკის ნორმების დარღვევას, რაც ადასტურებდა მისი პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობას დაკავებულ თანამდებობასთან.
15. სააპელაციო პალატამ დამატებით დაადგინა, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - დ. კ-ემ, გ. გ-მა, ვ. თ-მა, მ. ბ-ემ, დ. ლ-მა, გ. თ-ემ და ნ. ზ-მა განმარტეს, 2015 წლის 20 ოქტომბრის ინციდენტს ისინი არ შესწრებიან, თუმცა დაადასტურეს ამ ინციდენტიდან გამომდინარე საკრებულოს სხდომების ჩაშლის ფაქტი. ამასთან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 ნოემბრის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომის ოქმით სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ კომიტეტის სხდომა, სადაც იხილებოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია - შეწყდა. სხდომის შეწყვეტის მიზეზი იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, რეაგირება მოეხდინა 2015 წლის 20 ოქტომბერს ვ. ჭ-სა და მოსარჩელეს შორის მომხდარ ინციდენტზე.
16. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული ურთიერთობის შეფასებისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 პუნქტების ანალიზის შედეგად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მეწარმე სუბიექტების ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილების შეწყვეტის მატერიალურ საფუძველს ინტერესთა კონფლიქტი და საზოგადოების საქმიანობის კეთილსინდისიერად გაძღოლის ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს. ზემოთ მითითებული ნორმებისა და ა(ა)იპ „ხარაგაულ კეთილმოწყობის“ წესდების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პარტნიორები აკონტროლებენ საზოგადოების ხელმძღვანელობას და მათ უფლება აქვთ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დირექტორები სამუშაოდან.
17. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოების დირექტორობიდან პირის გათავისუფლებისას შრომის კოდექსის ნორმები არ უნდა იქნას გამოყენებული, ვინაიდან ამ თანამდებობის პირთა გათავისუფლებაში დაყოვნებამ, მათი უფლებამოსილების ფარგლებიდან გამომდინარე, შეიძლება საზოგადოებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ასეთ ვითარებაში შრომის სამართლის იმ ნორმების გამოყენება, რომლებიც შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს განსაზღვრავს (წინასწარი გაფრთხილება გათავისუფლების თაობაზე და სხვა) მიზანშეუწონელია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საზოგადოების დირექტორთა სპეციფიური სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მათი მუშა-მოსამსახურეებთან გათანაბრება გაუმართლებელია და საზოგადოებას და დირექტორს შორის შრომითი ურთიერთობა მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ” კანონით დადგენილი ნორმებით უნდა მოწესრიგდეს.
18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 მარტის განჩინებაზე (საქმე №ას-23-23-2016) და აღნიშნა, რომ შრომის კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორსა და მის დაქირავებულ მუშაკს შორის ურთიერთობა, ხოლო დირექტორი წარმოადგენს მეწარმეს და მისი ურთიერთობა საზოგადოების პარტნიორებთან უნდა რეგულირდებოდეს „მეწარმეთა შესახებ“ კანონით. ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება, რომ მოპასუხის მიერ ბრძანების გამოცემისას დარღვეული იყო ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტის და საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მოთხოვნები, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 30 ნოემბრის №49 1516 ბრძანების მართლსაწინააღმდეგო გარიგებად მიჩნევისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი გახდა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არასწორი იყო.
19. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე, 105-ე მუხლებით და საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების: მოპასუხისადმი მოსარჩელის წერილობითი ახსნა-განმარტების, მოპასუხის მიერ 2015 წლის 20 ოქტომბრის ინციდენტთან დაკავშირებით ჩატარებული სხდომის ოქმისა და ამ სხდომაზე მოსარჩელის ახსნა-განმარტების, მოპასუხისადმი ვ. ჭ-ის განცხადების, მოპასუხის 2015 წლის 16 აპრილის ბრძანების, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 ნოემბრის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომის ოქმის, 2015 წლის 20 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში ჩატარებული მოკვლევის მასალების (გამოკითხვის ოქმები) შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა მოსარჩელის, როგორც დირექტორის მიერ, პარტნიორის ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებულ არამართლზომიერ და ეთიკის ნორმებთან შეუსაბამო მოქმედებებს, რაც გამოიხატა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრთან (დეპუტატთან) მის სამუშაო ოთახში პირადი დაპირისპირების საფუძველზე კონფლიქტური სიტუაციის შექმნასა და პატივისა და პროფესიული საქმიანობის შემლახავი სიტყვებით მიმართვაში, რამაც გამოიწვია საკრებულოს სხდომების ჩაშლა და პარტნიორის საქმიანობის შეფერხება, ასევე, საფრთხე შეექმნა მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებასა და სხვა საჯარო ინტერესებს.
20. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლისა და ა(ა)იპ „ხარაგაულ კეთილმოწყობის” წესდების თანახმად, საზოგადოების პარტნიორი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს მმართველობით უფლებამოსილებას, ადგენს საზოგადოების სამეურნეო პოლიტიკის ზოგად პრინციპებს, რამეთუ სწორედ პარტნიორია საზოგადოების ქონების მესაკუთრე და მის ინტერესს წარმოადგენს საზოგადოების ეკონომიკური განვითარება. დირექტორი კი არის პარტნიორის მიერ შემუშავებული სამეურნეო პოლიტიკის განმახორციელებელი მთავარი ფიგურა, რომელიც ვალდებულია თავისი მოვალეობა შეასრულოს კომერსანტის გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით. ამრიგად, კანონის ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, მოსარჩელეს, როგორც ა(ა)იპ „ხარაგაულ კეთილმოწყობის” დირექტორს, უფლება არ ჰქონდა პირადად, კონფლიქტური სიტუაციისა და უხეში დაპირისპირების შექმნით მოეთხოვა განმარტებები მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატისაგან, დეპუტატის უფლებამოსილების ფარგლებში გამოთქმულ მოსაზრებებზე, მით უფრო, ისეთ საკითხებზე, რაც მის (დეპუტატის) კომპეტენციას არ წარმოადგენდა და მოპასუხის, როგორც პარტნიორის, უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა.
21. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საზოგადოების პარტნიორსა და დირექტორს შორის ურთიერთობა, უპირველესად, უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთნდობას. დირექტორსა და პარტნიორს შორის უთანხმოების შემთხვევაში, სამეწარმეო უნარ-ჩვევებით აღჭურვილ საზოგადოების ხელმძღვანელთანაც კი შრომითი ურთიერთობის გაგრძელება გაუმართლებელია.
22. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პარტნიორები აკონტროლებენ საზოგადოების ხელმძღვანელობას, ისეთი მნიშვნელოვანი საფუძველი, როგორიც არის მოსარჩელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება და დამფუძნებელი პარტნიორის ნების საწინააღმდეგო და არაეთიკური მოქმედებების განხორციელება, საკმარის საფუძველს წარმოადგენდა პარტნიორის მიერ დირექტორის სამუშაოდან განთავისუფლებისათვის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ ამ ქმედებებისათვის მოსარჩელის მიმართ გატარებული დისციპლინური ღონისძიება - სამუშაოდან გათავისუფლება - არაადეკვატური იყო მის მიერ ჩადენილი გადაცდომის მიმართ.
23. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გათავისუფლების საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არასწორი იყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელემ ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები, რაც გააქარწყლებდა სასამართლო სხდომაზე დამტკიცებულ ყველა ფაქტს, არ არსებობდა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
24. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
25. კასატორის განცხადებით, მოპასუხის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად 2015 წლის 30 ნოემბერს მიღებული დასკვნა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კანონსაწინააღმდეგო იყო, რადგან განთავისუფლების მიზეზად მითითებულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ბრძანების გამოცემისას მოპასუხე დაეყრდნო მხოლოდ ვ. ჭ-ის ახსნა-განმარტებას, რომელმაც ვერ დაადასტურა, რომ თითქოს მას კასატორმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში შეუშალა ხელი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. კასატორის განმარტებით, მასსა და ვ. ჭ-ს შორის საუბარი არ გასცდენია ეთიკის ფარგლებს და, მითუმეტეს, კასატორის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვ. ჭ-ისთვის სადეპუტატო უფლებამოსილებისათვის ხელის შეშლას, ვინაიდან აღნიშნული საუბარი შედგა 19:00 საათზე, არასამუშაო დროს. საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ მოსარჩელე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მივიდა ვ. ჭ-ის სამუშაო კაბინეტში, მიმართა მას უცენზურო სიტყვებით და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ფაქტის თვითმხილველები არ არიან და მხოლოდ ვ. ჭ-ის გადმოცემით იციან, რომ ადგილი ჰქონდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოსარჩელის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას. საქართველოს შსს ხარაგაულის რაიონული სამმართველოდან წარდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ვ. ჭ-მა 2015 წლის 20 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ხარაგაულის რაიონულ სამმართველოს მიმართა 2015 წლის 21 ოქტომბერს, შედგა გასაუბრების ოქმები და მოსარჩელის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყო.
26. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, მოპასუხის მიერ გატარებული დისციპლინური ღონისძიება არაადეკვატურია მის მიერ ჩადენილ გადაცდომასთან მიმართებით.
27. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მოცემული სამართალურთიერთობის მიმართ სასამართლომ არასწორად გამოიყენა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
29. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
32. საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მოსარჩელის ა(ა)იპ „ხარაგაულ კეთილმოწყობის“ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 30 ნოემბრის №49 1516 ბრძანების მართლზომიერება და მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგები, როგორიცაა სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სამართალურთიერთობის დასარეგულირებლად სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმპერატიული ჩანაწერის შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები. აღნიშნული მუხლის მე-7 ნაწილი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის.
34. აქედან გამომდინარე, დირექტორის მიერ საზოგადოების ნებასთან დაპირისპირებაში ყოფნა ბუნებრივია, ზემოაღნიშნულ კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნევა. სწორედ დირექტორის უნარ-ჩვევებსა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირის განვითარება. ამ რისკის საკომპენსაციოდ კი საზოგადოებას უფლება აქვს გაათავისუფლოს დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან და ამ შემთხვევაზე სწორედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი უნდა გავრცელდეს (იხ. სუსგ საქმე#ას-23-23-2016, 9 მარტი, 2016 წელი).
35. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „...საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გასწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს... ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო კოდექსის იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და სპეციალური კანონი - „მეწარმეთა შესახებ“ არ შეიცავს პირდაპირ დათქმას საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ ყველაზე უფრო რომელ სამართლებრივ ინსტიტუტთან არის ეს ურთიერთობა ახლოს. მსგავს მოწესრიგებას შეიცავს ამ კუთხით სამოქალაქო კოდექსის 35.2 და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.2 მუხლები. თუ გადავავლებთ თვალს სამოქალაქო კოდექსით დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებს, არაერთ მსგავსებას ვნახავთ, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. საკაციო პალატა განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ, მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ამასთანავე, 710-ე მუხლის ძალით, დავალება შეიძლება იყოს სასყიდლიანი, ხოლო, ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ არასამეწარმეო იურიდიულ პირსა და მის წარმომადგენლობითი/ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების დავალების სამართლებრივ ურთიერთობად მიჩნევის მიუხედავად, ამ ურთიერთობას ასევე გააჩნია დასაქმებული დირექტორის მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველმყოფი მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია შრომითი ურთიერთობისათვის. „ევროპის სოციალური ქარტია“ აღიარებს დასაქმებულის დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს და შეეხება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა შრომის უფლება, რომელიც თავის თავში მოიცავს შრომის თავისუფლებას, უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე, სამართლიანი ანაზღაურების უფლებას, უფლებას შვებულებაზე და სხვა, რაც, სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შესაძლოა, უფრო დეტალურად იქნას მოწესრიგებული არასამეწარმეო იურიდიული პირის წესდებითა და მასთან დადებული ხელშეკრულებით“ (იხ. სუსგ საქმე #ას-302-287-2016, 15 ივლისი, 2016 წელი).
36. ზემოაღნიშნულ ნორმათა განმარტებების შეჯერების საფუძველზე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდულ პირს უფლება აქვს გაათავისუფლოს დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა აღარ არსებობს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს დირექტორის მხრიდან საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო, არაეთიკური მოქმედებების განხორციელებაში.
37. განსახილველ შემთხვევაში სადავოა საზოგადოების დირექტორის მიერ განხორციელებული ქცევის შესაბამისობა საზოგადოების ინტერესებთან. კასატორი მიიჩნევს, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება კანონსაწინააღმდეგოა, რადგან განთავისუფლების მიზეზად მითითებულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე და დადგენილია, რომ მხარე, რომელიც მისი სადავო უფლების სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს, ვალდებულია, სარწმუნოდ დაადასტუროს და თავადვე წარადგინოს მისი მოთხოვნის მართებულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით ამომწურავადაა რეგლამენტირებული მხარის საპროცესო უფლებები და აღნიშნულია მის მიერ მტკიცებულებათა წარდგენის აუცილებლობის თაობაზე. უფრო მეტიც, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით განსაზღვრულია მტკიცების სტანდარტი და დადგენილია მხარეთა შორის მოთხოვნის საფუძვლიანობის მტკიცების განაწილების წესი. კანონის დასახელებული ნორმების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
40. კანონმდებლის აღნიშნული მითითებები ემყარება მხარეთა თანასწორობის პრინციპს, რადგანაც შეჯიბრებითი სამოქალაქო საპროცესო სამართლის ფარგლებში სასამართლო მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში ადგენს ფაქტებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას.
41. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით: მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით და, ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას, ამასთან, სასამართლო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით.
42. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
43. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელესა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატ ვ. ჭ-ს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება ამ უკანასკნელის სამუშაო ოთახში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. საუბარი შეეხებოდა ვ. ჭ-ის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების ფარგლებში გაკეთებულ განცხადებს ბაზალეთის ტერიტორიულ ერთეულში ა(ა)იპ „ხარაგაულ კეთილმოწყობის“ მიერ შესრულებული სამუშაოსათვის თანხის ჩარიცხვასთან, ასევე ა(ა)იპ ხარაგაულის კეთილმოწყობისათვის შენობისა და ავტომანქანის გადაცემასთან დაკავშირებით, რაზეც ვ. ჭ-ს, როგორც საკრებულოს დეპუტატს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოთქმული ჰქონდა უარყოფითი მოსაზრებები, თუმცა აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა ვ. ჭ-ის კომპეტენციაში არ შედიოდა და საკრებულოს უფლებამოსილებას წარმოადგენდა; აღნიშნული შეხვედრა მხარეთა შორის დაპირისპირებასა და ხმამაღალ ყვირილში გადაიზარდა, რის გამოც სამგზის არ შედგა საკრებულოს სხდომა და ვერ განიხილეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო მუშობის 9 თვის შედეგები, 2016 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი და სხვა მიმდინარე საკითხები; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფმა განცხადებით მიმართა გამგებელს და მოითხოვა შესაბამისი ზომების მიღება აღნიშნული ინციდენტის გამო. სწორედ აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგები და თავად დეპუტატ ვ. ჭ-ის განცხადება დაედო საფუძვლად მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას; საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს ერთი წლის განმავლობაში მოპასუხისგან მიღებული აქვს ერთი წერილობითი და ერთი სიტყვიერი გაფრთხილება იმ მიზეზით, რომ არ გაითვალისწინა მოპასუხის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაცია საზოგადოების წესდებაში ცვლილებებთან დაკავშირებით.
44. სასამართლოს მიერ დადგენილი, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მოსარჩელის, როგორც საზოგადოების დირექტორის მიერ, საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებულ არამართლზომიერ და ეთიკის ნორმებთან შეუსაბამო მოქმედებებს (რაც გამოიხატა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრთან (დეპუტატთან) მის მიერ კონფლიქტური სიტუაციის შექმნაში, რამაც გამოიწვია საკრებულოს სხდომების ჩაშლა და პარტნიორის საქმიანობის შეფერხება, ასევე, საფრთხე შეექმნა მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებასა და სხვა საჯარო ინტერესებს). ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მასალებით დგინდება მოსარჩელის მიერ ორგანიზაციის ნების საწინააღმდეგო მოქმედებების განხორციელების ფაქტი, კასატორის პრეტენზია, რომ გათავისუფლების ბრძანების საფუძლად მითითებულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად (პრეტენზიად), რაც ზემოაღნიშნული დადგენილი გარემოებების სასამართლოს მიერ მტკიცებულების სახით გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავდა.
45. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
46. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, სადაც განმარტებულია საწარმოს დირექტორის გათავისუფლების საფუძვლების შემოწმების სამართლებრივი საკითხები.
47. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
49. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს მ. ჭ-ს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 11 ივლისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე