Facebook Twitter

№ ას-794-761-2016 13 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. კ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. კ-ის (შემოდგომში „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე დარჩენილი პირგასამტეხლოს, 11 098 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.

2. მოსარჩელის ახსნა-განმარტების შესაბამისად, მხარეთა შორის 2013 წლის 31 ივლისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველმა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ იკისრა ვალდებულება მყიდველისთვის, რ. კ-ისთვის საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ზ-ის დასახლებაში, ღ-ის ქ. №...-ში მდებარე 14 986 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ №1, №2 და №3 შენობა-ნაგეობებზე ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალები, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პირობით. ამავე ხელშეკრულებით, მყიდველმა, რ. კ-მა იკისრა ხელშეკრულებაში მითითებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის დასრულებისა და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის უზრუნველყოფა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის ვადაში. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დადასტურების მიზნით, მოპასუხეს ევალებოდა ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნის წარდგენა ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით.

3. მოსარჩელის განცხადებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულდა ვადაგადაცილებით, ნაცვლად 2013 წლის 31 დეკემბრისა, 2014 წლის 3 აპრილს. შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (93 დღეზე), რაც შეადგენს 9300 ლარს. ამასთან, მოპასუხის მიერ დაგვიანებით იქნა წარდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასკვნაც, ნაცვლად 2014 წლის 14 თებერვლისა, 2014 წლის 10 აპრილს, რისთვისაც დაეკისრა პირგასამტეხლო 100 ლარის ოდენობით ყოველ ვდაგადაცილებულ დღეზე (55 დღე), რაც შეადგენს 5 500 ლარს. მოპასუხეს გადახდილი აქვს პირგასამტეხლო 3702 ლარი და გადასახდელი დარჩა 11 098 ლარი.

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მართალია, მან მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, თუმცა იმის გამო, რომ არ იცოდა ქართული ენა, შეცდომაში იქნა შეყვანილი. კერძოდ, მან ივარაუდა, რომ პირგასამტეხლო იქნებოდა 0.07% და არა შესყიდული ქონების 0.625%. აქედან გამომდინარე, მოპასუხის აზრით, მოთხოვნილი პირასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი. ამასთან, მოპასუხემ განმარტა, რომ გადახდილი ჰქონდა პირგასამტეხლო 3 702 ლარი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 738 ლარის გადახდა.

6. სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისთვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

7. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს სახით გადახდილია 3702 ლარი, შესაბამისად, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირებულიყო 100 ლარიდან 30 ლარამდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ვინაიდან მოპასუხის მიერ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენდა 148 დღეს, სასამართლომ დაასკვნა, რომ ჯარიმის სახით მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა 738 ლარის (30x148=4440-3702=738) გადახდა.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 31 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები შესრულდა ვადის დარღვევით. კერძოდ, ქ. თბილისში, ზ-ის დასახლებაში, ღ-ის ქუჩა №...-ში (ნაკვეთი 34/005) მდებარე 14 986 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული №1, №2, და №3 შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალების და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა მოპასუხეს ევალებოდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის განმავლობაში, მოპასუხემ კი ნაცვლად 2013 წლის 31 დეკემბრისა აღნიშნული ვალდებულება შეასრულა 93 დღის დაგვიანებით - 2014 წლის 3 აპრილს. მოპასუხემ ასევე დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნის წარდგენის ვადა და იგი ნაცვლად 2014 წლის 14 თებერვლისა, წარადგინა 45 დღის დაგვიანებით, 2014 წლის 10 აპრილს.

11. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში განსაზღვრულიი იყო პირგასამტეხლო 100 ლარი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს გადახდილი ჰქონდა პირგასამტეხლო 3 702 ლარი.

12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420-ე მუხლებით, სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

14. საკასაჩიო საჩივრის ავტორის განცხადებით, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კი უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, ვინაიდან აღნიშნული მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლოს შემცირებისას შემცირება უნდა იყოს გონივრული, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სასამართლომ ისე შეამცირა პირგასამტეხლო 100 ლარიდან 30 ლარამდე, არ დაუსაბუთებია მისი მართებულობა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

19. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე, არ დაუსაბუთებია მისი შემცირების მართებულობა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

21. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

22. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

23. ზემოაღნიშნულიი მსჯელობისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვტილების უცვლელად დატოვებისას არ დაუსაბუთებია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის დაკისრებულიი პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია და იგი, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ №ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე