№ ას-1086-1043-2016 6 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა-ე (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - ა. ა-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. ა-ემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ა-ისა (შემდგომში „პირველი მოპასუხე“) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მის საცხოვრებელ ბინაში დაყადაღებული ნივთების სიიდან ნაცრისფერი „PHILIPS“-ის ფირმის ტელევიზორის, პატარა თეთრი ფერის მაცივრისა და თეთრი ფერის „LG“-ს ფირმის სარეცხი მანქანის ამოღება.
2. მოსარჩელის განცხადებით, მისი ძმის, ა. ა-ის მიერ დავალიანების გადაუხდელობის გამო 2015 წლის 22 ოქტომბერს შედგენილი აქტის საფუძველზე აღმასრულებლის მიერ ყადაღა დაედო მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში არსებულ და მის საკუთრებაში მყოფ მოძრავ ნივთებს. მოსარჩელის განმარტებით, პირველი მოპასუხე მხოლოდ რეგისტრირებულია ამ ბინაში, სადავო ნივთები არასდროს შეუძენია და, შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს მათ მესაკუთრეს.
3. პირველ მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი მოცემულ საქმეში წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს.
5. ჭიათურის მუნიციპალიტეტში საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2016 წლის 3 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და არასათანადო მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხით - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროთი (შემდგომში „მეორე მოპასუხე“).
6. მეორე მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ დააჯარიმა მოქალაქე ა. ა-ე, რის გამოც დაიწყო სააღსრულებო პროცედურები. მოსარჩელე სადავოდ ხდიდა არა დაჯარიმების აქტებს, არამედ ითხოვდა დაყადაღებული ნივთების სიიდან მისი კუთვნილი ნივთების ამოღებას. მოვალის ქონების აღწერა და დაყადაღების აქტი კი შედგენილი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ. ამრიგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოცემულ საქმეში არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს.
7. ჭიათურის მუნიციპალიტეტში საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2016 წლის 31 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ყადაღისგან გათავისუფლდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2015 წლის 22 ოქტომბერს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით აღწერილი და დაყადაღებული, მ. ა-ის საკუთრებაში არსებული შემდეგი ნივთები: „PHILIPS“-ის ფირმის ტელევიზორი, მაცივარი და „LG“-ის ფირმის სარეცხი მანქანა.
8. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ჭიათურის მუნიციპალიტეტში საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 158-ე, 159-ე, 161-ე, 170-ე, 172-ე მუხლებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე და 44-ე მუხლებით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, განვადების ტალონით, მოწმეთა ჩვენებებით და თვით აპელანტის აღიარებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო დაყადაღებული ნივთები მ. ა-ის საკუთრებაა.
11. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ მ. ა-ის ძმა, ა. ა-ე მრავალი წელი სასაჯელს იხდიდა ციხეში, იგი ინვალიდია და იღებს პენსიას, არასდროს უმუშავია და არაფერი შეუძენია. ბინა, სადაც და-ძმა დედასთან ერთად ცხოვრობს, მათი თანასაკუთრებაა. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ მართებულად გაათავისუფლა მოსარჩელის ქონება ყადაღისაგან.
12. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია მისი საქმეში არასათანადო მოპასუხედ ჩაბმის შესახებ, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტა, რომ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა.შ) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.
13. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ა. ა-ე 1500 ლარით დაჯარიმდა შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
14. საქართველოს შს მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №741 ბრძანებით დამტკიცებულ იმერეთის-რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ამავე დებულების მე-9 მუხლის ,,ძ” ქვეპუნქტით დეპარტამენტის ადმინისტრაციის კომპეტენციაა ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტების მომზადება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოში სამინისტროს ინტერესების დაცვა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება.
15. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დეპარტამენტის ადმინისტრაციას აქვს მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლოში დაიცვას სამინისტროს ინტერესები, რაც უპირობოდ ნიშნავს იმას, რომ დავაში მხარე უნდა იყოს სამინისტრო, ხოლო მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება კი შესაბამისი რწმუნების საფუძველზე შეუძლია დეპარტამენტის ადმინისტრაციას.
16. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლზე, რომლის თანახმად, სამინისტროს დებულების შესაბამისად, სამინისტრო იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილება განისაზღვრება სამინისტროს დებულებითა და ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
17. საქართველოს შს სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით კი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია საპატრულო პოლიცის დეპარტამენტი (დადგენილების მე-7 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი).
18. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული სამოქალაქო დავა ეხება პოლიციის დეპარტამენტის მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ მხარის დაჯარიმების შედეგად დაყადაღებულ ნივთებზე ყადაღის მოხსნას. შესაბამისად, პოლიციის დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტრული ქვედანაყოფი, რომლის ზემდგომიცაა სამინისტრო და სწორედ შს სამინისტროა მხარე ამ დავაში და არა მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
19. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაზე, სადაც განმარტებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-181 მუხლი, რომლის თანახმად, თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზეც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება.
20. დასახელებული ნორმა არეგულირებს ისეთ შემთხვევას, როდესაც დავაში კრედიტორ მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო და განსაზღვრავს, თუ რომელი სახელმწიფო დაწესებულებით უნდა იქნას წარმოდგენილი იგი აღსრულების პროცესში. ასეთია: 1. აღსასრულებელი გადაწყვეტილების გამომტანი სახელმწიფო ორგანო ან პირი; 2. სასამართლოსათვის აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის ავტორი (იხ. სუსგ №ას-168-162-2011, 16 ივნისი, 2011 წელი).
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა აპელანტის პოზიციის გაზიარებისა და მისი არასათანადო მოპასუხედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მეორე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა ტელევიზორსა და მაცივარზე ყადაღის მოხსნის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
23. კასატორის განცხადებით, ა. ა-ის მიმართ საჯარიმო ქვითრები გამოსცა შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა და სწორედ ჯარიმის გამომცემ ორგანოს აქვს უფლებამოსილება მინიჭებული, წარმოადგინოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო კი არგუმენტებით ვერ ამყარებს თავის პოზიციას საქმეში მოპასუხედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართვის შესახებ. კასატორის განცხადებით, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების შესაბამისად დეპარტამენტს აქვს ცალკე საბალანსო ერთეული, ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და ჰყავს იურისტები, რომლებიც დამოუკიდებლად ახორციელებენ წარმომადგენლობას სასამართლოში. შესაბამისად, სამინისტრო არ წარმოადგენდა საქმეში სათანადო მოპასუხეს, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
24. კასატორი ასევ მიუთითებს, რომ ყადაღისგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი წერილობითი მტკიცებულებები წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა წერილობითი მტკიცებულება (გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, საგარანტიო ფურცელი, საკრედიტო ხელშეკრულება და ა.შ), რაც იქნებოდა საფუძველი „PHILIPS“-ის ფირმის ტელევიზორსა და მაცივარზე ყადაღის მოხსნისა. სასამართლომ მხოლოდ მოწმეთა ახსნა-განმარტებები მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად მოსარჩელისთვის სადავო ნივთების კუთვნილების დასადგენად, რაც, კასატორის აზრით, არასწორია.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად:
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
29. კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სასამართლომ კანონის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის დარღვევით, არ დაასაბუთა, თუ რატომ არ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა მისი სათანადო მოპასუხით - შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტით შეცვლის თაობაზე, ვინაიდან საჯარიმო ქვითრები, რომელთა გადაუხდელობის გამოც დაიწყო სააღსრულებო წარმოება გამოსცა სწორედ აღნიშნულმა დეპარტამენტმა.
30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება, რადგან სააპელაციო პალატამ სათანადო მოპასუხის საკითხი დაუკავშირა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-2 პუნქტს, რაც სრულ შესაბამისობაშია მსგავსი საკითხის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან (იხ. სუსგ №ას-168-162-2011, 16 ივნისი, 2011 წელი; სუსგ №586-561-2016, 29 ივლისი, 2016 წელი).
31. რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დარღვევისა თუ მოწმეთა ჩვენებების არასწორად შეფასების თაობაზე კასატორის მიერ წარდგენილ პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:
32. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
33. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე მისი ძმის, ა. ა-ის დავალიანების გადაუხდელობის გამო საკუთარი ქონების დაყადაღებას ხდის სადავოდ. ასევე დადგენილია, რომ ბინა, რომელშიც დაყადაღებული მოძრავი ნივთებია განთავსებული და მოსარჩელე ცხოვრობს ძმასთან ერთად, თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელეს, მის ძმას და დედას (იხ. ს.ფ. 108-109, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). შესაბამისად, მოძრავი ნივთების თანამესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია მოქმედებს აღნიშნული სამივე პირის მიმართ ანუ მოსარჩელე, სულ ცოტა, თანამესაკუთრედ მაინც ითვლება, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება მოპასუხეთა მიერ. ამიტომ, მოცემულ შემთხვევაში ნივთებზე საკუთრების დადგენისთვის მნიშვნელოვანია სხვა გარემოებებიც. კერძოდ, ვინ შეიძინა ისინი და როდის.
34. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვენებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარადგინოს დასახელებული ფაქტების დამადასტურებელი, კანონით გათვალისწინებული, მტკიცებულებები. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. ამავე დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია აღნიშნული კოდექსის 105-ე მუხლში. კერძოდ, მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის, გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.
35. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით (საბანკო ამონაწერი, სარეცხი მანქანის საგარანტიო ფურცელი, სარეცხი მანქანის პასპორტი) დგინდება, რომ სარეცხის მანქანა სწორედ მოსარჩელემ, მარინა ა-ემ შეიძინა (იხ. ს.ფ. 110-129) და ამ ნაწილში მეორე მოპასუხემ - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცნო კიდეც სარჩელი. რაც შეეხება ტელევიზორსა და მაცივარს, საქმეზე დაკითხული მოწმეების - მ. ტ-ის, მ. ღ-ის, ლ. მ-ისა და მ. ც-ის ჩვენებებით დგინდება, რომ ისინი მოსარჩელის ქალიშვილმა მიუტანა დედას. მოსარჩელის ძმა, ა. ა-ე კი წლების განმავლობაში იყო უმუშევარი და იმყოფებოდა პატიმრობაში, ხოლო ამჟამად არის პენსიონერი (იხ. ჭიათურის მუნიციპალიტეტში საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმი, CD დისკი, 13:26:45-13:51:37სთ, ს.ფ. 140-157). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებების შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გამაბათილებელ მტკიცებულებეზე მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია. მოცემულ საქმეზე დაკითხული მოწმეები წარმოადგენენ მოსარჩელის მეზობლებს. საკასაციო საჩივრის ავტორი კი არ უთითებს, თუ რატომ არ უნდა იქნას გაზიარებული მათი ჩვენება და რატომ არ უნდა იქნას მიჩნეული ის სარწმუნოდ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაძლია თავისი მტკიცების ტვირთი, რომ სადავო ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას.
36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად იხელმძღვანელეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილებით, ასევე, მტკიცებულებათა სწორი ანალიზით, მართებულად დაადგინეს მოსარჩელის საკუთრების უფლება ყადაღადადებულ ნივთებზე.
37. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
38. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
39. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე