Facebook Twitter

№ ას-1112-1069-2016 6 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. ნ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ნ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ნ-ამ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ნ-ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.

2. 2016 წლის 20 ივნისს ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მ. ნ-ას სარჩელი დააკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, ... წლის ... ოქტომბერს დაბადებული ჯ. ნ-ას რჩენის მიზნით ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვის სრულწლოვანობამდე; ასევე წარსული დროის ალიმენტის გადახდა 2 550 ლარის ოდენობით.

3. დაუსწრებელ გაადწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ი. ნ-მა, რაც ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ნ-მა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ი. ნ-ის სააპელაციო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინებაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინება გაეგზავნა ი. ნ-ის წარმომადგენელს - გ. ო-ს და იგი ჩაიბარა ადვოკატთა ბიუროს ხელმძღვანელმა თ. ბ-მა 2016 წლის 19 ოქტომბერს. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 70-73-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარისათვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 20 ოქტომბერს და ამოიწურა იმავე წლის 2 ნოემბერს, აპელანტმა კი სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2016 წლის 9 ნოემბერს, რის გამოც არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. ნ-ის წარმომადგენელმა გ. ო-ა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების ჩაბარების თარიღად არასწორად მიიჩნია 2016 წლის 19 ოქტომბერი, ვინაიდან გზავნილი ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა. საჩივრის ავტორის განცხადებით, თეა ბენაშვილთან მას არანაირი სამსახურებრივი ურთიერთობა არ აკავშირებს. იგი ეწევა დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას და, შესაბამისად, არ ჰყავს თანამშრომლები, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან ჩაიბარონ მისთვის გაგზავნილი დოკუმენტაცია. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა საჩივარს დაურთო ცნობა საგადასახადო ორგანოდან და განმარტა, რომ მის სახელზე არ ფიქსირდება რაიმე შემოსავალი რომელიმე ორგანიზაციიდან.

9. რაც შეეხება მისამართს (თბილისი, ხ-ის ქ. #...), რომელზეც იქნა გზავნილი მიტანილი, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე მდებარეობს უამრავი კერძო ოფისი, მათ შორის საადვოკატო ბიუროც, რამაც განაპირობა სრულიად სხვა პირისათვის გზავნილის შეცდომით ჩაბარება, რაც ბუნებრივია, მისთის ცნობილი ვერ გახდებოდა. აღნიშნულის თაობაზე წარმომადგენელმა შეიტყო მოსამართლის თანაშემწისაგან, როდესაც დაინტერესდა საქმის ბედით და ტელეფონით დაუკავშირდა მას.

10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ნ-ის წარმომადგენლის გ. ო-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი სააპელაციო სასამართლოს განჩინება ვადის დარღვევით წარდგენის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით მისთვის ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინების ჩაბარების გამო და განმარტავს, რომ გზავნილი ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა, რომელსაც არ ჰქონდა მისთვის გზავნილის გადაცემის უფლებამოსილება.

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით ყურადღებას მიაქცევს შემდეგს:

15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. ნ-ის ინტერესებს როგორც სააპელაციო, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში იცავდა გიორგი ონიანი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებდა 2016 წლის 1 ივლისს მოპასუხის მიერ მის სახელზე ერთი წლის ვადით გაცემული რწმუნებულების საფუძველზე (იხ. ს.ფ. 40-41).

16. დადგენილია ასევე, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გ. ო-ის მიერ წარდგენილ საჩივარში საკონტაქტო მისამართად მითითებულია თბილისი, ხ-ის ქ. #... (იხ. ს.ფ. 37). სწორედ აღნიშნულ მისამართზე გაეგზავნა მას ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების დასტურით ირკვევა, რომ აღნიშნულ მისამართზე კორესპოდენცია ჩაბარდა თ. ბ-ს (ორგანიზაციის წარმომადგენელს) 2016 წლის 19 ოქტომბერს. იქვე კომენტარის სახით მითითებულია, რომ ამ მისამართზე არის ადვოკატთა ბიურო და აღნიშნული პიროვნება ბიუროს ხელმძღვანელია (იხ. ს.ფ. 68).

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ გზავნილი ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა.

18. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო ან ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. 74-ე მუხლის პირველი ნაწილით კი დადგენილია, რომ თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა.

19. სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე თ. ბ-მა, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით, არსებობს პრეზუმფცია, რომ განჩინება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კერძო საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა იმ პრეზუმფციის გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ გზავნილის მიმღები, თეა ბენაშვილი არ იყო განჩინების მიღებაზე უფლებამოსილი პირი. საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარზე დართული ცნობა საგადასახადო ორგანოდან (ს. ფ. 93), რომლის შესაბამისად, გიორგი ონიანი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანილია გადასახადის გადამხდელად, ვერ მიიჩნევა იმგვარ მტკიცებულებად, რაც მის ზემოაღნიშნულ პოზიციას გაამყარებდა. ამასთან, თავად კერძო საჩივრის ავტორი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მის მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართზე არაერთი საადვოკატო ბიურო მდებარეობდა.

20. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სააპელაციო და კერძო საჩივრებს, სადაც მოპასუხის წარმომადგენელს, გიორგი ონიანს საკონტაქტო მისამართად კვლავაც ის მისამართი აქვს მითითებული, რომელზე გაგზავნილი კორესპოდენციის მისთვის ჩაბარებასაც ხდის სადავოდ (იხ. ს.ფ. 69, 90). უფრო მეტიც, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინება, რომელიც ასევე სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ხ-ის ქ. #... - გაიგზავნა, პირადად ჩაიბარა გ. ო-მა (იხ. ს.ფ. 89) და კანონით დადგენილ ვადაში მასზე წარადგინა კიდეც კერძო საჩივარი.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბოლნისისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინება გასაჩივრების უფლების მქონე მხარეს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2016 წლის 19 ოქტომბერს, სააპელაციო საჩივარი კი მან სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა იმავე წლის 7 ნოემბერს.

22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

23. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია, რომ მხარემ განჩინების ჩაბარებიდან (2016 წლის 19 ოქტომბერი) კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით (ნაცვლად 2 ნოემბრისა 7 ნოემბერს) მიმართა სასამართლოს სააპელაციო საჩივრით, ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სასამართლოს დასკვნებს გზავნილის უფლებამოსილი პირის მიერ მიღებისა და გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლიანობის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე