Facebook Twitter

№ ას-1117-1074-2016 6 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ფ. ა-მ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. ღ-კ-ე, ხ. კ-ე, კ. კ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საქმის წარმოების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ. შ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ღ-კ-ის, ხ. კ-ისა და კ. კ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხე მ. ღ-კ-ემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 დეკემბრის განჩინებით 2/6306-14 სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა მოსარჩელის გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ივნისის განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ფ. ა-მ-ა და განახლდა სამოქალაქო საქმის წარმოება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. ა-მ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გამოთხოვილ იქნა მ. ღ-კ-ის, ხ. კ-ისა და კ. კ-ის უკანონო მფლობელობიდან და მოსარჩელეს თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა ფ. ა-მ-ას საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ქ-ის ქ. #...-ში მდებარე 216 კვ.მ #23 საცხოვრებელი ბინა; მოპასუხეებს ფ. ა-მ-ას სასარგებლოდ დაეკისრათ 32 000 აშშ დოლარის გადახდა; სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისათვის 20 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტების წარმომადგენელმა მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქმის წარმოების შეჩერება და განმარტა, რომ საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში იყო მ. ღს სარჩელი, რომელსაც უშუალო კავშირი ჰქონდა განსახილველ საქმესთან. სარჩელით გასაჩივრებული იყო ამხანაგობის კრების ოქმი და ფ. ა-მ-ასათვის ბინის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზეც მოცემულ საქმეზე მიღებული იქნა მათი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის საოქმო განჩინებით აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და განმარტა, რომ სამოქალაქო წესით გასაჩივრებული იყო 2007 წლის კრების ოქმი ნ. შ-ასათვის ფართის გადაცემის ნაწილში, შესაბამისად, შეცილებული იყო საკუთრების უფლება და მესაკუთრის დადგენამდე შეუძლებელი იყო საბოლოო შედეგებზე მსჯელობა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ფ. ა-მ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

11. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, მოპასუხეები დაინტერესებულნი არიან მოცემული საქმის გაჭიანურებით, ვინაიდან ისინი სადავო ბინიდან იღებენ შემოსავალს და თუ სასამართლო დავა რამდენიმე თვე ან წელი გაგრძელდება, ეკონომიკურად მომგებიან სიტუაციაში იქნებიან. ამასთან, ის სარჩელი, რომელიც წარდგენილია სასამართლოში, სრულიად უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას. კერძო საჩივრის ავტორი არსებითად აფასებს წარდგენილ სარჩელში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ მისი წარდგენა ემსახურება მხოლოდ განსახილველი საქმის გაჭიანურებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. ა-მ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის გამოყენების მართებულობა.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს: სამართალწარმოების სხვადასხვა სტადიაზე არსებულ გარემოებათა გამო, შესაძლებელია, შეიქმნას იმგვარი ფაქტობრივი ვითარება, რომლის არსებობის პირობებში შეუძლებელია ან არ არის მიზანშეწონილი დავის განხილვა და გადაწყვეტა.

16. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მიჯნავს შემთხვევებს, როცა სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება საპროცესო კოდექსით პირდაპირ განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას და როცა სასამართლო არ არის ვალდებული, მაგრამ უფლებამოსილია შეაჩეროს საქმის წარმოება.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნას სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო ხასიათი მდგომარეობს შემდეგში:

19. სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე, შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე შეუძლებელია მოცემული საქმის განხილვა.

20. ნორმატიული დათქმა - საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნებიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.

21. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს. სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის - პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა.

22. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა.

23. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების მიზანს წარმოადგენს საქმის განხილვის გაჭიანურება. საჩივრის ავტორის აღნიშნული დასკვნა დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის გარემოებებიდან. მხარე არსებითად მსჯელობს განსახილველი დავის ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებებზე, რაც სცდება საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლიანობის თაობაზე განჩინების შემოწმების ფარგლებს და, მოცემულ შემთხვევაში, არ შეიძლება გახდეს საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი.

24. განსახილველი საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფ. ა-მ-ას სარჩელით მ. ღ-კ-ის, ხ. კ-ისა და კ. კ-ის მიმართ სადავოა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ქ-ის ქ. #...-ში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 216 კვ.მ #23-ე საცხოვრებელი ბინის გამოთხოვა და მოპასუხეების მიერ ფართის თვითნებურად დაკავებით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება (ტ. 1, ს.ფ. 1-11). მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს იმ საფუძველზე, რომ იგი წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, მოპასუხეები კი უკანონოდ ფლობენ ამ ქონებას.

25. დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. ა-მ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გამოთხოვილ იქნა მ. ღ-კ-ის, ხ. კ-ისა და კ. კ-ის უკანონო მფლობელობიდან და მოსარჩელეს თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა ფ. ა-მ-ას საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ქ-ის ქ. #...-ში მდებარე 216 კვ.მ #23 საცხოვრებელი ბინა; მოპასუხეებს ფ. ა-მ-ას სასარგებლოდ დაეკისრათ 32 000 აშშ დოლარის გადახდა.

26. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებაა გასაჩივრებული მოპასუხეების მიერ სააპელაციო სასამართლოში.

27. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. დასახელებული ნორმა წარმოადგენს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების მარეგულირებელ წესს და ამ ტიპის სარჩელის დაკმაყოფილებისათვის ითვალისწინებს შემდეგი პირობების ერთობლივად არსებობის სავალდებულობას: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა ფლობდეს ნივთს; მოპასუხეს არ უნდა გააჩნდეს ნივთის ფლობის უფლება. მითითებულთაგან ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

28. განსახილველ შემთვევაში დადგენილია, რომ აპელანტების (მოპასუხეების) წარმომადგენ. მოცემული საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ ერთ-ერთ აპელანტს, მ. ღ--კ-ეს წარდგენილი აქვს სხვა სამოქალაქო სარჩელი, რომლითაც ითხოვს სწორედ იმ ბინის მესაკუთრედ ცნობას, რომლის უკანონო მფლობელადაც იქნა იგი მიჩნეული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით. აღნიშნული სარჩელით ასევე მოთხოვნილია ნ. შ-ას უფლებამონაცვლე ფ. ა-მ-ასათვის სადავო ბინის (მდებარე ქ. თბილისში, ქ-ის ქუჩა #...-ში, ს/კ: ...) გადაცემის ნაწილში ამხანაგობა „კასკადის“ 2007 წლის 15 სექტემბრის კრების ოქმისა და განშლის ოქმის ბათილად ცნობა (იხ. ტ. 2. ს.ფ. 117-135).

29. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც სხვა სამოქალაქო დავის ფარგლებში შეცილებულია ქ. თბილისში, ქ-ის ქუჩა #...-ში მდებარე ბინაზე საკუთრების უფლება და მოცემულ დავაში სწორედ აღნიშნული ბინიდან გამოსახლებაა დადგენილი, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ და უშუალო გავლენას იქონიებს განსახილველ საქმეზე, სადაც წარდგენილია ვინდიკაციური სარჩელი და მისი დაკმაყოფილებისათვის კანონით განსაზღვრული სამი კომპონენტის (მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა ფლობდეს ნივთს; მოპასუხეს არ უნდა გააჩნდეს ნივთის ფლობის უფლება) ერთობლივად არსებობაა აუცილებელია. ამრიგად, საქმის წარმოების საფუძვლად მითითებული სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველი ფაქტების დადგენამდე, შეუძლებელია მოცემული საქმის განხილვა, რაც უდავოდ მეტყველებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის სწორ გამოყენებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ფ. ა-მ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის საოქმო განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე