№ ას-668-639-2016 13 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს “რ-ი" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ნ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, მოპასუხის მიერ სატრანსპორტო საშუალებისაგან ტერიტორიის გამოთავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს “რ-მა“ (შემდგომში „მოსარჩელე“, „საკასაციო საჩივრის ავტორი“ ან „კასატორი“) სარჩელით მიმართა სასამართლოს ა. ნ-ას (შემდგომში („მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მიბარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება და სატრანსპორტო საშუალებისგან მოსარჩელის ტერიტორიის გათავისუფლება.
2. მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.
3. 2015 წლის 9 დეკემბერს მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო რუსთავის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ამავე სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
5. საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განჩინება.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი, ს. ხ-ე რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 9 დეკემბერს 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომისა და მასზე გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის. მოპასუხემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, რაც საფუძვლიანად იქნა მიჩნეული და დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.
9. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა პირდაპირ განსაზღვრავს მტკიცებულების სახეობას, რითაც შეიძლება დადასტურდეს ავადმყოფობა, როგორც პროცესზე წარმოუდგენლობის საპატიო გარემოება. ასეთ მტკიცებულებას წარმოადგენს სამედიცინო ცნობა, რომელიც ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოში წარდგენილ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემულ პაციენტის სამედიცინო ბარათში ასახული ინფორმაციის თანახმად, პაციენტის სიმპტომები მიეკუთვნებოდა ემოციურ მდგომარეობას - იგი უჩიოდა საერთო სისუსტეს, სხეულის ზოგად დაბუჟებას, აგზნებადობას, ზემო კიდურების ტრემორს, უძილობას, უმადობას. აღნიშნულ სამედიცინო ცნობაში მითითებული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ეს მტკიცებულება სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობის დასადასტურებლად ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა საპირისპიროდ არ შეიცავდა ინფორმაციას პირის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ.
11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მხარის პრეტენზია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა სასამართლო პროცესის პერიოდში. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 9 დეკემბრის სასამართლო სხდომა გაიხსნა 11:09 საათზე და დასრულდა 11:29 საათზე. სასწრაფო დახმარების ბრიგადა კი გამოძახებულ იქნა 12:36 საათზე და ადგილზე მივიდა 12:40 საათზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება მოხდა სასამართლო სხდომის დასრულებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ.
12. სააპელაციო პალატამ სარწმუნოდ არ მიიჩნია მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ს. ხ-ემ გონება დაკარგა, რაც თითქოსდა, შეუძლებელს ხდიდა მეორე წარმომადგენლის სასამართლოსთან კომუნიკაციას. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარში პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი საჩივრისაგან განსხვავებულ, ახალ გარემოებაზე მიუთითა, თუმცა არ განმარტა, რამ განაპირობა აღნიშნული გარემოების ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში მიუთითებლობის საპატიოობა, ასევე ვერ წარადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც ს. ხ-ის მიერ გონების დაკარგვის ფაქტს დაადასტურებდა.
13. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარემ ვერ შეძლო 2015 წლის 9 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დადასტურება.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს “რ-მა“.
15. კასატორის განმარტებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. ს. ხ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებული იყო, რაც გამოიხატა გონების დაკარგვით. ამ ფაქტმა კი სამსახურში აჟიოტაჟი გამოიწვია, რის გამოც მეორე წარმომადგენელმაც ვერ შეძლო სასამართლოსთან დაკავშირება, რათა ეცნობებინა მომხდარის თაობაზე და ეშუამდგომლა სხდომის გადადების შესახებ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე ს. ხ-ეს თანამშრომლებმა გაუწიეს პირველადი დახმარება, რამაც გააუმჯობესა მისი მდგომარეობა, ხოლო ვინაიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრები თავად არ შესწრებიან გონების დაკარგვის ფაქტს და მათი მისვლის დროს პაციენტი იმყოფებოდა უკეთ, აღნიშნული ფაქტი არ არის აღწერილი სამედიცინო დასკვნაში. შემდგომი სამედიცინო კვლევებით კი დადასტურდა, რომ გონების დაკარგვა გამოიწვია ს. ხ-ის ორსულობამ, რაც 2015 წლის 9 დეკემბრისათვის მისთვის ცნობილი არ იყო. ამრიგად, კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ფაქტები ერთობლიობაში ქმნის მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა და გამოუცხადებლობის შეუტყობინებლობის საპატიო გარემოებებს.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 აგვისტოს განჩინებით შპს “რ-ის" საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “რ-ის" საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
20. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
21. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოსარჩელე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე აცნობა სასამართლოს. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.
22. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 229-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოსარჩელისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოსარჩელის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
23. მოცემულ შემთხვევაში სადავოა, მოსარჩელის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნას სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
25. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა რაიმე ობიექტური გარემოების გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად.
26. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კასატორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 9 დეკემბერს დანიშნული სხდომის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლო პროცესის დღეს მოსარჩელის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რამაც ხელი შეუშალა გამოცხადებულიყო სასამართლოში ან გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ ეცნობებინა მისთვის.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ავადმყოფობის გამო მხარის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს მყარი პრაქტიკა, რომლის შესაბამისად, დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარის ავადმყოფობის გამო გამოუცხადებლობის შემთხვევაში ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნას სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთიუთებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე (იხ. სუსგ №ას-519-754-08, 16 ივლისი, 2008 წელი; სუსგ№ას-460-701-08, 2 ივლისი, 2008 წელი; სუსგ №ას-480-720-08, 6 ნოემბერი, 2008 წელი; სუსგ №ას-667-997-07, 30 იანვარი, 2008 წელი).
28. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული პაციენტის სამედიცინო ბარათში ასახული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამომხატველი სიმპტომები მიეკუთვნება პაციენტის ემოციურ მდგომარეობას. კერძოდ, პაციენტი უჩივის საერთო სისუსტეს, სხეულის ზოგად დაბუჟებას, აგზნებადობას, ზემო კიდურების ტრემორს, უძილობას, უმადობას, პირის სიმშრალეს, თუმცა ცნობაში არსადაა მითითება პაციენტის გადაადგილების შეუძლებლობის შესახებ (იხ. ტ.1, ს.ფ. 99).
29. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებში (სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა #IV-100ა) არ არის პირდაპირი მითითება სასამართლო პროცესზე მხარის გამოცხადების შეუძლებლობაზე, ამასთან, მათში ასახული პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება არ იძლევა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარი გაუარესების ფაქტის დადასტურების შესაძლებლობას, რაც შეუძლებელს გახდიდა სასამართლოსთვის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შეტყობინებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება პროცესზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მართებულად მიღების წინაპირობებს ქმნის.
30. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წარმომადგენლის ავადმყოფობას სასამართლო დადასტურებულ ობიექტურ გარემოებად მიიჩნევს და ჩათვლის, რომ ეს ავადმყოფობა შეუძლებელს ხდიდა წარმომადგენლის პროცესზე გამოცხადებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელე არის იურიდიული პირი - შპს „რუსთავ ტერმინალ პლუსი“, რომლის ინტერესებს სასამართლოში იცავს უფლებამოსილი წარმომადგენელი. შესაბამისად, იმისათვის, რომ აღნიშნული წარმომადგენლის ავადმყოფობის გამო პროცესზე კომპანიის გამოუცხადებლობა სასამართლომ საპატიოდ მიიჩნიოს, კომპანიამ უნდა დაადასტუროს, რომ წარმომადგენელის ავადმყოფობა (განსაკუთრებული ობიექტური გარემოება) კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა შპს „რუსთავ ტერმინალ პლუსის“ პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. ანუ თავად ორგანიზაციის თანამშრომლის ავადმყოფობის ფაქტი, თავისთავად, შეუძლებელს არ ხდის პროცესზე კომპანიის გამოცხადებას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია, რატომ არ ჰქონდა შპს „რუსთავ ტერმინალ პლუსს“ შესაძლებლობა უზრუნველეყო გამოცხადება სასამართლო სხდომაზე სხვა უფლებამოსილი წარმომდგენლის მეშვეობით ან მინიმუმ ასევე სხვა წარმომადგენლის მეშვეობით ეცნობებინა სასამართლოსთვის მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის ობიექტური, საპატიო მიზეზის თაობაზე. საკასაციო საჩივრის ავტორის მითითება, რომ თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ ორგანიზაციაში გამოიწვია აჟიოტაჟი, რის გამოც სხვა წარმომადგენელმა ვერ შეძლო სასამართლოსთან დაკავშირება პროცესზე გამოუცხადებლობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად (შედავებად), რაც გასაჩივრებული განჩინებით დამდგარ შედეგს გააბათილებდა.
31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებს. კასატორი კი ვერ ადასტურებს, რომ მისი წარმომადგენლის ავადმყოფობამ კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელი გახადა კომპანიის პროცესზე გამოცხადება ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოს ინფორმირება.
32. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს “რ-ის" საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს “რ-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ შპს “რ-ს" (ს/კ: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 27 ივლისს №237 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე