Facebook Twitter

საქმე№ა-3666-შ-100-2016 31 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ. ჯ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. პ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – აშშ-ის ნიუ ჯერსის სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

აშშ-ის ნიუ ჯერსის სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქორწინება მ. ჯ-ასა და ვ. პ-ს შორის გაუქმდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ჯ-ას წარმომადგენელმა ნ. ქ-ამ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აშშ-ის ნიუ ჯერსის სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მ. ჯ-ას შუამდგომლობა აშშ-ის ნიუ ჯერსის სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე განჩინებით განისაზღვრა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უფლება ჰქონდა, წარმოედგინა მოსაზრება სახელმწიფო მ. ჯ-ას შუამდგომლობის თაობაზე აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში, აგრეთვე შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი აღნიშნულს არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

აღნიშნული შუამდგომლობა, საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და შუამდგომლობაზე დართული მასალების ასლები ვ. პ-ს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე, მაგრამ სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, რომ სასამართლო შეტყობინებები მხარეს ვერ ჩაბარდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვ. პ-ს ეცნობა ამავე პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინების თაობაზე საჯარო შეტყობინების გზით, რომელიც განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე.

მოწინააღმდეგე მხარე ვ. პ-ს კანონით დადგენილ ვადაში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. ჯ-ას შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში აშშ-ის ნიუ ჯერსის სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქონების განკარგვის მოთხოვნის ნაწილში შუამდგომლობის ავტორს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

აშშ-ის ნიუ ჯერსის სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქორწინება მ. ჯ-ასა და ვ. პ-ს შორის გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მხარეებს შორის დადებული შეთანხმება, რომელიც შეეხება უძრავი ქონების გაყოფას.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ჯ-ას წარმომადგენელმა ნ. ქ-ამ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აშშ-ის ნიუ ჯერსის სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები განქორწინების ნაწილში გადაწყვეტილების ცნობისათვის არ არსებობს.

რაც შეეხება მ. ჯ-ას შუამდგომლობას მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაყოფის ნაწილში აშშ-ის ნიუ ჯერსის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:

შუამდგომლობის ავტორი ითხოვს საქართველოში, ქ.თბილისში, კ-ის ქ #...-ში ბ.#... და ბ.#... მდებარე უძრავი ქონების მეუღლეთა შორის გაყოფის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ მხოლოდ იმ სარჩელებზე, რომლებიც ეხება უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება საქართველოშია. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნივთზე უფლების წარმოშობა, შეცვლა, გადაცემა და შეწყვეტა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს ნივთი იმყოფება. ამ ქვეყნის სანივთო-სამართლებრივი ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მითითებითი (კოლიზიური) ნორმის მიხედვით სხვა ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული, ხოლო 68-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება,

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ისეთი კატეგორიის დავებზე, რომლებიც განეკუთვნება საქართველოს სასამართლოების განსაკუთრებულ საერთაშორისო კომპეტენციას, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა ვერ მოხდება, რადგან ისინი განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს მხოლოდ საქართველოს სასამართლოების მიერ.

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონება საქართველოს ტერიტორიაზეა, არ არსებობს ქონების გაყოფის ნაწილში აშშ-ის ნიუ ჯერსის სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების ცნობის წინაპირობები. ასევე არ არსებობს მითითებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე მიქცევის საფუძველიც, ვინაიდან „საერთასორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღსასრულებლად უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების მიქცევის ერთ-ერთი წინაპირობაა იმის დადგენა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება შეესაბამება თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებულ დათქმებს, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ჯ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მ. ჯ-ას და ვ. პ-ის განქორწინების ნაწილში აშშ-ის ნიუ ჯერსის სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე; მ. ჯ-ას შუამდგომლობა ქ.თბილისში, კ-ის ქ #...-ში ბ.#... და ბ.#... მდებარე უძრავი ქონების გაყოფის ნაწილში აშშ-ის ნიუ ჯერსის სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე