საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-24-22-2017 31 მარტი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი –სს ,,ლ -ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ჯ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ვ. ჯ-ე (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, პირველი აპელანტი) დაახლოებით 9 წლის განმავლობაში მუშაობდა სს “ლ- ში“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, ბანკი, მეორე აპელანტი, კასატორი) სხვადასხვა პოზიციაზე - მძღოლად, ბანკომატის ჩამტვირთავ-ამომტივართავად, ინკასატორად.
2. ბანკში მუშაობის მრავალწლიან პერიოდში დასაქმებული კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. დამსაქმებლის 2013 წლის 23 ოქტომბრის # 364 ა.დ. ბრძანებით, დასაქმებულს, როგორც ინკასატორს, მადლობა გამოუცხადეს „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის და სამსახურებრივი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისათვის“ (იხ. ბრძანება - ტ.1, ს.ფ. 23).
3. მხარეთა შორის ბოლო შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 15 ნოემბერს - 2015 წლის 15 თებერვლამდე (ერთი კალენდარული წლითა და სამი თვით; იხ ხელშეკრულება - ტ.1, ს.ფ.16-19). ამ ხელშეკრულების საფუძველზე უსაფრთხოებისა და ინკასაციის ორგანიზების დეპარტამენტის საინკასაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა დასაქმებული და მისი შრომითი ანაზღაურება განისაზღვრა 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარით (დარიცხული სახით).
4. 2014 წლის იანვარში (სავარაუდოდ 13 რიცხვში) ინკასატორთა ჯგუფმა (რომლის წევრიც იყო დასაქმებული) ერთ-ერთი ბანკომატის ინკასირება მოახდინა, რა დროსაც დაიკარგა ბანკის კუთვნილი თანხა - 3000 (სამი ათასი) ლარი.
5. ბანკომატის მომსახურებასთან, საინკასო სამსახურთან ერთად, დაკავშირებულია ბანკის რამდენიმე სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა საქმიანობა.
6. ბანკს ან საგამოძიებო სამსახურს თანხის დანაკლისში რომელიმე კონკრეტული პირის ბრალეულობა არ დაუდგენია.
7. ინკასატორთა საქმიანობა, როგორც წესი, კონტროლდება ავტომანქანაში არსებული ვიდეოკამერით, რომელიც ინციდენტის დღეს ჩართული არ იყო. მისი ჩართვა ავტომანქანის მძღოლის მოვალეობაში შედიოდა.
8. ბანკმა თანხის დაკარგვაში ეჭვი მიიტანა ინკასატორთა ჯგუფზე (მას შემდეგ, რაც ბანკისავე განმარტებით, ბანკომატთან დაკავშირებული ყველა რგოლი გადამოწმდა).
9. იმის გათვალისწინებით, რომ საინკასაციო ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიკარგა ბანკის კუთვნილი თანხა, 2014 წლის 5 თებერვალს ბანკმა გამოსცა # 30 ა.დ. ბრძანება, რომლითაც „გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით“ საინკასაციო ჯგუფის სამივე წევრს - ინკასატორს, მათ შორის განსახილველი დავის მოსარჩელეს, გამოეცხადათ საყვედური. ბრძანებას საფუძვლად დაედო ბანკის უსაფრთხოებისა და ინკასაციის ორგანიზების დეპარტამენტის წერილი, რომელიც საქმეში არ მოიპოვება (იხ. ბრძანება -ტ.1, ს.ფ. 24).
10. საყვედურის გამოცხადების შესახებ დამსაქმებლის ბრძანება საინკასაციო ჯგუფის არც ერთ წევრს არ გაუსაჩივრებია.
11. ინციდენტის შემდეგ, სხვა ინკასატორებისაგან (და ავტომანქანის მძღოლისაგან) განსხვავებით, განსახილველი დავის მოსარჩელეს რამდენიმე თვის განმავლობაში, 2014 წლის მაისამდე, მის მიმართ გაჩენილი უნდობლობის გამო, არ მიეცა შესაძლებლობა განეხორციელებინა საკუთარი, როგორც ინკასატორის მოვალეობები: ამ პერიოდის განმავლობაში დასაქმებული ყოველდღიურად ცხადდებოდა სამსახურში, სადაც იმყოფებოდა სამუშაო დროის დასრულებამდე, დროდადრო ასრულებდა ფიზიკურად შესასრულებელ, ტექნიკური ხასიათის დავალებებს უშუალოდ ბანკის ოფისში. ამ პერიოდის ხელფასი დასაქმებულს სრულად აქვს მიღებული.
12. დამსაქმებელმა 2014 წლის 5 მაისს დასაქმებულს შესთავაზა მცველი ინკასატორის ფუნქციების განხორციელება „ლიბერთი ექსპრესზე“ (შემდეგში: LX), სადაც ამ უკანასკნელს უნდა ემუშავა კვირაში ხუთი დღე და დაესვენა ერთ დღეს - კვირას. დასაქმებული დათანხმდა დამსაქმებლის ამ წინადადებას, მაგრამ იმავე სამუშაოზე დასაქმებული სხვა, 50-მდე პირისათვის დადგენილი მუშაობის პირობებით, კერძოდ, გრაფიკით, 3-4 დღეში ერთხელ, მორიგეობით (რაც ამ სამუშაოს სიმძიმით აიხსნება). მიუხედავად ამისა, დამსაქმებელმა მაინც მოითხოვა დასაქმებულისაგან ყოველდღიური მუშაობა.
13. დასაქმებული არ დაეთანხმა ბანკის შეთავაზებული პირობებით მუშაობას, მაგრამ შეუდგა მუშაობას, პარალელურად უშუალო ხელმძღვანელობისაგან ითხოვდა შეთავაზებული პირობების დასაბუთებას, მაგრამ სარწმუნო დასაბუთება ვერ მიიღო.
14. დასაქმებულმა 2015 წლის 16 მაისს წერილობით მიმართა ბანკის გენერალურ დირექტორს, რა დროსაც მიუთითა, რომ ბოლო დროს განვითარებული, მისთვის გაუგებარი მოვლენების გამო, მუდმივად ეშლებოდა ხელი სამუშაოს შესრულებაში და რომ მის მიმართ უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და სხვა ხელმძღვანელი პირების მხრიდან ხორციელდებოდა უსაფუძვლო ზეწოლა და ცილისწამება დაკარგული თანხის მის მიერ მითვისების თაობაზე. ამავე განცხადებაში დასაქმებულმა მიუთითა, რომ ბოლო ხანს მისთვის შეთავაზებული სამუშაო, თავისი ხასიათით სცილდებოდა მისი ვალდებულებების ფარგლებს და მოითხოვა რეაგირება (იხ. განცხადება- ტ.1, ს.ფ. 25).
15. დასაქმებული 2014 წლის 19 მაისს, დილის 8 საათზე, გამოცხადდა ბანკის ოფისში და დაელოდა წერილზე პასუხს. ამ დღეს, დამსაქმებელმა დასაქმებულს ერთდროულად გადასცა წერილზე პასუხი, დათარიღებული 2014 წლის 19 მაისით, იმავე თარიღით - ბრძანება დასაქმებულისათვის სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ და იმავე თარიღით გამოცემული მეორე ბრძანება დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ (იხ. ტ.1, ს.ფ.26-28).
16. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
16.1. დასაქმებულმა 2014 წლის 2 ივნისს სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა:
16.1.1. დამსაქმებლის 2014 წლის 5 თებერვლის # 30 ა.დ. ბრძანების - საყვედურის გამოცხადების შესახებ - ბათილად ცნობა;
16.1.2. დამსაქმებლის 2014 წლის 19 მაისის # 201 ა.დ. ბრძანების - სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ- ბათილად ცნობა;
16.1.3. დამსაქმებლის 2014 წლის 19 მაისის # 2662 პ.შ. ბრძანების, რომლითაც დასაქმებული გათავისუფლდა ინკასატორის თანამდებობიდან - ბათილად ცნობა;
16.1.4. დამსაქმებლისათვის დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება მისი სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან - 2014 წლის 19 მაისიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე - 2015 წლის 15 თებერვლამდე, რაც შეადგენს ხელზე ასაღებ 8100 (რვა ათას ასი) ლარს (იხ. განცხადება სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შესახებ- ტ.1, ს.ფ. 48 და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების თაობაზე საქალაქო სასამართლოს 18.09.2015 წ. სხდომის ოქმი- ტ.1, ს.ფ. 109-119).
16.2. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-4, მე-9, 11-15 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს დააფუძნა სასარჩელო მოთხოვნები, მან სასამართლოს 18.09.2015 წლის სხდომაზე მოხსნა სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნა მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.
17. მოპასუხის შესაგებლის პოზიცია
17.1. დამსაქმებელმა არ ცნო სარჩელი, დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით და განმარტა:
17.1.1. მოსარჩელისათვის 2014 წლის 5 თებერვლის ბრძანებით გამოცხადებული საყვედური (იხ. ამ განჩინების 16.1.1 ქვეპუნქტი) ეფუძნებოდა დასაქმებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებას, რაც ამ განჩინების მე-4 პუნქტში ასახულ გარემოებას უკავშირდება და საინკასაციო ჯგუფის სამივე წევრს გამოეცხადა საყვედური, რაც მათგან არც ერთს, მათ შორის, მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია დადგენილი წესით;
17.1.2. საყვედურის გამოცხადებიდან დაახლოებით 3 თვეში მოსარჩელეს მისმა უშუალო ხელმძღვანელმა დაავალა შრომითი ხელშეკრულების „ბ“ დანართით გათვალისწინებული მოქმედების შესრულება, კერძოდ, LX - მოძრავი ბანკის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მასში ფულისა და ფასეულობის არსებობისას. იმის გამო, რომ დასაქმებულმა უარი განაცხადა ამ მოთხოვნის შესრულებაზე, მას გამოეცხადა სასტიკი საყვედური (იხ. ამ განჩინების 16.1.2 ქვეპუნქტი).
17.1.3. ერთი წლის განმავლობაში დასაქმებულის მიმართ სრულიად სამართლიანად იქნა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ორი ღონისძიება. ბანკმა სამართლიანად გამოსცა ახალი მესამე ბრძანება დასაქმებულის გათავისუფლების თაობაზე (იხ. ამ განჩინების 16.1.3 ქვეპუნქტი);
17.1.4. მოსარჩელეს გაშვებული აქვს საყვედურისა და სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანებების გასაჩივრების ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა.
18. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
18.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
18.1.1. ბათილად იქნა ცნობილი ბანკის 2014 წლის 19 მაისის # 201 ა.დ. ბრძანება მოსარჩელისათვის სასტიკი საყვედურის გამოცხადების თაობაზე;
18.1.2. ბათილად იქნა ცნობილი ბანკის 2014 წლის 19 მაისის # 2662 პ.შ. ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე;
18.1.3. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 8100 (რვა ათას ასი) ლარი (ხელზე ასაღები თანხა);
18.1.4. მოსარჩელეს უარი ეთქვა დასაქმებულის 2014 წლის 5 თებერვლის # 30 ა.დ. ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
18.2. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობდა, ხოლო მხარეთა განმარტებების, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების, გაანალიზებისა და შეჯერების საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-16 პუნქტებში მითითებული სადავო გარემოებები.
18.3. სასამართლომ მე-8 პუნქტში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მოპასუხეს არ წარუდგენია ბანკომატთან დაკავშირებული ყველა რგოლის გადამოწმების (როგორც მოპასუხე ამტკიცებდა), მეტიც - ინციდენტის მოკვლევის შესახებ რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ.1, ს.ფ. 130, 3.2.9 ქვეპუნქტი).
18.4. სასამართლომ მე-9 და მე-10 პუნქტებში მითითებული გარემოებების შესახებ იმსჯელა და მოსარჩელის მოთხოვნის პასუხად 2014 წლის 5 თებერვლის ბრძანების (საყვედურის გამოცხადება) ბათილად ცნობის შესახებ, განმარტა, რომ ბანკის მიერ გამოცემული ზემოხსენებული ბრძანება კანონიერი იყო, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ამა თუ იმ მიზეზით, თანხის დაკარგვის გამო გამოყენებული დისციპლინური ღონისძიება მეტი ყურადღებისა და დაკვირვებულობისაკენ მოუწოდებდა შესაბამის დასაქმებულებს, მათ შორის მოსარჩელესაც.
18.5. ამ განჩინების მე-13 პუნქტში ასახულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაამტკიცებდა, რომ დასაქმებულმა ერთხელ, ორჯერ ან მეტჯერ არ შეასრულა სამუშაო LX - ზე.
18.6. მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბანკის გენერალური დირექტორისადმი დასაქმებულის 2015 წლის 16 მაისის წერილობით განცხადებას (იხ. ამ განჩინების მე-14 პუნქტი), სასამართლომ აღნიშნა: ბანკმა საპასუხო წერილით დასაქმებულს განუმარტა, რომ იგი არღვევდა სამსახურებრივ მოვალეობებს, არ ასრულებდა ხელმძღვანელის დავალებებს; სასტიკი საყვედურის გამოცხადების ბრძანებაში, საფუძვლად მითითებული იყო მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება და კორპორატიული სახელმძღვანელოს პუნქტი 12.8.3 (თავად სახელმძღვანელო საქმეში წარდგენილი არ არის). უშუალოდ ბრძანების შინაარსის მიხედვით, დასაქმებულისათვის სასტიკი საყვედურის გამოცხადება განაპირობა ძირითადი მოვალეობების დარღვევამ და ხელმძღვანელის დავალებების შეუსრულებლობამ; დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის (საქართველოს ორგანული კანონი, შემდეგში: სშკ) 37- ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი /დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომითი შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა“/, ხოლო ამავე ბრძანების შინაარსის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლდა შრომითი ხელშეკრულების ვალდებულების დარღვევის გამო (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ.1, ს.ფ. 131-132, 3.2.18 ქვეპუნქტი);
18.7. სასამართლოს შეფასებით, ორივე სადავო ბრძანება (სასტიკი საყვედურის გამოცხადებისა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ) გამოცემულია ერთსა და იმავე დღეს და ეყრდნობოდა ერთსა და იმავე ფაქტს, თითქოსდა დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობების დარღვევას, რაშიც, როგორც სასამართლო უთითებს, სავარაუდოდ, დამსაქმებელი გულისხმობდა დამსაქმებლის მიერ LX-ზე შრომითი მოვალეობების შეუსრულებლობას, რაც, თავის მხრივ, არც ერთი მტკიცებულებით არ იყო დადასტურებული.
18.8. სასამართლომ განმარტა, რომ დასაქმებული არ ეთანხმებოდა ქ. თბილისში იმავე სამუშაოზე დასაქმებული სხვა მცველი ინკასატორების სამუშაო პირობებისაგან განსხვავებული, ამასთან, მძიმე პირობებით მუშაობას, თუმცა, იგი ასრულებდა ამ სამუშაოს და თან პარალელურად, ცდილობდა ხელმძღვანელობისაგან მოეპოვებინდა სხვებთან გათანაბრებული პირობები;
18.9. სასამართლომ დაასკვნა, რომ სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანება ბანკმა არაკანონიერად გამოსცა, რადგან არ იყო დადასტურებული მისი გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი - დასაქმებულის მიერ კონკრეტული დარღვევის ფაქტი, ამასთან, სასტიკი საყვედურის, როგორც დისციპლინური ღონისძიების გამოყენებას არ გააჩნდა კანონით განსაზღვრული დანიშნულება, მიზანი, ვინაიდან, იმავდროულად (დროში რაიმე ინტერვალის გარეშე) მოპასუხემ გამოიყენა სხვა, უკიდურესი დისციპლინური ღონისძიება - სამსახურიდან გათავისუფლება იმავე, დაუდასტურებელი დარღვევის (დარღვევების) ფაქტზე.
18.10. სასამართლომ დაადგინა, რომ დამსაქმებელმა არაკანონიერად გაათავისუფლა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან, არ დასტურდებოდა კონკრეტული დარღვევის (დარღვევების) ფაქტი, რამაც განაპირობა შესაბამისი ბრძანების გამოცემა, ამასთან, იმავე დარღვევის (დარღვევების) თუნდაც დაუდასტურებელ ფაქტზე, იმავე დღეს დამსაქმებელს უკვე გამოყენებული ჰქონდა სხვა დისციპლინური ღონისძიება - სასტიკი საყვედურის გამოცხადება.
18.11. LX - ზე შრომითი მოვალეობის შესრულება იმ შრომითი პირობებით, რაც განსხვავდება ქ. თბილისში იმავე სამუშაოზე დასაქმებული სხვა, 50-მდე მცველი ინკასატორის შრომითი პირობებისგან, სასამართლოს შეფასებით, წარმოადგენდა მოსარჩელის, როგორც დასაქმებულის დისკრიმინაციას დამსაქმებლის (ბანკის) მხრიდან. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს ახსნა-განმარტებისას არ უარუყვია ამ განსხვავებულობის არსებობა, მხოლოდ იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ დასაქმებული სხვა დროსაც მუშაობდა ყოველდღიურად (მაგრამ არა LX - ზე) და ეს მისთვის არ უნდა ყოფილიყო უჩვეულო. დამსაქმებელს არ წარუდგენია სასამართლოსათვის იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ ქ. თბილისში LX - ზე მომუშავე ყველა მცველი ინკასატორი სამსახურებრივ მოვალეობას ყოველდღიურად ასრულებდა და არა გრაფიკით (მორიგეობით).
18.12. სასამართლოს დასკვნით, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება განპირობებული იყო იმით, რომ ბანკმა დასაქმებულისათვის სასტიკი საყვედურის უსაფუძვლოდ გამოცხადებით, მასთან შრომითი ურთიერთობის არაკანონიერად შეწყვეტით, ასევე, მისი იმავე სამუშაოზე დასაქმებული პირებისაგან შრომის არათანაბარ, მძიმე პირობებში ჩაყენებით დაარღვია მისი შრომითი უფლებები, რა დროსაც მიაყენა მატერიალური ზიანი.
18.13. გადაწყვეტილების სამართლებრივი მოტივაციისას სასასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“, ასევე, 30-ე მუხლის მე-4 ნაწილი: „შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-2 მუხლი (უფლების სასამართლო წესით დაცვა), სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია „დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა“. შრომის კოდექსის მითითებული ნორმის შესაბამისად, მისი გამოყენებისათვის აუცილებელია დასაქმებულის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა და ასევე, ამ დასაქმებულის მიმართ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომის გამოყენება.
18.14. სასამართლომ დაასკვნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ვერ დადგინდა დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობების დარღვევის ფაქტი, რაც საფუძვლად დაედებოდა მის სამსახურიდან გათავისუფლებას.
18.15. დამსაქმებელმა 2014 წლის 19 მაისს გამოსცა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება მის მიერ შრომითი მოვალეობების დარღვევის ფაქტზე, იმავე დღეს მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ უკვე გამოყენებული ჰქონდა სხვა დისციპლინური ღონისძიების ზომა - სასტიკი საყვედური. ამდენად, სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება ბათილად მიიჩნია სასამართლომ ისევე, როგორც დასაქმებულისათვის სასტიკი საყვედურის გამოცხადების სახით გამოყენებული დისციპლინური ღონისძიება. ამ უკანასკნელი ბრძანების გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობდა. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ დასაქმებულისათვის სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანებას იურიდიული შედეგი არ მოჰყოლია, რადგან იმავე დღეს გამოცემული მეორე ბრძანებით ბანკმა გაათავისუფლა სამუშაოდან მოსარჩელე.
18.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს. მოპასუხის მიერ 2014 წლის 5 თებერვალს გამოცემული ბრძანება შეესაბამება კანონმდებლობას, ხოლო 2014 წლის 19 მაისს გამოცემული ორივე ბრძანება კი არღვევს კანონს. სშკ-ის 44-ე მუხლით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსკ-ის 408.1-ე და 411-ე მუხლების საფუძველზე, შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტით, დამსაქმებელმა მოუსპო შესაძლებლობა დასაქმებულს, შეესრულებინა თავისი შრომითი მოვალეობები და მიეღო შესაბამისი შრომითი ანაზღაურება ყოველთვიური ხელფასის - 1125 ლარის (დარიცხული), 900 ლარის (ხელზე ასაღები) სახით 2014 წლის 19 მაისიდან (უკანონო ბრძანებების გამოცემის დღიდან) 2015 წლის 15 თებერვლამდე (შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე). ამდენად, სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის, ცხრა თვის მიუღებელი ხელფასის, მიკუთვნების თაობაზე, რაც საერთო ჯამში 8100 ლარს წარმოადგენს.
18.17. სასამართლომ სამოქალაქო სამართალში მოქმედი პრინციპის „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“ გათვალისწინებით, სსსკ-ის 102.3-ე მუხლზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ ბანკს არ წარუდგენია 2014 წლის 19 მაისით დათარიღებული სადავო ბრძანებების საფუძვლად მითითებული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რათა დაემტკიცებინა მოსარჩელის მიერ შრომითი მოვალეობების დარღვევის ფაქტი.
18.18. ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლის მე - 2 ნაწილის თანახმად (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით), შრომის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, ეფექტურად დაიცვან მუშაკის ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება.
18.19. სასამართლოს შეფასებით ეფექტური დაცვა დასაქმებისა და ხელფასის მიღების უფლების შენარჩუნებას გულისხმობს. ამიტომ ამ უფლების წართმევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი წარმოადგენს კანონისმიერ წინაპირობებზე დაფუძნებულ ერთადერთ ქმედით გამოსავალს. სამუშაოდან გათავისუფლება, განსახილველ შემთხვევაში განხორციელდა კონკრეტული მოტივით - სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების საფუძველზე, მაგრამ საქმის მასალებით აღნიშნული არ დადასტურდა.
18.20. ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლით დაცულია დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში, მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით მუშაკის უფლება, უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან.
18.21. სასამართლოს შეფასებით, სსსკ-ის მე-4 მუხლით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, ასევე, 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის ფარგლებში, მოსარჩელემ დაასაბუთა ძირითად ნაწილში საკუთარი მოთხოვნის დასაბუთებულობა, ხოლო მოპასუხემ ვერ გააქარწყლა აღნიშნული, რაც საფუძვლად დაედო დასაქმებულის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას.
19. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
19.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც დასაქმებულმა (პირველი აპელანტი), ისე დამსაქმებელმა (მეორე აპელანტი).
19.2. პირველმა აპელანტმა მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა მისი უარყოფილი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში (საყვედურის გამოცხადების შესახებ 2014 წლის 5 თებერვლის ბრძანების ბათილად ცნობა) შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:
19.2.1. მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომ არასაკმარისი ყურადღება გამოიჩინა ამ განჩინების მე-4 პუნქტში მითითებულ გარემობასთან დაკავშირებით;
19.2.2. საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად პირველი აპელანტი ამ განჩინების 5-6 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე უთითებს.
19.3. მეორე აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, დასაქმებულის სარჩელის უარყოფა.
19.3.1. მე-7 პუნქტში ასახულ გარემოებასთან დაკავშირებით, მოპასუხემ განმარტა, რომ ინკასატორებს, ინკასირების დროს საკმაოდ დიდი დროის გატარება უწევთ ავტომობილის მიღმა, ძირითადად ბანკომატიდან ამოტვირთული და მასში ჩასატვირთი ფულით სავსე კასეტებით. ინკასირების განხორციელებისას, არაერთხელ დაფიქსირებულა ავტომობილში დამონტაჟებული კამერის მწყობრიდან გამოსვლის ფაქტი, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოიწვევს ინკასირების პროცესის შეჩერებას. ასეთი და არაერთი მსგავსი შემთხვევის განხილვისას, სასამართლოს მიერ გაჟღერებულ “ფაქტობრივ გარემოებაზე“ დაყრდნობით შესაძლებელია დადგენილ იქნეს, რომ ინკასირების პროცესი სრულიად უკონტროლო ყოფილა;
19.3.2. მეორე აპელანტი არ დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ იმ გარემოებებს, რომლებიც ასახულია ამ განჩინების 12-13 პუნქტებში და განმარტა, რომ სავარაუდოდ დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა, როდესაც მოსამართლე განმარტავდა, რომ ბანკმა 5-დღიანი სამუშაო გრაფიკი განუსაზღვრა მხარეს და 1 დღე- კვირა - დასასვენებლად, მაშინ, როდესაც კვირა 7 კალენდარული დღისაგან შედგება. არც ისაა სიმართლე, რომ თითქოსდა ბანკში არსებობს რაიმე პრაქტიკა 3-4 დღეში ერთხელ ინკასატორის LX - ზე მუშაობასთან დაკავშირებით.
19.3.3. დასაქმებულზე ზეწოლას არ ჰქონია ადგილი, ასეთი დასკვნა არარსებულ ფაქტებზე დაყრდნობით გამოიტანა სასამართლომ, ზეწოლა სისხლის სამართლის დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება; მცდარია სასამართლოს დასკვნა, რომ ბანკი რაიმე სახით ხელს უშლიდა დასაქმებულს, მძიმე სამუშაო პირობებს სთავაზობდა და ასეთ პირობებში მოსარჩელე მაინც ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას;
19.3.4. მეორე აპელანტი აკრიტიკებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც ამ განჩინების 18.14-18.15 ქვეპუნქტებშია ასახული, რადგან მოპასუხის მტკიცებით, არსებობდა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო ბანკის მიერ სხვადასხვა პერიოდში გამოცემული საყვედურისა და სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანებები, რაც დამსაქმებელს აძლევდა საფუძველს, გამოეცა მესამე ბრძანება - სამუშაოდან დათხოვნის შესახებ.
20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება და დასკვნები
20.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დასაქმებულის (პირველი აპელანტის) სააპელაციო საჩივარი, ხოლო დამსაქმებლის (მეორე აპელანტის) სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, კერძოდ:
20.1.1. საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნას 2014 წლის 5 თებერვლის ბრძანების (საყვედურის გამოცხადების შესახებ) ბათილად ცნობას და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, შესაბამისად, ბათილად ცნო სადავო ბრძანება;
20.1.2. დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
20.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ამ განჩინების 1-15 პუნქტებშია მითითებული, ხოლო სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დასაქმებულის სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი ბრძანების სამართლებრივი შეფასებისას არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას ბანკის მიერ გამოცემული 2014 წლის 5 თებერვლის ბრძანების დასაბუთებულობის შესახებ (იხ. 18.4. ქვეპუნქტი). სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებული ფაქტის /ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა/ დასადასტურებლად მოპასუხეს არ წარუდგენია არც ერთი მტკიცებულება მაშინ, როდესაც შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში, სადავო ბრძანებების კანონიერების მტკიცების ტვირთი სწორედ დამსაქმებელს ეკისრება.
20.3. მეორე აპელანტის პოზიციის საპასუხოდ, რომ დასაქმებულმა არაერთხელ აღიარა შრომითი მოვალეობების შეუსრულებლობა და აღნიშნული დამსაქმებელს ათავისუფლებდა სათანადო მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის ვალდებულებისაგან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტს არ მიუთითებია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს კონკრეტულ სხდომის ოქმზე, რომელიც შეიცავდა სადავო ფაქტობრივი გარემოების მოსარჩელის მხრიდან სსსკ-ის 131-ე მუხლით განსაზღვრულ აღიარებას;
20.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების საფუძველზე არ დასტურდებოდა სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანების გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი - მოსარჩელის მიერ კონკრეტული დარღვევების ჩადენა და ამ ნაწილში გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები, რომლებიც ასახულია 18.7-18.11 და 18.14-18.15 ქვეპუნქტებში.
20.5. სასამართლოს შეფასებით შრომითი ხელშეკრულება ვალდებულებითი ხელშეკრულების სპეციალური სახეა და მას სხვა კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებებისაგან განასხვავებს ის გარემოება, რომ შრომითი ხელშეკრულების დადების შემდეგ კერძო სამართლის ერთ-ერთი უმთავრესი - მხარეთა თანასწორობის პრინციპი გარკვეულ სახეცვლილებას განიცდის და დაქირავებული დამოკიდებულია დამქირავებლის ნებაზე, მის მითითებებზე და მის მიერ განსზღვრულ სამუშაო თუ ორგანიზაციულ პირობებზე. ამდენად, ამ ურთიერთობებში აშკარად არის გამოკვეთილი დამქირავებლის უპირატესი მდგომარეობა „სუსტ“ მხარესთან - დაქირავებულთან შედარებით, რაც უდავოდ წარმოშობს „ძლიერი“ მხარის მიერ თავისი უფლებების გადამეტებულად, მეორე მხარის საზიანოდ გამოყენების საფრთხეს. სწორედ ამგვარ „უთანასწორობაში“ ბალანსის აღდგენასა და დაცვას ემსახურება შრომის კოდექსი, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობისა და საქართველოს კონსტიტუციის ნორმების ურთიერთშეჯერებით ადგენს დაქირავებულის უფლებათა დაცვის სტანდარტებს.
20.6. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცულ შრომის უფლებაზე, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დასაქმების დაცვის უფლება, რაც გულისხმობს დასაქმებულ პირთა დასაცავად გარკვეული სამართლებრივი მექანიზმების არსებობას - შრომის კოდექსსა თუ შრომის ურთიერთობის მომწესრიგებელ აქტებში დასაქმებულთა უფლების დაცვის მარეგულირებელი საერთაშორისო ნორმების ასახვას.
20.7. სააპელაციო სასამართლომ ასევე იმსჯელა საერთაშორისო აქტებზე, რომლებიც იცავენ დასაქმებულს სამუშაოდან წინასწარი შეტყობინებისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გათავისუფლებისაგან. სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის 4.4. მუხლის, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის მოწესრიგებაზე და განმარტა, რომ შრომის თავისუფლება, ფართო გაგებით, პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებასთან.
20.8. ზემოხსენებული მოტივაციით, სშკ-ის 44-ე მუხლის, სსკ-ის 408.1-ე, 409-ე და 411-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის მიკუთვნებული იძულებითი განაცდურის ნაწილში და, შესაბამისად, არ დააკმაყოფილა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი.
20.9. სასამართლომ დაასკვნა, რომ დამსაქმებელი დასაქმებულს შრომითი ვალდებულებების დარღვევას ედავებოდა, ასეთ ვითარებაში კი დამსაქმებელს ეკისრებოდა შრომითი მოვალეობის დარღვევის დამტკიცება, რაც მან ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, ამდენად, არ არსებობდა სადავო ბრძანებების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების (გარდა სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილისა) გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
21. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
21.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, დასაქმებულის სარჩელის უარყოფა შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:
21.1.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და საკუთარი მიხედულებით შეაფასა ფაქტები მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილების გზით;
21.1.2. ქვემდგომ სასამართლოს ბანკის ერთ-ერთმა წარმომადგენლმა - გ. ა-მა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა სხდომაზე და სწორედ მას ექვემდებარებოდა მოსარჩელე, დაადასტურა ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო როგორც საყვედურის, ისე გათავისუფლების ბრძანებებს. მხარის ახსნა-განმარტება ერთ-ერთი მტკიცებულებაა და სასამართლოს სათანადოდ უნდა შეეფასებინა გ. ა-ის განმარტება;
21.1.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ სხვა დეპარტამენტების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ინკასაციის დროს დაიკარგა თანხა, თუმცა, აღნიშნული სათანადოდ არ შეაფასა;
21.1.4. დადგენილია, რომ თანხის დაკარგვის დროისათვის ინკასაციის მანქანაში არ იყო ჩართული კამერა. ამ დროს მოსარჩელეც იმყოფებოდა მანქანაში და მასაც ჰქონდა სრული ვალდებულება, ჩაბარებული ფულის შენახვასა და უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე (კასატორი ხელშეკრულების დანართზე უთითებს). მოსარჩელე ვალდებული იყო, ყველა ზომა მიეღო, რათა არ დაკარგულიყო თანხა. ამ ნაწილში დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა, რომელიც ამ განჩინების მე-6 პუნქტშია ასახული, ვინაიდან მხოლოდ ბრალეული აქტიური ქმედება ვერ გახდება საყვედურის გამოცხადების საფუძველი, ეს გამოიწვევს სრულ ქაოსს და არც ერთი დასაქმებული აღარ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებას ჯეროვნად. საყვედურის საფუძვლად ჩვეულებრივ მიიჩნევა დასაქმებულის უმოქმედობა (იმ ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც მას ეკისრებოდა - ჩანთის დაცვა და ამისათვის შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობა, მათ შორის, ერთ-ერთია -კამერის შეუმოწმებლობა), რამაც გამოიწვია ამ შემთხვევაში ბანკის დანაკლისი. სწორედ ამ ფაქტის გამო გამოეცხადა საყვედური ინკასატორთა მთელ შემადგენლობას, რადგან მათ სოლიდარული ვალდებულება აქვთ დაიცვან მათთვის გადაცემული ფასეულობა;
21.1.5. მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების დანართში ისიც იყო მითითებული, რომ იგი უზრუნველყოფდა LX -ის დაცვას, ასევე, დასაქმებული ვალდებული იყო, შეესრულებინა უშუალო ხელმძღვანელის მითითებები;
21.1.6. ბანკი არ ეთანხმება სასამართლოს დასკვნას, რომ LX-ზე მუშაობა უფრო მძიმეა, ვიდრე ჩვეულებრივი ინკასატორის რეჟიმი. სხდომაზე განიმარტა, რომ ინკასატორს უფრო დატვირთული რეჟიმი აქვს, იწყება ბევრად ადრე და სრულდება ბევრად გვიან, ვიდრე LX-ის ინკასაციის დროს ხდებოდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა დამსაქმებლის განმარტება სასამართლო სხდომაზე;
21.1.7. დამსაქმებელმა ადრეც განმარტა და კვლავ იმეორებს, რომ საქმეში სადავო არ ყოფილა ფაქტობრივი გარემოებები, მხოლოდ სამართლებრივი შეფასება იყო საჭირო, რადგან ფაქტებზე თავად მხარეები მიუთითებდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, სააპელაციო სასამართლოში შეიცვალა ეს მიდგომა და სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ მიუთითა სხდომის ოქმის კონკრეტული დრო. ეს გარემოება არ შეიძლება ფაქტის დადგენის საფუძველი გახდეს, საქმეში დევს სხდომის ოქმი და სასამართლოს შეუძლია თვითონ გადაამოწმოს ის გარემოება, რაზედაც აპელანტი უთითებდა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასაქმებულმა დაადასტურა, რომ არ დაემორჩილა უფროსის მითითებას და უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე;
21.1.8. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა დისკრიმინაციის თაობაზე. LX-ის დაცვის განხორციელება ხელშეკრულებაში მოსარჩელეს ერთ-ერთ ვალდებულებად უწერია და თუკი ამ ვალდებულების შესრულებაზე უარს სასამართლო დისკრიმინაციად აფასებს, მაშინ როგორ უნდა დაიცვას დამსაქმებელმა საკუთარი უფლებები. მოპასუხემ არ წარადგინა LX-ზე მორიგეობის გრაფიკი, რადგან ასეთი არ არსებობს და ყველა დასაქმებული მუშაობს გამოვლენილი აუცილებლობიდან გამომდინარე უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად. ამდენად, გაუგებარია, რა კონკრეტული და დამატებითი მტკიცებულებით უნდა დასაბუთებულიყო ეს გარემოება, როდესაც ამას უშუალოდ ბანკის დეპარტამენტის უფროსი აცხადებდა;
21.1.9. ვალდებულებები, რომელთა დარღვევასაც მოჰყვა ბანკის მხრიდან შესაბამისი რეაგირება გაწერილია მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების დანართში „გ“, რომლის მიხედვითაც: „ დასაქმებული ვალდებულია: 1. უზრუნველყოს ფორმირებული ნაღდფულიანი საინკასაციო ჩანთების, თანხლების დოკუმენტაციის დადგენილი წესით შენახვა/ტრანსპორტირება ისე, რომ გამოირიცხოს მათი დაზიანების/დაკარგვის ფაქტები; 2. LX -მოძრავი ბანკის უსაფრთხოების უზურნველყოფა მასში ფულისა და ფასეულობათა არსებობისას; 3. შეასრულოს ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებები“ (კასატორი უთითებს სარჩელზე თანდართულ ხელშეკრულებაზე);
21.1.10. კასატორი აღნიშნავს, რომ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარმოადგინა ბანკის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ სხდომაზე წარმომადგენლად მონაწილე გ. ა-ი უკვე წლებია ინკასაციის დეპარტამენტის უფროსია და მის მოვალეობებში შედის ინკასატორების სამუშაოების ორგანიზება და მათი კონტროლი. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ დასაქმებულს ევალებოდა LX-ინკასირება და მან უარი განაცხადა ხელმძღვანელის დავალების/ვალდებულების შესრულებაზე, რის გამოც დასაქმებული გაათავისუფლეს სამუშაოდან, ეს კი მიჩნეულ უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებად. აღნიშნული გარემოებები, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტების საფუძველზე, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს;
21.1.11. ქვემდგომ სასამართლო ინსტანციებში მოპასუხე დეტალურად განმარტავდა ინკასატორების სამუშაო რეჟიმს, რასაც ადასტურებდა ინკასაციის სამსახურის უფროსიც, თუმცა, აღნიშნული არც ერთმა სასამართლომ არ გაითვალისიწინა. საკასაციო სასამართლოსათვის შინაგანი რწმენის შესაქმნელად, ბანკის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მ/შემსრულებლის მიერ შედგენილი ცნობა, კასატორის მოსაზრებით, ადასტურებს იმავეს, რაზედაც მოპასუხე უთითებდა სასამართლო სხდომებზე, თუმცა, სათანადო მტკიცებულების არარსებობა გახდა დამსაქმებლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. წარმოდგენილი დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ ინკასატორების სამუშაო რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად სამსახურის უფროსის მიერ საჭიროებიდან გამომდინარე (რაც დაადასტურა გ. ა-მა არაერთ სასამართლო სხდომაზე) და დასაქმებულისადმი არ ყოფილა დისკრიმინაცია.
22. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
22.1. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
23. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს (8.02.2017 N259; ახალი რედაქცია ამოქმედდა 2017 წლის 14 მარტიდან), რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
25. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
26. სასამართლო, უწინარესად, ყურადღებას გაამახვილებს შრომითსამართლებრივი ურთიერთობებისათვის დამახასიათებელ მტკიცების სპეციალურ სტანდარტზე, რადგან საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ „შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (იხ. სშკ-ის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილი). შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთოერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (იხ. სუსგ-ები: # ას-98-94-2016, 26.07.2016წ; # ას-570-545-2016, 03.02.2017წ; #ას-1000-961-2016, 03.02.2017წ;).
27. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დამსაქმებლის პრეტენზიებს, რომ სადავო ბრძანებების გამოცემის სასამართლოსეული ინტერპრეტაცია საქმის გარემოებების არასწორად შესწავლის შედეგია, რადგან სსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, თითოეულ მხარეს ევალება გამოიყენოს საკუთარი საპროცესო ვალდებულება და სრულად, ამომწურავად, ლოგიკური თანმიმდევრობით მიუთითოს იმ ფაქტებზე, რომლებიც უკავშირდება განსახილველ დავას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ საქმისწარმოების მიმდინარეობისას ვერც პირველი ინსტანციის და ვერც სააპელაციო სასამართლოებში ვერ დაამტკიცა მის მიერ გამოცემული სადავო ბრძანების მართლზომიერება და დასაბუთებლობა, რაც სწორედ მისი კუთვნილი მტკიცების ტვირთი იყო.
28. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთი სწორად გადანაწილდა მხარეებს შორის, რაც სამართალწარმოებისას უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებზე (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები) დაყრდნობით დავის განხილვასა და გადაწყვეტას და სავსებით იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 20.2-20.3 და 20.5 ქვეპუნქტებშია ასახული
29. დამსაქმებლის საკასაციო საჩივარში მითითებული არცერთი არგუმენტი არ არის დასაბუთებული, კერძოდ: გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იმთავითვე მართებულად განისაზღვრა, რომ განხილვის საგანია დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანებების მართლზომიერება და დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერება. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა ბანკის ბრძანებებში მითითებული ფაქტობრივი საფუძვლის შესატყვისობა დამსაქმებლის მიერ დასახელებულ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან, გამოიკვლია მოდავე მხარეთა განმარტებები, მტკიცებულებები და დაუსაბუთებლად მიიჩნია სადავო აქტები.
30. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არც ერთ წინაპირობაზე არ მიუთითებია კასატორს, თუმცა, მისი ძირითადი პრეტენზიების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის [სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე] საფუძველზე საკასაციო განაცხადის დასაშვებობის შემოწმება. კასატორი არასწორად დადგენილ ფაქტებზე უთითებს და ამის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სრულად.
31. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, შესაფასებელია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა და სამართლებრივი დასკვნები, რაც, მხარეთა შეჯიბრებითობასა და დამსაქმებლის მიერ დასამტკიცებელი ფაქტობრივი გარემოებების სტანდარტზეა დაფუძნებული.
32. კასატორის პრეტენზია, რომ საქმეში არ იყო სადავო ფაქტობრივი გარემოებები, მხარეები თვითონვე უთითებდნენ ფაქტებზე, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ შეცვალა აღნიშნული მიდგომა და ჯეროვნად არ შეაფასა სხდომაზე ბანკის წარმომადგენლის (რომელიც დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელია) ახსნა - განმარტება ინკასატორების მუშაობის რეჟიმზე, ზოგადად ინკასაციის პროცესსა და კერძოდ LX-ინკასირების შესახებ (იხ. 21.1.5 - 21.1.7 ქვეპუნქტები), ფაქტობრივსამართლებრივად დაუსაბუთებელია, რადგან საქალაქო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ უდავო გარემოებები მხარეთა შორის არ არსებობდა, ხოლო დადგენილ სადავო გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც ეყრდნობოდა არა მხოლოდ მხარეთა განმარტებებს, არამედ მათ მიერვე წარდგენილ მტკიცებულებებს, მითითებულია, რომ ინკასირების პერიოდში დაკარგული თანხის თაობაზე მსჯელობისას, სასამართლო დაეყრდნო მხარეთა განმარტებებს, რადგან ბანკს არ წარუდგენია ბანკომატის ყველა რგოლის გადამოწმების დამადასტურებელი მტკიცებულება, ისევე როგორც - 2014 წლის იანვარში მომხდარი ინციდენტის (თანხის დაკარგვის) მოკვლევის რაიმე დოკუმენტი (იხ. 18.2-18.3 ქვეპუნქტები; ასევე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების 3.2.9 ქვეპუნქტი - ტ.1, ს.ფ. 130). ამ თვალსაზრისით არაკვალიფიციური შედავება აქვს წარმოდგენილი კასატორს.
33. კასატორი სრულიად არაკვალიფიციურად და საპროცესო კანონმდებლოთ დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპის უგულებელყოფით ცდილობს სასამართლოზე გადაიტანოს ის ვალდებულება, რომელიც მოპასუხეს ეკისრებოდა, კერძოდ, მისი პრეტენზია, რომ სასამართლოს შეეძლო თვითონვე ენახა ოქმი, რომელიც საქმეშია და გადაემოწმებინა, არ გამომდინარეობს სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების მოთხოვნებიდან, რადგან სააპელაციო სასამართლო მხარეთა მითითებებისა და მათ მიერ გაცხადებული შედავების საფუძველზე და ფარგლებში იკვლევს სადავო გარემოებებს, ამდენად, დაუსაბუთებელია ბანკის საკასაციო პრეტენზია მისი წარმომადგენლის გ. ა-ის განმარტების არასათანადოდ შეფასებაზე, რადგან მხარეთა განმარტება სხვა მტკიცებულებებთან ერთად არის კვლევისა და სამართლებრივი შეფასების საგანი, ხოლო შრომითსამართლებრივ დავებში დამსაქმებლის ვალდებულებაა არა მხოლოდ მიუთითოს, არამედ სასამართლოს წარუდგინოს სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებენ დამსაქმებლის მიერ გამოცემული აქტების მართლზომიერებას. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი არ ყოფილა საინკასაციო პროცესში დაკარგული თანხის, როგორც დანაკლისის შესახებ, არც საბანკო დაწესებულების მიერ ჩატარებული რაიმე მოკვლევის აქტი, არც საგამოძიებო სამსახურის დადგენილება კონკრეტული პირის ბრალეულობაზე (იხ. ამ განჩინების 5-8 პუნქტები, ასევე, 18. 3 ქვეპუნქტი), ამდენად, კასატორის მიერ მითითებული პრეტენზიები არაკვალიფიციურია. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად წარმოდგენილი ცნობა, როგორც ამას კასატორი უთითებს (იხ. ამ განჩინების 20.1.10 -20.1.11 ქვეპუნქტები), ვერ იქნება მიღებული მხედველობაში სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი ფაქტები არ დგინდება, არამედ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხოლოდ იურიდიული კვალიფიკაციის თვალსაზრისით მოწმდება გასაჩივრებული გადაწყვეტილება, თუკი არ არსებობს დასადგენი ფაქტები. ისიც აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მტკიცების ტვირთია, დასაქმებულთათვის სხვა სამუშაოს დავალების დაწერილი წესების არ არსებობის პირობებში, რამდენად მართლზომიერად ითხოვდა დამსაქმებელი დასაქმებულისაგან სხვა სამუშაოს შესრულებას და ამ უკანასკნელის მიერ 2014 წლის 16 მაისს მიწერილი განცხადების საპასუხოდ, რამ განაპირობა მოსარჩელისათვის წერილზე პასუხის ჩაბარებასთან ერთად, ერთი და იმავე თარიღით - 2014 წლის 19 მაისს ხელმოწერილი სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანებისა და დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ჩაბარება.
34. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს შეექმნა შინაგანი რწმენა, რომ დამსაქმებელი არამართლზომიერად მოქმედებდა მოსარჩელესთან მიმართებით. ამგვარ რწმენას კიდევ უფრო აძლიერებს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, რომ ინკასირების პერიოდში (როდესაც თანხა დაიკარგა) მასთან ერთად მყოფი სხვა ორი ინკასატორისა და თვით მძღოლის მიმართაც კი არ გამოუჩენია დამსაქმებელს იმგვარი მიდგომა, როგორც ეს მოსარჩელის მიმართ განხორციელდა, ფაქტობრივი ზეწოლა და შევიწროება ოთხი თვის მანძილზე 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით (იხ. ტ 1, სარჩელი - ს.ფ. 2, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - ს.ფ. 127 (1.4. პუნქტის მეორე აბზაცი), 130 (3.2.14 პუნქტი; ტ.2, სააპელაციო სასმაართლოს გადაწყვეტილება- ს.ფ. 100-103). ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილია დასაქმებულისადმი გამოვლენილი დისკრიმინაციული მიდგომა, რაც მოცემულ შემთხვევაში გამოიხატა მოსარჩელისათვის ისეთი პირობების შექმნაში, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირთან შედარებით (სშკ-ის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილი). კასატორს ამ ნაწილშიც არ დაუსაბუთებია საკუთარი შედავება.
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. სუსგ # ას-941-891-2015, 29.01.2016წ. ასევე, ას-278-264-2016, 17.06.2016წ; # ას-1000-961-2016, 03.02.2017წ.).
36. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა დაარღვია სამართლიანობის, კანონიერებისა და კეთილსინდისიერების პრინციპი, რომელიც შრომის უფლების განხორციელების განუყოფელი ნაწილია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამსაქმებლის ქმედების მართლზომიერების შეფასება, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა (იხ. 26-ე პუნქტი) შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში დამსაქმებელი ძლიერ მხარედ იმიტომ გამოდის, რომ თავად არის ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამთქმელი და შემთავაზებელი დასაქმებულისათვის, ეს უკანასკნელი კი საკუთარ უფლება-მოვალეობათა წონასწორობას ამგვარ არაკლასიკურ (დაქვემდებარებულ) ურთიერთობაში სწორედ სამართლიანობის პირობებში შეინარჩუნებს.
37. ზემოხსენებული მოტივაციით უარყოფილია საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობა, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
38. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორის დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ლ-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს "ლ-ს" (ს/კ 2..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 405 (ოთხას ხუთი) ლარის (საგადახდო დავალება N5124055750, გადახდის თარიღი 2016 წლის 27 დეკემბერი), 70% – 283.5 (ორას ოთხმოცდასამი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე