საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-101-94-2017 31 მარტი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ბ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ღ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში
დავის საგანი – მამობის აღიარება, არასრულწლოვანისათვის მამის გვარის მინიჭება, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ლ. ღ-ის სარჩელი, მამობის აღიარების, არასრულწლოვნისათვის მამის გვარის მინიჭებისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 1190-ე, 1195-ე, 1200-ე, 1212-1214, 1198-ე, 1234-ე მუხლები), მოპასუხე გ. ბ-ის (შემდეგში: მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე აღიარებულ იქნა 2015 წლის 4 აპრილს დაბადებული ა. და ლ. ღ-ეების მამად; ა. და ლ. ღ-ეებს მიენიჭათ მამის გვარი „ბ-ე“; მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა სარჩელის აღძვრიდან ყოველთვიურად 90-90 ლარი თითოეული ბავშვის სასარგებლოდ.
2. პირველ პუნქტში დასახელებულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ალიმენტის შემცირება თითოეული ბავშვისათვის 40-40 ლარით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, დაუშვებლობის გამო შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით:
3.1. მოპასუხე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ასაჩივრებს და ალიმენტის ოდენობის შემცირებას ითხოვს თითოეული ბავშვისათვის 40-40 ლარით ყოველთვიურად;
3.2. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტსა და 365-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1 000 ლარს არ აღემატებოდა (40*12+40*12=960), რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის განსახილველად დაბრუნება.
5. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ის ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა ის, რომელიც უნდა გამოეყენებინა, შესაბამისად, არასწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის ფასი.
5.1. მოპასუხის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დავის საგნის ღირებულების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და არა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რადგან სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისათვის განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
5.2. ამ განჩინების 5.1. ქვეპუნქტში მითითებული ნორმის გამოყენების შემთხვევაში სასამართლო დაადგენდა, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი შეადგენდა 2 880 (36*80) ლარს, რადგან გადასახდელების შემცირებასთან დაკავშირებულ საქმეებზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება შესამცირებელი თანხის ნამრავლზე სამი წლის განმავლობაში.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებით, მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
8. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
9. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 1 000 ლარს არ აღემატებოდა (იხ. ამ განჩინების 3.2. ქვეპუნქტი).
10. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით უნდა ეხელმძღვანელა და არა - „გ“ ქვეპუნქტით, რადგან სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა გადასახდელის შემცირებას შეეხებოდა. მიუხედავად ამისა სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის ფასი მართებულად გამოთვალა. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, რაზეც კერძო საჩივრის ავტორიც უთითებს, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ფასი გამოითვლება მოპასუხის მიერ მოთხოვნილი შესამცირებელი თანხის 12 თვეზე ნამრავლით ანუ 80*12=960 ლარით. ვინაიდან 960 ლარი 1 000 ლარზე ნაკლებია, სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მისი სააპელაციო საჩივრის ფასი 80 ლარის 36 თვეზე ნამრავლით უნდა განისაზღვროს, რადგან სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად ის თანხა, რომლითაც მცირდება გადასახდელი უნდა გამრავლდეს არა უმეტეს ერთ წელზე, რასაც თავად კერძო საჩივრის ავტორიც უთითებს კერძო საჩივარში (იხ. ამ განჩინების 5.1. ქვეპუნქტი).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ბ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე