Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-261-249-2017 2 ივნისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ლ. ხ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ჭ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რ. ჭ-ემ (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) 2015 წლის 31 აგვისტოს ელექტრონულ აუქციონზე 7 750 ლარად შეიძინა ლ. ხ-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ქ. ქუთაისში, გ-ის ქ. 164-166 (ს/კ 0-) (შემდეგში: უძრავი ქონება).

2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 9 სექტემბერს გაცემული #A15042332-012/001 განკარგულების საფუძველზე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მოსარჩელის სახელზე („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 8, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 183-ე, 311-312-ე მუხლები).

3. მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას ფლობს მოპასუხე (იხ. სარჩელი და შესაგებელი- ს.ფ. 2-7, 13-19).

4. სარჩელის საფუძვლები

4.1. მესაკუთრემ 2016 წლის 26 თებერვალს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა;

4.2.მოსარჩელემ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი იმ დასაბუთებით, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად სადავო სახლში ცხოვრების უფლება აქვს.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს.

6.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 201-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2321-ე მუხლით და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარადგინა.

6.3. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს 2016 წლის 16 მარტს პირადად ჩაბარდა სარჩელი (იხ. ს/ფ 12), ხოლო შესაგებლის წარმოსადგენად 10-დღიანი ვადა განესაზღვრა.

6.4. საქალაქო სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია, რომ სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების თანახმად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას და 2016 წლის 1 აპრილს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

6.5. მოპასუხის შესაგებელი საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2016 წლის 4 აპრილს.

6.6. საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აპრილის განჩინებით მოპასუხის შესაგებელი დარჩა განუხილველად და დაუბრუნდა მოპასუხეს (სსსკ-ის 63-ე მუხლი).

7. მოპასუხის საჩივრის საფუძვლები

7.1. 2016 წლის 21 აპრილს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა და მოითხოვა, ამავე სასამართლოს 2016 წლის 1 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

7.2. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სარჩელის ჩაბარება განხორციელდა კანონით დადგენილი წესის დარღვევით. კერძოდ, სარჩელი ჩაიბარა მისმა წარმომადგენელმა, რომელსაც არც დანართი ჰქონდა და არც განმარტება ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაგებლის წარდგენის ვალდებულებაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

7.3. მართალია, წარმომადგენელმა დროულად გადასცა მასალები, თუმცა, შესაგებლის წარდგენის დროისათვის აღმოჩნდა, რომ 10 დღიანი ვადა გასული იყო.

7.4. ამდენად, შესაგებლის დაგვიანებით წარდგენა საპატიო მიზეზითაა გამოწვეული, სარჩელთან ერთად უნდა ჩაბარებოდა გზავნილი ადრესატს შესაბამისი გაფრთხილებით, რაც არ მომხდარა, აღნიშნული კი გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

8.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

8.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 71-ე, 2321-ე მუხლებით და მიუთითა ამ განჩინების 6.2-6.5 ქვეპუნქტებში დასახელებულ ფაქტებსა და დასკვნებზე.

9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

9.1.1. მოპასუხეს როდესაც ჩაბარდა სარჩელი, არ ახლდა დოკუმენტი (გზავნილი), რომელიც მხარეს ავალდებულებდა სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში წარედგინა შესაგებელი, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები და არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივი საფუძველი;

9.1.2. მართალია, საქმეში დევს გზავნილის ასლი, სადაც განსაზღვრულია შესაგებლის წარდგენის ვადა, თუმცა, იგი ვერ გამოდგება იმის დასადასტურებლად, რომ მხარეს ნამდვილად ჩაბარდა ასეთი დოკუმენტი, რომელიც მას შესაგებლის წარდგენის ვადას განუსაზღვრავდა;

9.1.3. საქმეში არ არსებობს მოპასუხის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა, რომ მან ჩაიბარა სასამართლოს გზავნილი სრულყოფილად;

9.1.4. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლო არ იყო ვალდებული გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შესაძლებელი იყო არ გამოეტანა იგი, ამავე დროს არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის იურიდიული დასაბუთება.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

10.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

10.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-3 და 6.3-6.5 ქვეპუნქტებში მითითებული ფაქტები.

10.4. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 2321-ე, 241-ე, 215-ე, 183-ე, 184.5-ე, 102-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოება, რომ სარჩელსა და თანდართულ მასალებზე მიმართვის სახით გზავნილი დართული არ იყო, სადაც მითითებული იქნებოდა შესაგებლის წარდგენის ვადა.

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

11.2. საკასაციო საჩივრის პრეტენზიები ამ განჩინების 7.2-7.4 და 9.1.1-9.1.4 პუნქტებში მითითებული გარემოებების იდენტურია.

11.3. კასატორის განმარტებით სასამართლოს არ უნდა გაეგზავნა მოპასუხისათვის სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, რადგან მოსარჩელეს ჰყავდა წარმომადგენელი და ის იყო ვალდებული გზავნილის ჩაბარებაზე. საქმეში არ არის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეს გზავნილი სრულყოფილად ჩაბარდა, მისთვის უცნობი იყო შესაგებლის 10 დღის ვადაში წარდგენის სავალდებულოობის თაობაზე.

11.4. იქედან გამომდინარე, რომ სასამართლომ დაარღვია მოპასუხის უფლება, მანვე უნდა იზრუნოს მხარის დარღვეული უფლების აღდგენაზე.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

12.1. მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 2321-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია:

18.1. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს პირადად ჩაბარდა სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, მან კი შესაგებლის წარდგენის 10-დღიანი ვადა დაარღვია, რამაც მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა. ვადის დარღვევის საპატიოობის დამტკიცება კასატორმა ვერ შეძლო, რის გამოც არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

18.2. ამასთან სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულია, რადგან სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მან სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთის მფლობელობის მართლზომიერებას.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან „სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია“ (იხ. სუსგ ას-1108-1065-2016, 18.04.2017წ.) - შდრ., ასევე, სუსგ-ები #ას-1082-1039-2016, 14.02.2017 წ; #ას-964-929-2016, 06.03.2017წ.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ლ. ხ-ს (პ/ნ 6-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი. გ-ის (პ/ნ 6-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება N0, გადახდის თარიღი 2017 წლის 21 აპრილი), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე