Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-309-292-2017 16 ივნისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ო-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ს. (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - ვ. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში არსებითი განხილვისათვის

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შ. ს-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) სარჩელი ნ. ო-ისა (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და ვ. -ის წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 168-ე, 170-ე, 172-ე, 311-ე, 312-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 70-78-ე, 230-ე მუხლები), დაკმაყოფილდა, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო.

2. პირველ პუნქტში დასახელებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

4. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს განჩინებასა და დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა, მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 368-ე, 374-ე, 390-ე, 59-ე, 63-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოპასუხემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რამაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

7. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სსსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის, 160 ლარის, გადახდის დამადასტურებლი დოკუმენტის დედნის წარდგენა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში.

8. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2017 წლის 16 იანვარს, აპელანტმა წარადგინა განცხადება, რომლითაც ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელება ითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ მოახერხა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მძიმე მატერიალური და სოციალური მდგომარეობის გამო.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მას ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით გაუგრძელდა.

10. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2017 წლის 31 იანვარს, აპელანტმა წარადგინა განცხადება და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება ითხოვა ამ განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული საფუძვლით.

11. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მას ხარვეზის შევსების ვადა 3 დღით გაუგრძელდა.

12. ამ განჩინების მე-11 პუნქტში მითითებული განჩინების თაობაზე 2017 წლის 2 თებერვალს პირადად ეცნობა მოპასუხეს, სატელეფონო შეტყობინების გზით. მას განემარტა, რომ ამ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდებოდა (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს/ფ 108).

13. საპროცესო ვადის დენა 2017 წლის 3 თებერვალს დაიწყო და 6 თებერვალს (5 თებერვალი იყო კვირა) ამოიწურა. დროის ამ მონაკვეთში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

15. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მისთვის უცნობი იყო ამ განჩინების მე-11 პუნქტში მითითებული განჩინების თაობაზე. აპელანტმა ამ განჩინების შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც გასაჩივრებული განჩინება ჩაიბარა.

16. მოპასუხის მითითებით, მას წაერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია, საქმე ეხება უმძიმეს თემას - მარტოხელა დედის გამოსახლებას არასრულწლოვან შვილთან ერთად.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 15 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

18. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

19. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

20. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად 2017 წლის 1 თებერვალს მოპასუხეს პირადად ჩაბარდა ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი (იხ. ს.ფ. 108).

21. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 11-13 ქვეპუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით მიუთითებს, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 3-დღიანი ვადის ათვლა 2017 წლის 3 თებერვალს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე, სსსკ-ის მე-60 მუხლი) და 2017 წლის 6 თებერვალს ამოიწურა (5 თებერვალი იყო კვირა, სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილი), ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მისთვის უცნობი იყო სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის განჩინების თაობაზე, რადგან საქმეში განთავსებულია სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტი, რომლითაც დასტურება განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირადად აპელანტისათვის შეტყობინების ფაქტი (სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები). კერძო საჩივრის ავტორმა ამ ფაქტის გაქარწყლება ვერ შეძლო.

23.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ო-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე