საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-440-412-2017 28 ივნისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – თ. ნ-ი, ა. ნ–ი, თ. ნ-ი, ა. ნ-ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "მ-ო" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს "მ-ოს" სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს თ. ნ-მა, ა. ნ-მა, თ. ნ-მა და ა. ნ-მა, მოითხოვეს გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. კასატორები მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით კასატორებს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ, 300 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორების წარმომადგენელ, თ. გ-ეს ჩაბარდა 2017 წლის 4 მაისს.
2017 წლის 10 მაისს, უზენაეს სასამართლოს მომართა კასატორების წარმომადგენელმა და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით, რადგან მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო დადგენილ ვადაში კასატორებმა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოახერხეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩნების კასატორებს 7 დღით გაუგრძელდათ სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადა.
აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელ თ. გ-ეს ჩაბარდა 2017 წლის 19 მაისს.
2017 წლის 25 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა კასატორების წარმომადგენელმა და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება 7 დღით, რადგან მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო დადგენილ ვადაში კასატორებმა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოახერხეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განჩინებით კასატორებსს 3 (სამი) გაუგრძელდათ სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადა.
საქმეში არსებული სატელეფონო შეტყობინების აქტით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელ, თ. გ-ეს ჩაბარდა 2017 წლის 12 ივნისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ნ-ის, ა. ნ-ის თ. ნ-ის და ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის განჩინებით კასატორს 3 დღით გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადა.
საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება, სსსკ-ის 70-ე და 74-ე მუხლების შესაბამისად, კასატორის წარმომადგენელ, თ. გ-ეს ჩაბარდა 2017 წლის 12 ივნისს, წ რაც ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.
დადგენილია, რომ კასატორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისთვის ხარვეზის შევსების 3 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 13 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 15 ივნისს (ხუთშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2017 წლის 15 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ნ-ის ა. ნ-ის, თ. ნ-ის და ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ნ-ის, ა. ნ-ის, თ. ნ-ისა და ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი