Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-453-425-2017 2 ივნისი, 2017 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ე-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განსახილველად

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით, ლ. ე-ას სარჩელი (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე), უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, მ.მ-ის (შემდეგში: მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით, მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი. ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 დღიანი ვადა და დაევალა, წარედგინა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი.

4. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით:

4.1. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განჩინება, რომლითაც მოპასუხეს განესაზღვრა ვადა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) და კონკრეტული მითითებები მიეცა, ჩაბარდა მოპასუხის წარმომადგენლის, ნ. ჩ-იას მეუღლეს, თ. წ-იას, 2017 წლის 25 თებერვალს, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით (იხ. მინდობილობა - ს.ფ. 119; ჩაბარების დასტური - ს.ფ. 175).

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-60 მუხლის თანახმად, მოპასუხისათვის განჩინებით დადგენილი ხარვეზის ვადის ათვლა დაიწყო გზავნილის ჩაბარებიდან მეორე დღეს - 2017 წლის 26 თებერვალს და ამოიწურა იმავე წლის 6 მარტს.

5. სასამართლომ განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა სსსკ-ის 373-ე, 374-ე, 70-78-ე, მე-60, 63-ე მუხლებით მუხლებით და მიუთითა, რომ ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, ამასთან, არც მისი აღმოუფხვრელობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

6. მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის განსახილველად დაბრუნება.

7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოსთვის დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის ჩაბარება ვერ მოხდა განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, რადგან მოპასუხე დაავადდა ვირუსით და რამდენადაც კერძო საჩივრის ავტორი არის მოხუცი, მარტოხელა და სოციალურად დაუცველი, სააპელაციო საჩივარი ჩააბარა მისი გამოჯანმრთელების შემდეგ. ამიტომ მოპასუხეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით, მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

11. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განჩინება ჩაბარდა მოპასუხის წარმომადგენლის მეუღლეს, თ. წ-იას, 2017 წლის 25 თებერვალს, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს წინამდებარე განჩინების 4-5 პუნქტებში მითითებულ მსჯელობას და მიაჩნია, რომ საქმის მასალებით უდავოდ არის დადგენილი, რომ მოპასუხეს, რომლისთვისაც კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არც ხარვეზი შეუვსია და არც შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ჩაბარდა, რომელსაც მარწმუნებლისაგან მინიჭებული ჰქონდა, ამ უკანასკნელის საქმისწარმოებისათვის საჭირო საპროცესო უფლებამოსილებები, ამასთან, მისი მინდობილობა იურიდიულად ძალაში იყო და მოქმედებდა სააპელაციო სასამართლოდან ხარვეზის განჩინების მიღების დროს. სსსკ-ის 70-ე და 74-ე მუხლების საფუძველზე, საპროცესო მოქმედების შესრულება, კანონით დადგენილი წესით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს, რაც ამ უკანასკნელისათვის გზავნილის ჩაბარებად მიიჩნევა და კანონი წარმომადგენელს ავალდებულებს უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი სურდა თავად ჩაებარებინა სასამართლოსთვის, რა დროსაც იგი დაავადდა ვირუსით და ამის გამო ვერ მოახერხა ხარვეზის შევსება და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის სასამართლოსთვის ჩაბარება განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან არადამაჯერებელი და დაუსაბუთებელია.

13.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე