Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-714-667-2017 20 ივლისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი –ე-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ''მ-ი'' (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს 'მ-ის" სარჩელი ე-ის წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ე-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინებით კასატორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, უკვე გადახდილი 100 ლარის გათვალისწინებით.

საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელ, ვ. პ-ეს პირადად ჩაბარდა 2017 წლის 19 ივნისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, უკვე გადახდილი 100 ლარის გათვალისწინებით.

საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება, სსსკ-ის 70-ე მუხლის შესაბამისად, პირადად ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელ ვ. პ-ეს 2017 წლის 19 ივნისს, რაც ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.

დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 20 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 29 ივნისს (ხუთშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2017 წლის 29 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. ე-ს (პ/ნ 6-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ. პ-ის (პ/ნ 6-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 2017 წლის 19 მაისი);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი