საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-747-715-2016 20 იანვარი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი –ე. ნ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ “ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე. ნ-ესა (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, აპელანტი ან კასატორი) და შპს „დ-ს“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი ან კომპანია) შორის 2007 წლიდან არსებობდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა (საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში: სშკ, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი; იხ. ცნობა, ტ. 1, ს/ფ 24).
2. დასაქმებულის, როგორც კომპანიის მთავარი ბუღალტრის შრომის ანაზღაურება, ხელზე ასაღები თანხა, შეადგენდა 800 ლარს.
3. 2013 წლის 14 აგვისტოს მოსარჩელეს, სშკ-ის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გაეგზავნა შეტყობინება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე (იხ. წერილობითი შეტყობინება, ტ. 1, ს/ფ 25).
4. მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა ფაქტიურად შეწყდა 2013 წლის 19 აგვისტოდან. ამ პერიოდიდან დასაქმებული აღარ დადიოდა სამსახურში, აღარ იღებდა შრომის ანაზღაურებას და აღარ ასრულებდა მთავარი ბუღალტრის უფლებამოსილებას.
5. 2013 წლის 19 აგვისტოს ბრძანება (შემდეგში: სადავო ბრძანება), მოსარჩელის კომპანიიდან გათავისუფლების შესახებ, დასაქმებულს 2015 წლის პირველ სექტემბერს ჩაბარდა. სადავო ბრძანებაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-3 ქვეპუნქტი (იხ. სადავო ბრძანება და შეტყობინება, ტ. 1, ს/ფ 27-28).
6. სარჩელის საფუძვლები
6.1. დასაქმებულმა 2015 წლის 18 სექტემბერს სარჩელი აღძრა კომპანიის წინააღმდეგ, მოითხოვა სადავო ბრძანების ბათილად ცნობა, იმავე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, 2013 წლის 19 აგვისტოდან 2015 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, იძულებითი განაცდურის - 19 200 ლარის დაკისრება.
6.2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ბრძანება გამოცემულია საქართველოს შრომის კანონმდებლობის დარღვევით. ის ეფუძნება არარსებულ ნორმას - სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-3 ქვეპუნქტი არ არსებობს (არსებობს სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი). ბრძანება დაუსაბუთებელია და არღვევს მოსარჩელის უფლებებს, ამასთან, სადავო ბრძანება დასაქმებულს, 2013 წლის აგვისტოს ნაცვლად, 2015 წლის 1 სექტემბერს ჩაბარდა.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი იმ დასაბუთებით, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 2013 წლის 14 აგვისტოს დასაქმებულს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, რითაც გაფრთხილებულ იქნა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და მიეცა ერთი თვის კომპენსაცია, რის შემდეგაც დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სადავო ბრძანების საფუძველზე.
7.2. მოპასუხის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, გათავისუფლებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში მოეთხოვა წერილობითი დასაბუთება გათავისუფლების საფუძვლის შესახებ, აქედან 30 კალენდარული დღის ვადაში კი მიემართა სასამართლოსათვის. დასაქმებულმა ვადის დარღვევით მიმართა სასამართლოს, რის გამოც სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 128-ე, 140-ე მუხლებით, სშკ-ის მე-2, 37-ე, 38-ე მუხლებით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით, ევროპის სოციალური ქარტიის პირველი, მე-4 და 24-ე მუხლებით, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6-7 მუხლებით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-24-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
8.3. საქალაქო სასამართლომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელეს, მას შემდეგ, რაც 2013 წლის 14 აგვისტოს ჩაბარდა შეტყობინება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, სშკ-ის ზემოაღნიშნული რეგულაციის შესაბამისად, წარმოეშვა უფლება დაეწყო ზემოაღნიშნული - ე.წ. გასაჩივრების პროცედურები კანონით დადგენილი წესით, რაც მას არ გაუკეთებია. სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი კი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. თუკი პირმა თავისი დაუდევრობის, გულგრილობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
8.4. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ სამართლებრივი გზების ძიება და შესაბამისი აქტივობების განხორციელება დაიწყო ორი წლის შემდეგ - 2015 წლის აგვისტოში და აღნიშნული გარემოება ახსნა იმით, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში შეიცვალა ხელმძღვანელი, რაც მას აძლევდა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ სამსახურში მისი დაბრუნების საკითხი შესაძლოა მის სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო (აღნიშნულის შესახებ დასაქმებულმა განაცხადა საქმის განხილვის დროს - მთავარ სხდომაზე). სასამართლომ განმარტა, რომ ორგანიზაციის დირექტორატის ცვლილებას ვერ დაუკავშირდებოდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების ათვლის გარემოებები.
8.5. შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება (რომელსაც ითვალისწინებს შრომის კოდექსი გასაჩივრების პროცედურების დაწყებისათვის ათვლის წერტილად) მოსარჩელეს ჩაბარდა 2013 წლის აგვისტოში და ეს გარემოება სადავოდ არავის გაუხდია. ასევე არავის გაუხდია სადავოდ შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივი შეწყვეტის გარემოება სწორედ ამ პერიოდიდან. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ცალსახად იყო დასაბუთებული მოპასუხის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:
9.1.1. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელეს არ გამოუვლენია ნება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, ის საწარმოს დირექტორთან სამსახურეობრივ საკითხებთან დაკავშირებით დაძაბული ურთიერთობის გამო ვეღარ ასრულებდა მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას;
9.1.2. აპელანტის მითითებით, თუ დასაქმებული არ მოითხოვს დამსაქმებლისაგან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთებას და არც თავად დამსაქმებელი, თავისი ინიციატივით არ გადასცემს დასაქმებულს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთებას, როგორც სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის ნორმიდან გამომდინარეობს, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნა დასაქმებულის უფლებაა და არა ვალდებულება, შესაბამისად, სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში არ უნდა გამოეყენებინა ხანდაზმულობის ის ნორმა, რომელსაც ითვალისწინებს სშკ-ის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილი და უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილი და სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
10.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელოვანი საკითხები და, მხარეთა შორის არსებული მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა მართებულ გადაწყვეტილებამდე.
10.3. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ამ განჩინების 8.3-8.5 ქვეპუნქტებში ასახული სამართლებრივი მსჯელობა და განსახილველ შემთხვევაში მიიჩნია, რომ სშკ-ის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გასული იყო და ამ თვალსაზრისით არ არსებობდა მოსარჩელის პოზიციის გაზიარების საფუძველი.
10.4. მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებასთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთ შემთხვევებზე სშკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, უნდა გავრცელებულიყო სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულ განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი მართალია დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, მაგრამ საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებულ განჩინებაში შეფასებული არ ყოფილა ხანდაზმულობის საკითხი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ საკითხის ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამებოდა დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ № ას-1300-1220-2015, 26.02. 2016).
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
11.2. კასატორის მითითებით გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული, ამასთან, საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
11.3. კასატორის მოსაზრებით, უზენაესმა სასამართლომ უნდა განმარტოს, თუ რა ვადაში უნდა გასაჩივრდეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, როდესაც დამსაქმებელი თავისი ინიციატივით არ გადასცემს ამ გადაწყვეტილებას დასაქმებულს და არც დასაქმებული მოითხოვს მას.
11.4. კასატორის განმარტებით, ამ განჩინების 10.4. ქვეპუნქტში მითითებული გარემოების გამო - „საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებულ განჩინებაში შეფასებული არ ყოფილა ხანდაზმულობის საკითხი“, უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად უნდა ცნოს საკასაციო საჩივარი, არსებითად იმსჯელოს მასზე და დაადგინოს ერთიანი სასამართლო პრაქტიკა.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
12.1. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
15. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას, რომ სარჩელი ხანდაზმულია. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 მუხლების მიხედვით მოსარჩელეს, მას შემდეგ, რაც ჩაბარდა შეტყობინება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, უნდა მიემართა კომპანიისათვის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში და მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთება. წერილობითი დასაბუთების მიღებიდან ან მიღებაზე უარის თქმიდან (ეს ვადა მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარულ დღეს შეადგენს) 30 კალენდარული დღის ვადაში დასაქმებული უფლებამოსილია სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება. დასაქმებულს შეტყობინება 2013 წლის 14 აგვისტოს ჩაბარდა, მას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით არ მიუმართავს კომპანიისათვის. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა 2015 წლის 18 სექტემბერს.
17. საქმის მასალებით დადგენილია ამ განჩინების მე-16 ქვეპუნქტში მითითებული გარემოებები, რის გამოც არ არსებობს კასატორის პრეტენზიების გაზიარების სამართლებრივი საფუძველი.
18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან სასამართლო პრაქტიკის თანახმად დადგენილია, რომ “შრომით დავაზე არ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი, არამედ, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რადგან ამით ირღვევა მხარეთა თანასწორობის პრინციპი. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის შედეგები, რაც მოჰყვა მოსარჩელეთა თანამდებობაზე აღდგენას: ამდენი ხნის განმავლობაში მათ არ უმუშავიათ და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება რამდენად ეფექტურად განახორციელებენ ისინი დაკისრებულ მოვალეობებს” (იხ. სუსგ #ას-863-830-2016, 05.01.2017 წ.)
19. ზემოხსენებული მოტივაციით უარყოფილია საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობა, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორის დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ნ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ე. ნ-ეს (პ/ნ 0.) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2016 წლის 12 ოქტომბერი), 70% – 210 (ორასათი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე