საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-784-733-2017 20 ივლისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ც-ი, ი. ც-ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. კ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლლის გადაწყვეტილებით ზ. კ-ის სარჩელი მოპასუხეების ზ. ც-ის და ი. ც-ის წინააღმდეგ, უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ზ. ც-მა და ი. ც-მა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ზ. ც-მა და ი. ც-მა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს კერძო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან, 5 (ხუთი) დღეში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქმის მასალებში არსებული გზავნილის ჩაბარების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ, დ. ბ-ეს ჩაბარდა 2017 წლის 29 ივნისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ც-ისა და ი. ც-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართევლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ ვადა, კერძოდ, დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან, 5 (ხუთი) დღეში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება, სსსკ-ის 70-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელ დ. ბ-ეს ჩაბარდა 2017 წლის 29 ივნისს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 30 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 4 ივლისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ზ. ც-მა და ი. ც-მა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მათი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ც-ისა და ი. ც-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი