Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-860-826-2016 20 იანვარი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ. ფ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ო-ი“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კომპანია) რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით, მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი 4.. და სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ტოტალიზატორის „კ-ის“ მოწყობის პირობების (ნებართვა #19-05/134) საფუძველზე („ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი).

2. 2014 წლის 22 თებერვალს ნ. ფ-ამ (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) მონაწილეობა მიიღო კომპანიის მიერ მოწყობილ თამაშობაში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 952-ე მუხლი; იხ. გათამაშების ბილეთი, ტ. 1, ს/ფ 13). მოსარჩელის მიერ დადებული ფსონის ოდენობა იყო 70 ლარი, ხოლო შესაძლო მოგების ოდენობა განისაზღვრა 36 716.4 ლარით. გათამაშების ბილეთი დამოწმდა კომპანიის ბეჭდითა და მოლარის ხელმოწერით.

3. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული თამაშობიდან და მოგებული ფსონიდან გამომდინარე მოპასუხემ მოსარჩელეს 10 000 ლარი გადაუხადა.

4. სარჩელის საფუძვლები

4.1. მოსარჩელემ 2014 წლის 18 დეკემბერს სარჩელი აღძრა კომპანიის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაჰკისრებოდა მოგებული თანხის 26 716.4 ლარის გადახდა.

4.2. მოსარჩელის განმარტებით, მან კომპანიის მიერ მოწყობილ თამაშობაში 36 716.4 ლარი მოიგო, თუმცა, კომპანიამ მხოლოდ 10 000 ლარი გადაუხადა მოსარჩელეს, რადგან მოპასუხის მითითებით ნებისმიერი სავარაუდო მოგება, რომელიც 10 000 ლარს აღემატებოდა ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმებას მოითხოვდა.

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელის მიერ შეძენილი ბილეთის პირობების თანახმად, ფსონები, რომლებზეც სავარაუდო მოგება 10 000 ლარს აღემატება, უნდა შეთანხმდეს ადმინისტრაციასთან გათამაშების წესების მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ 10 000 ლარი გაიცემა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 26 716.4 ლარის გადახდა.

6.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 952-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ გათამაშების ბილეთი #087086 მოსარჩელის მიერ შეთანხმებული იყო კომპანიის ადმინისტრაციასთან.

6.3. საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 345-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების განმარტებისას განმსაზღვრელია მნიშვნელობა, რომელიც შეიძლებოდა მიენიჭებინა წარმოსახვით გონიერ ადამიანს, ჩაყენებულს აღნიშნული ნების ადრესატის მდგომარეობაში. ამდენად, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მათი განმარტებისას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ განმარტავდა მას ნებისმიერი გონიერი ადამიანი ანალოგიურ გარემოებებში მოქმედებისას. სასამართლომ განმარტა, რომ დაწესებულების ადმინისტრაცია ეს არის მმართველობის ორგანოთა ერთობლიობა, რომელთა ფუნქციაშიც შედის დაწესებულების სხვადასხვა საკითხების მოგვარება. სასამართლოს მოსაზრებით, მოლარის, როგორც კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გათამაშების ბილეთის ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმება უნდა ჩაითვალოს მოსარჩელის მიერ მითითებული ბილეთის ადმინისტრაციასთან შეთანხმებად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ ვერ დაასტურა, რომ გათამაშების წესები გამოკრული იყო ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას და მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ ბილეთის მიერ 10 000 ლარს ზემოთ მოგების შემთხვევაში, დამატებით აუცილებელი იყო ბილეთის მენეჯერის მიერ დამოწმება. ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბილეთის გამცემი მოლარისა და ტოტალიზატორის მენეჯერის სამუშაო ადგილები ერთ ოთახშია განთავსებული და ბილეთის გაცემის დროს მენეჯერი იმყოფებოდა მოლარესთან ერთად. აღნიშნული გარემოება დაადასტურა სასამართლო სხდომაზე კომპანიის დირექტორმა. ასევე, მოპასუხემ ვერ მიუთითა, თუ რატომ მიიღო მოლარემ 70 ლარიანი ფსონი, თუკი მან მოსარჩელისაგან მიიღო უარი დამატებით შეთანხმებაზე, მაშინ, როდესაც 10 000 ლარიანი მოგებისათვის საკმარისი იყო გაცილებით დაბალი ფსონიც.

6.4. სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ გათამაშების ბილეთზე მითითებულია ვებგვერდი www.---.com. კომპანიის რეგლამენტი, სადაც მოცემულია გათამაშების წესები, არ არის განთავსებული მითითებულ საიტზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე არც ვებგვერდიდან და არც ბილეთზე მითითებული ინფორმაციის შესაბამისად არ იყო ინფორმირებული, დამატებით ე.წ. ''შეთანხმების ბეჭდის'' აუცილებლობის შესახებ. შესაბამისად, ფსონის დადების და გათამაშების ბილეთის დარეგისტრირებისას, მოსარჩელეს არ ჰქონდა საფუძველი და გონივრული ვარაუდი, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლის მიერ ბილეთის ხელმოწერა და ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმება, არ იყო საკმარისი ღონისძიება ადმინისტრაციასთან შესათანხმებლად.

7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

7.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

7.1.1. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია უდავოდ დადგენილად 2014 წლის 22 თებერვალს მოსარჩელის მონაწილეობა კომპანიის მიერ მოწყობილ თამაშობაში მაშინ, როდესაც ამ ურთიერთობაში საკუთრივ მოსარჩელის მონაწილეობა არავითარი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა. გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა, რომ თითქოს გათამაშების ბილეთი შეთანხმებული იყო ადმინისტრაციასთან მაშინ, როდესაც არათუ დამატებით რაიმე შეთანხმება, არამედ ამ გარიგებაში მოსარჩელის მონაწილეობაც კი არ დასტურდებოდა. ასეთ ფაქტზე მოსარჩელის განცხადება, რომელიც, თავის მხრივ, წინააღმდეგობრივი და არათანმიმდევრული იყო, შეუძლებელი იყო ამგვარ მტკიცებულებად მიჩნეულიყო, მით უმეტეს მეორე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში. ასევე, გაუგებარი იყო სასამართლოს მითითება ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბუნდოვანებასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ბილეთში, როგორც გარიგების ტექსტში, დეტალურად და ნათლად არის მითითებული თამაშის პირობები, ფსონების დადების წესები და მოგების თანხობრივი ოდენობის შემზღუდველი გარემოებები;

7.1.2. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არსებით გარემოებებს და მტკიცებულებებს, მათ შორის გათამაშების ბილეთს და მასში აღნიშნულ პირობებს, ასევე შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებულ წესებს, არამედ უპირატესობა მიანიჭა ლოგიკურ მსჯელობას, მაგალითად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბილეთზე კომპანიის ბეჭდის დასმა ბილეთის ადმინისტრაციასთან შეთანხმებას ნიშნავდა. ასეთი ლოგიკური მსჯელობაა გადაწყვეტილებაში მოყვანილი გათამაშების წესების თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრის, ბილეთის გამცემი ოპერატორის და მენეჯერის სამუშაო ადგილების სიახლოვის შესახებ. აპელანტის განმარტებით, პრინციპულად შეუსაბამო და არაადექვატური იყო სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ გათამაშების ბილეთზე მითითებულ ვებგვერდზე, არ იყო მითითებული გათამაშების წესები, აღნიშნულიდან კი სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე არც ვებგვერდზე და არც ბილეთზე მითითებული ინფორმაციის თანახმად არ იყო ინფორმირებული დამატებითი ე.წ. „შეთანხმების ბეჭდის“ აუცილებლობის შესახებ. იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ გათამაშება მოწყობილი იყო უშუალოდ გათამაშების ობიექტზე და გათამაშების წესები ასახულია უშუალოდ ბილეთზე, მოთამაშე ბილეთის აღებით და ფსონის დადებით აღიარებს ბილეთზე მითითებული თამაშის წესებს. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშისთვის მიუღებელი იქნებოდა ბილეთში მითითებული წესებით თამაში, იგი უარს იტყოდა ამ წესებით თამაშზე, ან მოითხოვდა მასში აღნიშნული პირობის შეთანხმებას თამაშის მოწყობის ადმინისტრაციასთან. კონკრეტულ შემთხვევაში მოთამაშეს არც ამგვარი უარი განუცხადებია და არც დამატებით პირობებზე შეთანხმება მოუთხოვია, აღნიშნული კი გამორიცხავდა მის მოთხოვნას შეუთანხმებელ შესრულებაზე.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ურთიერთობაში მოსარჩელე არ წარმოადგენდა სათანადო მხარეს. აპელანტმა აღნიშნული გარემოების დასამტკიცებლად მიუთითა, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ ბილეთის შეძენა, ფსონის გაკეთება, თამაში და, უფრო მეტიც, მოგებული თანხის მიღება. აპელანტი ამ პოზიციიის გასამყარებლად უთითებდა ასევე მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტებაზეც, რომ ბილეთი მას ეკუთვნოდა.

8.3. უდავოა, რომ გათამაშების ბილეთი არ შეიცავს პირად მონაცემებს მასში მონაწილე მხარეების შესახებ, დოკუმენტის მფლობელი კი აცხადებს პრეტენზიას თანხის მიღებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილე, ამ შემთხვევაში გათამაშების მომწყობი მიიჩნევს, რომ დოკუმენტის მფლობელი არაუფლებამოსილი პირია, მას ეკისრება ვალდებულება, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მასთან გარიგებაში არ შესულა. ნიშანდობლივია, რომ აპელანტს მის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ წარუდგენია, ასეთად სასამართლომ ვერც გ. ს-ას განმარტება მიიჩნია, რადგან ეს უკანასკნელი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობდა, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, შესაბამისად, ახსნა-განმარტების მიცემისას ის მოქმედებდა მარწმუნებლის სახელით.

8.4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გათამაშების ბილეთი, რომლის მოგება აღემატებოდა 10 000 ლარს, არ შეუთანხმებია კომპანიის ადმინისტრაციასთან. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ გათამაშების ყველა მონაწილეს, მასში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, ბილეთი გადაეცემოდა ბეჭდით დამოწმებული და მოლარის მიერ ხელმოწერილი სახით. საგულისხმოა, რომ გათამაშების მომწყობი ისეთ ფსონებზე, რომლებზეც სავარაუდო მოგება აღემატება 10 000 ლარს, სავალდებულო პირობას აწესებდა, კერძოდ, გათამაშების წესების მიხედვით, ფსონების ადმინისტრაციათან შეთანხმების სახით. ამასთან, გათამაშებაში მონაწილეობის მიღების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენდა მოთამაშის ვალდებულება ფსონის დადებამდე გათამაშების სრული წესების გაცნობის შესახებ.

8.5. კომპანიის მიერ ორგანიზებული ტოტალიზატორის მოწყობის პირობების (რეგლამენტი) თანახმად, ბილეთი, რომლის შესაძლო მოგების თანხა აღემატება 10 000 ლარს, წინასწარ უნდა შეთანხმდეს ორგანიზაციის დირექციასთან და დადასტურდეს ორგანიზაციის „შეთანხმების ბეჭდით“ და ასევე მენეჯერის ხელმოწერით. თუ მოგებული თანხა აღემატება 10 000 ლარს და ფსონი დადებულია ამ შეთანხმების დარღვევით, პროგნოზის გამართლების შემთხვევაში თანხა გაიცემა მხოლოდ 10 000 ლარის ოდენობით. დებულების მერვე თავის მიხედვით, კომპანია პასუხს არ აგებს იმ ბილეთზე (შესაბამისად არ გასცემს მოგებას), რომელიც არ ჩაბარდა წინამდებარე წესების დაცვით.

8.6. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარმოდგენილი მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად.

8.7. ამდენად, მოსარჩელეს მასსა და მოპასუხეს შორის არსებული სახელშეკრულებო პირობების თანახმად, ეკისრებოდა ვალდებულება სრულად გაცნობოდა თამაშის წესებს და ფსონი, რომლის სავარაუდო მოგებაც 36 716.4 ლარს შეადგენდა, გაეკეთებინა ხელშეკრულებით და შესაბამისად, რეგლამენტით გათვალისწინებული ქცევის წესების შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ იმ პირობებში, როდესაც კომპანიამ ვერ დაადასტურა, რომ დაწესებულებაში გათამაშების წესები გამოკრული იყო თვალსაჩინო ადგილზე, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას გაცნობოდა ასეთ წესებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ კიდევ ერთხელ მიაქცია მხარეთა ყურადღება გარიგების იმ პირობაზე, რომელიც მოთამაშეს უპირობო ვალდებულებას აკისრებდა, ფსონის დადებამდე, სრულად გაცნობოდა გათამაშების წესებს, სახელშეკრულებო ბოჭვის ამგვარ პირობებში კი გათამაშების მომწყობის სასარგებლოდ არსებობს პრეზუმფცია, რომ მოთამაშე თამაშის დაწყებამდე თამაშის წესებს გაეცნო. იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარდგენილი ბილეთით დასტურდებოდა, რომ ბილეთი დამოწმებული იყო მხოლოდ თამაშის მომწყობი დაწესებულების ბეჭდით და ხელმოწერილი იყო მოლარის მიერ, შესაბამისად, ის არ იყო დამოწმებული ორგანიზაციის ე.წ. „შეთანხმების ბეჭდით“ და მენეჯერის ხელმოწერით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ფსონი, რომლის მოგებაც აღემატებოდა 10 000 ლარს, არ შეუთანხმებია ადმინისტრაციასთან, აღნიშნული კი მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად, მოთამაშის სასარგებლოდ გამორიცხავდა 10 000 ლარის ზემოთ თანხის გადახდის ვალდებულებას.

9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9.2. კასატორმა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361.2-ე, 90-ე, 952-ე მუხლებზე, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო.გ“ ქვეპუნქტზე, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტსა და საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა;

9.3. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც ამ განჩინების 8.7 ქვეპუნქტშია მოცემული;

9.4. მოსარჩელე, არც ბილეთზე მითითებული ვებ-გვერდიდან და არც ბილეთზე არსებული ინფორმაციის შესაბამისად არ იყო ინფორმირებული და არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ დამატებით ე.წ. „შეთანხმების ბეჭდის“ არსებობა სცოდნოდა;

9.5. კასატორი ეთანხმება და იმეორებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს, რომელიც ამ განჩინების 6.3 ქვეპუნქტშია ასახული და მიიჩნევს, რომ სარჩელი დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

10.1. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

13. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზე გადადის, შესაბამისად მან უნდა ამტკიცოს, რომ სადავო ბილეთი შეთანხმებული იყო კომპანიის ადმინისტრაციასთან, რისი დამტკიცებაც კასატორმა მოცემულ შემთხვევაში ვერ შეძლო.

15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე თავად შევიდა სამართალურთიერთობაში კომპანიასთან, რომელიც მოქმედებს რეგლამენტით და ამ რეგლამენტის თანახმად, ბილეთი, რომლის შესაძლო მოგების თანხა აღემატება 10 000 ლარს, წინასწარ უნდა შეთანხმდეს ორგანიზაციის დირექციასთან და დადასტურდეს ორგანიზაციის „შეთანხმების ბეჭდით“ და მენეჯერის ხელმოწერით. თუ მოგებული თანხა აღემატება 10 000 ლარს და ფსონი დადებულია ამ შეთანხმების დარღვევით, პროგნოზის გამართლების შემთხვევაში თანხა გაიცემა მხოლოდ 10 000 ლარის ოდენობით. დებულების მერვე თავის მიხედვით, კომპანია პასუხს არ აგებს იმ ბილეთზე (შესაბამისად არ გასცემს მოგებას), რომელიც არ ჩაბარდა წინამდებარე წესების დაცვით. ეს პირობა მიიჩნევა სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სტანდარტულ პირობად, ამდენად, მოსარჩელე ვალდებული იყო, სრულად გასცნობოდა თამაშის წესებს, ფსონი გაეკეთებინა ხელშეკრულებით და რეგლამენტით გათვალისწინებული ქცევის წესების შესაბამისად.

16. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან სასამართლო პრაქტიკის თანახმად დადგენილია, რომ „სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების პირობების სტანდარტულ პირობებად მიჩნევის სავალდებულო ნიშნებია: 1. სტანდარტული პირობები არის სახელშეკრულებო პირობები; 2. სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული პირობები; 3. სტანდარტული პირობები არის მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები; 4. სტანდარტულ პირობებს ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს; 5. სტანდარტული პირობებით უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა“ (იხ. სუსგ ას-755-811-2011, 10.09.2012 წ.).

17. ზემოხსენებული მოტივაციით უარყოფილია საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობა, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორის დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ფ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ. ფ-ას (პ/ნ 1..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. ს-ას (პ/ნ 1..) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1335.8 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2016 წლის 17 ოქტომბერი), 70% – 935.06 (ცხრაას ოცდათხუთმეტი ლარი და ექვსი თეთრი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე