Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-896-836-2017 12 ივლისი, 2017 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ი. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს „ს-ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - ა. მ-ი, ი. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით სს „ს-ის“ სარჩელი, ი. მ-ის, ა. მ-ისა და ი. მ-ის მიმართ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. მ-მა, ა. მ-მა და ი. მ-მა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით ი. მ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა და ი. მ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ი. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებაზე, განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სსსკ-ის 414-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, წარდგენილი ჰქონდა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, რაზეც 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით უარი ეთქვა და ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ვინაიდან ი. მ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს ის განჩინება, რომლის გასაჩივრების შესაძლებლობასაც კანონი არ იძლევა, ი. მ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებაზე, დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. მ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი