Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-935-900-2016 3 თებერვალი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ. ლ-ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ზ-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გ. ლ-ისათვის მხოლოდ ძირითადი თანხის დაკისრება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება და დავალიანების ოდენობის განსაზღვრა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი. ზ-ესა (შემდეგში: მოპასუხე, გამსესხებელი ან კრედიტორი) და გ. ლ-ს (შემდეგში: მოსარჩელე, მოვალე, მსესხებელი ან კასატორი) შორის 2014 წლის 14 თებერვალს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 623-ე და 286-ე მუხლები; იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს/ფ 13-17) შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 10 000 აშშ დოლარი; სესხის დაბრუნების ვადა - 10 დღე, 2014 წლის 24 თებერვალი; პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის - ძირითადი თანხის 0.12 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: დუშეთის რაიონი, სოფელი ბ-ი, ს/კ 7..

2. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მიმართვის საფუძველზე 2014 წლის 13 ივნისს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი (ტ. 1, ს.ფ. 27-29). სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარით, ხოლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარით; ვალდებულების შესრულების მიზნით აღსასრულებლად მიექცა მოვალის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

3. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

4. სარჩელის საფუძვლები

4.1. მოვალემ 2014 წლის 25 ივნისს სარჩელი აღძრა კრედიტორის წინააღმდეგ, მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემული #140608344 სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება და სესხის ძირითადი თანხიდან 6 000 აშშ დოლარის გადახდილად ჩათვლა.

4.2. მოსარჩელის განმარტებით, მან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა გამსესხებლის წინაშე და 2014 წლის 25 თებერვალს 6 000 აშშ დოლარი დაუბრუნა კრედიტორს. აღნიშნულის დასტურად კრედიტორმა ხელწერილი შეადგინა (იხ. ხელწერილი, ტ. 1, ს/ფ 21).

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი იმ დასაბუთებით, რომ მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის თანხის ნაწილის დაბრუნების შემდეგ გამსესხებელმა მიღებული თანხა იმავე პირობებით, შუამავლის მეშვეობით, დაუბრუნა მსესხებელს, რის გამოც მოვალის დავალიანება ისევ 10 000 აშშ დოლარს შეადგენს.

6. შეგებებული სარჩელის საფუძვლები

6.1. კრედიტორმა 2014 წლის 26 ნოემბერს შეგებებული სარჩელი აღძრა მოვალის წინააღმდეგ და მოითხოვა მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაჰკისრებოდა სესხის ძირითადი თანხის - 10 000 აშშ დოლარის 0.12 %-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2014 წლის 25 მარტიდან 2014 წლის 26 ნოემბრამდე, ჯამში - 2 880 აშშ დოლარი, ასევე - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 000 აშშ დოლარის 0.12 %-ის გადახდა 2014 წლის 26 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

6.2. გამსესხებლის განმარტებით, 2014 წლის 25 თებერვალს მას დაუკავშირდა შუამავალი ელენე ჩიტუაშვილი (შემდეგში: შუამავალი), რომელმაც მას გადასცა მოვალის მიერ დასაბრუნებელი თანხა სრულად, 10 000 აშშ დოლარი და სთხოვა, რომ ამ თანხიდან 4 000 აშშ დოლარი ისევ ესესხებინა მოვალისათვის 10 %-იანი სარგებლის დარიცხვით. გამსესხებელი ამ წინადადებას დათანხმდა, რის შედეგადაც მიიღო სარგებელი 400 აშშ დოლარი, აღნიშნულის დასტურად გაფორმდა ხელწერილი. მოგვიანებით, შუამავალი კვლავ დაუკავშირდა გამსესხებელს და შესთავაზა დარჩენილი 6 000 აშშ დოლარიც იმავე პირობებით ესესხებინა მოვალისათვის. კრედიტორი ამ წინადადებასაც დათანხმდა და სარგებლის სახით 600 აშშ დოლარი მიიღო.

6.3. კრედიტორი აღნიშნავს, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოვალემ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, რის გამოც გამსესხებელმა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით ნოტარიუსს მიმართა. იქედან გამომდინარე, რომ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოვალეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, მოვალე ვალდებულია კრედიტორს გადაუხადოს ხელშეკრულების მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ძირითადი თანხის 0.12% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

7. შეგებებული სარჩელით მოპასუხის შესაგებელი

7.1. მოვალემ შეგებებული სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდებოდა მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი. შესაბამისად, მისთვის ზიანის ანაზღაურების სახით დამატებითი თანხების დაკისრების თაობაზე მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით მოვალის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო კრედიტორის შეგებებული სარჩელი - ნაწილობრივ:

8.1.1. ნაწილობრივ გაუქმდა 2014 წლის 13 ივნისის # 140608344 სააღსრულებო ფურცელი (ნოტარიუსი ე. შ-ი) და სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტით დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 4 000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი, აღსრულების ხარჯები სრულად. დანარჩენ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელად;

8.1.2. მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 1152 აშშ დოლარის გადახდა, ასევე 2014 წლის 26 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4 000 აშშ დოლარის 0.12 %-ის გადახდა.

8.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე, 623-624-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლით. საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებსა და სსკ-ის 429-430-ე მუხლებზე მითითებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალემ 2014 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების ნაწილი, 6 000 აშშ დოლარის გადახდის სახით, შეასრულა კრედიტორის წინაშე, აღნიშნულის თაობაზე დეტალურადაა მითითებული კრედიტორის მიერ შედგენილ ხელწერილში.

8.3. საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლზე მითითებით განმარტა, იმისათვის, რომ არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს, სასამართლოს, მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსების მიზნით, შეუძლია შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ გონივრულად მიიჩნია მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ 2 880 აშშ დოლარის ნაცვლად 1 152 აშშ დოლარი გადაეხადა, ასევე - 2014 წლის 26 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4 000 აშშ დოლარის 0.12 %.

9. მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

9.1. მოსარჩელემ და მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

9.1.1. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, კრედიტორის შეგებებული სარჩელის უარყოფა შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

9.1.2. საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება; მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას.

9.2. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოვალის სარჩელის უარყოფა შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

9.2.1. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება, რომ გამსესხებელმა შუამავლის მეშვეობით მსესხებელს კვლავ დაუბრუნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა;

9.2.2. სასამართლომ არასწორად გამოიყენა ამ განჩინების 8.2 ქვეპუნქტში დასახელებული ნორმები და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დააკმაყოფილა მოვალის სარჩელი.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით კრედიტორის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 576 აშშ დოლარის გადახდა, ასევე მოვალეს დაეკისრა კრედიტორის სასარგებლოდ 2014 წლის 26 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4 000 აშშ დოლარის 0.05 %-ის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

10.2. სააპელაციო სასამართლომ, მოვალის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

10.3. სასამართლომ მიუთითა, სსკ-ის 429-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა, კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. უფრო მეტიც, არაკეთილსინდისიერ კრედიტორს შეუძლია, ასეთი დოკუმენტის გაუცემლობის შემთხვევაში განმეორებით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. სწორედ, ამიტომ კანონი მას ავალდებულებს სათანადო დოკუმენტის გაცემას.

10.4. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარდგენილი მტკიცებულება - 25.02.2014 წლის ხელწერილი ადასტურებდა 14.02.2014 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის მიერ გამსესხებლის მიმართ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტს. კერძოდ, აღნიშნული ხელწერილით დგინდებოდა ის გარემოება, რომ კრედიტორის მიერ დადასტურებული იქნა 2014 წლის 14 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების - 10 000 აშშ დოლარის ნაწილის - 6000 აშშ დოლარის შესრულების გარემოება და დარჩენილი ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის შესრულებისათვის დამატებითი ვადის მიცემის ფაქტი, კერძოდ, 2014 წლის 25 მარტი. მითითებული ხელწერილის ნამდვილობა მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა (იხ. ტ. 1; ს.ფ. 21 - 25.02.2014 წლის ხელწერილი).

10.5. სასამართლომ არ გაიზიარა კრედიტორის მითითება, რომ 25.02.2014 წელს 6 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი არ უნდა მიჩნეულიყო იმის დასტურად, რომ მოვალეს 14.02.2014 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამსესხებლის მიმართ ნაწილობრივ ჰქონდა შესრულებული ვალდებულება. ამ მოსაზრებას კრედიტორი ამყარებდა იმ გარემოებაზე, რომ 6 000 აშშ დოლარის დაბრუნების შემდეგ, მოვალეს, შუამავლის დახმარებით, კვლავ გადაეცა აღნიშნული თანხა. თუმცა, ამ თანხაზე რაიმე სახის წერილობითი დოკუმენტი აღარ გაფორმებულა იმ იმედით, რომ არსებული ხელშეკრულება მხარეთა შორის 10 000 აშშ დოლარის ვალდებულების არსებობას ცალსახად ადგენდა.

10.6. სასამართლომ მიუთითა 14.02.2014 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად დგინდებოდა, რომ მოდავე მხარეთა შეთანხმება მოხდა კონკრეტული თანხის კონკრეტული ვადით (10 დღე) გადაცემაზე. დადგენილი იყო ასევე, რომ ვადის გასვლის მომენტისათვის, ვალდებულების შესრულება 25.02.2014 წლის ხელწერილით განხორციელდა ნაწილობრივ, კერძოდ, 6 000 აშშ დოლარის ნაწილში. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებიდან 2 კვირის შემდეგ სხვა პირისათვის გადაცემული თანხა სხვა ვალდებულებითსახელშეკრულებო ურთიერთობის წარმომშობი იყო და ვერ გახდებოდა მოვალის მიმართ 2014 წლის 14 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების გამაქარწყლებელი გარემოება.

10.7. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე და განმარტა, რომ, მართალია, ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობისას კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვინაიდან, პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, უნდა განხორციელდეს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, რა დროსაც მხედველობაშია მისაღები მხარეთა ეკონომიკური მდგომარეობა, მათი მოლოდინი ხელშეკრულების შესრულებისადმი, შესრულების ვადის გადაცილების პერიოდი და ა.შ.

10.8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან აღსასრულებელი ვალდებულება 4 000 აშშ დოლარს შეადგენდა, პირგასამტეხლო ამ თანხიდან უნდა იქნეს გამოანგარიშებული.

10.9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო (1 152 აშშ დოლარი; 0,12 %) არაგონივრული იყო ძირითად თანხასთან (4 000 აშშ დოლარი) მიმართებით, რის გამოც იგი შეამცირა 0.05 %-მდე, ხოლო 1 152 აშშ დოლარის ნაცვლად მოვალეს უნდა დაკისრებოდა ამ თანხის ნახევარი -576 აშშ დოლარის გადახდა.

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, კრედიტორის შეგებებული სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

11.2. საკასაციო საჩივრის პრეტენზიები ამ განჩინების 9.1.2 ქვეპუნქტში მითითებული გარემოებების იდენტურია.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

12.1. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

15. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიებს, რომ სესხისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, რადგან საქმეში არსებული 2014 წლის 14 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-12 პუნქტში ნათლადაა მითითებული, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების დამრღვევი მხარე იხდის პირგასამტეხლოს ძირი თანხის 0.12 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

17. საქმის მასალებით დადგენილია, რასაც თავად კასატორიც ეთანხმება, რომ მან 4 000 აშშ დოლარის ნაწილში არაჯეროვნად შეასრულა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება. სსკ-ის 417-418-ე მუხლებისა და მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოვალე ვალდებულია კრედიტორს გადაუხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის.

18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან სასამართლო პრაქტიკის თანახმად დადგენილია, რომ „პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან“ (იხ. სუსგ ას-833-799-2016, 02.11.2016წ.)

19. ზემოხსენებული მოტივაციით უარყოფილია საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობა, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორის დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ. ლ-ს (პ/ნ 0..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ც. ფ-ის (პ/ნ 2.) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2016 წლის 31 ოქტომბერი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე