საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-951-916-2016 15 თებერვალი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. თ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ქ. ბ-ო" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ბ-ოს“ (შემდეგში: მოსარჩელე ან საავადმყოფო) სარჩელი და, საავადმყოფოს სასარგებლოდ, ნ. თ-ეს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) გადასახდელად დაეკისრა სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მკურნალობის საფასურის - 375 ლარისა და პირგასამტეხლოს - 312 ლარის ანაზღაურება, ასევე - მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიც - 50 ლარი.
2. საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოპასუხეს რამდენჯერმე გაეგზავნა სარჩელი თანდართული დოკუმენტაციით და დაევალა გზავნილში მითითებულ ვადაში სასამართლოსათვის პასუხის (შესაგებლის) წარდგენა. მოპასუხეს ასევე განემარტა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები. სასამართლოს გზავნილი არც ერთ შემთხვევაში არ ჩაბარდა მოპასუხეს, რის გამოც 2016 წლის 14 მარტს სასამართლომ მიიღო განჩინება მოპასუხის საჯარო შეტყობინების შესახებ მის წინააღმდეგ აღძრული დავის თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 184-ე მუხლი).
3. სასამართლოს განჩინება საჯარო შეტყობინების შესახებ განთავსდა სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე და საერთო სასამართლოების ვებგვერდზე www.geocourts.ge 2016 წლის 21 მარტს. შესაბამისად, მოპასუხისათვის სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარებულად იქნა მიჩნეული გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს ანუ 28 მარტს. ამ განჩინებით დადგენილ 10-დღიან ვადაში (07.04.2016წ. ჩათვლით) სასამართლოსათვის მოპასუხეს არ წარუდგენია შესაგებელი და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზი უცნობებია, არც შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს მხარეს სასამართლოსათვის.
4. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 2321-ე-233-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია შემდეგი: მოპასუხეს სარჩელი ჩაბარდა კანონით გათვალისწინებული წესით; სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს არ წარუდგენია შესაგებელი და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზი უცნობებია, არც შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს სასამართლოსათვის; სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას.
5. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ მისი გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით.
6. მოპასუხის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო სარჩელის თაობაზე. მას სარჩელი და თანდართული დოკუმენტები არ ჩაჰბარებია, ამასთან სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად არ იყო გამართლებული, რის გამოც სასამართლოს არ შეეძლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის განჩინებით მოპასუხეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
8. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა მის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიოობა, რაც საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძველია.
9. პირველ და მეშვიდე პუნქტებში დასახელებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, დაუშვებლობის გამო შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით:
10.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 687 ლარის გადახდა;
10.2. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 365-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1 000 ლარს არ აღემატებოდა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
11. მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
12. კერძო საჩივრის ავტორი იმეორებს იმ პრეტენზიებს, რაც თავდაპირველ საჩივარსა და სააპელაციო საჩივარში ჰქონდა მითითებული (იხ. ამ განჩინების მე-6 და მე-9 პუნქტები).
12.1. მოპასუხის მითითებით, საქალაქო სასამართლოს არ უნდა მიეჩნია, რომ მოპასუხეს ჩაბარდა სარჩელი, რადგან მოპასუხე ცხოვრობს ოზურგეთში, მისი ოჯახი მიეკუთვნება გაჭირვებულ ოჯახთა კატეგორიას, ოჯახს არ აქვს რაიმე სახის შემოსავალი, ოჯახი თავს ირჩენს სახელმწიფო დახმარებითა და პენსიით, მოპასუხეს სახლში ინტერნეტი არ აქვს, მან არ იცის, სად არის ბათუმის საქალაქო სასამართლო და არასოდეს ყოფილა ამ სასამართლოს შენობაში, მოპასუხემ არ იცის ინტერნეტის გამოყენება, მას არ აქვს ფოსტა და ა.შ.
12.2. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 12.1 პუნქტში მითითებული გარემოებების გამო სასამართლომ არ უნდა მიიჩნიოს სარჩელი მოპასუხისათვის ჩაბარებულად, ამასთან, სარჩელი განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ, სარჩელი ხანდაზმულია, პირგასამტეხლო არაგონივრულია და სარჩელი არ არის იურიდიულად გამართლებული. ამ ყველაფრის გამო უნდა გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება და უნდა განახლდეს საქმის განხილვა.
12.3. აპელანტის მოსაზრებით, მისი სააპელაციო საჩივარი დასაშვებია დავის საგნის ღირებულების მიუხედავად, რადგან მოცემულ საქმეს სამართლის განვითარებისათვის აქვს მნიშვნელობა, რადგანაც მსგავსი კატეგორიის საქმეზე არ არსებობს სასამართლო პრაქტიკა. მიუხედავად დავის საგნის ღირებულებისა დასაშვებია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე ჯერ საჩივრის და შემდგომ სააპელაციო საჩივრის წარდგენა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
16. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 1 000 ლარს არ აღემატებოდა (იხ. ამ განჩინების 10.1-10.2 ქვეპუნქტი).
17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მისი სააპელაციო საჩივარი დასაშვებად უნდა ყოფილიყო ცნობილი, მიუხედავად დავის საგნის ღირებულებისა, რადგან სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულია საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
18. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 687 ლარის გადახდა დაეკისრა, სააპელაციო საჩივრით კი სრულად გასაჩივრდა საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომლის მიხედვითაც ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი გადასახდელი თანხით განისაზღვრება.
19. ზემოთ მოხმობილი ნორმებისა და მსჯელობის საფუძველზე ცალსახაა, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 687 ლარია, მითითებული თანხა 1 000 ლარზე ნაკლებია, რაც სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
20. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომლებიც საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებას შეეხება, საკასაციო სასამართლო მხარეს მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ფარგლებში მოწმდება მხოლოდ პროცესუალური საკითხი - მართებულია თუ არა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. ამ განჩინების 12.1-12.2 პუნქტებში მითითებულ პრეტენზიებს საკასაციო სასამართლო არსებითად ვერ განიხილავს, რადგან საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს განჩინებათა დასაბუთებულობასა და კანონიერებას ამოწმებს.
21.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. თ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე