Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-957-892-2017 31 ივლისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს "თ-ო" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ფ-ო", სს "ფ-ი" (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

კასატორის მოთხოვნა განცხადების მიხედვით - საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საკასაციო საჩივრის განუხილველობა და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს "თ-ომ" სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს "ფ-ოსა" და სს "ფ-ის" მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:

1. 8 571 954 ლარის ანაზღაურება;

2. 8 571 954 ლარის წლიური 10%-ის ანაზღაურება 2015 წლის 1 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

3. 42 859 770 ლარის ანაზღაურება იმ მიუღებელი შემოსავლისათვის, რასაც მოსარჩელე მიიღებდა 10 წლის განმავლობაში;

4. პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად გასაწევი დანახარჯებისათვის 25 000 000 ლარის ანაზღაურება;

5. უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული შემოსავლების 15 000 000 ლარის ანაზღაურება;

6. სასამართლოში საქმის წარმოებისათვის გაწეული ხარჯების, მათ შორის სახელმწიფო ბაჟის, საადვოკატო მომსახურებისათვის გაწული ხარჯების და ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაწეული ხარჯის, ჯამში, 15 000 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით სს "თ-ოს" სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სს "თ-ოს" სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2017 წლის 11 ივლისს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სს "თ-ომ", მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

2017 წლის 18 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა სს "თ-ოს" დირექტორმა ზ. მ-მა და განაცხადა, რომ საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე კასატორი უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე, ითხოვს, რომ სს "თ-ოს" საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული და კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 8 000 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სს "თ-ოს" დირექტორ ზ. მ-ის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ სს "თ-ოს" საკასაციო საჩივარზე შპს "ფ-ოსა" და სს "ფ-ის" მიმართ, წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ სამოქალაქო საქმე სს "თ-ოს" საკასაციო საჩივართან და განცხადებასთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა 2017 წლის 20 ივლისს.

2017 წლის 18 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა სს "თ-ოს" დირექტორმა ზ. მ-მა და განაცხადა, რომ საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე კასატორი უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე, ითხოვს, რომ სს "თ-ოს" საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული და კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 8 000 ლარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.

საქმის მასალებში განთავსებულია სს "თ-ოს" ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის თანახმადაც ზ. მ-ი არის სს "თ-ოს" ხელმღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე დირექტორი (იხ. ამონაწერი, ტ. 14, ს/ფ 150-151 ).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. მ-ი უფლებამოსილია, სს "თ-ოს" სახელით მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, მათ შორის საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობითაც.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, პალატა მიიჩნევს, რომ სს "თ-ოს" საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სს "თ-ოს" მიერ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 10 ივლისს N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 8 000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს "თ-ოს" დირექტორ ზ. მ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება სს "თბილისი თამბაქოს" საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე სს "თ-ოს" სარჩელის გამო, შპს "ფ-ოსა" და სს "ფ-ის" მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე;

3. კასატორ სს "თ-ოს" (ს/კ 2..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 10 ივლისს N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 8 000 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი