Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-989-952-2016 13 იანვარი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. კ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ე. მ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის გადაგზავნა იმავე სასამართლოში მ. კ-ას საჩივრის განსახილველად

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მ. კ-ას (შემდეგში: მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი რ. ე. მ-ის (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი) წინააღმდეგ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 50-ე, 81-ე, 85-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე მუხლები) დაკმაყოფილდა.

2. პირველ პუნქტში დასახელებულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.

4. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა 2016 წლის 6 ოქტომბერს, მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.

6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2016 წლის 15 ივლისს პირადად ჩაბარდა მოსარჩელის წარმომადგენელს - მ. კ-იას (იხ. ტ. 2, ს/ფ 76).

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 237-ე, 70-78-ე, 61-ე, მე-60, 59-ე, 63-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის წარდგენის 10-დღიანი ვადის ათვლა 2016 წლის 16 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს ამოიწურა, საჩივარი კი 2016 წლის 6 ოქტომბერს იქნა წარდგენილი.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარდა მის ყოფილ ადვოკატს მ. კ-იას. მოსარჩელის მითითებით მ. კ-იამ 2016 წლის 7 ივნისს დაურეკა მოსამართლის თანაშემწეს და აცნობა, რომ ის აღარ არის მოსარჩელის წარმომადგენელი.

10. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მიეჩნია მ. კ-ია მოსარჩელის წარმომადგენლად და მისთვის არ უნდა გაეგზავნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, არ უნდა ჩაითვალოს, რომ 2016 წლის 15 ივლისს გზავნილი ჩაბარდა მოსარჩელეს. სააპელაციო სასამართლოში სასამართლო სხდომის დღის გასაგებად რეკავდა თავად მოსარჩელე და არა მისი წარმომადგენელი, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მიეჩნია, რომ მ. კ-ია აგრძელებდა წარმომადგენლობას, ამაზე არაფერი მიანიშნებს საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის გარდა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

12. 2016 წლის 1 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორმა და წარმოადგინა სატელეფონო ნომრის დეტალიზაცია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

15. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს პირადად ჩაბარდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2016 წლის 15 ივლისს (იხ. ტ. 2, ს/ფ 76).

16. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 6-7 ქვეპუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით მიუთითებს, საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული განუსაზღვრელი ვადით გაცემული რწმუნებულება, რომლის თანახმადაც მ. კ-ია ახორციელებდა მოსარჩელის წარმომადგენლობას საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში (იხ. ტ. 1, ს.ფ. 60). სსსკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მ. კ-ია მიიჩნევა მოსარჩელის უფლებამოსილ წარმომადგენლად, ხოლო ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ ის ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება პირადად ჩაბარდა მ. კ-იას 2016 წლის 15 ივლისს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 76).

17. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელისათვის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის წარდგენის 10-დღიანი ვადა 2016 წლის 25 ივლისს ამოიწურა, ხოლო საჩივარი 2016 წლის 6 ოქტომბერს იქნა წარდგენილი, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად მისი განუხილველად დატოვება განაპირობა.

18. სსსკ-ის 99-ე და მე-100 მუხლების თანახმად მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს, ასევე, წარმომადგენელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს როგორც სასამართლოს, ისე მის მარწმუნებელს, რათა ამ უკანასკნელმა თვითონ მიიღოს მონაწილეობა პროცესში და აიყვანოს ახალი წარმომადგენელი.

19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მ. კ-ია მის წარმომადგენლად არ უნდა მიეჩნია, რადგან თავად მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლოსათვის წერილობით არ უცნობებიათ ამის თაობაზე. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მისი წარმომადგენელი დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს, საქმის მასალებით არ დასტურდება. საქმეში განთავსებულია მოსამართლის თანაშემწის მიმართვა მოსარჩელისადმი, რომლის თანახმადაც მ. კ-იასა და მოსამართლის თანაშემწეს შორის არ შემდგარა სატელეფონო საუბარი, რომლის ჩაწერა ხორციელდება შესაბამისი ტექნიკური საშუალებით (ტ. 2, ს.ფ. 81).

20.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. კ-ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე