Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1006-967-2016 13 იანვარი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჩ-ე, ნოტარიუსი ც. ნ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, კ. გ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ნ. ჩ-ისა (შემდეგში: მოპასუხე) და ნოტარიუს ც. ნ-ის (შემდეგში: ნოტარიუსი) წინააღმდეგ, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 1306-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1432-ე, 1452-ე, 1454-ე მუხლები), არ დაკმაყოფილდა.

2. პირველ პუნქტში დასახელებულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი დარჩა განუხილველად შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით:

3.1. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სარჩელის წარმოებაში მიღების პროცესუალური საფუძველი. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 178-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს წარდგენილი სარჩელი. განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია აღნიშნული ნორმის ,,ე’’, ,,ზ’’ და „ლ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები. მოსარჩელის მიერ მოთხოვნები ჩამოყალიბებული იყო ბუნდოვნად და არ იყო დაზუსტებული (არც შემდგომ დაზუსტებულა), ასევე არ არსებობდა აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი, არ იყო აღძრული მიკუთვნებითი სარჩელი.

3.2. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 180-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა და რაც ყველაზე მთავარია, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის.

3.3. როგორც საქმეში წარდგენილი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების შინაარსიდან დგინდებოდა, ქ. ახალციხეში, ვ-ის ქ. N31-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ მოპასუხის მშობლებს - ზ. ჩ-ეს და მის მეუღლეს მ. კ-ეს. 1985 წელს ზ. ჩ-ემ თავისი კუთვნილი წილი, ე.ი. საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი აჩუქა თავის მეორე მეუღლეს - ეკატერინე მინაძეს (შემდეგში: მოსარჩელის ბებია). ახალციხის რაიონის სასამართლოს 1989 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით კი, საცხოვრებელი სახლის მეორე ნახევრიდან, რომელიც იყო აწ გარდაცვლილი მ. კ-ეს სამკვიდრო ქონება მისი ნახევარი, ანუ მთლიანი საცხოვრებელი სახლის ¼ ნაწილი საკუთრების უფლებით მიიღო პირველი რიგის მემკვიდრემ - ზ. ჩ-ემ, ხოლო მეორე ნახევარი, ანუ მთლიანი საცხოვრებელი სახლის ¼ ნაწილი ასევე პირველი რიგის მემკვიდრემ - მოპასუხემ.

3.4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 4 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, აწ გარდაცვლილი მეუღლის ზ. ჩ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც შეადგენს მთლიანი საცხოვრებელი სახლის ¼-ს, მოსარჩელის ბებიას სარგებლობის უფლებით გამოეყო ¼-ის ნახევარი, ე.ი. მთლიანი საცხოვრებელი სახლის 1/8-ი, რომელიც მდებარეობს ქ. ახალციხეში, ვ-ის ქ. N31-ში. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხის მამის, აწ გარდაცვლილი ზ. ჩ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც შეადგენს მთლიანი საცხოვრებელი სახლის ¼-ს, საკუთრების უფლებით გამოეყო ¼-ის ნახევარი იდეალური წილი, ე.ი. მთლიანი საცხოვრებელი სახლის 1/8 (ტ.1. ს.ფ.15-18).

3.5. ზ. ჩ-ე გარდაიცვალა 1999 წლის 31 ოქტომბერს, ხოლო მოსარჩელის ბებია გარდაიცვალა 2003 წლის 9 აპრილს (ტ.1, ს.ფ. 14, 35-36).

3.6. 2013 წლის 8 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით (N131177265) დასტურდება, რომ მოპასუხემ, როგორც მამის ზ. ჩ-ის კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო მისი სამკვიდრო ქონება მთლიანად, რომელიც წარმოადგენს სადავო საცხოვრებელი სახლის 1/8 ნაწილს (ტ.1. ს.ფ.14).

3.7. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. ახალციხეში, ვ-ის ქ. N31-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები არიან - მოპასუხე და მოსარჩელე. კერძოდ, მოპასუხის საკუთრებაშია: მიწის ნაკვეთი 630 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ¼ ნაწილი (ოთახი N4 და N1, N2 და N 3 დამხმარე სათავსოები, საერთო ფართით-62 კვ.მ.) და ¼ ნაწილი (მათ შორის სარდაფი N9-34 კვ.მ.), ხოლო მოსარჩელის საკუთრებაშია შენობა-ნაგებობის ½ ნაწილი (ტ.1. ს.ფ.21).

3.8. ახალციხის რაიონული სასამართლომ 2015 წლის 7 მაისს მოსარჩელეზე გასცა სააღსრულებო ფურცელი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებაზე. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოსარჩელემ აღძრა სარჩელი და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი 2013 წლის 8 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (N131177265), ვინაიდან სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იგი, როგორც ბებიის უფლებამონაცვლე, წარმოადგენს სადავო ქონების 1/8 წილის მესაკუთრეს.

3.9. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სწორედ 2015 წლის 7 მაისის სააღსრულებო ფურცელზე ამყარებდა თავის მოთხოვნას სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე და არ უთითებდა სხვა გარემოებებზე, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო სამკვიდრო მოწმობის გაუქმების საფუძველი. სააღსრულებო ფურცლის თაობაზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 4 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, აწ გარდაცვლილი მეუღლის ზ. ჩ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც შეადგენს მთლიანი საცხოვრებელი სახლის ¼-ს, მოსარჩელის ბებიას სარგებლობის უფლებით გამოეყო ¼-ის ნახევარი, ე.ი. მთლიანი საცხოვრებელი სახლის 1/8-ი, შესაბამისად, სარგებლობის უფლება არ წარმოშობდა საკუთრების უფლებას. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე არ იყო დაზუსტებული მოთხოვნა (სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სამკვიდრო მოწმობის ბათილობა) და აღნიშნული მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოებები.

3.10. სასამართლომ მიუთითა, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი და სწორი, ანუ მიღწევადი. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე კი - სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რომელთა ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი სარჩელი. ამდენად, მატერიალურსამართლებრივი უფლების დაცვა შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრის გზით, მაგრამ ასეთი სარჩელი უნდა უზრუნველყოფდეს სადავოდ ქცეული უფლების დაცვას და უნდა გამორიცხავდეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას.

3.11. ამდენად, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიკუთვნებითი მოთხოვნის არარსებობა და მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ინტერესი. თუ აღიარებითი მოთხოვნის ინტერესი მიკუთვნებითი ხასიათისაა, მაშინ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებით სასამართლო პროვოცირებას გაუკეთებს ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე ორმაგი სასარჩელო წარმოების წარმართვის აუცილებლობას, რაც ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითად პრინციპს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ ჰქონდა აღძრული მიკუთვნებითი მოთხოვნა მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. ასეთ მოთხოვნად ვერ ჩაითვლებოდა მოსარჩელის მეორე მოთხოვნა, რაც თავის მხრივ დაზუსტებას საჭიროებდა. მოსარჩელე ვერ აზუსტებდა, თუ რას ითხოვდა. სასამართლომ მიუთითა, რომ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნას წინ უნდა უსწრებდეს მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთებოდა.

3.12. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თუ იურიდიული ინტერესი არ იკვეთება სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე, აღნიშნული არსებითად მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს, თუმცა, სასამართლოს მიერ დადგინდება რა იურიდიული ინტერესის არარსებობა, მითითებული გარემოება სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია. აღნიშნული მსჯელობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, რომელიც აღიარებითი სარჩელის აღძვრის პირობებში, იურიდიული ინტერესის არარსებობას სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობად მიიჩნევს.

4. აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა, მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

5. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმის განხილვისას მისთვის არავის უთქვამს, რომ მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა აუცილებელი იყო. ის ყველგან უთითებდა, რომ სადავო ქონების ½ ნაწილის მესაკუთრეა. კერძო საჩივრის ავტორი იმეორებს ამ განჩინების 3.3-3.7 ქვეპუნქტებში მითითებულ ფაქტებს და განმარტავს, რომ მოსარჩელის ბებიის განცხადება ზ. ჩ-ის სამკვიდროს მიღების თაობაზე არ იქნა დაკმაყოფილებული, რადგან ნოტარიუსი და მოსამართლე მოპასუხის მეგობრები არიან.

6. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით სადავო სახლის 4/8 წილის მესაკუთრე გახდა მოსარჩელის ბებია, 3/8 წილის - მოპასუხე, ხოლო 1/8 დარჩა ზ. ჩ-ის საკუთრებად და სარგებლობის უფლებით გადაეცა მოსარჩელის ბებიას.

7. მოსარჩელის მითითებით, მან 2002 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე აიღო სააღსრულებო ფურცელი იმ მიზნით, რომ ნოტარიუსს გაეუქმებინა 2013 წლის 8 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, თუმცა უშედეგოდ.

8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ის არ ითხოვს სადავო სახლის 1/8 ნაწილის მიკუთვნებას, არამედ - სარგებლობის უფლებით გადაცემას.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

12. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი, რაც სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა (იხ. ამ განჩინების 3.1-3.2. და 3.10-3.12 ქვეპუნქტები).

13. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც ამ განჩინების 3.1-3.12 ქვეპუნქტებშია ასახული და დამატებით მიუთითებს: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება Nას-121-117-2016, 17.03.2016წ.).

14. „სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.)“ - იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება Nას-664-635-2016, 02.03.2017წ..

15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მისთვის უცნობი იყო მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის აუცილებლობის შესახებ, რადგან სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ“.

16.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. გ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე